"სიმწრისგან ვენა გამოვიჭამე""ჩემი კლასელი და ნათლულის ძმა მაწამებდნენ"
"სისხლიანი კარანტინის შემდეგ სანაძლეოს დებდნენ, ვინ უფრო მეტი კბილი ჩამოუღო პატიმარს" პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე პატიმრების წამებაში მონაწილე შსს-ს მაღალჩინოსნებს ასახელებს.
- 2009 წლიდან აქციების ორგანიზებაში აქტიურად ვარ ჩართული. პირველად "საკნების ქალაქის" დაშლის შემდეგ დამაკავეს. რუსთავში მაღაზიიდან გამოვდიოდი, შარვლის ტოტში ხელი ჩამავლეს და ასე მიმათრიეს მანქანამდე. რუსთავის პოლიციის სამმართველოში შეადგინეს აქტი - თურმე ჩხრეკის დროს აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება... სასამართლომ 7 წელი მომისაჯა. ოთხი თვის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებით გამომიშვეს ჩემს 50 მეგობართან ერთად, რომლებიც საკნების აქციაში ვმონაწილეობდით. ციხეში ჩემთან შემოდიოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები: ლევან ტყეშელაშვილი - რუსთავის კუდ-ის ყოფილი უფროსი და ზურა ტატიკიშვილი - ქვემო ქართლის კუდ-ის ყოფილი უფროსი. პირველი კლასელია ჩემი, მეორე - ნათლულის ძმა.
4 თვის განმავლობაში ყოველღამ 2-3 სთ-ზე იღებოდა საკნის კარი და ოთხი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ნიღბოსანი შემოდიოდა. შემდეგ გავყავდი აბანოში და მაიძულებდნენ, მეღიარებინა ნარკოტიკების მოხმარება. როცა ციხიდან გამოვედი, ტყეშელაშვილსა და ტატიკიშვილს ვკითხე, მართლა მიგზავნიდით ნიღბიანებს ყოველ ღამე-მეთქი? - კიო, - მიპასუხეს, გამოდის, ჩემი კლასელი და ნათლულის ძმა მაწამებდნენ(!) - ხომ გაგაფრთხილეთ, არ მისულიყავი აქციებზეო. ეს ჩემი პირველი პატიმრობა იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი შემდეგ დაიწყო.
- მეორედ რატომ დაგიჭირეს?
- 26 მაისის აქციაზე რუსთავიდან ხალხი ჩავიყვანე თბილისში... იმ სასაკლაოს ერთ-ერთი ავტორი ლევან ტყეშელაშვილია. ის უშუალოდ მონაწილეობდა აქციის დარბევაში და რუსთავის ორგანიზაციის წევრების ცემაში... დღე-ნახევარი ვიჯექი ცეკავშირის შენობის სახურავზე. აქციის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ მომადგა წლების უნახავი ასევე ბავშვობის მეგობარი, ძველი თბილისის კუდ-ის მაშინდელი უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ვახო დანელია. რუსთავში ჰქონდა რესტორანი "მწვადის სახლი". მეგობრებთან ერთად 8 მარტის აღნიშვნა მის რესტორანში გადავწყვიტე. შუა ქეიფის დროს ვახო მეუბნება, ცუდი სიმთვრალე დამჩემდა, იარაღს ვისვრიო და თავისი იარაღის შენახვა მთხოვა. გამოვართვი შავტარიანი, ვერცხლისფერი რევოლვერი და სუფრაზე გვერდით დავიდე. ამის შემდეგ დანელია გარეთ გავიდა. 5 წუთში შემოვიდნენ პოლიციელები და ჩემს მოპირდაპირე მხარეს დასხდნენ. რაღაცა ვიეჭვე და იარაღი სასწრაფოდ ბარმენს გავატანე შესანახად, მერე კი პოლიციელების გასაგონად ოფისში დავრეკე და საქმის ვითარება ავუხსენი...
ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად სხვა რესტორანში გადავედი. დანელია იქაც თავზე დამადგა და ჩხუბი აუტეხა გვერდით მაგიდასთან მშვიდად მსხდომ აზერბაიჯანელებს. ისინიც ადგნენ და გავიდნენ, დანელიაც უკან გაჰყვა... ცოტა ხანში ყვირილი შემოგვესმა. დანელია კი მალევე შემობრუნდა, ვითომ არაფერიო და განაგრძო ქეიფი. მალე რესტორანში ისევ ის პოლიციელები შემოვიდნენ, ერთი საათის წინ რომ გავერიდე. თან გასისხლიანებულ აზერბაიჯანელს მოათრევდნენ, რომელიც ხელს დანელიასკენ იშვერდა. ამ დროს დანელია იღებს იარაღს და ყველას დასანახავად მაწვდის, - ძმურად, აიღე რა... ამჯერად, წითელტარიან მაკაროვს. გასისხლიანებული აზერბაიჯანელის, პოლიციელებისა და იარაღის დანახვაზე ჩემი სტუმარი გოგონები აკივლდნენ. დანელიამ უკან ჩაიდო იარაღი, მივიდა პოლიციელებთან და გადაკოცნა ისინი. აუხსნა, - აზერბაიჯანელს "წავესპორეო" და პოლიციელებს გაჰყვა ახსნა-განმარტების მისაცემად... მოკლედ, დანელიას უნდოდა, როგორმე გავეფუჭებინე, მაგრამ არ გამოუვიდა...
არ გასულა ერთი თვე, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა პირდაპირ ქუჩიდან ამიყვანეს. ამჯერად, რუსთავის პოლიციის სამმართველოში პროკურორ მირზა სუბელიანთან აღმოვჩნდი. ეს ის პროკურორი იყო, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით უშვებდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ციხეში (არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე სოზარ სუბარის მოადგილედ დაინიშნა, 2 თვის წინ კი თანამდებობა დატოვა. მისი სახელი ფიგურირებს ყველა რუსთაველი პოლიტპატიმრის საქმეში). ოთახის კარი ღია დარჩათ და დავინახე, როგორ უთითებდნენ აზერბაიჯანელს, ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. აქტი ხელმოსაწერად სუბელიანმა მომიტანა, - ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ ჯობია, ხელი მოაწეროო. ლევან ტყეშელაშვილმა კი ხელბორკილი დამადო. ასე მოვხვდი 2012 წელს გლდანის ციხეში, რომელთან შედარებით, 2009 წლის ციხე სანატორიუმი იყო... ციხის კარის დაკეტვისთანავე იწყებოდა ჯოჯოხეთი. ცნობილი ჯალათის, ოლეგ ფაცაციას ნოვაცია გახლდათ ე. წ. სისხლიანი პარასკევი. ყოველ პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე, როდესაც კარანტინი იშლებოდა, დერეფნის ორივე მხარეს 15-მდე პოლიციელი ხელკეტით დგებოდა. კარანტინის გავლის შემდეგ დასისხლიანებულ პატიმრებს დერეფნის ბოლოში ფაცაცია ხვდებოდა. მისთვის უნდა მოგვეხსენებინა, რა მუხლით ვიხდიდით სასჯელს. ე. წ. ფინანსურებს საკნებში აბრუნებდა, "განსხვავებულებს" კი "განსხვავებულად" გვცემდა.
- განსხვავებული ცემა რას ნიშნავს?
- სპეციალურად ნავარჯიშები ბიჭები ჰყავდათ. სისხლიანი კარანტინის შემდეგ სანაძლეოს დებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტი კბილი ჩამოუღო პატიმარს. ბოლოს, ამდენ ცემასა და უბედურებას რომ ვერ გავუძელი, კბილებით ვენა გამოვიჭამე - ცნობილი ჯალათები "ბასტი" და "ბუბუ" პატიმრების ცემის სურვილით კანკალებდნენ. ერთხელ, როცა გამეტებით მირტყამდნენ, ტელეფონმა დარეკა. უბრძანეს, შეეწყვიტათ ცემა, მაგრამ ისე აღგზნებული იყვნენ, ბრძანებას არ დაემორჩილნენ, - ძლივს გავხურდით, რა დროს შეწყვეტააო და ისე მცემეს, საკანში დაბრუნებულმა ვენა გამოვიჭამე.
ყველაზე მეტად პატიმრებს აბანოში ჩასვლის გვეშინოდა. ოლეგ ფაცაციას ცემის ასეთი მეთოდი ჰქონდა - გაშიშვლებულ პატიმარს ხელებსა და ფეხებში ჩაავლებდნენ და მთელი ძალით კედელს ანარცხებდნენ. მსხვერპლს სხეულზე ცემის კვალი არ რჩებოდა, სამაგიეროდ, ბევრი პატიმარი ორგანოების ჩაწყვეტითა და ფარული სისხლდენით იღუპებოდა.

იმ ცნობილი ვიდეოფირის გამოქვეყნების შემდეგ ციხის ჯოჯოხეთი შეწყდა. უცებ ბატონ თორნიკედ ვიქეცი. ოფიცრები მეხვეწებოდნენ, არ დაგვასახელო, შვილები გვყავსო. მე არ მყავდა შვილები, სასიკვდილოდ რომ მიმეტებდნენ? პროკურატურაში ვაპირებ საჩივრის შეტანას ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩემს საქმეში მონაწილეობდნენ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/15899-...movitcameq.html=============================================================================
ამირან ბიწაძე: ვიცი იმ სპორტსმენების ვინაობა, რომლებიც ჩემს წამებაში მონაწილეობდნენ."მხარი, იდაყვი, ხელის მტევანი, კოჭი და წვივი მოტეხილი მქონდა"
"199-ე საკანში რომ შემიყვანეს, პატიმრები ხმას არ იღებდნენ. წინაღამეს საკნიდან ორი ადამიანი გაუსვენებიათ, ცემით მოკლესო"
"მადლობა ღმერთს, რომ ეს კოშმარი დამთავრდა"მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მძლეოსანი და კარატისტი ამირან ბიწაძე, რომელსაც არაერთი მოწინააღმდეგე დაუმარცხებია რინგზე, საშინელი ძალადობის და წამების მსხვერპლი გახდა. არადა, იგი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდის სამიზნე განსხვავებული აზრის გამო გახდა... გლდანის საპყრობილეში ორი თვე გაატარა და იმ პირობით გამოუშვეს, თუ საქართველოს დატოვებდა. ამირან ბიწაძე: - მიშამ მტრად იმ დღიდან გამომაცხადა, მარჯანიშვილზე აქციის მონაწილეები რომ დახვდნენ, მათ რიცხვში მეც ვიყავი. პოლიციელები მომიტინგეებს დაერივნენ, მე კი ხალხს ვშველოდი. მაშინ სიძულვილით შეპყრობილმა სააკაშვილმა ჩემი განადგურება გადაწყვიტა. პირველად 2009 წლის 28 მაისს დამიპირეს დაკავება. რუსთავში, ჩემს სახლში, მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. თბილისში კარვები იყო გაშლილი და აქციები იმართებოდა. სახლთან უამრავი ძალოვანი მოგროვდა. მივხვდი, ჩემი და ჩემი ძმის, ტარიელის (ტარიელ ბიწაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია. - ავტ.) დაკავებას აპირებდნენ. მაშინვე დავურეკე ჩემს ნათესავს, ბადრი ბიწაძეს... განყოფილებაში წაყოლა მომთხოვეს, შენმა მოწაფემ ვიღაც დაჭრაო, გვარიც არ იცოდნენ...
ამ დროს ნინო ბურჯანაძეს მიტინგზე გამოუცხადებია, რუსთავში მივდივარ, იქ სპეცოპერაცია იგეგმებაო. არ ვიცი, ეს იყო მიზეზი თუ სხვა ბრძანება მიიღეს, მაგრამ ფაქტია, წავიდნენ. მეორე დღეს, ჩემი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მაღაზიაში საგადასახადო შევიდა - რუსთავში ტექნიკის მაღაზია გვქონდა. მისი დაკავება მოინდომეს, ამით ჩემი გამწარება უნდოდათ. ვიღაც ზურასთან შემიყვანეს, უფროსიაო. მეუბნება, - გაფრთხილებ, ყველაფერი ვიცი თქვენზე და ჯობია ყველაფერი აღიაროო. მაშინ დავემუქრე, თუ დავაშავე, მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ მეუღლეს თუ რამეს მოუწყობთ, კაცი არ ვიყო, თუ არ მოგკლა-მეთქი. საბუთების ფალსიფიცირებას გვედავებოდნენ, საბოლოოდ 3 800 ლარით დამაჯარიმეს. მეუღლის გამო დავთმე.
2009 წლის 2 აგვისტოს კი ბიძაშვილთან, დათო ბენდელიანთან ერთად მანქანით ცხვარიჭამიის გზაზე მივდიოდით, როცა "ჯიპმა" გზა ჩაგვიჭრა. ახლობელი მეგონა და მანქანა გადავაყენე. უცებ ჩემ გვერდით სამარშრუტო ავტობუსი გაჩერდა, უკან - "ნივა", "ბმვ" და "07" - ალყაში მომაქციეს. მივხვდი, რაღაც ხდებოდა და დათოს ვუთხარი, არ გაინძრე-მეთქი. მანქანებიდან ნიღბიანები სროლა-სროლით გადმოცვივდნენ, შესაშინებლად ჰაერში ისროდნენ... უცებ ვიგრძენი, რაღაც მომხვდა ფერდში... (როგორც შემდეგ გავარკვიე, რეზინის ტყვიები ყოფილა) ჩემი ბიძაშვილი მანქანიდან გაიტაცეს, მე საჭეს ჩავებღაუჭე და წმინდა გიორგის დახმარება შევთხოვე, ამ საშინელებიდან ვაჟკაცურად გამომიყვანე-მეთქი. მერე ღვთისმშობლის ლოცვაც წავიკითხე...
უცნაურია, მაგრამ უცებ თვალწინ ჩემი შვილები და ჩემი ცხოვრება კადრებად დამიდგა. მშობლები ადრე დამეღუპნენ და გავიფიქრე, ნუთუ მეც ადრე უნდა მოვკვდე-მეთქი, ჩემი ოჯახი შემეცოდა... მერე ისევ რეალობაში დავბრუნდი. მანქანიდან ჩემს გადმოთრევას ცდილობდნენ, მივხვდი, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა... არმატურით მცემდნენ, იმდენი მირტყეს, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, მერე ვიღაცამ ელექტროშოკი მომადო და ავყვირდი. უნდა გენახათ, როგორ გაუხარდათ. მერე კიდევ 5-ჯერ მომადეს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შიგნით მთელი სხეული დამეგლიჯა. ვყვიროდი, თუ მკლავთ, კაცურად მაინც მომკალით-მეთქი...
ჩემს წამებაში მორაგბეები და მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ნიღბები ეკეთათ, მაგრამ მათი ვინაობა ვიცი, მალე დავასახელებ. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც არიან... სამარშრუტო ავტობუსის ჭერზე სისხლის კვალი შევნიშნე, გავიფიქრე, ის მანქანა ხომ არ არის, სადაც გია კრიალაშვილი მოკლეს-მეთქი... დამაგდეს და წიხლებით შემდგნენ, თან არმატურას მირტყამდნენ. პარალელურად, ვიღაცას რაციით ელაპარაკებოდნენ. მერე, წავედითო და მანქანა დაიძრა.
- თქვენს ბიძაშვილს რა ბედი ეწია?
- ნაცემი იქვე დააგდეს. მერე მომიყვა, ძირს დაგდებულს ავტომატის ჯერი როგორ გადაატარეს. ხელი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი, ფეხიც მოტეხილი ჰქონდა, თვალი დასივებული. მითხრა, ვხედავდი, ყველა ტყვია როგორ აკრიფეს და, რაც ყველაზე ამაზრზენია, ამ საშინელებას კამერით იღებდნენო. სადისტები არიან, ამის ყურებით იღებდნენ სიამოვნებას. დათო გამვლელებმა აღმოაჩინეს... სამწუხაროდ, იმავე წელს, 41 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა...
- თქვენ სად წაგიყვანეს?
- სასაფლაოსკენ, სადღაც გორაზე, ირგვლივ ტრიალი მდელო იყო. მანქანიდან გადმომაგდეს, იქ ვიღაცები დაგვხვდნენ, მხოლოდ მათ ფეხებს ვხედავდი. ისევ განაგრძეს ჩემი ცემა. სამარშრუტო ავტობუსის საბურავს ჩავებღაუჭე, თავი შიგნით შევყავი და ვცდილობდი ასე დამეცვა თავი დარტყმისგან. ისეთი გამწარებული ვიყავი, გავიფიქრე, 2-3 კაცს მივახრჩობ-მეთქი...
- არ ჰკითხეთ, რას გერჩოდნენ?
- ვყვიროდი, რატომ მკლავთ-მეთქი. ჩვენიანებს რომ ურტყამდი, აბა რა გეგონაო. ვუხსნიდი, არავისთვის დამირტყამს, ხატის წინ დავიფიცებ-მეთქი და ამ დროს კიდევ დამცხეს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი წამება, მერე ვიღაცამ დაიძახა, მანქანით გადავუაროთო. აიტაცეს ეს იდეა და მარჯვენა ხელზე გადამიარეს, მერე იქაურობა დატოვეს...
გონს რომ მოვედი, ჩემი დაცხრილული მანქანა შევნიშნე, ეტყობა, ვიღაც ჩემი მანქანით უკან გამოგვყვა... ძლივს მივღოღდი იქამდე, გასაღები ამოცლილი ჰქონდა. წყალი მწყუროდა საშინლად, საქარე მინის საწმენდის პლასტმასის ბაკი ამოვგლიჯე და ის წყალი დავლიე. მანქანაში რომ ჩავჯექი, მერეღა დავინახე, რომ ქვევით უამრავი ქვეწარმავალი ირეოდა. კარი მოვხურე, შემეშინდა გველს არ დავეგესლე და ისევ ლოცვა დავიწყე.
4-5 საათი ვიყავი ასე... თავს როგორც კი წამოვყოფდი, ღებინება მეწყებოდა. ჭრილობაც საშინლად მაწუხებდა, სიმწრით ერთი ტყვია ამოვიძვრე. ვიგრძენი ბლანტი სისხლი როგორ წამოვიდა. ძალა დავკარგე, კანკალი დამაწყებინა. რომ მოვსულიერდი, შევნიშნე, მანქანაში რაღაც ხახვის ნაჭრებივით ეყარა. გამიკვირდა, ხახვს აქ რა უნდოდა-მეთქი, ერთს ხელი წავავლე და ჩემი დაფლეთილი ხორცი შემრჩა. მერე მანქანის ჭერზეც ვნახე მიკრული, ეტყობა, რეზინის ტყვიები რომ დამიშინეს, მაშინ ხორცი მანქანაში მიმოიფანტა.
4 სმ სიგრძის ტყვია იყო. ახლო მანძილიდან ნებისმიერ ადამიანს მოკლავს. ორი ცალი მქონდა ფერდში, მეორე ტყვიას ვერ მივწვდი, თორემ მასაც ამოვაძრობდი... მერე მოშორებით ადამიანები შევნიშნე და ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი... სასწრაფოთი ღუდუშაურში გადამიყვანეს. მხარი, იდაყვი, ხელის მტევანი, კოჭი და წვივი მოტეხილი მქონდა. ნინო ბურჯანაძემ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩემი ამბავი. ეუთოს წარმომადგენელი პიტერ სემნები ორჯერ შემხვდა, ნუ გეშინია, აწი არაფერი მოგივაო. ვუთხარი, პრეზიდენტისგან ამის პირობა მიიღეთ-მეთქი? პასუხი ვერ გამცა.
- საქმე არ აღძრულა?
- ჩემი საქმე მტვრიან კუთხეში დევს დღესაც. ახლა ერთს ველოდებოდი, რომელმაც იცის ყველაფერი. ისიც ჩამოვიდა საქართველოში, განდევნილი იყო ჩემსავით.
(გაგრძელება გვ7.)
- თქვენ როდის დატოვეთ საქართველო?
- შარშან დამაპატიმრეს. გლდანის ციხეში ორი თვე გავატარე. თურმე ბავშვობისას მე ვავარჯიშებდი ციხის მაშინდელ დირექტორს, დავით ხუჭუას და მინისტრის მოადგილეს. ამიტომ არ მცემეს. 29 წლის ხუჭუა 46 წლის კაცს მეუბნება, ხომ იცი, ჭკვიანად უნდა მოიქცეო.
- დაპატიმრების საფუძველი რა იყო?
- ივანიშვილს პოლიტიკური მოქმედებები დაწყებული ჰქონდა და თურმე ვიღაცას ჩემი კანდიდატურა შეუთავაზებია. ეტყობა, ეს გაიგეს... ბრალი კი სხვა რამე იყო. თბილისიდან ვინმე ხვედელიძე ჩამოვიდა რუსთავში და ჩემი სახლის შესასვლელთან ძაღლივით მოშარდა. მის ცემაში მადანაშაულებდნენ. ის რომ მეცემა, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა. ხელი მოვკიდე იღლიებში და ღობეზე მივაკარი, უცებ ყვირილი ატეხა და მივხვდი, პროვოკაციას მიწყობდნენ. სასწრაფოდ შინ შევედი. ხვედელიძე პრობაციონერი აღმოჩნდა. ხვედელიძის სხეულის დაზიანებაში დამდეს ბრალი და 2012 წლის 12 მაისს დამაპატიმრეს... მახსოვს, 199-ე საკანში რომ შემიყვანეს, პატიმრები ხმას არ იღებდნენ. წინა ღამეს საკნიდან ორი ადამიანი გაუსვენებიათ, ცემით მოკლესო. პატრიარქის ჩარევით გამიშვეს ციხიდან და პირობა წამომიყენეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი. 3 თვე ვიყავი რუსეთში, პატრიარქის კურთხევით დავბრუნდი არჩევნების შემდეგ.
ოჯახი გაფრთხილებული მყავდა, თუ ისევ "ნაციონალები" მოიგებდნენ, სახლი გაეყიდათ და ყველანი წამოსულიყვნენ. არადა, რატომ უნდა დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა? როგორც სპორტსმენს, იაპონელები, ჰოლანდიელები, ფრანგები მთავაზობდნენ თავიანთ ქვეყანაში დარჩენას, მაგრამ მე სამშობლოში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს, რომ ეს კოშმარი დამთავრდა. მჯერა, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს ჩემი წამების გამო. დამოუკიდებლად ვატარებ გამოძიებას და ვიცი ბევრი იმ სპორტსმენის ვინაობა, რომელიც ჩემს წამებაში მონაწილეობდა.
თქვენ არ იცით, სააკაშვილი და მისი გუნდი რა საშინელებებს სჩადიოდნენ, თან ამ ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდნენ და მერე ყურებით ტკბებოდნენ. ყოფილი ძალოვანი დაშნიანი 2009 წელს სასტიკად აწამეს იმის გამო, რომ მათი დაკვეთების შესრულებაზე უარი თქვა. სასაფლაოზე აიყვანეს, ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს და ზემოდან დააშარდეს. ასეთი ავადმყოფები და მაზოხისტები იყვნენ. ესენი დაუსჯელები არ უნდა დადიოდნენ.


http://www.kvirispalitra.ge/justice/15900-...sileobdnen.html================================================================================================
ნაცებო, ასეთ რამეებს რო აკეთებდით რას ფიქრობდით? ყველაფრისთვის, რაც კი ჩაიდინეთ ბოლო წლებში ხართ დასაბრედები, და 8 თებერვალს თითო წამოგარტყით და მაგაზე ვიშვიშებთ? რაც დანაშაული გაქვთ ჩადენილი ხართ მოსაკლავები და რას წუწუნებთ? არ გიკვირთ, რო ხალხი ცოცხლად არ გწვავთ? This post has been edited by Tom_Hagen on 25 Feb 2013, 18:58