"აპოლონ პაჭკორია: "თუ ჰეპატიტი სისხლში შევიდა, მთასავით კაცსაც წააქცევს"
2009-07-18 12:01:35
ექიმი–ინფექციონისტი, ვირუსული ჰეპატიტების დისპანსერის განყოფილების გამგე აპოლონ პაჭკორია, ამბობს, რომ თუ საქართველოში გარკვეული ზომები სასწრაფოდ არ იქნა მიღებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მალე გადაშენების ან ავადმყოფ ერად გადაქცევის საფრთხე დაემუქრება. ექიმი დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ვირუსული ჰეპატიტი საქართველოში მილიონ მოსახლეზე ერთი პროცენტია, არაფრით არ იზიარებს. ზუსტი სტატისტიკა თავადაც არ იცის, თუმცა გამოცდილი ექიმის თვალს ჰეპატიტით დაავადებულები ქუჩაშიც კი არ რჩება შეუმჩნეველი. – ბატონო აპოლონ, ქუჩაში შემხვედრ გამვლელს რაზე ეტყობა, რომ ჰეპატიტი აქვს – კანის ფერზე თუ გამომეტყველებაზე?
– ვერ გეტყვით. როცა ადამიანს ვხედავ, ვხვდები, აქვს თუ არა ვირუსული ჰეპატიტი. შეჯიბრი რომ ჩაატაროთ და 100 ექიმი დამიყენოთ გვერდით, დარწმუნებული ვარ, ყველას ვაჯობებ.
– ბევრია ვირუსული ჰეპატიტით დაავადებული დღეს ჩვენს ქვეყანაში?
– ძალიან ბევრი. ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ბე ჰეპატიტიც უამრავია. ცეც და ბეც მთავრდება ციროზით ან კიბოთი. პროცენტულად, უფრო მეტად ცე ჰეპატიტი გადადის ქრონიკულში. ავთო ჯორბენაძის მინისტრობის პერიოდში ჩვენს დისპანსერს სახელმწიფო აფინანსებდა. მაშინ ასე ხშირი არ იყო. მას ავუხსენით, რომ თუ ამ პრობლემას არ მივხედავდით, მალე დიდ პრობლემად იქცეოდა. ახლა შეგვიწყვიტეს დაფინანსება და ასეც მოხდა. ხშირად ადამიანს ჯანმრთელი ჰგონია თავი – დონორობა უნდა, სისხლს შეუმოწმებენ და ვირუსული ჰეპატიტი აღმოაჩნდება ხოლმე.
– დონორებისგან დღესაც ხდება დაინფიცირება?
– ჩემს კომპეტენციაში არ შედის იმაზე საუბარი, რამდენი დაავადებული იყო დონორიდან. უფრო მეტად გადადება ხდება ქირურგიული, სტომატოლოგიური პროცედურებით, სილამაზის სალონებში... ბე ჰეპატიტის 15%–ზე მეტი სქესობრივი კავშირით გადადის. ცე ჰეპატიტი სქესობრივი კავშირის დროს ნაკლებად გადამდებია – დაახლოებით 3–4%. დღეს მსოფლიოში მთავარი პრიორიტეტია ინტერფერონოთერაპია. ეს მკურნალობა ძალიან ძვირია და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, თორემ სავალალო შედეგებამდე მივალთ.
– ახლა გამოკვლევებიც კი აღარ ფინანსდება.
– ჯორბენაძემ რომ დაგვაფინანსა, დიდი საქმე გააკეთა. 2008 წლის 31 დეკემბერს მოგვეხსნა დაფინანსება. როცა გამოკვლევებს უფასოდ ვატარებდით, 300–დან 85 ციროზიანი იყო. ახლა კი მოდიან ადამიანები, გამოკვლევის ფულსაც ვერ იხდიან და უკან ბრუნდებიან. ეს საშინელებაა – მორალურად და ფსიქოლოგიურად ნადგურდები ექიმი და მუშაობაც აღარ გინდა! ექიმს და პედაგოგს 150–200 ლარი აქვთ ხელფასი და პარლამენტარს – 2.000–3.000. ამიხსნან, რა დატვირთვა აქვს ექიმს, მეცნიერს და რა – პარლამენტარს თუ მინისტრს. ეს სამარცხვინოა!
– ამ დაავადების გავრცელების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ სახელმწიფოსგან აღარ ხდება სილამაზის სალონების თუ სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება–კონტროლი. ექიმები ამას არ აპროტესტებთ?
– როცა ავადმყოფი მოდის და ამბობს, რომ მხოლოდ ამ დაწესებულებებთან ჰქონდა შეხება, ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ ეს ასეა. აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს. თუ დაფინანსება არ გვექნება, მალე კატასტროფამდე მივალთ. ვირუსულ ჰეპატიტებს სიმპტომები თითქმის არ ახასიათებს. როცა რაღაც შეაწუხებთ, უკვე გვიანია. არსებობს აგრესიული ჰეპატიტი, რომელიც არ გემორჩილება და კიბოთი მთავრდება.
– დროული აღმოჩენის შემთხვევაში სრული განკურნება ხდება თუ არა?
– რეციდივები ხდება, გააჩნია მდგომარეობას. 8 თვის, ერთი წლის შემდეგ სისხლში ვირუსის შემადგენლობა 50–52%–ით იკლებს.
– საქართველოს ორგანოთა გადანერგვის ცენტრში ამბობენ, რომ მალე ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს გააკეთებენ. ეს პროცედურა რამდენად გაახანგრძლივებს ციროზით დაავადებულთა სიცოცხლეს?
– თუ სისხლი ვირუსით არის დატვირთული, ჯერ უნდა ჩატარდეს ინტერფერონოთერაპია და მერე გადაინერგოს. თუ ეს მკურნალობა არ ჩატარდა, აზრი არ ექნება. ღვიძლის ტრანსპლანტაცია აშკარად გაახანგრძლივებს ადამიანთა სიცოცხლეს, ოღონდ მეორე საკითხია, რამდენად მიიღებს უცხო სხეულს ორგანიზმი.
– ბატონო აპოლონ, ასეთი მძიმე პროფესია – ექიმობა – რატომ აირჩიეთ?
– ბავშვობიდან ექიმობაზე ვფიქრობდი. მამაჩემიც ექიმი იყო, მისი მამაც. ერთი ქალიშვილი მყავს და ისიც ექიმია. სამედიცინო ინსტიტუტი სარატოვში დავამთავრე. ორენბურგში ვმუშაობდი, მერე – ფოთში, მოსკოვში – რეანიმაციულ განყოფილებაში. ბოლოს კი ამ ცენტრში მოვედი. როცა საქმე გიყვარს, სხვა აღარაფერი გაინტერესებს. ადამიანს რომ სიცოცხლეს ჩუქნი და ფეხზე აყენებ, რამხელა წარმატებაა?! ჯანდაცვის სამინისტროში თანამდებობაც შემომთავაზეს, მაგრამ ექიმობას ვერაფერზე გავცვლი. ექიმობას საოცარი შრომა უნდა. კარგი ექიმი ვერ დადგები, თუ დღე და ღამე არ იშრომე. ავადმყოფი უნდა გიყვარდეს. ღამეები არ მეძინა ხოლმე, როცა პაციენტზე ვფიქრობდი.
– ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულებთან ურთიერთობა ალბათ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. თავს როგორ იცავთ?
– ხელებს ვიბან მალ–მალე, რადგან ა ჰეპატიტი ასეც შეიძლება გადავიდეს.
– ხელის დაბანა შველის?
– კი, შველის. ა ჰეპატიტი ფეკალურ–ორალური გზით გადაეცემა. ხელს რომ დაიბან, აღარ გემუქრება. ცე და ბეს შემთხვევაში ინექციებით გადაეცემა. ახლა – არა, მაგრამ ადრე მიმუშავია და სისხლთანაც მქონია შეხება. საბედნიეროდ, არც ერთი ჰეპატიტი არ დამმართნია. მთავარია, კანი არ დაიზიანო.
– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?
– ჯერჯერობით კარგად ვარ. სპორტი მიყვარდა მუდამ. ვვარჯიშობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ – არ ვეწევი, ალკოჰოლი არ მიყვარს... სიმპათიური გოგოები კი მიყვარს.
– როცა სიმპათიურ გოგოს ჰეპატიტი აღმოაჩნდება?
– საშინელ განწყობაზე ვდგები.
– თქვენს ღვიძლს როგორ უფრთხილდებით?
– ღვიძლს განსაკუთრებით არ უყვარს ალკოჰოლი – მისი პირველი მტერია. ღვიძლის მტრების რიცხვში შედის აგრეთვე ძალიან ცხიმიანი საჭმელი. სქესობრივი ცხოვრების დროს რომ პრეზერვატივი უნდა იხმაროს, ეს ყველამ უნდა იცოდეს. თუ პარტნიორი დაავადებულია და მას აკოცებ, ნერწყვით არ გადავა, მაგრამ შეიძლება კანი ჰქონდეს დაზიანებული და ამით დაავადდეს მეორე.
– ხშირად ვირუსული ჰეპატიტი მეუღლეებიდან ერთს აქვს და მეორეს – არა.
– მაგ შემთხვევაშიც, მხოლოდ თუ სისხლში სისხლი შევა, მაშინ გადადის, ისე – არა.
– სპერმით არ გადადის?
– სპერმაში არის ვირუსი, მაგრამ არ გადადის. შეიძლება ჰეპატიტიანმა მამაკაცმა ქალი დააორსულოს და მის შვილს ვირუსი არ გადაეცეს. თუ ქალია დაავადებული, უფრო დიდი შანსია, ბავშვიც დაავადდეს.
– სპორტს ისევ მისდევთ?
– კრივს. ფეხბურთიც მიყვარდა ძალიან. ახლა ფეხბურთს აღარ ვთამაშობ, მაგრამ კრივს კი ვიხსენებ ხოლმე და ვვარჯიშობ. ლექსებსაც ვწერ მეგრულად. ხანდახან წნევა მაწუხებს და ამ დროს მავიწყდება, რა წამალი უნდა მივიღო. ერთი–ორჯერ მერაბ ბოხუას მივაკითხე. პროფესორი კაცია და შევარდნაძესაც მკურნალობდა ადრე. მეუბნება ხოლმე, როგორ მოვუარო თავს.
– თქვენი აბი გლუკოზა რა არის?
– ავადმყოფის მკურნალობისას რომ შედეგს ვხედავ, ის. ამ დროს ვარ ბედნიერი. საჭმელებიდან კი ქათმის ხორცი მიყვარს და კალმახი.
– მეუღლეც ექიმი გყავთ, შვილიც... ოჯახში ვინ ითავსებს მთავარი ექიმის ფუნქციებს?
– მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ჩემი მეუღლე ჩემი ინტერნი იყო – ასპირანტურას გადიოდა ჩვენთან. შვილი ჯერ ახალგაზრდა ექიმია – ინსტიტუტი დაამთავრა და ახლა რეზიდენტია. ჩვენს კათედრაზეა და ვასინჯინებ ხოლმე ავადმყოფებს. მთელ ქვეყანას ვუწევ კონსულტაციებს და ჩემს ოჯახს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. თუ მე ვარ შეუძლოდ, მიყვარს, რომ მეფერებიან.
– როცა ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ჯანმრთელია და მაინც მოხდა ისე, რომ რაიმე პროცედურის გამო ვირუსული ჰეპატიტი მოხვდა მის სისხლში, შეიძლება საკუთარი იმუნიტეტით შეებრძოლოს და დაამარცხოს?
– არა, თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდა, დამთავრებულია საქმე, ჯანმრთელობა ვეღარ უშველის. ეს ვირუსები მთასავით კაცებსაც აქცევს.
– თავად როგორი გენეტიკის მატარებელი ხართ?
– მამაჩემი ადრე გარდაიცვალა – საავადმყოფოში. შემოვლა ჰქონდა და უცბათ გათავდა. დედაჩემი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, რაიმე სერიოზული გენეტიკური დაავადება არც ერთს ჰქონია. "
http://sana.ge/address/news/cat/9/id/1872/...%83%A1%22%0D%0A