ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია - მითი თუ რეალობა?
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114494/.htmსაქართველოს პარლამენტმა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში უნდა იმსჯელოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიღებისა და დამტკიცების შემთხვევაში ნარკომოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაისჯება.
დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის მომხრე რამდენიმე ორგანიზაცია პარლამენტისგან კანონში ცვლილებების შეტანას დიდი ხანია ითხოვს.
2008 წელს ამ და სხვა საკანონმდებლო პრობლემების გადაჭრის მიზნით, საქართველოს პარლამენტში გასახილველად წარდგენილ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების ორი პაკეტი. პაკეტი, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა წარადგინა, მომზადებული იყო გლობალური ფონდის ექსპერტების მიერ. მეორე - ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ ინიცირებული 58, 000 მოქალაქის ხელმომწერით.
ორივე ინიციატივა ითვალისწინებდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრას და ნარკოტიკების ფლობის სამართლებრივ გამიჯვნას პირადი მოხმარებისა თუ გასაღების მიზნით.
აღნიშნული პაკეტი 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე განხილეს, ოღონდ პაკეტი სრულად არ მიიღეს, მხოლოდ რამდენიმე კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი კი სამომავლო განხილვისთვის გადაიდო.
ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივით, 2012 წლის დეკემბერში, ახალი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის წევრი კობა დავითაშვილი გამოვიდა.
კობა დავითაშვილის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა ადმინისტრაციური სასჯელია, რომელიც ნარკომომხმარებლების საკმაოდ მაღალი ჯარიმებით დასჯას ითვალისწინებს.
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღება, დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება პირველ ჯერზე 300 ლარით დაჯარიმდება; მეორე ჯერზე - 600 ლარით; მესამედ - 3500 ლარით ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობით.
კობა დავითაშვილის ამ ინიციატივამ არასამთავრობო სექტორის, კერძოდ კი „ზიანის შემცირების ეროვნულ ქსელში“ შემავალი ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მიაჩნიათ, რომ სადამსჯელო ეფექტი აქვს არა ჯარიმის ოდენობას, არამედ თვითონ ჯარიმის ფაქტს და იმ ფონზე, როცა ნარკომომხმარებელთა უმრავლესობა უმუშევარია და ისინი ოჯახის წევრების ან მეგობრების შემოსავალზე არიან დამოკიდებულები, ასეთი ჯარიმების დაკისრება უსამართლობაა.
საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევაც ადასტურებს, რომ ნარკომომხმარებელთა უმრავლესობა უმუშევარია და ისინი ოჯახის წევრების ან მეგობრების შემოსავალზე არიან დამოკიდებულები.
2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73,52%-ი უმუშავარია. მათ შორის 61,51% სამსახურს ეძებს.
“მათ სხვადასხვა წყაროდან ჰქონდათ შემოსავალი - ოჯახის წევრები, მეგობრები, არალეგალური შემოსავლები და სხვა. 35%-ისთვის შემოსავლის წყაროა მშობლები. 19,8%-ისთვის მეგობრები, 15,6 პროცენტისთვის - დედმამიშვილი.”- წერია კვლევაში “რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება?”
ნარკომომხმარებელ პირთა ყოველთვიური შემოსავლების შესახებ ინფორმაციას 2012 წელს “ნარკოტიკების მომხმარებელ პირთა პრევალენტობის განმსაზღვრელი” კვლევაც იძლევა. გამოკითხულთა 38%-ის თვიური შემოსავალი 100 დან 300 ლარამდეა. 24%-ის შემოსავალი 100 ლარია. 20%-ის 300-500 ლარამდე. 9%-ის 500- დან 700 ლარამდე. 6%-ის 700 დან 1000 ლარამდე. 3%-ის 1000 ლარი.
ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორის, დათო ოთიაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტინარკოტიკული კომისიის სამუშაო ჯგუფს, რომელიც კობა დავითაშვილის კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ პარლამენტში წარსადგენი ცვლილებების პაკეტს ამზადებს, კანონპროექტის საკუთარი ვერსია შესთავაზეს, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარება 100 ლარით ისჯება. განმეორებითი მოხმარება - 150 ლარი. 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი საერთოდ ამოღებულია.
„ფრაზა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი - ნიშნავს იმას, რომ თუ საკუთარ სახლში ადამიანი, რაღაცას მოიხმარს და არავის აწუხებს ხელი არ უნდა დავაკაროთ და არც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასეთი სიტუაციაა ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში.“ - ამბობს დათო ოთიაშვილი.
ანტინარკოტიკული კომისიის წევრის და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის აზრით, ჯარიმების ოდენობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან, საარსებო მინიმუმთან და საშუალო შემოსავალთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.
„ამ თანხის გადახდა არ ნიშნავს, ნარკომანიის, როგორც სამედიცინო პრობლემის მოგვარებას. ჯგუფში ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ პრევენციული ძალა ჯარიმის ოდენობას კი არ აქვს არამედ ჯარიმის ფაქტს, ჯარიმა პირობითაც 100 ლარი იქნება თუ 125, სოციაოლოგიური თვალსაზრისით ერთსა და იმავე საქმეს გააკეთებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჯარიმების ოდენობა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან. სავარაუდოდ შემცირდება, მაგრამ ზუსტი ოდენობის დასახლება გამიჭირდება,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ცვლილებები შედის სისხლის სამართლის 260 მუხლშიც, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მუხლში არ არის გამიჯნული რა მიზნით ხდებოდა ნარკოტიკის ფლობა - პირადი მოხმარებისთვის თუ გასაღებისთვის. ეს მუხლი მომხმარებელს და გამსაღებელს თანაბრად სჯიდა. ახლა კი, თუ კანონში ცვლილებები შევიდა, ნარკოტიკული საშუალებების პირადი მიზნით მოხმარება და გასაღების მიზნით შეძენა–შენახვა–გადაზიდვა ერთმანეთისგან იმიჯნება.
„მთელი იდეა არის ის, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში აღარ გაუშვათ და ნაკლებად მკაცრად დავსაჯოთ ისინი, ვინც ფლობს და არ ვაჭრობს,“ - ამბობს დათო ოთიაშვილი.
ცვლილებები შედის ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების და პრეკურსორების სიას და დოზებს განსაზღვრავს.
ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორის დათო ოთიაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი საქართველოში გავრცელებული ნივთიერებების ოდენობის განსაზღვრაზე მუშაობსს: ჰეროინი, ოპიუმი, კოკიანი, კოდეინი, ამფეტამინი.
„პრინციპი იყო ის, რომ წამლების მცირე ოდენობა გაგვეთვალა საშუალო ქართველი მომხმარებლის დღიურ დოზად. თუ ადამიანს ერთი დღის სამყოფი აქვს, უნდა ჩავთვალოთ, რომ საკუთარი თავისთვის სჭირდება, თუ კიდევ უფრო ნაკლები - არ ავღძრათ სისხლის სამართლის საქმე და არ ჩავსვათ ციხეში.“ - ამბობს დათო ოთიაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ წამლის ოდენობის საკითხზე განსახვავებული პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯერჯერობით ჯგუფში კონსესუსი მიღწეული არ არის.
“შსს-ს ფიქრობს, რომ დოზების გაზრდის შემთხვევაში, დილერები ნარკოტიკის დაფასოებას ამ ოდენობას შესაბამისად შეცვლის და პოლიციას ამის გამო არაფერი ექნება მოსადავებელი. მაგის საშიშრობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ყველა ცივილიზებული ქვეყანა გადასულია სხვა მიდგომაზე. ოდენობის მიხედვით კი არ ხდება იმის განსაზღვრა დილერია თუ მომხმარებელი, არამედ ამას გამოძიება ადგენს”, - ამბობს დათო ოთიაშვილი.
ანტინარკოტიკული კომისიის პარალელურად, რომელიც კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს ამზადებს, ეროვნული ნარკოსტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა განაახლა იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ, რომელიც 2012 წელს პერზიდენტის ბრძანებით ანტინარკოტიკული სტრატეგიის შექმნის მიზნით ჩამოყალიბდა.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის, ბაია პატარაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ერთი წელია არსებობს, მისი მუშაობა აქამდე შეფერხებული იყო და ქვეყნის ნარკოსტრატეგიაში ძირითადი ყურადღება სადამსჯელო ღონისძიებებით მოხმარების შემცირებაზე კეთდებოდა, ახლა კი მეტი ყურადღება რეაბილიტაცია/პრევენციის და ზიანის შემცირების კომპონენტებს დაეთმობა. უწყებათაშორის კომისიაში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა უწყებების მინისტრები, არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები. ბაია პატარაიას თქმით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილი მზად არის და უახლოეს მომავალში საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.
წინა ხელისუფლება ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით თავის მთავარ მიღწევად, ბაზარზე 90-იან წლებში გავრცელებულ ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას მიიჩნევდა. ბოლო წლებში ჰეროინის და სუბოტექსის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ე.წ. “მძიმე” ნარკოტიკი სინეთეზურმა და კუსტრაულმა ნარკოტიკებმა ჩაანაცვლა, რომელმაც საზოგადოებრივ ჯანდაცვას გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა.
2008 და 2011 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული ნარკოტიკის 202 ინექციური მომხმარებლიდან 90%-ი მოიხმარს ე.წ. “ნიანგს”. ცნობილია, რომ კუსტარულად დამზადებული სტიმულატორები სერიოზულ ნერვოლოგიურ დარღვევებს და ხშირად შეუქცევად ორგანულ დაზიანებებს იწვევს.
“ნარკომომხმარებლების მიმართ მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ, ახალი პრობლემები გააჩინა. ეს არის სინთეზური და კუსტარული ნივთიერებების მოხმარება და ფართოდ გავრცელება. ამ ნივთიერებებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ვიდრე ე.წ. ნამდვილმა ნარკოტიკებმა. ჯეფის, კრაკადილების მომხმარებლები უმძიმესი ნევროლოგიური დარღვევებით არიან. ეს ადამიანები ვეღარასოდეს დაუბრუნდებიან ჯანმრთელ მდგომარეობას, რადგან მათ აქვთ ორგანული დაზიანებები. ქვეყნის ანტინარკოტიკული პოლიტიკა ოთხ საყრდენზე დგას. ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნა, განათლება, ზიანის შემცირება და მკურნალობა/რეაბილიტაცია. ბოლო წლების განმავლობაში მთელი პოლიტიკა ერთ საყრდენზე იდგა და დანარჩენი სამი მიმართულებით მნიშვნელოვანი არაფერი არ კეთდებოდა. რის გამოც ასეთი შედეგები მივიღეთ. ამას აივ ინფექციის გავრცელება მოჰყვა და მივიღეთ ის, რომ ბევრი ნარკომანის ოჯახის წევრი სხვადასხვა განუკურნებელი ინფექციებით დაავადდა”, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება უმნიშვნელო, ან არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე. 2008 წელს, ქუჩის რანდომული ნარკოტესტირება 43,000 ადამიანს ჩაუტარდა და ეს სახელმწიფოს 18 მილიონი ლარი დაუჯდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ, დასჯის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება გააგრძელა, 36-მა ადამიანი კი ნარკოტიკებს დასჯის შემდეგ სამი თვის განმავლობაში კიდევ მოიხმარდა.
“მაშასადამე, დასჯიდან თერთმეტი თვის შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ზომების ეფექტი საერთოდ გაქრა და ნულს გაუტოლდა.“ - ვკითხულობთ კვლევაში.
სადამსჯელო ღონისძიებების არაეფექტურობის საპირისპიროდ, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ წამალდამოკიდებულების მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს კრიმინალს.
დათო ოთიაშვილის თქმით, სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში დღეს არსებული ყველა სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაორმაგებასთან ერთად, ახალი პროგრამების დაწყებაც იგეგმება. დღევანდელი მდგომარეობით მკურნალობა/რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 2,775,000 ლარს ხარჯავს.
„მაგალითად იგეგმება დროპინგ ცენტრების გაფართოება, მომხმარებელი ქალებისთვის კი - სპეციალური პროგრამები. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია, ამ ეტაპზე შესაბამისმა სამინისტროებმაც თანხმობა განაცხადეს, მაგრამ ჯერ არ მივსულვათ ბიუჯეტში მის გათვალისწინებამდე, ამიტომ, იმედი მაქვს, როცა ეს გეგმა თანხებში აისახება სახელმწიფო უწყებები უკან არ დაიხევენ.“- ამბობს დათო ოთიაშვილი.
საქართველოში დღეს წამალდამოკიდებულების მკურნალობის ოთხი სტაციონარული კლინიკა არსებობს. ერთი მდებარეობს ბათუმში, ხოლო სამი თბილისში. ყველა კლინიკაში ერთად სულ 60 საწოლია, რომელთა გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში 1 000-მდე პაციენტს. დეტოქსიკაციის კურსის საფასურს ძირითადად პაციენტები იხდიან, ორკვირიანი პირველი რეაბილიტაციის ფასი 1250 -დან 2250 ლარამდე მერყეობს. 2011 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მოქმედ 4 ნარკოლოგიურ სტაციონარში, წამალდამოკიდებულების მკურნალობის 270 შემთხვევიდან 80 სახელმწიფო პროგრამიდან იყო დაფინანსებული.
მეტადონის პროგრამა საქარველოში 2005 წელს დაიწყო, შიდსთან, ტუბერკულულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 2008 წელს საქართველოს მთავრობამაც დაიწყო აღნიშნული პროგრამების შეთავაზება. 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში 16 პროგრამა მუშაობს, მათ შორის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული 5 ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული 11 ცენტრი. ჯამში ორივე პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 1000 პაციენტს მიეწოდება სერვისი, რაც საქართველოში ნარკოტიკების ინექციური მოხმარებლების 8%-ია. „ბემონის კვლევის მიხედვით, რომელიც 2009 წელს ჩატარდა საქართველოში ნარკოტიკის ინექციური 40 000 მოხმარებლებია. 2012 წლის კლევის მიხედვით, მომხმარებელთა რაოდენობა 5000-ით გაიზარდა.
პროგრესის მიუხედავად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მედიკამენტებით მკურნალობის პროცენტი ჯერ კიდევ დაბალია. გლობალური ფონდის პროგრამები პაციენტებს სერვისს უფასოდ სთავაზობს, როდესაც სახელმწიფო პროგრამები ფარავს მხოლოდ მეტადონის საფასურს, ხოლო პაციენტები მკურნალობის დანარჩენ ხარჯებს ანაზღაურებენ თვეში 150 ლარის ოდენობით.
ზედამხედველობის 2012 წლის კვლევის შედეგით, ინექციური ნარკოტიკების მოხმარებაზე თბილისში გამოკითხულ პირთა 63.4%-ს არასოდეს უმკურნალია. სამკურნალო დაწესებულება მხოლოდ 3.7 %-მა მიმართა. თელავში არასოდეს უმკურნალია 90.8%-ს; ქუთაისში - 69.5%-ს; ბათუმში - 72.2-%ს; ზუგდიდში 77.7%-ს; გორში კი - 79.9%-ს.
სამკურნალო/სარეაბილიტაციო პროგრამებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პრევენცია, რადგან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების შპრიცების გამოყენება სისხლით გადამდები ისეთი ვირუსების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორიცაა აივ-ი და C ჰეპატიტის ვირუსი. ექსპერტების თქმით, სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ აივ პრევალენტობა დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც შპრიცების გაცვლის პროგრამები მოქმედებს. ხოლო ქვეყნებში, სადაც პრევენციის აღნიშნული მიმართულება არ არის დანერგილი, მაღალია აივ პრევალენტობა.
ზიანის შემცირების პროგრამების ეფექტურობას ინექციური ნარკოტიკების მოხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის 2012 წლის კვლევის შედეგებიც ადასტურებს. 2008-2009 წლებთან შედარებით, უსაფრთხო ინექციით მეტი ადამიანი სარგებლობს. შპრიცების გაზიარების პრაქტიკაც 2008-2009 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
თბილისში შპრიცის გაზიარების შემთხვევა 2008-2009 წლებში 62%-ი იყო, 2012 წელს 8.7%-ია.
ზიანის შემცირების პროგრამები საქართველოში ჯერჯერობით ისევ შეზღუდულია. არსებული მონაცემების მიხედვით, ნემსების/შპრიცების გაცვლითი პროგრამა აღწევს 10%-ს. ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ /შიდსის პრევენციის პროგრამა (რომელსაც საზოგადოება შპრიცების გაცვლის პროგრამის სახელწოდებით იცნობს) საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს.
შპრიცების გაცვლის პროგრამები ითვალისწინებს ნახმარის სანაცვლოდ მომხმარებლისთვის ახალი შპრიცის მიცემას, რისი მიზანიც აივ ინფექციისა და სხვა სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელების ალბათობის შემცირებაა, რომლებიც ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის ადვილად ვრცელდება სწორედ საზიარო შპრიცის გამოყენების გამო. გარდა სტერილური საინექციო აღჭურვილობისა, ბენეფიციარებს უტარდებათ გამოკვლევები აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე, მიეწოდებათ საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების შესახებ, ურიგდებათ ნალოქსონი ოპიოიდები ზედოზირებით გამოყენების შემთხვევაში. ყველა მომსახურება უფასო და ანონიმურია. ამჟამად ჯამში ქვეყნის მასშტაბით 10 დაბალზღურბლოვანი კომბინირებული ცენტრი მუშაობს.
აღნიშნული პროგრამებს გლობალური ფონდი აფინანსებს, თუმცა, როგორც ცნობილია, სავარაუდოდ ორი წელიწადში გლობალური ფონდი საქართველოდან გავა და ამის შემდეგ აღნიშნული პროგრამების დაფინანსება სახელმწიფოს მოუხდება.