http://www.liberali.ge/ge/liberali/article..._ref_map=%5B%5Dრა ელის სათამაშო ბიზნესს?
სტატიები
თათია ხალიანი
შეუერთდი განხილვას
საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება კანონპროექტი, რომელიც ლატარიების გარდა ყველა აზარტული და მომგებიანი თამაშის რეკლამის აკრძალვას გულისხმობს. ინიციატივის ავტორი დეპუტატი კობა დავითაშვილია. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ასევე შესულია პეტიცია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მთლიანად აკრძალვას შეეხება. პეტიციას ხელს როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური ორგანიზაციები და სხვადასხვა ფიზიკური პირები აწერენ. ისინი ითხოვენ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. აკრძალვა კაზინოებს, ინტერნეტ - სამორინეებს და ტოტალიზატორებს შეეხება. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აზარტული თამაშებით მოქალაქეები, განსაკუთრებით კი მოზარდები ზარალდებიან. კომიტეტის გადაწყვეტილებით ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რადგან საკითხი ეკონომიკურ გათვლებს და სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
სათამაშო ბიზნესის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს, პრობლემას კი ვერ მოაგვარებს, რადგან არსებობს ონლაინ კაზინოები და მსოფლიოს სხვადასხვა ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა “პირველი რადიოს” კლუბში განაცხადა, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს ბოლომდე მიიყვანს და არ აინტერესებს იზარალებს თუ არა ამით ბიუჯეტი. მან ასევე აღნიშნა, რომ თამაშების აკრძალვის შემთხვევაში მისი იატაკქვეშეთში გადატანის საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის კონტროლიც შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ონლაინ თამაშების კონტროლიც შესაძლებელია.
“ინტერნეტის კონტროლი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. თუ ვინმე ამბობს რომ კონტროლი შეუძლებელია, ეს არის სისულელე. ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ონლაინ პოკერს ვერ ითამაშებთ. კონტროლის მექანიზმები არსებობს. მთავარია, სურვილი და პოლიტიკური ნება. ინტერნეტი ყველაზე მაღალი საფრთხეა, უფრო დიდი საფრთხეა ვიდრე კაზინოები ან ტოტალიზატორები. ინტერნეტ კაზინო და ინტერნეტ ტოტალიზატორი ეს ისაა სადაც მცირეწლოვანს შეუძლია გააკეთოს ფსონი, ისე, რომ მშობლების ნებართვა არ აიღოს. ძალიან ხშირად ხდება ოჯახის გაძარცვა".
დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს სათამაშო ბიზნესის მთლიანად აკრძალვას, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება რეკლამის შეზღუდვას, შეიძლება ითქვას რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
“აჭარაბეთის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ოთარ შალიკაშვილი ამბობს, რომ კომპანია იმ რეგულირების ფარგლებში იმოქმედებს, რომელსაც სახელმწიფო შექნის. თავად კომპანია ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აზარტული თამაშების აკრძალვის ინიციატივას უარყოფითად აფასებს, თუმცა რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს. მათი აზრით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბილბორდებზე, თუ მეტროში გარე რეკლამის აკრძალვა დასაშვებია, მაგრამ სპორტული გადაცემების სასპონსორო პაკეტები, გვიანი სატელევიზიო რეკლამა და ონლაინ რეკლამის უფლება უნდა დარჩეს.
ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის თქმით, თუკი რეკლამა სრულად აიკრძალება, ტელემაუწყებლები, რომლებიც სპორტულ გადაცემებს გადმოსცემენ, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან. მისივე შეფასებით, ეს ბიუჯეტსაც აზარალებს, სადაც სათამაშო და სარეკლამო ბიზნესიდან მნიშვნელოვანი თანხები ირიცხება.
“მარტო სანებართვო და სალინცენზიო მოსაკრებლებით ბიუჯეტში ყოველ წელს 140 მილიონი ლარი შედის. თანაც აკრძალვით იმ შედეგს ვერ მივიღებთ რაც ინიციატორებს უნდათ, თამაში არ გაქრება, რადგან ვისაც თამაში უნდა ის საშუალებასაც მონახავს,” - ამბობს ახვლედიანი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიიჩნევს, რომ თუკი ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნება, ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები თავად ასოციაცია და ექსპერტული წრეები აუცილებლად უნდა ჩაერთონ, რომლებიც დათვლიან და შეაფასებენ იმ შედეგებს, რაც შეიძლება სათამაშო ბიზნესის აკრძალვამ გამოიწვიოს.
„ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ (BPI) დირექტორი ირაკლი ლექვინაძე აზარტული თამაშების აკრძალვის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ინიციატივას ბევრი ხარვეზი აქვს. მისი შეფასებით, პირველ რიგში ეს იქნება დარტყმა სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიისთვის, რადგან ბრუნვების მიხედვით მოწინავე ათ კომპანიას შორის 6 – 7 კომპანია სწორედ კაზინოებია. მეორე ფაქტორი, ამ სფეროში დასაქმებულია ათასობით ადამიანია. აკრძალვით სარეკლამო ბიზნეს და ტურიზმს შემოსავლები აკლდება, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან სადაც სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, ტურისტები საქართველოში ჩამოდიან.
“აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ამის შედეგი იქნება, რომ ეს ბიზნესი იატაკქვეშეთში და აარააღრიცხვად გარემოში გადაინაცვლებს. საბჭოთა კავშირშიც, როცა აკრძალული იყო, იატაკქვეშეთში ეს ბიზნესი მაინც ყვაოდა. მართალია, ამ კანონპროექტს თითქოს კეთილშობილური მიზანი აქვს, მაგრამ პრაქტიკულად პოზიტიური შედეგები არ ექნება. არსებობს ალტერნატიული გზები, რომლითაც პრობლემის მოგვარება შესაძლებელია: სოციალური კაპანიის წარმოება, ასაკობრივი ზღვარის გაზარდა, მეტი რეგულაციები… ”- ამბობს ლექვინაძე. არსებული კანონმდებლობით, აზარტული თამაშში მონაწილეობის მიღება 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ..
სავარაუდოდ, რეკლამის აკრძალვა ყველაზე მეტად ახლადგახსნილ კომპანიებს დააზარალებს, რადგან მოქმედი კომპანიების შესახებ საზოგადოება უკვე ინფორმირებულია და რეკლამა მომხმარებლების მოსაზიდათ ნაკლებად სჭირდებათ.
2005 წლამდე სათამაშო ბიზნესი მკაცრად რეგულირებული არ იყო. მომრავლდა კაზინოები, თუმცა ბიუჯეტში ამ ბიზნესიდან ფული ვერ შედიოდა. ამიტომ აზარტული თამაშების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევაზე საუბარი დაიწყო. მას შემდეგ რაც ეს სფერო რეგულირებადი გახდა, აზარტული თამაშების კანონდარღვევითი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შემდეგ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა.
ამჟამად, საქართველოში სათამაშო ბიზნესს სამი კანონი არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“.
რეგულირების მიზანი, მოქალაქეთა ინტერესების და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლია.
ყველა ტიპის აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით ნებართვას მოითხოვს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემას ექვემდებარება წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატის სალონის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა.
წამახალისებელ გათამაშების მოწყობის ნებართვა 1 წლის ვადით გაიცემა, ხოლო დანარჩენის 5 წლით.
2011 წელს ამ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოწყობაზე ნებართვებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გასცემს, აუქმებს, და მათში ცვლილებები შეაქვს, ის უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა. ასევე, შეუძლია დააწესოს კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებისთვის. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს ამგვარი დაწესებულებები და პირობების შესრულების მდგომარეობა. ამ შემოწმების წესს ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება ეკრძალება.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, მოსაკრებელი თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე მერყეობს. სათამაშო აპარატზე 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით. სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშზე კვარტალში 30 000 ლარიდან 60 000 ლარია დაწესებული. თითოეული კლუბის მაგიდაზე კი ორგანიზაციას 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე გადახდა მოუწევს.
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა პრობლემას ვერ გადაჭრის და ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის ლოკალიზება იქნება.
“ეს აკრძალვები ბიუჯეტს სახსრებს თუ მოაკლებს, თორემ მსურველების რაოდენობას არ შეამცირებს, მაინც იპოვიან ადგილს სადაც ითამაშებენ. მაშინ ინტერნეტიც უნდა აიკრძალოს და საერთოდაც გადაიჭრას კავშირები. ბოლოსდაბოლოს სახლში დასხდებიან და ფულზე ითამაშებენ. რეკლამებზე შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, და ასეთი რაოდენობით მოწოდებული არ იყოს. მეორე ალტერნატივაა ლოკალიზება - ეს ობიექტები რომელიმე ქალაქში გადავიდეს. ახალგაზრდები რომ გაივლიან, სატყუარები თვალწინ არ ჰქონდეთ. ქალაქის ცენტრში ბევრი კაზინოა. თვალში გხვდება, ეს გამოფენილი მანქანები, რომლებიც თამაშდება. თუკი რომელიმე ქალაქში იქნება ლოკალიზებული, სპეციალურად წასვლა გართულდება. თან მეტად კონტროლირებადი გახდება.”
როგორც მხეიძე ამბობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს:
“რაც უფრო მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა, მით უფრო მიილტვიან ადამიანები ბევრი ფულის სწრაფად აღებისკენ. ადამიანი რაც უფრო ნაკლებად შეძლებულია, მით უფრო სჯერა ლატარიის და მით მეტად ყიდულობს ბილეთებს. არიან ადამიანები, რომლებიც თამაშისგან ემოციას იღებენ, ამ კატეგორიისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან იგივეა რაც ნარკოტიკთან დამოკიდებულება.”
საქართველოს მსგავსად აზარტული თამაშების საკითხი მთელ მსოფლიოშიც აქტუალურია, თუმცა ეს ბიზნესი სხვადასხვა მექანიზმებით რეგულირდება. ევროპის ბევრ ქვეყანაში აზარტული თამაშების მოწყობის სპეციალური პირობები არსებობს. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში აკრძალულია კაზინოს მოწყობა. ქალაქის გარეთ სპეციალური უბნებია გამოყოფილი, სადაც სათამაშო სახლების აშენება დაშვებულია. თუმცა საქართველოში ამგვარი განსაკუთრებული პირობები არ არსებობს.