ახალი ხელისუფლების სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გულისხმობს შემდეგ თეზისებს:
1. რკინიგზის აღდგენა ლესელიძე-ზუგდიდის მონაკვეთზე.
2. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მხარეებად ცნობა.
3. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოქმედი პასპორტების ცნობა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე.
4. რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთთან დიალოგის აღდგენის მოტივით.
5. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება.
6. აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი.
7. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შიდა კონფლიქტად გადაქცევა, რაც განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა ზაქარეიშვილმა.
ეს არის ის ძირითადი თეზისები, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ და რეინტეგრაციის საკითხებში მისმა მინისტრმა პ. ზაქარეიშვილმა წარმოუდგინა საზოგადოებას. საინტერესოა თითოეული მათგანის განხილვა და იმ რისკების შეფასება, რომელიც ამ თეზისების უკან იმალება. შესაბამისად, თეზისებს დავაჯგუფებთ და ისე განვიხილავთ.
"რკინიგზის აღდგენა ლესელიძე-ზუგდიდის მონაკვეთზე" - ეს ინიციატივა ადრეც იდგა საქართველოს წინაშე (შევარდნაძის ხელისუფლების დროს), თუმცა არსებობდა ერთგვარი პირობა, რომ სანაცვლოდ დევნილები უნდა დაბრუნებულიყვნენ. გარდა ამისა, ამ საკითხს გააჩნია სხვა რისკებიც, კერძოდ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, აზერბაიჯანთან და დიდი ალბათობით თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება. რაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში არანაირად არ შედის. საქართველომ არ განახორციელა ეს პროექტი იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენი ურთიერთობები ენერგეტიკულ პროექტებში უმნიშვნელოვანესია და შესაძლოა ითქვას, ქვაკუთხედია დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თურქეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა კი უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული პროექტების ნაწილში, ასევე ნატო-ში თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ლობისტია,.
ასეთ სტრატეგიულ ქვეყნებთან ურთიერთობების ოდნავი გაფუჭებაც კი შეაფერხებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან და შესაბამისად გაზრდის რუსეთის მიერ კავკასიაში დომინანტური პოლიტიკის განხორციელების შანსებს, მოახდინოს. ამიტომ ეს გაჟღერებული ინიციატივა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს ძალიან დააზარალებს. გეოპოლიტიკური რეალობა კიდევ ისაა, რომ რუსეთი საქართველოსთან ვერ წამოვა რაიმე სახის დათმობაზე ან დიალოგზე. მას არ შეუძლია მოლაპარაკება საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე. ის მსოფლიოს სთხოვს ე.წ. 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ე.წ. "ახალი რეალობის" ცნობას. აქ მოლაპარაკება ვერ მოხერხდება, აქ პოზიციები ვერც გაიყოფა, ვერც დაემთხვევა. აქ საკითხი სწორედ რუსეთის პოზიციის გამო დგას ძალიან მკაცრად, ან იმპერია უნდა დამარცხდეს, ან ჩვენ. სხვა არჩევანი სამწუხაროდ არ არსებობს და ამ რეალობის წინაშე ახალი ხელისუფლებაც დადგება. შესაბამისად, ინტერესების თანხვედრაზე საუბარი ძალიან გადაჭარბებულია.
"აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მხარეებად აღიარება" და "აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება" - ვფიქრობ, ეს ორი საკითხი განხილულ უნდა იქნეს ერთობლივად. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკური მიმართებების კონტექსტში დანარჩენ მსოფლიოსთან. აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კონფლიქტებში მხარე აღარ არის. ამ კონფლიქტის მხარე არის რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი. ამით საქართველომ მოახერხა, რუსეთის მიერ 90-იან წლებში თავსმოხვეული ეთნოკონფლიქტები გაეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მისთვის რეალური სამართლებრივი რეჟიმი დაეწესებინა. ეს არის "ოკუპირებული ტერიტორიების" სამართლებრივი რეჟიმი. რუსეთის ფედერაცია რომ მხარეა ამ კონფლიქტში, დაფიქსირდა ჟენევის ფორმატის სამმხრივ მოლაპარაკებებში. წლებია რუსეთი ამტკიცებს, რომ ის არ არის მხარე ამ კონფლიქტში, არამედ მხარე არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად ის ითხოვს, რომ გაფორმდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაც, ვინაიდან მხარე და კონფლიქტი სწორედ მათთან გვაქვს. ძნელი შესაფასებელია ახალი მთავრობის ამ ინიციატივების დადებითი მხარე ქართული სახელმწიფოსთვის. არსებობს ახალი მინისტრის (პ. ზაქარეიშვილის) ბუნდოვანი განმარტება, რომ ეს ხელს შეუწყობს აფხაზების და ქართველების ინტეგრაციის პროცესს. მაშინ, როდესაც ამ ინტეგრაციის პროცესის მთავარი შემკავებელი არის რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ინტეგრაციის საშუალება. ისმის მარტივი შეკითხვა: შეიძლება ოკუპანტის მიერ შეთავაზებული ქმედება იყოს სასარგებლო ქართული მხარისთვის? ან სად მოიძებნება ის წერტილი, სადაც რუსეთის მიერ ანკლავების მხარედ ცნობის, ასევე მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა და საქართველოს მიერ იგივე ინიციატივის გაჟღერება თანხვდება ერთმანეთს, ხოლო ეს ქმედებები იქნება საქართველოსათვის სასარგებლო? ეს შეკითხვა პასუხს ითხოვს.
"აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოქმედი პასპორტების ცნობა კანონიერ დოკუმენტად", "აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოება" და "რუსეთთან დიალოგის აღდგენისათვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა" - ეს საკითხები სერიოზულ განმარტებას საჭიროებს. საქართველომ შეიმუშავა ნეიტრალური პასპორტების ინსტიტუტი. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუშვა შუალედური პასპორტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის, რომ მათ შეეძლოთ ამერიკაში ჩასვლა. ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ ევროპული სახელმწიფოებიც. ამის ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია, რატომაა საჭირო მათი შიდა პასპორტის სამართლებრივი ცნობა. მოქალაქეობა თავისი არსით არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება დეოკუპაცია, ვერ მოხდება მაგალითად ქართველებისა და აფხაზებისათვის სხვადასხვა საპასპორტო სივრცის არსებობა, საპასპორტო სივრცე უნდა იყოს ერთი, ვინაიდან ეს არის ერთი სახელმწიფო მიუხედავად ფედერაციის ფორმისა. ეს ინიციატივა თავისი შინაარსით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების ერთ-ერთი მექანიზმია. ისევე, როგორც მათი მხარედ ჩართვა კონფლიქტში, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის, როგორც ოკუპანტი მხარის განეიტრალებას. თავის მოთხოვნებში (კონფლიქტში მხარედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება) რუსეთი გულისხმობს ოკუპანტის სტატუსის თანდათან მოცილებას და არა იმას, რომ ამ ქმედებებით ქართველების, აფხაზების ან ოსების ინტეგრაციის საკითხი დაჩქარდეს.
ოკუპანტის სტატუსის მოხსნა რუსეთს ნაწილობრივ შეაძლებინებს კავკასიაში "ახალი რეალობის" დაკანონებას, ხოლო საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი, იმავდროულად რუსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. დიალოგის ფორმატი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით გარკვეულ ხანში შექმნის ჟენევის ფორმატის ალტერნატიულ სამართლებრივ სივრცეს და ერთი ნაბიჯია მის (ჟენევის ფორმატის) გაუქმებამდე. ამის გაუქმებით საქართველო დაუბრუნდება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ სამართლებრივ რეჟიმს და ისევ მარტო აღმოჩნდება რუსეთის და სეპარატისტული რეგიონების წინაშე. ჟენევის ფორმატი რუსეთისთვის წარმოადგენს ოკუპანტის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელსაც საქართველო იყენებს ქმედითად, რათა მსოფლიო თანამეგობრობამ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა გააგრძელოს.
"აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შიდა კონფლიქტად გადაქცევა, რაც განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა" - აბსოლუტურად გაუგებარი იყო რეინტეგრაციის მინისტრის ზაქარეიშვილის განცხადება ტელეკომპანია მე-9 არხის ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა კონფლიქტების პრობლემა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა, ის ახლა ისევ შიგნით უნდა დავაბრუნოთო. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ომამდელ სამართლებრივ რეჟიმს, ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმს ისევ უნდა ეწოდოს ეთნოკონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთსაც მიეცეს ე.წ. მედიატორის სტატუსი, ხოლო დასავლეთი ამოვარდეს ამ სამართლებრივი სივრციდან. ყველა ზემოთ დასახელებული მესიჯი და მისი ანალიზი იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. ვინაიდან, ომის შემდეგ საქართველომ შესძლო ამ კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, ახლა მისი ძველ რეჟიმში დაბრუნება პრაქტიკულად მთელ ამ მცდელობებს, რომ ეს პრობლება საერთაშორისო გაგვეხადა, წყალში ჩაყრის. საქართველოს დაცვა რუსეთის აგრესიისგან მხოლოდ მის საერთაშორისო ჩართულობაშია.
თუ ეს მექანიზმები მოიშლება, საქართველო დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ აღიაროს რუსეთის "ახალი რეალობა" ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. საქართველოს აღარ დარჩება არანაირი მექანიზმი, მოახერხოს რუსეთზე ზეწოლა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ შეისწავლიან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობის საკითხს, არის ის სიგნალი, თუ როგორ ზეწოლას აპირებს რუსეთი საქართველოზე. დასავლეთიდან ამ კონფლიქტების დეინტეგრაციით, საქართველო გახდება განიარაღებული რუსეთის წინაშე და არაღიარების პოლიტიკაც წყალში ჩაიყრება.
თუ ახალმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა, მთელი ეს პროცესი გამოიწვევს ნატო-ს ინტეგრაციის შეჩერებას, ევროკავშირთან დაგეგმილი ინტეგრაციის შეჩერებას და საქართველოს სრულიად ახალ რეალობაში ამოაყოფინებს თავს, სადაც ის რუსეთის წინაშე თავის დაცვის ყოველგვარი ქმედითი მექანიზმის გარეშე წარსდგება. თუ ეს თეზისები განხორციელდა, ახალი მთავრობის მიერ გაცხადებული კურსი, საქართველოს ნატო-ში და ვეროკავშირში ინტეგრაციიის სტრატეგიის შესახებ, მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ტყუილია.
ბაჩანა ყანჩაველი
http://24saati.ge/index.php/category/news/...1-11/33610.html