შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც...
უამრავი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ვერც მე გამოვიჩინე საჭირო სიფხიზლე. იმდენად ვიყავი აღტაცებული დავითის ხუთჯვრიანი დროშით, ფალიაშვილის მუსიკაზე შექმნილი ჰიმნითა თუ ბაგრატიონთა აღდგენილი გერბით, რომ იტყვიან, ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა - ქალამნად. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ჯერ საგანგებო კომისიისგან შერჩეული გერბის ნაცვლად მისი იმიტაცია შეგვრჩა ხელში. ყალყზე შემდგარი ლომები და სამეფო გვირგვინი ნებისმიერ სხვა ქვეყნის გერბზეც შეიძლება გამოისახოს, ხოლო, ოქროს საწმისის, დავითის შურდულისა და ქრისტეს კვართის გამოსახვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩვენს სახელმწიფო გერბზე.
ფეოდალური წარსულის ამსახველი» სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება.
ასე რომ, ხანმოკლე სიხარულს უკვე ლამის ცხოვრების წესად ქცეული გაურკვევლობა და დაძაბულობა მოჰყვა ისევ, გერბის გაუბრალოებას კი ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად ასახსნელი შეცდომების მთელი ნაკადი, რაც მთავარია, თითქოს შეგნებულად ჩადენილი ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, იმის დასადგენად, თუ რამდენად
ადეკვატური იქნებოდა ჩვენი, როგორც ხალხის, რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ პოლიტიზებულ მოვლენასთან დაკავშირებით.
მაგალითად, წინ აღვუდგებოდით დავით აღმაშენებლის ძეგლის ხელყოფას, ეროვნული მწერლობის, მეცნიერების, სპორტის, საერთო კულტურის უგულვებელყოფას, სამხრეთ ოსეთის, ამ უაღრესად საბჭოური, კრემლში შეთითხნილი ცნების აღდგენას, სვანეთის აფხაზეთის გადაკეთებას ზემო აფხაზეთად, ახალი მიწების მიმატებას უკვე ისედაც დაკარგული ტერიტორიებისთვის, თუ ყურსაც არ შევიბერტყავდით (როგორც მოხდა კიდეც) და კვლავაც მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო, დროგამოშვებით ავუმხედრდებოდით ხელისუფლებას, რაც მონობაში შეძენილი ბედოვლათობის კიდევ ერთი გამოვლენაა და მეტი არაფერი. მოკლედ...
ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ვერ გაგვირკვევია, ვერც მწერლებს და ვერც ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში.
ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი... და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია...
სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა...
სამართლიანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარულ მიგრანტივით, უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარი სატახტო ქალაქიდან. ასევე არ შეშფოთებულა, როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე გაუქმებული "სამხრეთ ოსეთი" აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენაზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე.
ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე "სამხრეთ ოსეთობას" ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი.
ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე. ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება... საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის.
იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს".
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/books/29769-othar-tci...l#ixzz2MP5J54YGსწორი ილაპარაკა ბატონმა ოთარმა
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი