
დემურ გიორხელიძე - სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება
15:39 25-11-2012
დემურ გიორხელიძე - სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება ქართული ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პერსპექტივების პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
- ბატონო დემურ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება "ტარიფების განახევრება არ გამოვა, მაგრამ სუბსიდირების ხარჯზე შემცირდება". მისივე განმარტებით, ტარიფის განახევრებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დაპირება იმის გამო "აღმოჩნდა გადაჭარბებული", რომ საქმეში ჩახედული არ იყო. თქვენი აზრით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამატებით რა ინფორმაცია მიიღო ივანიშვილმა ისეთი, რომლის მიღების შემდეგაც ჩათვალა, რომ შეღავათებს მთავრობა ძველი სქემით დაფარავდა?
- ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი სრულად ინფორმირებული არ იყო, ანაც მიზანმიმართულად იყო ინფორმირებული. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში ტარიფების განახევრება არც არასდროს თქმულა. საუბარი იყო გაზის ტარიფის განახევრების შესაძლებლობაზე, თუმცა, ციფრები არც მაშინ არ დასახელებულა.
რაც შეეხება დენის ტარიფს, აქ გაცილებით ფრთხილი მიდგომა უნდა. წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თემატურ ჯგუფში ამ თემაზე სერიოზული კონსულტაციები ჩატარდა საუკეთესო ენერგეტიკოსებთან. მათ დაასაბუთეს, რომ ელექტოენერგიის ტარიფი 10 თეთრის ფარგლებში, უფრო სწორად, ზამთრის სეზონზე 10,8 თეთრი და ზაფხულში 9,4 და 9, 5 თეთრი სრულიად შესაძლებელია. თუ უაზრო ვალდებულებებს აიღებ, ტარიფი უაზრო იქნება. ტარიფის, რომელიც დღეს საქართველოშია, შემცირება არანაირ პრობლემას არ წარმოდგენს და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია.
ჩვენ არავის ბრალდებებს არ ვუყენებთ. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ უჭკუო და ბოთე ხალხის როლში, რომელსაც გათავხედებული ჯგუფები ამდენი წელია ათამაშებს. სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც მუქთა ფულის ხელიდან გაშვება არ უნდათ და ამიტომ, პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება.
ვიმეორებ, ყველაფერი, რაც ბატონმა ივანიშვილმა ტარიფებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ თქვა, იყო აბსოლუტურად სწორი. არანაირი პროპაგანდისტული მიზნები მას არ ჰქონდა. მან ტარიფთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები თემატური ჯგუფის მუშაობის 7 თვის შემდეგ გაახმოვანა, როდესაც ყველაფერი ზუსტად იყო აწონ-დაწონილი. ჩემთვის, როდესაც ამ ციფრებს ვასახელებდით, დახურული და ღია ინფორმაციაც ცნობილი იყო, ამიტომ, როდესაც ჩვენ ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გამოვთქვით, ძალიან კარგად ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. პირდაპირ ვაცხადებ, ელექტროენერგიის ტარიფების ფასი პოლიტიკური ნების საკითხია. ან შენ გინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი თანხები განკარგონ საკუთარი შეხედულებით, ან გამოდიხარ იმ მოსაზრებებიდან, რასაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში 9-წლიანი ყოფნის დროს აკეთებდა. ანუ, გააგრძელო უშემოსავლო და გაღატაკებული ხალხისგან მეტი ფულის ამოიღება და შემდეგ ეს თანხები, როგორც კორპორაცია-სახელმწიფოს ვიწრო ჯგუფმა განუკითხავად ხარჯო. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ხალხი დღეს იმდენად შეცვლილია, რომ ამას 9 წლის ლოდინს არ დაუწყებს და თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკვე ახალი მმართველი გუნდის მიმართ გამოხატავს.
- დღევანდელი ვითარება შევარდნაძის მმართველობის პერიოდისგან იმით განსხვავდება, რომ თუ მაშინ "ენერგომამების" ვინაობა ცნობილი იყო, დღეს მათი ვინაობა უბრალოდ უცნობია, თქვენ მათზე რა ინფორმაცია გაქვთ?
- შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული გავლენის ჯგუფები არსად წასულან. ერთი და იგივე ელიტაა, ელიტის შიგნით მოხდა გადაჯგუფებები. "ნაცმოძრაობა" არ წარმოადგენს ახალ ელიტას, ისინი ხელისუფლებაში სწორედ შევარდნაძის უდიდესი ხელშეწყობითა და დახმარებით და ქართული პოლიტიკური ლიდერების გამაოგნებელი იდიოტური შეცდომების შედეგად მოვიდნენ. ამ სფეროში გავლენის ჯგუფები იგივეა, ისინი ქვეყნის გარეთაც არიან და პროცესებს იქიდან განაგებენ. ცალკეული ფიგურანტები კი იცვლება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და არც ცვლის. იმავე ელიტის ფარგლებში ცალკეული ჯგუფები ანაცვლებენ სხვა ინტერესთა ჯგუფებს. რაც შეეხება "ენერგომამებს", თავად ხელისუფლება იყო ყველაფრის "მამა", თუმცა იგი იძულებული იყო ბევრი რამისთვის გაეწია ანგარიში.
- ბატონო დემურ, რა გამოდის, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქართულ-რუსული "ენერგომამების" თამაშის წესები მიიღო? რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით?
- მე ამას არ დავუკავშირებდი რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ბატონი ივანიშვილი იმდენად გავლენიანი ბიზნესმენი იყო, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ პოლიტიკაში გავლენების დონეზე თამაში, სრული პოლიტიკური კრახის ტოლფასია. არც ჩემს ქვეყანას და არც პრემიერ-მინისტრს, რომელსაც უაღრესად ვცემ პატივს, არ ვუსურვებდი ამ ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცევას. ჩემი აზრით, ის, რაც ივანიშვილმა ტარიფებთან დაკავშირებით თქვა, სწორედ გავლენის ჯგუფების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგი იყო და ძალიან მინდა, რომ მომავალში მსაგავსი არაფერი განმეორდეს.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, როგორც ტარიფების საკითხმა აჩვენა, ახალ ხელისუფლებაში ე.წ. რუხი კარდინალების გავლენა ძალიან სერიოზულია. პირადად მე, მხოლოდ ივანიშვილის გონიერების იმედად ვრჩები და ვიმედოვნებ, რომ, ის გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკაში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს უკან დახევას აიძულებს.
- რას შეიძლება უკავშირდებოდეს წინა ხელისუფლების ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის "იტერა საქართველოს" გენერალურ დირექტორად დანიშვნა? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლებას არ გააჩნდა იმის პოლიტიკური ნება, რომ რუსულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის მოქმედების ვადა, როგორც ამბობენ, 2025 წლამდეა, შევიდეს ცვლილებები და ელექტროენერგიაზე ტარიფმა არ დაიწიოს?
- ეს დანიშვნაც იმის დასტურია, რომ ინტერესთა ჯგუფები არ იცვლებიან და ეს იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რაც აქამდე საქართველოში იყო. თუ თქვენ "თელასს" გულისხმობთ, მიმაჩნია, რომ იგი აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებს 1 კვ ელექტროენერგიაში 3 თეთრით მეტს. ეს იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი კონსტრუქციაა, რომლის ვალდებულების გაუქმება უბრალოდ აუცილებელია. შეუძლებელია, ასეთი ტიპის ორგანიზაცია თითქმის 100-150%-იანი მოგებით მუშაობდეს. ასეთი რამ არსად მსოფლიოში არ ხდება და გაუგებარია საქართველოში რატომ უნდა ხდებოდეს. ამგვარი რამ მხოლოდ იქ შეიძლება ხდებოდეს, სადაც სრული განუკითხაობა, სუსტი საზოგადოებრივი კონტროლია და აბსოლუტურად სუსტი მედიაა.
- ფაქტია, თუ ელექტროენერგიაზე ტარიფმა რეალურად არ დაიწია, ეკონომიკის გაძლიერებასა და წარმოების განვითარებაზე საუბარი აზრს დაკარგავს. მაგალითად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილის დაპირებისამებრ 2013 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში უპრეცედენტო ხვნა-თესვა განხორციელდა და საქართველომ საკმაოდ კარგი ხორბლის მოსავალი მიიღო, ელევატორებში მისი გადამუშავება იმდენი დაჯდება, რომ ფქვილის ფასი მაინც საკმაოდ მაღალი იქნება და ფქვილის ექსპორტიორები კვლავაც მოგებული დარჩებიან?
- იმ სიტუაციაში, რომელშიც ვართ, ჯერჯერობით, იმის თქმა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ხელისუფლება, ჩემთვის ძნელია. ერთ წელიწადში ფანტასტიკური ხვნა-თესვის შედეგის მიღება შეუძლებელია. ხორბალი ბევრიც რომ მივიღოთ, ჯერჯერობით, არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვები და სამთავრობო გადაწყვეტილებები არ არის იმ მონოპოლისტური ჯგუფების მიმართ მიღებული, რომლებსაც ფქვილი შემოაქვთ. ჯერჯერებით არა მარტო ფქვილის, არამედ სხვა პროდუქტების ექსპორტს, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბებული ჯგუფები აკონტროლებენ.
ახალი მთავრობა მხოლოდ ერთი თვეა საქმიანიობს, ალბათ მათ მეტი დრო დასჭირდებათ ვითარებაში გასარკვევად. თუ სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდა და იმპორტიორები დღეს არსებულ კომფორტულ მდგომარეობაში დარჩნენ, მაშინ ვითარების გამოსწორებას ვერანაირი მასშტაბური ხვნა-თესვა ვერ უშველის. საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი ადრეც მოსულა, მაგრამ ხელისუფლების მხარდაჭერით ლობისტურმა ჯგუფებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მწარმოებლებს 1 კგ ხორბალში მხოლოდ 20 თეთრი მიეღოთ. როცა ქვეყანაში ასეთი უმსგავსობა ხდება, ცოტა უფრო ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ვიდრე ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ.
- პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე და გარკვეული პერიოდი მას შემდეგაც, პრეზიდენტი სააკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური ხშირად ჩნდებოდნენ ტელეეთერში და გვარწმუნებდნენ, რომ ჰიდროჰესების მშენებლობას საქართველოში თურქული კომპანია განახორციელებდა და ამ მშენებლობებზე 13 ათასი ადამიანი დასაქმდებოდა. შემდეგ, ქართულ პრესაში იყო ცნობები იმის თაობაზე, რომ ჰესების მშენებელი თურქული კომპანია, რომლის ოფისი სტამბულშია, რუსული იყო და მას "ეფ-ეს-ბეს" გადამდგარი გენერალი ხელმძღვანელობდა, რომლის მრჩეველიც ხეთაგურის ძმა გახლდათ და მისი ხელფასი 15 ათასი დოლარია. თქვენ რა იცით საქართველოში ჰესების მშენებარე კომპანიის შესახებ?
- ამ კონკრეტული პიროვნებების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ გამიკვირდებოდა, ვინაიდან ამ სფეროში კარგა ხანია საქმე გვაქვს კლანურ მმართველობასთან. რასაც ჯერჯერობით ვხედავ, მხოლოდ კლანური მმართველობის გაგრძელებაა. რაც შეეხება ენერგეტიკას, ქართველ ენერგეტიკოსებსა და ინჟინრებს შემუშავებული აქვთ ქართული ენერგეტიკის განვითარების ბრწყინვალე პროგრამა.
ამ პროექტის განხორციელებისთვის დამოუკიდებლად გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები და ახლა მათ მთავრობიდან ელემენტარული ხელშეწყობა სჭირდება. საუბარია, საკმაოდ დიდ თანხებზე, ეს თანხები მოძიებულია და ახლა საჭიროა ხელისუფლების ნება, რათა ეს თანხები ქვეყანაში შემოვიდეს. თუ ამ პროექტებს ჯგუფური ინტერესები დაუდგა წინ, მაშინ ქართული ენერგეტიკა მხოლოდ ცალკეული ჰესების და არა მთელი სისტემის ფარგლებში განვითარდება. ძველი მმართველობიდან მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელსაც ეყო მასშტაბი, სწორად წარმოედგინა ქართული ენერგეტიკის განვითარება. გარდა იმ ლოკალური ინტერესებისა, რისი მომსწრეც ჩვენ აქამდე ვიყავით და რეალურად 9 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში არაფერი გაკეთებულა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენი ენერგეტიკა იმავე რეჟიმში იქნება, რომელშიც აქამდე იყო და გამოუყენებელი დარჩება ის შესანიშნავი პოტენციალი, რომელიც ამ თვალსაზრისით ქვეყანას აქვს.
- რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა წაახალისებს ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარებას და ქართული კომპანიების მიერ აშენებული ჰიდროჰესები მომავალში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას?
- ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტებისადმი ბატონ ივანიშვილის საღი პოზიციაა. ასეთი დიდი პროექტები მხოლოდ კარგად გათვლილი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში უნდა სრულდებოდეს და არა ცალკეული ინტერესეთა ჯგუფების მიხედვით. მე სწორედ იმაზე მაქვს გათვლა, რომ იგი ამ საკითხში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ამგვარი იმედის საფუძველიც არ არის.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/2...sheidzleba.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.