თეა წულუკიანი: "ჩემი რჩეული ჩემსავით ფიცხია და მკვახე რჩევებს მაძლევს"
2012-10-24 00:48:50
Share on twitterShare |
საქართველოს ახალ მთავრობაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახე, რომლის პიროვნების მიმართაც საზოგადოების უდიდესი ინტერესი და ცნობისმოყვარეობაა მიმართული, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, "ჭკუით დატენილი გოგო", როგორც მას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ უწოდა, ახალგაზრდა ქალი თეა წულუკიანია.
ის 37 წლის გახლავთ. 1975 წლის 2 იანვარსაა დაბადებული. ქალბატონი, რომელიც ყველას აკვირვებს თავისი პრინციპულობით, პროფესიონალიზმის და განათლების დონით, ახლა 40 კილოს იწონის. ეს იმის ბრალია, რომ ბოლო თვეებში მისმა კონკურენტმა, ნაძალადევის რაიონში ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მერაბ სამადაშვილმა, იმდენი ანერვიულა, 5 კილოგრამი დააკლებინა. შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა მას დიდი უპირატესობით მოუგო.
თეა წულუკიანის პროფესიული ბიოგრაფია უაღრესად მდიდარია: დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 1997–98 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.
1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში, რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და ამზადებს პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებს, ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს. საფრანგეთში სწავლის პერიოდში თეა წულუკიანი მუშაობდა სარტრის დეპარტამენტის პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში. ამავე წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. მის მოვალეობაში შედიოდა საქართველოს და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა და მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის.
2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2009 წლიდან იყო ევროსასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, შემდეგ – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოში დაბრუნდა და "თავისუფალი დემოკრატების" მრჩეველი გახდა ადამიანის უფლებათა დარგში. მისმა ამ ნაბიჯმა ბევრი გააკვირვა. ეკითხებოდნენ, ეს რა გააკეთე, ახლა ხომ გაღარიბდებიო. სტრასბურგის სასამართლოში 10 წლის განმავლობაში მისი ანაზღაურება თვეში 8 ათას ევროს შეადგენდა.
...
თეა წულუკიანი გასათხოვარია. სოფელ დიღომში მარტო ცხოვრობს. ამ ადგილას სახლი სტრასბურგში მუშაობის დროს აიშენა – იქიდან მშენებლებს სატელეფონო კონსულტაციებს უტარებდა. ახლა იქ ხეხილისა და თავისი ხელით მოშენებული ყვავილების ბაღი აქვს.
ეს არის ის ოფიციალური შესავალი, რითიც მკითხველებს ამ სიფრიფანა ქალის "ბექ რაუნდი" გავაცანით. დანარჩენს უფრო დაწვრილებით მისი პროფესიული და პირადი ცხოვრების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ქალბატონო თეა, საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დაგხვდათ იუსტიციის სამინისტროში. როგორ შეხვდით თქვენი ცხოვრების ამ ახალ გამოწვევას, გაქვთ საკუთარი სიძლიერის იმედი?
– ძალიან რთული მემკვიდრეობა დამხვდა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დიდი ნდობა გამომიცხადა, მე მისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავიგე. ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ღირებულია. როცა კონსულტაციები მიდიოდა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მე ამაში მონაწილეობას არ ვიღებდი, რადგან უკვე ვიყავი არჩეული ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად. არც მეგონა, რომ სადმე მოვიაზრებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ამიტომ უნდა გავამართლო მისი ნდობა. რა მომენტშიც მივხვდები, რომ ამ ნდობას ვერ ვამართლებ, რა თქმა უნდა, გადავდგები.
ამ გადაწყვეტილებას ძალიან შერეული გრძნობით შევხვდი. თავი ვიგრძენი დაფასებულად იმ დიდი ნდობის გამო, რაც მან გამომიცხადა, მაგრამ ამავე დროს შევწუხდი, რადგან ნაძალადევში ამომრჩეველმა მაჩვენა ძალიან დიდი ნდობა, დიდი თანადგომა და სიყვარული. 61.114–მა ადამიანმა მომცა ხმა. ჩემთვის ეს პირველი არჩევნები იყო და გადავწყვიტე, ამომრჩევლები კიკვიძის ბაღში შემეკრიბა. დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მოვიდა იმის მოსასმენად, თუ რა მქონდა მათთვის სათქმელი და ახლაც ვეუბნები, რომ ეს ჩემთვის პირველი არჩევნები იყო და ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემი პირველი პოლიტიკური სიყვარული, რადგან მათაც დიდი სიყვარული მაჩვენეს.
ბატონმა ბიძინამ თქვა, ვისაც პარლამენტის დატოვება მოგიწევთ, სანამ ახალი დეპუტატი იქნება, კურირება გაუწიეთ შესაბამის რაიონებს, რომ პრობლემები უყურადღებოდ არ დარჩესო. მე ვგეგმავ ნაძალადევის "ქართული ოცნების" ოფისში კვირაში ერთხელ მისვლას და ადამიანების პრობლემების მოსმენას. ის, რაც ეხება სამართლიანობის აღდგენას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავისთავად ჩემი საქმეა, მაგრამ ნაძალადევში, რა თქმა უნდა, ხალხს და მათ პრობლემებს უფრო მეტად მოვემსახურები.
რაც შეეხება ჩემს სიძლიერეს, ითვლება, რომ ძლიერი ქალი ვარ. ვარ თუ არა, არ ვიცი, რადგან მეც ბევრი სისუსტე მაქვს, თუმცა მაქვს მტკიცე ხასიათი. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა.
– რას თვლით თქვენს სისუსტედ?
– სხვები ჩემს სისუსტეებს ვერ ხედავენ. ვერ ხედავენ, რომ მეც მაქვს ეჭვის მომენტები, რომ ხანდახან მეც მაქვს ტირილის სურვილი, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მინდა ხოლმე, მარტო ვიყო და ვიტირო. ამას არავინ ხედავს. ჩემი მტკიცე ხასიათი ჩემი ფასადი არ არის, მართლა მტკიცე ხასიათი მაქვს. ჩავარდნის მომენტები მაქვს და ამას ყოველთვის მარტო ვაგვარებ, ჩემი ოჯახის წევრებსაც არ ვაწუხებ ამით.
– თქვენი ხასიათის რა შტრიხებს გამოყოფდით კიდევ – მშვიდი ხართ თუ ემოციური, ბრაზიანი?
– მთლიანობაში მშვიდი ვარ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, თუ რამე მაღიზიანებს. შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნამ მასწავლა ჩემი გაღიზიანების დამალვა. პოლიტიკოსს უწევს ხალხთან და მედიასთან ურთიერთობა. არც ერთთან აქვს უფლება, რომ გამოამჟღავნოს თავისი აგრესია თუ გაღიზიანება. ამიტომ ყოველთვის პირდაპირი ვიქნები – ეს ჩემი ხასიათია, მაგრამ ამ პირდაპირობის გამოხატვის ფორმა უნდა იყოს ყოველთვის მშვიდი. ამას რამდენად მოვახერხებ, ხალხმა და მედიამ უნდა განსაზღვროს.
– მოგვიყევით თქვენი ბავშვობის, ოჯახის შესახებ. რამ შეგიწყოთ ხელი, ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებულიყავით?
– მე გამზარდა ძალიან ჭკვიანმა ბებიამ – დედაჩემის დედამ. მთელ ნათესაობაში ის ითვლებოდა ყველაზე სამართლიან ადამიანად. თუ თავისიანი მტყუანი იყო, მას არ ზოგავდა. ბებიას ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას, აზრს. მან მასწავლა ის, რომ არ შეიძლება ტყუილი, რომ არ შეიძლება ადამიანს უღალატო, სირცხვილია, სიმართლეს არ დაუჭირო მხარი და თუ რაღაც სარგებელი გაქვს, ამის გამო არასწორი პოზიცია დაიჭირო. როცა სკოლაში შევედი, მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად. გენებში მაქვს სვანური ხასიათი – პირდაპირი და მტკიცე. დედამ ჩემში არსებული რამდენიმე უხეში ასპექტი შეარბილა. დედა ძალიან ქალური, ჰუმანური, მხიარული ადამიანია. წარმოშობით გურულია და ხანდახან ვამბობ ხოლმე, მე ხომ გიჟი ვარ–მეთქი. ამ სიგიჟეში ვგულისხმობ გურულ ხასიათს, სიფიცხეს, გამოსავლის სწრაფად მოძებნას. სად გვცალია გურულებს იმისთვის, რომ ბევრი ვიფიქროთ?! მშობლების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ხასიათია ჩემში შერწყმული.
16 წლის ასაკში წავედი საფრანგეთში. ეს არ ჰგავდა იმას, დღეს რომ მიდის 16–17 წლის ახალგაზრდა საზღვარგარეთ. მე სულ სხვა, საბჭოთა სამყაროდან მოვხვდი დასავლელი თინეიჯერების სამყაროში და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი შოკი, ძალიან დიდი გამოწვევა და ხასიათის გამოცდა. იქ ვსწავლობდი, ვცხოვრობდი და ჭიდილი მიწევდა ჩემს თავთან, რომ შემეხამებინა ქართული ტრადიცია, ქართული მენტალობა იქაურთან, მეპოვა საერთო და მასზე დავრჩენილიყავი. ეს ისე უნდა მომეხერხებინა, რომ არ დამეკარგა ქართული მახასიათებლები, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ამ ბრძოლამ მოიტანა ის, რომ ჩემი ხასიათის ბევრი უხეში ნაწილი მოიქლიბა, გასწორდა. ცხოვრებამ მაინც გამასწორა.
– უაღრესად დატვირთული საქმიანი წარსული გაქვთ, გათხოვებაში ამან შეგიშალათ ხელი თუ სურვილი არც გქონდათ, ოჯახი შეგექმნათ?
– როცა პირველად გადავწყვიტე დაოჯახება, მივხვდი, რომ შეიძლებოდა ფატალური შეცდომა დამეშვა და სასწრაფოდ გამოვასწორე. ბოლო მომენტში ვთქვი უარი. მერე კი მუდმივად საქმეში ვიყავი და ამან შემიშალა ხელი. ვთვლი, რომ დაგვიანებული არც ახლაა, თუმცა ძალიან მალე შეიძლება უკვე გვიანიც იყოს.
– თქვენს ცხოვრებაში არის სასურველი მამაკაცი?
– გულახდილად გეტყვით – მიხარია, რომ არ მომიწევს სიყვარულის ძებნა მას შემდეგ, რაც მინისტრი გავხდი, რადგან ასეთი უკვე მყავს. როცა მინისტრი ხდები და მერე გაიცნობ ვიღაცას, შეიძლება ყოველთვის ეჭვი შეგეპაროს ამ ურთიერთობის სიჯანსაღეში. ეს მე არ მემუქრება, რადგან ამ მხრივ ყველაფერი მოგვარებულია.
– მამაკაცში რა ღირებულებაა თქვენთვის მთავარი, როგორია თქვენი რჩეული?
– ჩემი რჩეული არის სამართლიანი ადამიანი.
– იურისტია?
– არა. იურისტობა არ არის აუცილებელი სამართლიანობისთვის. ქართველია, არის ჩემსავით ფიცხი, პირდაპირი და მუდამ მკვახე რჩევებს მაძლევს, რაც მე ხშირად მაფხიზლებს. არასოდეს ცდილობს, თავის ჭკუაზე გადამიყვანოს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არავის ჭკუაზე სიარული არ შემიძლია. ამის გამო დედაჩემი ყოველთვის მსაყვედურობდა. თუ ადამიანი ცდილობს, თავის ჭკუაზე გადამიყვანოს, მასთან ურთიერთობა მიჭირს. თუმცა რჩევები ძალიან მიყვარს.
– თქვენს რჩეულს პოლიტიკასთან რაიმე კავშირი აქვს?
– არა.
– თქვენს გამინისტრებას როგორ შეხვდა, ახლა ხომ ძალიან რთული რეჟიმი გექნებათ?
– ის ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებოდა ჩემს პოლიტიკაში ყოფნას და თვლიდა, რომ ის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებდი, ქალისთვის მეტისმეტად დიდი იყო. მას შემდეგ, რაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავხდი, პირველად თქვა, რომ ეს ღირსეული ბრძოლა იყო და რითაც შეეძლო, მეხმარებოდა. ეს ადამიანი მართალია და არ იტყუება.
– როგორც გავიგე, თქვენი ჰობი მთამსვლელობა ყოფილა. ჯომოლუნგმა, კილიმანჯარო დაიპყროო, მართალია?
– ჯომოლუნგმა არ დამილაშქრავს. ჯომოლუნგმა ნეპალის ჰიმალაია, მე ვიყავი ნეპალის ჰიმალაიში 2007 წელს და მივედი ჯომოლუნგმას საბაზო ბანაკამდე. ეს არის ზღვის დონიდან დაახლოებით 5 ათას მეტრზე. ამის შემდეგ, თუ პროფესიონალი ალპინისტი ხარ, ცოცვას იწყებ, რომ დაიპყრო ჯომოლუნგმა. მე არ ვარ პროფესიონალი, ამიტომ ამ მწვერვალს ვერასოდეს დავიპყრობ და არც მაქვს პრეტენზია. შედარებით ადვილი დასაპყრობია კილიმანჯარო აფრიკაში და იქ ვიყავი 2011 წლის დეკემბერში. სამი–ოთხი დღე უნდა იარო ფეხით და უნდა იყო ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში. ბოლო ეტაპი ძალიან რთულია, რადგან ჟანგბადის ნაკლებობაა და უნდა გყავდეს კარგი თანმხლები, რომელიც არ მოგცემს ჩამოჯდომის საშუალებას, რადგან შეიძლება რამდენიმე წუთში გაიყინო. კილიმანჯარო არის მწვერვალი, რომელიც, პროგნოზებით, დაახლოებით 50 წელიწადში გადნება. უფრო მეტად მიხარია, რომ ეს მწვერვალი სანამ გაქრება, ვნახე.
მთა ჩემი ჰობია. სვანეთში ბავშვობიდან დავდიოდი მთებში და კიდევ ვივლი, რადგან იქ მყავს ჩემი ოჯახის ნაწილი. ძალიან მინდა, წავიდე ამერიკაში აკონკაგუაზე. ვნახოთ, თუ მოვახერხებ.
– სხვა რა ჰობი გაქვთ?
– ძალიან მიყვარს მებაღეობა. სოფელ დიღომში მაქვს სახლი და იქ ყვავილების და ხეხილის ბაღი გავაშენე. დავტოვე მშობლების და ჩემი ძმის ოჯახი და წელიწადნახევარია, რაც სოფელ დიღომში გადავსახლდი.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ. ამ სახლს 6 წელი ვაშენებდი, რაც ძალიან დამქანცველი იყო. როგორც იქნა, დამთავრდა. სტრასბურგიდან ვაშენებდი. ახლა იქ ეზოში ვმუშაობ, როცა დრო მაქვს.
– დიდი სახლია?
– დიახ, ორსართულიანი სახლია. მარტო ვცხოვრობ და ეს ყველას უკვირს, მაგრამ რა ვქნა, ასე მინდა და ასეა! ბოსტანი არ მიყვარს და არც მაქვს.
– სტრასბურგშიც მოგიხერხებიათ სახლის ყიდვა.
– დიახ, ძველ სტრასბურგში მაქვს ბინა. ის სახლი აშენებულია 1800 წელს. იმდენად ძველია, რომ ყველაფერი ჭრიალებს, მაგრამ ძალიან ლამაზი სახლია. ბოლო სართულზეა ჩემი ბინა და სახურავზე მაქვს ტერასა, რომელიც პირდაპირ უყურებს სტრასბურგის ღვთისმშობლის კათედრალს. ხშირად მენატრება იქ ყოფნა. ახლა გაქირავებულია იმ სასწავლებლის სტუდენტებზე, რომელშიც მე ვსწავლობდი. როცა სტუდენტი ვიყავი, ძალიან მიჭირდა ბინის პოვნა შეღავათიან ფასად, კომუნალური გადასახადების გადახდა და ახლა იმ სტუდენტებს რომ გარკვეულ შეღავათს ვუწევ და ვიცი, კარგად არიან, მიხარია.
– დრო არ მოვიდა, ოჯახი შექმნათ?
– ოჯახის შექმნის პერსპექტივა ჯერჯერობით გადაიდო.
– თქვენმა გამინისტრებამ გადადო?
– ჯერჯერობით გეგმები აირია და რა იქნება, აღარ ვიცი.
– მომავალშიც სოფელ დიღომში აპირებთ ცხოვრებას?
– იქ ვცხოვრობ, ბედნიერი ვარ და იქ ვაპირებ ცხოვრებას. კარგი მეზობლებიც მყავს. ჩემი რეჟიმის გამო ალბათ სახლში ყოფნა მომენატრება. ძალიან მიყვარს სახლში მარტო ყოფნა.
– თქვენი აღნაგობა სოციალური ქსელებისა თუ ფორუმების გარჩევის საგანი გახდა. შეიძლება გვითხრათ, რამდენია თქვენი სიმაღლე და რამდენს იწონით?
– სიმაღლე 158 სანტიმეტრი მაქვს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საშინლად არ მიყვარს, რაც ჩემი პრესსამსახურის აღშფოთებას იწვევს, რადგან ვერასოდეს ვწვდები ტრიბუნას. რაც შეეხება სიგამხდრეს, ასეთი გენეტიკურად ვარ. საარჩევნო კამპანიისას კიდევ 5 კილო დავიკელი და აღარ მაქვს ის წონა, ანუ 45 კილოგრამი, რომელშიც კარგად ვგრძნობ თავს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ძალიან გავხდი. წინასაარჩევნოდ დიდი ნერვიულობა შემხვდა, რადგან სამადაშვილი და მისი ბანდა მემუქრებოდა იმ ახალგაზრდა ბიჭების თუ მამაკაცების დაჭერით, რომლებიც მხარს მიმაგრებდნენ. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, უდანაკარგოდ ჩაიარა ყველაფერმა – ერთი ადამიანი არ წასულა ჩემი გუნდიდან ციხეში. ამას დიდი შრომა და პრევენცია დასჭირდა.
– ჭამა არ გიყვართ?
– ჭამა ძალიან მიყვარს და ამას ვერავინ იჯერებს. ვჭამ, მაგრამ არ ვსუქდები.
– ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავთ, როგორ ახერხებთ, მთამსვლელის ფორმაში იყოთ?
– ორი რამით ვარ გატაცებული – იოგათი და ცხენოსნობით. ამ ბოლო დროს ზურგი მტკივა და ცხენზე ვეღარ ვჯდები. იოგა საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელად ცხოვრებისა და სულიერი სიმშვიდისთვის.
– ქალბატონო თეა, საარჩევნო კამპანიის დროს თქვენი ოჯახის შესახებ ალაპარაკდნენ. მამათქვენს, რომელიც მოსამართლე იყო, თვითმფრინავის ბიჭების საქმესთან აკავშირებდნენ. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მასაც მიუძღვის წვლილი ამ ახალგაზრდების დახვრეტაში?
– მამაჩემი არის ავთანდილ წულუკიანი. პროფესიით იურისტია და მუშაობდა ლენინის რაიონის სასამართლოში, ნაძალადევის რაიონში. მე მაშინ ბავშვი ვიყავი. შემდეგ, 1990 წელს, ზვიად გამსახურდიას დროს, ის გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. სისხლის სამართლის სპეციალისტია. თვითმფრინავის ბიჭების საქმე იხილებოდა საქართველოს მაშინდელი უმაღლესი სასამართლოს მიერ. ამ დროს მამაჩემი მუშაობდა ნაძალადევში, მაშინდელი ლენინის რაიონის სასამართლოში. მას არანაირი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან. ჩვენ გვქონდა შეხება ძმები ივერიელების ოჯახთან, რადგან ისინი ჩვენი მეზობლები იყვნენ. უზნაძის 4 ნომერში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. მამაჩემი კარგად იცნობდა ივერიელების მამას. ცნობილი ექიმი იყო და მამაჩემის მშობლები სვანეთიდან რომ ჩამოდიოდნენ, მასთან მკურნალობდნენ ხოლმე. თვითმფრინავის ბიჭების საქმის მოსამართლე აბსოლუტურად სხვა გვარის იყო. ეს ამბავი მერაბ სამადაშვილმა ააგორა. ჩემს წარსულში ვერაფერი ნახა და რადგან გაიგო, რომ მამაჩემი ძველი მოსამართლე იყო, გადაწყვიტა, თვითმფრინავის საქმესთან დაეკავშირებინა. ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა, აღაშფოთა მისმა ამ განცხადებამ. ასე რომ, ეს ცარიელი ბუშტია.
– ქალბატონო თეა, სტრასბურგში მაღალანაზღაურებადი სამსახური ასე იოლად მიატოვეთ და საქართველოში დაბრუნდით – ეს ძნელი დასაჯერებელია.
– სტრასბურგში თვეში ჩემი ხელფასი 8 ათასი ევრო იყო. მქონდა ძალიან კარგი თანამდებობა, საინტერესო საქმე და წინსვლის პერსპექტივა. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ მინდოდა, სამშობლოში გამეტარებინა გარკვეული დრო და სადღაც გადახვეწილი არ ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ საქართველოში გამეფებული უსამართლობისთვის ვერაფერს ვაკეთებდი და მომინდა, ადგილზევე შემეცვალა რაღაც. ძალიან ადვილად გადავდექი იმ თანამდებობიდან, რომელიც ბევრისთვის სანატრელია. ერთ დროს ეს ჩემთვისაც სანატრელი იყო. ჩემმა ბევრმა ევროპელმა თანამშრომელმა და ხელმძღვანელმა ვერ გაიგო, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ერთმა მითხრა, რატომ იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ხომ გაღარიბდებიო. მეორემ მითხრა, საქართველოდან ხალხი აქეთ მოდის და შენ იქით რატომ მიდიხარო. მაშინ მივხვდი, რომ მართლა სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ შეიძლება საქართველო მუდმივად ისეთი ქვეყანა იყოს, საიდანაც ხალხი მხოლოდ გარბის. იმედი მაქვს, რომ ჩემი და სხვა ადამიანების მაგალითზე ბევრი დაბრუნდება უკან. მთავარია, სამართლიანობის განცდა დაგვიბრუნდეს ყველას.
– აგიხდათ კოლეგის სიტყვები, გაღარიბდით?
– სტრასბურგიდან წამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავღარიბდი. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიცხოვრე სტრასბურგის ბინის ქირის მეშვეობით. ერთხელ ბიძინა ივანიშვილი აღშფოთდა და მითხრა, ამდენ შრომაში ადამიანს ხელფასი ეკუთვნისო. მან ჩამირიცხა ანგარიშზე 5 ათასი ლარი და მოგელაძემ ის მაშინვე დააჯარიმა. ამის შემდეგ აღარ მიმიღია ხელფასი. გავღარიბდი, მაგრამ გაჭირვებით არ გამჭირვებია. 10 წელი კარგი ცხოვრება მქონდა და გარკვეული დანაზოგიც, ბინაც...
– დიასახლისობა გეხერხებათ?
– კი, გამომდის. თუ დრო მაქვს, კარგი დიასახლისი ვარ. 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა სერიოზულად მითხრა, 6 თვეს გაძლევ, კუბდარის, ჭვიშტარის და ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლოო. მე, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ბავშვი, ძალიან ვნერვიულობდი და ვისწავლე, თორემ დედა არ მავალებდა. დედა თვლის, რომ ბავშვს ლაღი ბავშვობა უნდა ჰქონდეს და საოჯახო საქმეებით არ უნდა დატვირთო. მამა კი თვლის, რომ ქალმა საქმე უნდა იცოდეს. სტრასბურგში ხშირად ვაკეთებდი ქართულ კერძებს, სტუმრებიც ხშირად მყავდა ხოლმე. რაც საქართველოში დავბრუნდი, მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხე დიდი სტუმრიანობის მოწყობა.
– თქვენს წინამორბედ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, იცნობთ?
– პირადად არ ვიცნობ. მხოლოდ ტელევიზიიდან, მედიიდან ვიცნობ იმ დოზით, რასაც ეს საშუალებები იძლეოდა და ვიცნობ იმ საქმით, რაც დატოვა, ამიტომ მას პატივს არ ვცემ! ვთვლი, რომ არის პროფესიონალი, ნიჭიერი, მაგრამ კაცთმოძულე. როცა იურისტი კაცთმოძულეა, ის ხშირად ხდება უსამართლობის წყარო. მიხარია, რომ აღარ არის ხელისუფლებაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ნაციონალი. სულ თვალწინ მიდგას ის კადრები, რასაც ერქვა ტელედაჭერები რევოლუციის შემდეგ. საძინებელი ოთახებიდან კორუმპირებული ჩინოსნების მეუღლეების გამოყვანა ძალის გამოყენებით ყველასთვის დამამცირებელი იყო. ასეთ რამეს ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან გვინდა, უფრო დიდი კულტურის მქონე სახელმწიფო ვიყოთ, ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ დაისჯება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდი გონება, საქმეების შესწავლა. როცა გვეცოდინება, სამართლებრივად ვინ რა ჩაიდინა, ყველას მიეგება ის, რასაც იმსახურებს.
სააკაშვილი ჯერ წესიერად არც იყო მოსული ხელისუფლებაში, რომ დაიწყო ყვირილი: "ეს წავა ციხეში! ის ჩაჯდება აქ! მოიტანს, რაც წაიღო!" და ა.შ. მან მაშინ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეარცხვინა. ჩვენი ქვეყანა მოლაშვილის საქმის გამო დღესაც იხდის ბოდიშს სააკაშვილის სიტყვებისთვის: "რაც წაიღო, ბოლო კაპიკამდე მოიტანს!". ეს ფრაზა ჩაითვალა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. ამ დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტრო მალავდა. ჩვენ შევეცდებით, არაფერი ჩავიდინოთ ისეთი, რისთვისაც ჩვენს ხალხს მოუწევს ბოდიშის მოხდა. უღირსი რევანში ბევრ შეცდომას იწვევს, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს.
10 წელი სტრასბურგის სასამართლოს ვემსახურე და მე ვიყავი ის უბედური ადამიანი, რომელიც 10 წელი იხილავდა ამდენი გაუბედურებული ადამიანის საქმეს და ეს არ იყო ადვილი. ჩემი პირველი ვიზიტი იქნება სწორედ სტრასბურგის სასამართლოში იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ განტვირთოს სტრასბურგის სასამართლო ქართული საქმეებისგან. ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოში კულტურას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებები გვარდება ქვეყნის შიგნით. ადამიანს არ უნდა უწევდეს რკინის ქალამნების ჩაცმა და აქეთ–იქით სიარული. რა თქმა უნდა, იქნება საქმეების რაოდენობა, რომლებსაც, რაც უნდა ვეცადოთ, ვერ მოვაგვარებთ, რადგან დაზარალებულს ყოველთვის ენდომება გაცილებით მეტი ან ჩვენ შეგვეშლება რაღაც. ის კულტურაც უნდა დავამკვიდროთ, რომ ხალხს ესმოდეს, მინისტრი ღმერთი და შეუცდომელი არ არის. მთავარია, მას ესმოდეს, რომ არ არის შეუცდომელი. დღეისათვის სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 2 000–მდე საფუძვლიანი საქმე დევს. უსაფუძვლო გაცილებით ბევრია. ვიმეორებ, თუ შევხედავ, რომ ვერ ვამართლებ, არ გამიჭირდება თანამდებობიდან გადადგომა. ეს ბევრჯერ გამიკეთებია.
– გამოცდილება და ისტორია აჩვენებს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ადამიანები იცვლებიან. ერთ დღეს თქვენც შეიძლება სულ სხვა ადამიანად იქცეთ.
– ორი დამცავი მექანიზმი მაქვს – საკუთარი კრიტიკული აზრი ჩემივე თავისადმი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ დამიბლაგვდება და თქვენ, მედია. თქვენ და მე ვართ ამის დამცავი მექანიზმი. სხვა მექანიზმი არ არსებობს.
– ლოყაზე ორი იარა საიდან გაქვთ?
– ავარიის კვალია. 2011 წლის მაისში დიღმის ტრასაზე მომივიდა დიდი ავარია და ძლივს გადავრჩი. თავიც და სახეც დაჩეხილი მქონდა. ნაკერები მაქვს. მე ვიჯექი საჭესთან და უკნიდან ძალიან დიდი ჯიპი დამეჯახა. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა.
რუსუდან ადვაძე
მიმაგრებული სურათი