არჩილ კბილაშვილი - ახალაიას ბრალდების მორიგ ეპიზოდად შესაძლებელია ციხის ბუნტთან დაკავშირებული თემა ვიხილოთ
10:09 10-11-2012
უახლოეს პერიოდში ბაჩო ახალაიას ბრალდების მორიგ ეპიზოდად შესაძლებელია ციხის ბუნტთან დაკავშირებული თემა ვიხილოთ , რომლის მოკვლევაც ამჟამად მიმდინარეობს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას გააკეთა.
კბილაშვილი ამ განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პოზიციას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსუსურია, მისი საქმე "შეკერეს", ხოლო ჩვენებები, რომლებიც ახალაიას წინააღმდეგ იქნა მიცემული შესაძლოა წინასწარ შეთანხმებული იყოს.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, არც ჩვენებების შეთანხმებისა და მსგავსი მაქინაციების საჭიროება, რაც წინა მთავრობის დროს რეალურად ხდებოდა, არ დგას, რადგან ბაჩო ახალაიას და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პროკურატურაში ყოველდღიურად ათეულობით განსხვავებული განცხადება შედის.
"როგორც ბაჩო ახალაიას, ასევე მასთან დაახლოებული პირების მიერ წამების, ცემის და შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ეპიზოდების გამოძიება გვიწევს. შემოდის განცხადებები ქონების წართმევის საქმეებზეც. ალბათ უახლოეს დროში კიდევ გვექნება ახალი ბრალდების წარმოჩენის შესაძლებლობა. ყველა ეპიზოდს სათანადო გამოძიება ჭირდება. თავდაპირველად ჩვენ ავიღეთ ის, რაც ზედაპირზე იდო. რა თქმა უნდა, არსებობს ციხის ბუნტის მასალებიც. ალბათ, უახლეს პერიოდში შესაძლებელია ვიხილოთ ბრალდების მორიგ ეპიზოდად ციხის ბუნტთან დაკავშირებული თემა, რომლის მოკვლევაც ამჟამად მიმდინარეობს", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-vikhiloth.html