სააკაშვილი კრემლის ყელში გაჩხერილი ძვალი იყო
10:59 14-11-2012
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე "ინტერპრესნიუსი" მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან სპეციალისტს, ისტორიის მეცნირებათა დოქტორს, რუსეთის სათათბიროს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატს, რუსეთის სათათბიროს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების ყოფილ მოადგილეს, ალექსეი არბატოვს ესაუბრა.
- ბატონო ალექსეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისმა რუსეთის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს. მაგრამ, იქვე ივანიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის მომლოდინე პოზიცია?
- საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება მოსკოვში პოზიტიურად შეფასდა. რაც შეეხება ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი თბილისისაგან უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. შესაძლოა, გარკვეულწილად ეს პაუზა იმასაც უკავშირდებოდეს, თუ რა ხელშესახები პარამეტრები ექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ახალი ხელისუფლების პირობებში. კერძოდ, რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება საქართველოს ამერიკასთან, ევროკავშირთან და ნატო-სთან. შესაძლოა, მოსკოვი ელოდება, მიიღოს დამატებითი მონაცემები საქართელოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რამდენად კონკრეტულ და პრაქტიკულ პარამეტრებს შეიძენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. ცნობილია, რომ საქართველოს ამ სწრაფვას რუსეთი არ მიესალმება.
- საქართველოს მხრიდან გასაცხადებელ "კონკრეტულ წინადადებებზე" განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუკაშევიჩმაც გააკეთა. თქვენი აზრით, რა "კონკრეტულ წინადადებებს" ელოდება მოსკოვი თბილისისგან?
- მე რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოვადგენ და ამიტომ მხოლოდ შემიძლია ჩემი ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი აზრით, პოზიტიური მნიშვნელობა ექნებოდა იმას, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება განაცხადებდა, რომ საქართველო არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების სამხედრო ძალით გადაწყვეტას და ამ საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესების ძალისხმევით. მესმის ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას, რომ არ შეეგუება ამ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და რუსეთის მიერ მათი სუვერენიტეტის აღიარებას, მაგრამ იმავდროულად საქართველოს ახალი ხელისუფლება გამორიცხავს ამ პროპლემების სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტას. ჩემი აზრით, ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ტაქტიკა უკეთესობისკენ შეცვალოს.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვლმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ამგვარი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდსა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ გააკეთა. ეს განცხადებები საკმარისი არ არის?
- შესაძლოა, მე რაღაც გამომრჩა, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან ამგვარი განცხადებები არ მახსოვს. მაგრამ, თუ ამ ტიპის განცხადებები საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯები გადადგას. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის განცხადებებზე არ რეაგირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ამ საკითხზე სხვა პოზიცია აქვს.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ვადებში შეიძლება მიიღოს რუსეთის საგარეო უწყებამ გადაწყვეტილება და დაასახელოს საქართველოსთან მთავარი მომლაპარაკებლის ვინაობა? და კიდევ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყოს იგი?
- ამის თქმა გამიჭირდება. რუსეთში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელსაც საქართველოსთან კარგი ურთიერთობები აქვს. ეს საკმაოდ დელიკატური თემაა, ამიტომ რომელიმე კონკრეტული პირის დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ. როგორც გითხარით, საქართველოს მიმართულებით რუსეთის ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ურთიერთობები ექნება საქართველოს დასავლეთთან და გარე სამყაროსთან. როდესაც ამ კითხვებზე რუსეთი პასუხებს მიიღებს, სწორედ მაშინ დაინიშნება საქართველოს საკითხებში სპეცწარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე დაიწყებს დიალოგს. თბილისთან დაკავშირებით მოსკოვის პაუზა შესაძლოა იმასაც უკავშირდებოდეს, რომ რუსეთის საქართველოსგან რაღაც მეტს ელოდება.
არ ვიცი, რას ფიქრობენ ამ თემაზე კრემლსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში, მაგრამ საკმაოდ გავლენიანმა რუსმა ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ საქართველო მეტად არის დაინტერესებული რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში და ამიტომ რუსეთის მიმართულებით უფრო მეტი შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიდრე - რუსეთმა. თუ ჟურნალისტების პოზიცია გარკვეულწილად მოსკოვის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს არაშორსმჭვრეტელური პოზიციაა. როცა ერთი მხარე მეტად არის დაინტერესებული ურთიერთობების აღდგენაში, პოლიტიკური სიბრძნე პირველი ნაბიჯების გაკეთებას გვკარნახობს. ამის გაკეთება თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ეს შემდეგ ყოველთვის უფრო მეტად ფასდება.
- უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ რა ურთიერთობები ექნება საქართველოს ახალ ხელისუფლებას დასავლეთთან, იმავე აშშ-სთან და ნატო-სთან, მაგრამ არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერმა და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება, ანუ საქართველო კვლავ გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატო-სკენ სწრაფვას. . .
- რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას, ამ საკითხში რუსეთის პოზიცია უფრო ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისადმი რუსეთს ერთმნიშვნელოვნად მკაცრი და უარყოფითი დამოკიდებულება არა აქვს.
რუსეთს ევრიკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და რუსეთს მათთან არანაირი პრეტენზიები არა აქვს. ასეთი ქვეყნები არიან ფინეთი, შვედეთი, ავსტრია და რიგი სხვა ქვეყნები. ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა ორგანიზაციებია, თუმცა 21 ქვეყანა როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წევრები არიან. რუსეთს ორივე ამ ორგანიზაციისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს.
მეორე საქმეა საქართველოს აბსტრაქტული სურვილი, გაწევრიანდეს ნატო-ში. რუსეთს არ შეუძლია, ხელი შეუშალოს საქართველოს ნატო-სკენ წრაფვას. ახლა რუსეთსა და ნატო-ს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ნატო-სთან იმაზე მეტად თანამშრომლობს, ვიდრე - საქართველო. რუსეთმა ნატო-ს ავღანეთიდან ჯარების გამოსაყვანად როგორც საჰაერო ისე სახმელეთო კორიდორი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნატო-ში გაწევრიანებას არ აპირებს, იმ საკითხებში, რომელშიც რუსეთს ნატო-სთან საერთო ინტერესები აქვს, ალიანსთან აქტიურად თანამშრომლობს.
თუ ნატო საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, მაგალითად განაგრძობს საქართველოსთვის იმგვარი იარაღის მოწოდებას, რომელსაც რუსეთი მისი უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევს, მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში ნატო-ს ჯარების განლაგების შესახებ ანაც გააგრძელებს საქართევლოსთან ერთობლივ წვრთნებს, მაშინ რუსეთს ამ პროცესებთან მიმართებაში ნეგატიური დამოკიდებულება ექნება და ეს, როგორც რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, ისე მოსკოვსა და თბილისს შორის დასაწყებ დიალოგზეც აისახება.
- ხშირად გამოითქმის მტკიცება, რომ კრემლს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა და 2008 წლის აგვისტოს იმის შემდეგ არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობდა. თქვენც იზიარებთ ასეთ მოსაზრებას?
- არა, არ ვიზიარებ. კრემლი აბსტრაქტული ცნებაა. რუსეთის მმართველ პოლიტიკური ელიტის უმაღლეს ეშელონებში სხვადასხვა დაჯგუფებებია. არიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო ასპარეზე ნებისმიერი დაძაბულობა აწყობთ, ისინი მას საგარეო საფრთხედ განიხილავენ და სათავისოდ იყენებენ. კრემლის ამ დაჯგუფებისთვის სააკაშვილი, რა თქმა უნდა, მოსახერხებელი პოლიტიკური ფიგურა იყო. რა თქმა უნდა, 2008 წლის დაძაბულობა ნატო-ს გაფართოების პერსპექტივას უკავშირდებოდა, მაგრამ მაშინ კრემლის ამ დაჯფუფებისაგან შექმნილი ვითარება ბევრმა სათავისოდ გამოიყენა.
მმართველ ელიტაში არის მეორე ჯგუფიც, რომელსაც ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს. მაგალითად, რუსეთის ნატო-სთან, ანაც ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობა ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით შეიძლება განვითარდეს. სააკაშვილი კრემლის ერთი დაჯგუფებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი იყო. მათთვის ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, რუსეთის ნატო-სთან და საქართველოს ნატო-სთან ამგვარი თანამშრომლობის შესაძლებლობის გეგმებს ზიანს აყენებდა. ეს ეხება რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილის უპასუხიმგებლო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღარაფერს ვამბობ მის ამგვარივე ქმედებებზე.
რუსეთის ელიტაში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ რუსეთის უსაფრთხოება ბევრად არის დამოკიდებული სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო მისთვის მეგობრული ქვეყანა იყოს. რუსეთს საქართველოსთან საერთო საზღავრი აქვს და ობიექტურად არსებობს თანამშრომლიბის საფუძველი. რუსეთს სომხეთის წინაშე აღებული აქვს ვალდებულებები. იქ განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები და ქვედანაყოფები. სამხრეთ კავკასიაში ანაც სამხრეთ კავკასიის მომიჯნავე რეგიონებში ვითარების გამწვავების შემთხვევაში საქართველო რუსეთისთვის შესაძლოა, კარგი პარტნიორი აღმოჩენილიყო.
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...dzvali-iyo.htmlგავნაპოლსკის აზრი აი ვაააააააააააბშე არ მაინტერესებს.
* * *
ხორხეВечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.