მეჩეთი ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ – დიპლომატიური გამარჯვება?
17-02-2013
მურმან დუმბაძე: რას მიზამთ ახლა ამ აღიარების გამო, ჩამქოლავთ?!
მურმან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი:
- ბატონო მურმან, არის თუ არა განსაზღვრული, თუ სად უნდა აშენდეს მეჩეთი?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღის მომსწრე გავხდი. რაც შეეხება ადგილს, თუ ბათუმის მოსახლეობა მოითხოვს, რომ მეჩეთი ბათუმში აშენდეს, ეს ასეც მოხდება, თუ ხელვაჩაურის მოსახლეობა მოითხოვს, მათ ტერიტორიაზე მეჩეთის აშენებას, ადგილობრივი საკრებულო შეისწავლის საკითხს და იქ აშენდება.
- არჩევნებამდე თქვენ აცხადებდით, რომ აზიზიეს მეჩეთის აშენება იქნებოდა ეროვნული ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი...… ახლა რა გახდა თქვენი პოზიციის შეცვლის საფუძველი?
- ის, რომ საზოგადოებას ასეთი ინფორმაცია აქვს, არის თქვენი, ზოგადად ჟურნალისტების დამსახურება, რადგან არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებდით ინფორმაციას, თითქოს მე და ჩემი თანამოაზრეები ამის წინააღმდეგი ვიყავით. ახლა უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა და კომენტარი მთხოვა, იმედია, აწი მაინც სწორად მოხდება საზოგადოების სწორად ინფორმირება: - მეჩეთის მშენებლობის საკითხი ბათუმში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ამის შესახებ საქართველოსა და აჭარის რეგიონულ მთავრობას მუსულმანთა გარკვეულმა ნაწილმა წერილობით მიმართა. ეს მიმართვა დაფიქსირებულია და აჭარის რეგიონული მთავრობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო მეჩეთის წინააღმდეგი არ არის. ამას აქვს თავისი არგუმენტი, - თუ მრევლი გაიზარდა და მეჩეთის მშენებლობა სურთ, ის უნდა შენდეს.
- მრევლი ასე საგრძნობლად არჩევნების შემდეგ გაიზარდა?..
- არ არის ასე და არ გინდათ ამ თემით აპელირება, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ სრული უფლება აქვთ სალოცავი ჰქონდეთ. არასწორია, როდესაც თქვენი კოლეგები ამბობენ, თითქოს მე მეჩეთის აშენების წინააღმდეგი ვარ. როგორ ვიქნები მისი აშენების წინააღმდეგი, როდესაც 90-იან წლების დასაწყისში ფინანსური მონაწილეობაც კი მაქვს მიღებული იმ მეჩეთის რესტავრაციაში, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბათუმში და დღემდე მოქმედია. ეს ჩანაწერითაც არის დაფიქსირებული. რას მიზამთ ახლა ამ აღიარების გამო, ჩამქოლავთ?!.
http://www.kvirispalitra.ge/politic/15778-...gamarjveba.html