აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობენ
15:59 08-02-2013
ყოფილი პოლიტპატიმრები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობენ, რათა, როგორც თავად ამბობენ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მოუსმინონ.
თუმცა, შენობის შესასვლელთან მდგარი დაცვის პოლიციისა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებენ.
როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებენ, თუ აუცილებელი იყო წინასწარ სიების შედგენა, მათ ამის შესახებ არ იცოდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გამონაკლისის სახით მომზადდეს დამატებითი სია, რათა 10-15 ყოფილი პოლიტპატიმარი მაინც შევიდეს დარბაზში.
გარდა ამისა, ყოფილი პოლიტპატიმრები სკანდირებენ - "თქვე ფაშისტებო", "მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პრეზიდენტი არ არის".
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 18.00 საათზე უნდა დაიწყოს.
აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შესასვლელთან ცოცხები მიამაგრეს
15:51 08-02-2013
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკასთან ცოცხები მიიტანეს და ეროვნული ბიბლიოთეკის სადარბაზოსთან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი უნდა შევიდეს შენობაში, კედელზე მიამაგრეს. კედელზე ცოცხები ტრისტან წითელაშვილმა მიამაგრა.
გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილია დიდი ზომის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრისა და 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილიც იმყოფება.
"მე გავახსენებ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ფრაზას, რომ ფეხმოტეხილი იხვი ვერ იქნებოდა. ის უარესია - უკურტუმო იხვია. თუ ეყოფა სინდისი, მოვიდეს და შევიდეს შენობაში, თუმცა ჩვენ აქ დავხდებით, მე მას ვერ აღვიქვავ როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვერ შეგვაცოდებს თავს ადეიშვილი, რომელიც უცხოეთში თურმე ტრამვაით მგზავრობს", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პირობებში ვერ ვითარდება.
აქციის ზოგიერთ მონაწილეს სასტვენებიც აქვს მოტანილი. როგორც ისინი აცხადებენ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდება, ისინი სტვენით შეხვდებიან მას და სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
აქციის ზოგიერთი მონაწილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ შეუშვებენ შენობაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციაა მობილიზებული
16:17 08-02-2013
ეროვნულ ბიბლიოთეკის იმ კორპუსში სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იგეგმება, სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ შენობაში პოლიციელები შეიყვანეს. ეროვნული ბიბლიოთეკასთან ამ დრომდე რჩებიან ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებიც აქციას მართავენ.
ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამაინის უფლებებისთვის" ლიდერის ნანა კაკაბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს, მაინც სურთ მასთან შეხვედრა. როგორც კაკაბაძე აცხადებს, 10-15-კაციანი ჯგუფი შევა შეხვედრაზე და მშვიდ გარემოში დაუსვამს მიხეილ სააკაშვილს კითხვებს.
"ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც საქართველოს მოქალაქეები ვართ, მოგვეცით საშუალება, დავესწროთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ჩვენ ხუთ საათამდე დაველოდებით, რათა მოვიდეს წარმომადგენელი და მოაგვაროს ჩვენი დარბაზში შესვლა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
This post has been edited by zuraini on 8 Feb 2013, 16:24
მიმაგრებული სურათი