Tesure_vera დიდია და ორ ნაწილად დავდებ

ბებია
_____
თეთრი, ქათქათა,ჩვილი ბავშვივით ვარდისფერკანიანი ბებია. ხელი ცელოფნისკანგადაკრული, გამჭვირვალე.
წყლისფერი ცისფერი კი არა, ცისფერი ცისფერი თვალებით.
უპომადოდ პომადაწასმული ტუჩებით.
ოდნავ კეხიანი თხელი ცხვირით.
წელზემწვდომი ორი ჭაღარა ნაწნავით, რომლებიც ყოველ დილით კეფაზე იგორგლებოდა და ორი ,,შპილკით,, მაგრდებოდა.
მისი სავარცხალი და მაკრატელი, რომლებიც ლებქვეშ ჰქონდა შემოდებული და რომლებზეც ხელისხლება ტაბუდადებული იყო. დავარცხნისას ჩამოწყვეტილი თმები, რომლებსაც ყოველთვის წვავდა, ,,რომ გადავაგდო ჩიტი ბუდეს გაიკეთებს და თავის ტკივილი დამჩემდებაო.,,
ორ იანვარს საქათმეს ფერხვავდა... კარგი დედისშვილი იყავი და იმ დღეს მაკრატელი აგეღო ხელში... წიწილებს დაგრეხილი ფეხები და ნისკარტები ექნებოდათ.
ოთხი იანვარი ოთხფეხების დღე იყო.. ახორში ,,ლამაზას,, ულოცავდა ახლი წლის დადგომას.
სავარცხალს თუ გაუქნევ ვინმეს და მოგიკვდებაო, მაკრატელს თუ ესვრი_ძმაო. განა თვითონ სჯეროდა? ჩვენ ,,გვაბეჩებდა,,
კიტრს ისე არ გათლიდა კანი სახეზე , ყელსა და ხელებზე რომ არ წაესვა. თან ერთს კი არ გათლიდა.
ოთხი ძმა და ხუთი და იყვნენ. ძმები თვრამეტ წლამდე დაიღუპა ყველა. დაწყევლილი ვიყავითო,_ ამბობდა ბებიაჩემი...
სკოლაში შევიდა და მეოთხე კლასიდან გარიცხეს. გვერდით მჯდომ გოგოს საყურეები ჩამოაგლიჯა ყურებიანად გაკვეთილზე, რადგან თავის რვეულში ჩაჭყეტის უფლება არ მისცა.
სულ არ ნერვიულობდა უსწავლელობაზე. ქართულ-რუსული წერა-კითხვა იცოდა... მეზობლებისგან თათრული, ბერძნული, სომხური, რუსული, ლაზური ისწავლა. ჟურნალ-გაზეთების და კალენდრების დიდი მოყვარული იყო.
თოხის, ბარის, ძროხის, ქათმის, საჭმელ_ სასმელის, სუფრის გაშლის, სტუმრის შეპატიჟების, დაქარგული სიტყვა-პასუხის, იუმორის, გოდრის და გიდლის, ნამგლის დ ფოცხის, ხეზე ასვლის, ყვავილების გაზონების, კერვის და... აკადემიკოსი იყო.
სანამ წამოვიზრდებოდით მის ოთახში გვეძინა მე და ჩემს დას. _,, ჩემი ბაბაი კონტრაბანდისტი იყო, მთებით გადადიოდა თურქეთის საზღვარზე და ცხენებით ჩამოქონდა საქონელი. ნენეისფერი ანგლისკი საპოჟკები მთელ აჭარაში არ ეცვა ვინმეს, დუხები ჩამოქონდა ისტამბულიდან იმფერი, რომ რაცხას დაასხამდი სუნი არ გადასდიოდა, და ნაჭრები... ერთიმიორეზე უკეთესი,,_ მერე წაუტირებდა:
_,, ნეენიი, ნეენიი, საყვარელო ჩემო ნენიიი,
ნეენიი, ნეენიი, სულზე ტკპილო ჩემო ნენიი,, _ და ცრემლიან თვალებს ცხვირსახოცით ამიწმენდდა.
ცხვირსახოცი მისი აუცილებელი ატრიბუტი იყო.
გვიყვებიდა დაობლებული ბებიას ამბებს, რომელიც ნათესავებმა თოთხმეტი წლისა გაათხოვეს ნაჭრის თოჯინასთან ერთად ორმოცი წლის კაცზე. ჩვიდმეტ წლამდე დედამთილთან იწვა ის ქალი.რამდენჯერმე გაიქცა და მოაბრუნეს, მერე შვილები გაუჩნდა და შეეგუა ცხოვრებას.
ყვებოდა ბიცოლამისის ამბებს, რომელმაც წყევლა-წყევლაში :სარზე წამოცმული გნახეო, ცეცხლში დამწვარი გნახეო, ხიდან ჩამოვარდნილი გნახეო ... ექვსი შვილი ჩააწვინა კუბოში. ( სურათიც ჰქონდა ერთ-ერთი ბავშვის ტირილში გადაღებული)
ყვებოდა ერთი მოხუცი ქალის ამბავს, რომელის ისეთი მადლიანი იყო, რომ მიქელგაბრიელმა არ წაიყვანა , დაპატარავდა-დაპატარავდა ეს ქალი, მუჭისოდენა გახდა და გაქრა.
***
ანცობა, ცელქობა , ახტაჯანობაში დაქალდა , ჩათქვირდა და დამშვენდა.
ჩვიდმეტი წლისა იყო, მშვენიერ ბიჭზე რომ დაინიშნა.ულამაზესი ნიშანი მოუტანეს. ქორწილი ეჩქარებოდა. ჩითის კაბაში და თეთრ ფეხსაცმელებში გამოეწყო.ცრემლი არ მოსდგომია თვალზე. ან რა ჰქონდა სატირალი. დედა გაუჩერებლად არიგებდა როგორ უნდა მოქცეულიყო ქმრის ოჯახში.
მე ყველაფერი ვიციო, შეუბრუნა ენა და ჯორკო მოხვდა კოჭზე , ,,დაკოჭლებული,, დედოფალი წაიყვანეს.
სულ გვაფრთხილებდა ,, ვიცი, ვიცი ,, არ გამაგონოთ, უფროსი რომ გეუბნებათ გეიგონეთო... (მწარედ მოხვედრია ჯორკო)
ტირილი თურმე მერე იწყებოდა... შენახული ცრემლები გამოადგა და თან როგორ...
ომი დაიწყო. ქმარი წაიყვანეს, ფეხმძიმედ დარჩა. საჭმელი ენატრებოდა. საკუჭნაოსგასაღებჩამოკიდული დედამთილი მხოლოს თავისი პატარა გოგონებისთვის იმეტებდა საჭმელს. მამამთილიც ვერაფერს ეუბნებოდა.
რვათვიანი გააჩინა, ადამი დაარქვა, ბავშვი იმ დღესვე წაიყვანა ,,გამჩენელმა,,.
ქმარი დაბრუნდა ომიდან. დაბრუნდა რა? ჩამოიყვანეს დაჭლექიანებული. მისი სულიც მალე მიიბარა უფალმა. დარჩა 18 წლის ქვრივი დედამთილ-მამამთილთან და მულებთან.
საჭმელი ისევ ჭირდა. ომიანობა იყო.
დედამთილი ჩაწვა. სახლში ორნი არიან_ბებია და დედამთილი, საკუჭნაოსგასაღებჩამოკიდებული.
უკანასკნელად ამოიხროტინა ქალმა, ამოაყოლა სული...
მოხსნა ბებიამ გასაღები, გააღო საკუჭნაო, აიღო ქოთნით მაწონი, მიაყოლა ცივი მჭადი. თვალებში სინათლე დაუბრუნდა. მიალაგ-მოალაგა სახლი.
გააღო ფანჯრები... ,,ტიტუუუუუუუ, ხალხო მიშველეთ დედამთილი მომიკტაო,, _შეიგდო თმაში ხელი.
შეყარა სოფელი.
მეზობლის ქალმა ტუჩებზე ცხვირსახოცი მოუსვა ,, ტირილში პამადა რაფერ წეისვიო,, , სუფთა იყო ცხვირსახოცი.
უბრალოდ ადამიანის ფერი დაბრუნებოდა.
ცოტა ხანი გავიდა. ღამით მამთილის ხმა გაიგონა ვიღაცას ესაუბრებოდა.
ადგა, შალი მოისხა, კართან მივიდა, მიაყურადა.
,,არაა დასაკარგი ქალი ჩემი რძალი, კაი ქალია, ჩემი ბიძაშვილის შვილზე გავათხოვოთო.
აღარ ახსოვდა როდის გავიდა გარეთ, სოფელ-სოფელ-ტყე-ტყე გადავიდა თავის სოფელში იმ შუაღამისას.
შემოუთვალეს ოქროულობა ნათხოვარი იყო და დააბრუნოსო.
ოქროულობა ქმრის სახლში ჰქონდა დამალული.
წავიდა მამასთან ერთად ,,გურზავოი მანქანით,, , ოქროულობა უბეში ჩაიყარა, ნამზითვი მანქანაზე შემოაწყო და დაბრუნდა მამისეულ სახლში.
ოცდაერთი წლის იყო ქობულეთელ კაი გვარისშვილის გარიგება რომ დაუწყეს. ასეთი ოჯახიო, ისეთიო, მარაო ცოლგაშორებულია და ორი შვილი ჰყავს სახლშიო.
ბებიას მამამ: ,, თანახმა ვარ, მარა არ ეგონონ შვილი გადასაგდები მყავს, წასაყვანად M1-ით თუ არ ამოაკითხავენ ,,გურზავოი,, მანქანით არ გავატანო.
ასე გათხოვდა კაცზე, რომელიც თვალით არ ენახა. სოფლის ასასვლელში სასაფლაოებთან მოჰკრა M1_ში მჯდომმა ბებიამ თვალი პირველად სატვირთო მანქანაში მჯდომ ბაბუას. დასაწუნი არცერთს არაფერი ჰქონდა, მაგრამ წარსული ცხოვრების დარდით სავსე გუდა ჰქონდა ორივეს ზურგზე მოკიდული.
სიყვარული? არა სიყვარული მათი საქმე აღარ იყო. ურთიერთპატივისცემაზე დააფუძნეს ოჯახი.
***
ბაბუაჩემი ომში პირველივე დღიდანვე წაიყვანეს. ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა . ომში ბოლო დღემდე იბრძოდა,ოთხი წელიწადი , როცა დაბრუნდა ცოლი გათხოვილი ,შვილები ,,მოჩეჩებული,, და კერა გაცივებული დახვდა. ძალიან უყვარდა პირველი ცოლი , ხელისგულზე ატარებდა. ყველას უკვირდა ასეთმა მკაცრმა კაცმა როგორ არ დახოცა ორივეო. არ ვიცი რა მიზეზი იყო, ალბათ ომმა სხვანაირად აჩვენა ცხოვრება. ვინ იცის... ან ისევ ძალიან უყვარდა ( როგორც ბებია ამბობდა)
ეს თემა ტაბუდადებული იყო ოჯახში.
შევიდა ბებია ,,დაქცეულ,, ოჯახში ,, ორი რკინის კრავოტი,, იყო მარტო და ,,ბაღნებს თბილი ტანსაცმელი არ ქონდათო,,
ოთხი და ხუთი წლისანი იყვნენ.
ლამაზები, ჭკვიანები. ბებიამ მისი შავი პალტო დაჭრა და თავისი ხელით შეუკერა პალტოები.
დედინაცვალს დეიდას ეძახდნენ. სასამართლომ გოგო დედას არგუნა, ბიჭი_მამას.
ლადო და ბებია ერთად დაძვრებოდნენ ხეებზე, ერთად წუწაობდნენ შლანგებით. ერთად ნადირობდნენ გეკოს თოფით ჩიტებზე.
ერთხელ სიმინდი ჩაიტანა სახლის ქვევით, წისვილზე და ხედავს მორბის აქლოშინებული ლადო, ხელებგაშლილი , თვალებაცრემლებული , მოხვია წელზე პაწაწინა ხელები და ...: ,,შენ ხარ დედაჩემი, მე შენ დეიდას აღარასდროს არ დაგიძახებო,, . ბიჭმა დედის ნახვა აღარ ისურვა... აღარასოდეს...
ბებიამ ჩოლოქში ყანა დათესა, სახლთან სიმინდი, კარტოფილი, მწვანილი, ბოსტნეული, თხილი მოიყვანა.ცოლ-ქმარმა ახალი მანდარინის ბაღი გააშენა . ძროხა დააბეს და ქათამი მოაშენეს.
დადგა ფეხზე ოჯახი. გაივსო. გაძღა.
მძიმე ტვირთისგან პირველი ბავშვი ,,ერიცახე,, გაუჩნდა . სახლში იმშობიარა. მეორე დღესვე წყაროზე გავიდა, დარეცხა, დაალაგა. ოჯახს პატრონობა უნდოდა. სიცხეები დაეწყო, ფეხზემდგომმა გადაიტანა.ბაბუა მუშაობდა.ბავშვი მწვანეთვალება, თეთრი გოგონა იყო, როგორც ბებია ამბობდა ,, გაჭყეპილ ინდაურს,, გავდა, გაუჩერებლად ტიროდა .
ლადოს ეცოდებოდა ბებია , ხელში წიგნი ეჭირა, ფეხზე ბაწრით იბამდა აკვანს და აქანებდა. ჩვევაში გადაეზარდა .ძილშიც აქანებდა ფეხს.6 წლისას უწიგნოდ ვეღარ დაინახავდით . ბაბუას ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა. ყველაფერი გადაიკითხა. მოსიარულე ენციკლოპედია იყო. ინტელიგენტი, მორიდებული, კეთილი. გაიზარდა გოგონა ,,, გაჭყეპუილი ინდაურისა,, აღარაფერი ეცხო.
მეორე ვაჟი გაუჩნდა: თეთრი, მასსავით ცისფერთვალა, ,,ჩასაყლაპი,,_ როგორც ბებია ამბობდა .მთელი ბავშვობა ავადმყოფობდა, ჯარშიც დაბრაკეს.
მერე ისევ ქალიშვილი, ისიც მწვანეთვალება და შავგრემანი.
უფროს გოგოს ბათუმში დაამთავრებინა ინსტიტუტი.
ლადო მოსკოვში გაგზავნა უნივერსიტეტში
_ ,, პირველად რომ დაბრუნდა მოსკოვიდან აი ჩემი გაბდღვიალებული ბაღანაი ძვალზე გადაკრული ტყავი იყო , თლათ გაახმეს იმ მოსასპობელმა რუსის ქალებმაო,, და თბილისში გადმოატანინა საბუთები.
მეორე ბიჭმა და გოგომ რუსეთში დაამთავრეს იურიდიული და სამედიცინო.
წელზე ფეხებს იდგამდა.
ჭიაყელასავით იწელებოდა, უშოვარს შოულობდა და შვილები ფეხზე დააყენა, დააოჯახა, ბადიშები მოესწრო.
თვალწინ მიდგას კალენდრის ფურცლები, კომოდის ზედა უჯრაში. ყველა შვილიშვილის დაბადებისას კალენდრიდან ამოხეული, ყველას წარწერა ჰქონდა ,, 1980წელი 11 ნოემბერი . დეიბადა ნათულიკაი, ოჯახის პირველი სიხარული, ენაცვალოს ბებიაი,, . სამშობიაროში არ იქნებოდა ჩანაწერი ჩემი სახელის შესახებ ჯერ გაკეთებული, ბებიაჩემმა რომ გამატარა ოჯახის არქივში და სამუდამოდ მომანიჭა ,,ოჯახის პირველი სიხარულის,, ტიტული.
არა, ჩემზე უფროსებიც იყვნენ , მაგრამ ,, სახლის ბადიში სულ სხვა იყო,, როგორც თვითონ ამბობდა...
არადა ყველა შვილიშვილს მის ხელში თავი ერთადერთი ეგონა.
ტაფით დაგვსდევდა როცა არ გვშიოდა...
გვიყვიროდა ხორხამოტეხილები ნუ ხართ ხმადაბლა ილაპარაკეთ, სირცხვილიაო...
საკუჭნაოში რომ გამაგზავნიდა რამეს მოსატანად და ხელცარიელი დავბრუნდებოდი _,, ხარი რომ დიგიბა საკუჭნაოში მაგას ვერ დეინახავ შენო,,-მომაძახებდა, ფქვილიან ხელებს წინსაფარზე შეიწმენდდა და თვითონ წავიდოდა მოსატანად...
ბალახის ამოსატანად რომ მიდიოდა , ყოველთვის წელზე ეკეთა მისი შეკერილი წინსაფარი, რომლის ბოლოებიც ქამარში ქონდა ჩაკეცილი. ამოვიდოდა ოფლით დაცვარული შუბლით...ზურგზე დიდი გოდრით... თეთრი თავსაფრიდან მუდამ გამოჩრილი ჰქონდა ჯიუტი თხელი თმა, რომელსაც სულ ისწორებდა...ამოალაგებდა თავისი ჯადოსნური წინსაფრიდან ბალახის მოჭრისას ნაპოვნ წაბლს, ნიგოზს, ხურმას ან ლეღვს, მანდარინს ან გაზაფხულამდე ხეზე შერჩენილ დატკბილებულ ფორთოხალს, დაქიშმიშებულ ქურძენს...და ჩვენც იქ ვიყავით.
შვილები ეხვეწებოდნენ არ გვაქვს მაგის გაჭირვება, ყველა კარგად ვცხოვრობთ, დაჯექი, მოისვენეო. ,, ცოცხალი ადამიანი რაფერ დაჯდებაო,, _ დაუყვებოდა ისევ დაღმართს.
ეზოს ყვავილების მსხვერპლი იყო ჩვენი ყველა ბურთი. ყვავილებს და მწვანილებს მიჯლაგნიანო და სულ ახალ-ახალი ბურთები გრიალ-გრიალით მიფრინავდნენ თვალეწვდენელ დაღმართში. წლების მერე ვპოულობდით დაჩუტულებს. თუ ორჯერ თქმის შემდეგ სათამაშოები და საბავშვო ჭურჭელი თავის ადგილას არ აღმოჩნდებოდა, ისინიც სწავლობდნენ ფრენას, მაგრამ ბურთებივით შორს ვერა...
ნიგვზის ფოთოლს მოიტანდა ,,ჟარონაზე,, დააწყობდა , თევზს ნიგოზში შეასუნელებდა , ზევიდანაც ფოთლებით დაფარავდა , ,,დუხოვკაში,, შეწვავდა , სქელ ,,ჭადს,, გამოაცხობდა თუჯის ტაფაში და კეცის ჭადს ნატრობდა.
ფიდეებს დააცხობდა გაზზედადებულ თხელ ალუმინის ფირფიტაზე, რძისგან ტკბილ ფაფას მოხარშავდა, მოხალავდა ნიგოზზს, ფენა-ფენა მოაწყობდა ,,აგია ჩემი ბაღნობის ნამცხვარიო,,... დნებოდა პირში
ჩირბულს აკეთებდა, ცოტა წყალს აადუღებდა ტაფაზე, შეაზავებდა ნიორით, მარილით და ყორაოთი, ჩაახლიდა აუთქვიფავ კვერცხს , თოხლოდ მოხარშავდა, გადმოიღებდა ღრმა თეფშზე, ერთ იმდენ კარაქს დაწვავდა და მოასხამდა ზედ...
მაჯუნს აკეთებდა, დამწვარ თაფლში მოხარშულ ბრინჯს ჩაყრიდა, ცოტა ხანი ხარშავდა, მერე შავ დაფქულ წიწაკას ჩაყრიდა ბლომად, ფელამუშივით დაასხამდა თეფშებზე...
ახორთან ერთ ფეხზე დადგმული საკიდი ჰქონდა, ზედ ახორში შესასვლელი ლურჯი ყვავილებიანი ბამბაზიის გრძელმკლავიანი ხალათი ეკიდა და თავსაფარი, ძირს ახორის კალოშები ეწყო. გაწკრიალებული წითელი თეთრსახელურიანი ვედრო შეჰქონდა ,,ლამაზასთან,, . მართლა ლამაზი იყო ,,ლამაზა,, . რომ გამოვიდოდა მაშინვე გამოიცვლიდა ტანსაცმელს. ყოველთვის სისუფთავის სუნი ჰქონდა ბებიას...
ხბოს რომ მოიგებდა ძროხა მაშინვე მოაშორებდა , ცალკე ,,მერეგში,, შეაგდებდა და ბოთლით აჭმევდა რძეს. ,, ხბოის გამონაღეჭი ძუძუიდან რძეს რაფერ დავლევო,, . არც თვითონ, არც მამაჩემი და არც უფროსი მამიდა ბებიას მოწველილი ნაწველის გარდა, ნაწველს არ ჭამდნენ... ბებიას შემდეგ კი ქარხნულს ყიდულობენ დღემდე.
ბებია მაწონს ,, კასრულში,, არ აყენებდა . თლილ ჭიქებში ასხამდა თხუთმეტ-ოც ცალს. ყველასთვის. შინაურისთვის და გარეულისთვის. ჩააცივებდა მაცივარში და უკეთესს რას დალევდა კაცი.
***
ბაბუა ძალიან ავტორიტეტული ადამიანი იყო. მეზობლები ამბობდნენ გზაზე ამოსახვევში რომ გამოჩნდებოდა მისი მანქანა ჩვენ ჩვენ-ჩვენს ეზოებში ფეხზე ვდგებოდით და როცა ჩაივლიდა და მივესალმებოდით მერე ვაგრძელებდით ჩვენს საქმესო.
უდიდეს პატივს სცემდნენ ჩემს ცილინდრიან ბაბუას.
სახლში, ცალფეხა საკიდზე ნაირ-ნაირი ცილინდრები ეწყო, კარადის თავზე პარკში ჩაწყობილები ელაგა. შარვალ-კოსტუმი და პერანგი. კოსტუმზე მედლები. მელოტი, ლამაზი, თითქმის გადაპარსული თავი. სიკვდილამდე წელშიგამართული. სერიოზული.
ომში 3-ჯერ იყო დაჭრილი. ომში დაჭრა უფრო ადვილი იყო მისთვის ვიდრე ომდამთავრებულზე.
ქობულეთში მუშაობდა. ერთი ინტრიგანი გადაეკიდა. უწერდა და უწერდა.
სამსახურში კიბის თავზე იდგა ბაბუა, ინტრიგანი_კიბის ძირში.
_,,ცხოვრება მერდევანია(კიბეა) ზოგი ადის და ზოგი ჩამოდისო,, _ასძახა
_,, კია მერდევანი , მარა ერთი ამოდი , ორივე ფეხს მიგატეხავ და ისე გადაგიშვებ მაგ მერდევანზეო.,,
გაჩერდა ინტრიგანი. აღარ გამოჩენილა.
9 მაისის შეკრებებზე დადიოდა სულ. მერე იყო ავარია... მერე სკლეროზი... მერე სახლიდან ჩაცმულ-დახურული მიდიოდა ომის ამხანაგებთან და ბებია გზიდან აბრუნებდა. ერთი კვირა იავადმყოფა...
სახლიდან სასფლაომდე ფეხით გავაცილეთ, მე წინ მივდიოდი... ხელში ბაბუას გადიდებული სურათი მეჭირა, ვეჩურჩულებოდი და ვტიროდი... ვეუბნებოდი, რომ ხშირად ვნახავდი და არ შეშინებოდა. 11 წლის ვიყავი...
მერე ჩემმა ცრემლებიანმა სურათმა სამუდამოდ დაიდო ბინა ბებიას ნამზითვს კაკლის ხის კარადაზე. დიდხანს ემჩნეოდა ჩემი ცრემლები.მერე გაწმინდეს.
არასოდეს მეშინოდა მისი სურათის, რომელიც ყველა ჩავლა ჩამოვლაზე მიყურებდა და დანაპირებს მახსენებდა.
ყოველთვის ვცდილობ 9 მაისს ყვავილები მივართვა.
***
_,, ბებია შენ ხომ ხარ ქართველი?,,
_,,ქართველი და გიაურები თქვენ ხართო,,
_,,აბა აჭარელი ხარ ბებია?,,
_,,რაის აჭარელი ვარ მე?,,
_აბა ვინ ხარ ბებია?,,
_,, ორთაბათუმელი ვარ მე, ორთაბათუმელიო,, ისე იტყოდა ვითომ ელისეის მინდვრებზე ჰქონდა ფეხი ადგმული.
,, ორთაბათუმი,, ამბობდა ისეთი აქცენტით, ფრანგები რომ ამბობენ ,,პაღიი,, . უ ასოს წარმოთქმისას ისე ლამაზად მოწკურავდა მის კონტურიან უპომადო პომადიან ტუჩებს, რომ ჩაკოცნა მოგინდებოდა.
ამ დიალოგზე უსასრულოდ დავცინოდით.
ბებია რომ მოხუცდა მისგან რეცეპტების ჩაწერა დავიწყე. ,,ლეჩერისთვის მწიფე ხურმას ვწურავდი პატარა გიდელში ,იმის წვენს დავადუღებდი და თეთრ ხაპს ვხარშავდი მერე შით. ზოგჯერ მოხარშულ ბრინჯსაც ვურევდი. ისე ,ნენი მაგის გამკეთებლები თქვენ არ ხართ და რომ ვკტები იმიზა დეიწყეთ ჩაწერები და სურათების გადაღებები ხომ,,-ო ჩაიცინებდა
ბებიამ უკუღმა წყევლა იცოდა: ,, თქვენ არ გაწყდით!,, ,,თქვენი ჯანდაბა არ იქნა!,, ,,თქვენ არ მეისპეთ!,,
ღმერთს არ იტყოდა, ,, გამჩენელო! ჩემი ბაღნები ყველა კარგათ მიმყოფე, მაგენის გლახას ნუ მომასწრეფ,,-ო
მაინც მოესწრო... ლადოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ექვს თვეში წააქცია მუდამ ჯანმრთელი, მუდამ მომღიმარი, მუდამ თავაზიანი და ზრდილობიანი.
***
პატარაობიდანვე დაგვასპეციალისტა ,,ფურთის,, დურაკას,, ,,კომჭინას და ნარდის თამაშში.
ნარდი უყვარდა განსაკუთრებით. სულ იტყუებოდა. შეხედავდა: თუ დუშაშზე ან დუბეშზე ჯდებოდა შენი კამათელი მაშინვე დააფარებდა ხელს ,,მოვჭერიო,, იტყოდა.
თავის გაგორებულს ბოლომდე არ აცლიდა გაჩერებას და რაც მას აწყობდა იმას წამოიზახებდა გავაგორეო. ხელებს მოიფშვნეტდა. თუ შევეკამათებოდით ამოარტყამდა ნარდს ხელს, შეგვაყრიდა ქვებს და _,, აღარ ვთამაშობ, ვინაა თქვენი მატყუარაო,,_ბავშვივით გაიბუტებოდა.
არ უყვარდა წაგება...
მანამ გეთამაშებოდა სანამ არ მოიგებდა...
ერთ ზაფხულს ბეშუმში ვისვენებდით.
ჩამოვედით.
შეგვეგება, ჩაგვიკრა მადლიან ფუმფულა გულ-მკერდში...
_,,წამოით ბაღნებო ახალი ხპოი უნდა განახვოთო,, . გავყევით. ახორთან მისვლამდე წამოიკრა ფეხი და მენჯში მოიტეხა.
მერე ექიმები, მკურნალები, არტაშანი და ხასან ხაბაზი. ან გაივლის, ან არაო, ასაკშია უკვე და მძიმე მოტეხილობააო.
უმოძრაოდ წუთით არ გაჩერებულა ცხოვრებაში და ძალიან გაუჭირდა. ყოველდღე მეხვეწებოდა გარაჟში თაგვის წამალი რომ დევს ის მომიტანეო. ბაბუას ნასვამ ,,ალმაგელის,, ბოთლში ეყარა პატარა ნაცრისფერი ფხვნილი. თაგვებს უნდა დავუდოო. ვიცოდი რისთვისაც უნდოდა. ვერ გამასულელა. დებიც გავაფრთხილე.
ჩვენ სკოლაში დავდიოდით. მშობლები _სამსახურში. ჩემი პატარა, 5 წლის და წუთით არ ტოვებდა. პატარა ჯორკო მის სასთუმალთან ჰქონდა დადგმული და ყველა სურვილს უსრულებდა.
სმენა ჰქონდა საკვირველი. სამზარეულოს და მის საძინებელს შორის 2 ოთახი იყო. დედაჩემს სამზარეულოში კობალტის თეფში გაუტყდა.
_რა გატყდაო? _დაიძახა სამზარეულოდან
_არაფერი უბრალო საინიო
_მაი უბრალოის ხმას არ გავდაო...
\სამაგიეროდ მუსიკალური სმენა ჰქონდა ისეთი, ყველა სიმღერას ერთ მელოდიაზე მღეროდა.
,,კარგი იყო არ გამეცან თავიდან,
შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ მოკალი, დახიე,
ხელებს ითბობ ცეცხლის ალსი გამხვიე"
მერე მიაყოლებდა:
ხაროში პაპიროზი ესტ ,,ბატუმი,,
იშო ლუტშე ,,პრიმა,, ი ,,ყაზბეგ,,
ესლი დენგი ნეტუ ზაკურიმ ,,რაკეტუ,,
სრაზუ ვიდნა ბედნიი ჩელოვეკ.
მისი რუსული ცალკე აღნიშნვის ღირსია.
მამამ და მამიდამ რუსეთში სწავლის დროს წაიყვანეს ექიმზე საჩვენებლად. ,,რამატიზმები მაქ და ნამსხვანი მტეხსო,, (სხეული მტკივაო). მიიყვანეს ექიმთან
_ჩტო უ ვას ბალიტ?
_ეტა კალენა ბალიტ_ იდაყვი მიუშვირა ბებიამ ექიმს.
_ვსე ანალიზი ნადა სდელატ, კროვ, მაჩა, სტულ...
_რაიო, ვოტ სტულ, ვოტ სტულ სადიტეს პაჟალუსტა-ო _რაფერ თქვენით ვერ მიხთით და ექიმი ფეხზე დააყენეთო
_მიუბრუნდა მამიდას.
***
სანახავებით რომ მოდიოდნენ მასთან, ორ იმდენს უკან ატანდა.
ის ხბო გამოუზარდა დედაჩემმა. წლინახევრის შემდეგ ფეხზე დადგა.
ძროხას_ისევ ლამაზას ვეღარ მიხედა. არ შეეძლო.
გაყიდა. ყელზებაწარმობმული ლამაზა ახალ პატრონს მიჰყვებოდა . თავმოტრიალებული ბებიას თვალებში უყურებდა დატიროდა. ბებიაც ტიროდა. მეც ვტიროდი და დედაჩემიც.
მამას სამსახურის გამო ბათუმში გადმოვედით. ბებია არ წამოვიდა. ,,ჩემს თავნაკლავ ოჯახს რაფერ მივატიებო,,
კვირაში ორჯერ ავდიოდით დატვირთულები. სამ-ოთხ დღეში სახლში აღარაფერი ჰქონდა. მთელ სოფელს ამარაგებდა.
ერთი ქალი მივიდა მეზობელი სოფლიდან .ფული სთხოვა. მისცა. კიდევ მივიდა.კიდევ სთხოვა. კიდევ მისცა. კიდევ მივიდა
_ ,, ჟეშტი ევიფარე პირზე (სირცხვილს ვძლიე) და კიდევ მოვედი ფულისთვისო ,
_,, სანამ დაგაჭედე მაი ჯეშტი გამასწარი მაქიდანო. ,, იმის შემდეგ ის ქალი აღარ გამოჩენილა.
ახალი რეკლამა რომ გავიდოდა ტელევიზორში ვიცოდით სოფლიდან ბებიას ზარი მოყვებოდა: "რაცხა იმფერი გემბრიელი ჩანს ის რაფაელაი, ამომიტანეთ ნენი იქით ამოსლაზეო,,
ისე იყო ორად ,,მოკაკვული,, რომ გაზონის გასამარგლად დახრა აღარ სჭირდებოდა. მაინც ფაციფუცობდა, არ ჩერდებოდა. ყველა ასვლაზე რაღაც ხომ უნდა გამოეტანებინა შვილიშვილებისთვის?
ოთახში კომოდი , ორი საწოლი , მისი ნამზითვი კაკლის ხის კარადა ედგა. კარადაზე ბაბუას სურათი და ბროლის ლარნაკი იდგა ბერძნული ხელოვნური ყვავილებით.
კარადის და კომოდის უჯრებში გაზეთი იყო ჩაფენილი. თეთრეული, ტანსაცმელი, წამლები ელაგა უჯრებში.
ჩვენ მაინც გაზეთისქვეშა სამყარო გვაინტერესებდა სადაც ძველი სურათები, დოლუმენტები, მძივის კაკლები, სამაგრები ეწყო. ცარსკი ბეჭდიან ფურცელზე დაბეჭდილი მიწის ნასყიდობის მოწმობა, ბაბუას მედლების პასპორტები, ბებიას ბავშვობის სურათი. ბებიას და ბაბუას შეუღლებისდროინდელი დიდი სურათები (ცალკ-ცალკე), ბაბუას პირველი ცოლის სურათიც ჰქონდა შენახული (ნახე რა ლამაზი ქალიაო იტყოდა ხშირად) , ჩემი ბიძა და მამიდა(ბებიას გერები) რომელთაც ბებიას პალტოდან შეკერილი პალტოები ეცვათ. მისი მამათილის სურათი.
ბებიას და ბაბუას ერთად გადაღებული სურათი არ ჰქონდათ . არ ვიცი რატომ.
კომოდზე ,,იბუპროფენი,, იდო, ბებიას ,,ნამსხვანის,, წამალი. თვითონ ბრუფენს ეძახდა.
კარადაში მოწითალო ბეწვისგან ნაქსოვი თავშალი იდო, რომელსაც მარკაზე მწევარი ეხატა. ალბათ ძაღლის ბეწვისგანაა მოქსოვილიო ვბჭობდით.
კარადაში ნორკისბეწვიანი ლამაზი შავი პალტო ეკიდა და ღუნღულა შალის ჯემპრი. სადმე თუ მიდიოდა ტირილში, ის ეცვა.
აბა ქორწილებში დიდი ხანია არ დადიოდა. ქორწილი ახალგაზრდების საქმეაო... ერთხელ ნათესავმა ქალმა უთხრა, სიკვდილამდე დაიბარე ეს ჯემპრი მე დამრჩესო. იმ ქალმა გაასწრო ბებიას...
ბებიას ჩანთა თუ ჰქონდა ოდესმე არ მახსოვს. პატარა, ტყავის შავი კლატჩი ჰქონდა... შიგნით ფული და ცხვირსახოცი ედო.
სასაფლაოს ქვაზე ჩემი სურათი არ დაახატოთ. 3 ცალი მიხაკი მინდა მეო, მეუბნებოდა. აგენი არ შემისრულებენ და შენ უთხარიო.
ერთ დილით რომ ავდექი იჯდა და ტიროდა.
_რა ხდება ბებია-მეთქი
_ ასიე მოკტა ჩემი მაზლისცოლიო?
_ამ დილიანად ვინ მოგიტანა ამბავი-მეთქი?
_სიზმარი ვნახე ასიე ყვავილებიან მინდორში გახარებული დადიოდა, იცინოდა და ყვავილებს კრეფდა. მოკტა ასიეო.
სიცილად არ მეყო.
ერთ საათში ამოვიდნენ ნათესავები ,,ასიე მოკვდაო,,
ყვებოდა ბებია როგორ გაათხოვა მეორე გოგო . მიაკითხა რამდენიმე დღეში და ჰკითხა დედამთილს
_სადაა ჩემი შვილიო?_
_ ლებები ქონდა გამოტანილი ბალკონზეო
_ევედი ბალკონზე და არ ძინავს გამოტანილ ლებზე იმ ოჯახის შემარცხვენელს? დედამთილი საქმობდა და ამ ჩემ გაზდილ გოგოს ბალკონზე არ ეძინა ლებზე წამოპრენჭილი? მარა მაგას თავიდან ეტყობოდა რაცხა ზარმაცი იყო, რომ ვეტყოდი შეხედე რაფერ ეხმარებიან დედამისს შენი ბიძაიშვილები მეთქი მეტყოდა:,, რა კაია მაგფერი ბიძაიშვილები რომ მყავსო. მერე კი დადგა საფიცარი რძალი, რა არ ასდის ხელიდან, ერთი ნაჭერი ქალია. " _მერე შემომიტრიალდებოდა _,,შენ ხომ არ იზამ ნენი მაგფერებსო?,, _არა რაფერ ვიზამ მეთქი, ვამშვიდებდი.
***
გვარიგებდა :
_ნენი ზიარი არ უნდა გინდოდეს არაფერი დუნიაზე. არც დის .არც ძმის. არავისი.
_რა უჭირს ბებია?
_რა უჭირს და რომ გეუბნები ასეა. მაღლაების გარაჟში მანდარინაის დიდი სასწორი რომაა ხომ იცი?
_ვიცი ბებია
_ბაბუაშენის ნაყიდია იგი. ხან ეიტანეს, ხან ჩამევიტანეთ, ზიარი იყოსო .მე მჭიროდა ვერ ვეუბნებოდი, ვხედავდი მათაც ჭიროდათ და ბაბუაშენმა აჩუქა. მიხთი?
_მივხთი ბებია, მარა ჩვენ რომ არ გვაქ სასწორი და იგენს აქვთ?
_ მერე როცხა მჭირია ვნათხოვროფ, მარა ზიარი არაა. იგენისაა. მიხთი?
_მივხთი ( მთლად ვერ ვხვდებიდი, მაგრამ ცხოვრებამ მაჩვენა რომ მართალი ყოფილა ბებიას ალოგიკური ლოგიკა)
***
ყვებოდა:
-სიკტილი ყველაზე ძნელი რამეა დუნიაზე.
დედა იჯდა ავათმყოფ შვილთან. მოვიდა მიქელგაბრიელი . აძრობს შვილს სულს. არაო დედა შეეხვეწა, მე ამაძრე სული, მაგას დაანებე თავიო. შეებრალა მიქელგაბრიელს და დუუწყო დედას სულის ამოხდა. დეიწყო დედამ ხროტინი და შვილისკენ გეიშვირა ხელი, მე არა იგი, იგი წეიყვანეო.
ამფერია ნენი სიკტილიო.
***
ყვებოდა მისი დაქალი ულბიეს ამბავს სუფრაზე გვერდით მჯდომს თავი ჩამოადო. ჩაეძინა ეგონათ და თურმე მომკვდარიყოო. ისეთ სიკვდილს ნატრობდა.
სულ იხვეწებოდა ,,სანამ შემიძლია და ჩემს ჭკვაზე ვარ წამიყვანე გამჩენელოო,,.
ერთ დღეს მირეკავს:
იცი ნენი, წუხელ მიქელგაბრიელმა მომაკითხა. მივყავდი. ვუთხარი :_ჯერ არა, მერე მოდიო. მწარე ყოფილა ნენი სული,,-ო
***
ყვებოდა მეზობელი დედაბრის ამბავს რძლის მოყვანის მეორე დღიდან საწოლში რომ ჩაწვა, ამოიდო მუთაქები, დაიჭირა გარმონი ,, ჭყივ-ჭყივ, აჭყავლებდა გარმონს და მღეროდა ,,დერდის მუზიკა მაქ ნენიი, დერდის მუზიკა მაქ ნენიო,,
This post has been edited by seta on 18 Jan 2013, 19:19