100-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა დღეს, 27 თებერვალს კრებაზე, სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე და თანაცხოვრებაზე ისაუბრეს.
კრება საქართველოში არსებული ორგანიზაციის, "ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ იყო ორგანიზებული. ეს ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, „ვარდების რევოლუციისა" და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არასდროს მალავდა.
"ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ძირითადად რეჟისორები, მსახიობები და მომღერლები მივიდნენ.
"ჩვენ კულტურულ ურთიერთობებს რუსეთთან ვაგრძელებთ, ახლაც მივდივართ მოსკოვში და კიდევ ძალიან ბევრი ლამაზი კონცერტი გვექნება, რადგან ერთი სიმღერა 15 ტანკის ტოლფასია,"- ამბობს მომღერალი ნუგზარ კვაშალი.
მომღერალ ირმა სოხაძეს, რომელიც ასევე იყო დაპატიჟებული დღევანდელ შეხვედრაზე, მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის პრობლემების გადაჭრას კულტურის მუშაკები ვერ შეძლებენ.
"მაგრამ ჩვენი მოკრძალებული წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ. მთავარი არ არის ის, რომ ვილაპარაკოთ წარსულზე, ერთი მხრივ, რუსეთის სიდიადეზე და დამსახურებებზე და მეორე მხრივ, მის საშინელ სახეზე, რომელიც მან ჩვენ მიმართ გამოაჩინა. ახლა მთავარია მომავლის გზები და ნაბიჯები დავსახოთ, რაც ურთულესია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ რუსეთის ინტელიგენციის ჩართულობით მათ პოლიტიკურ წრეებზეც გარკვეულ ზეწოლას გამოვიწვევთ, ვფიქრობ, რაღაც შედეგი იქნება,"- ამბობს ირმა სოხაძე.
შეხვედრაზე რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც გასაცნობად და ხელის მოსაწერად შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ.
დოკუმენტში წერია, რომ შეხვედრის მონაწილეები მიესალმებიან "რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, გზას გაუხსნის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს რუსულ ბაზარზე."
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ მონაწილეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ "საქართველოს კათალიკოს პატრიარქის 2013 წლის იანვრის მოსკოვურ ვიზიტსა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს მესვეურებთან."
აღნიშნულ დოკუმენტში 2008 წლის აგვისტოც არის ნახსენები.
"2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში მთლიანად მხარს ვუჭერთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის , ილია მეორის პოზიციას: ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, როგორც ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში, ისე ქართველებისა და რუსეთის ურთიერთობაში. ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს, რათა მისი მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს."
ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელ გულბაათ რცხილაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება.
"მოსკოვშიც უნდა გავაკეთოთ ასეთი შეხვედრები და დაგეგმილი გვაქვს ასევე, მოსკოვიდან ჩამოვიყვანოთ ცნობილი ინტელიგენციის წარმომადგენელბი და შეხვედრები გავმართოთ მათთან."
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/17314/