http://netgazeti.ge/GE/105/News/17527/სკანდალი აჭარის მთავრობაში
პოლიტიკა,
აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი თავართქილაძის განცხადებით, გადადგომის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის კანცელარიაში მას არ ჩაუბარებია. ყოფილმა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ინტურისტში“ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
გიორგი თავართქილაძე
როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, თებერვლის თვეში მან გადადგომის შესახებ განცხადება ნამდვილად დაწერა, თუმცა ეს განცხადება მთავრობის კანცელარიაში არ დაუტოვებია.
თავართქილაძის თქმით, თუ საიდან მოხვდა მისი გადადგომის შესახებ განცხადება მთავრობის კანცელარიაში, ჟურნალისტებს შეუძლიათ დასკვნები თავად გააკეთონ.
დღეს გიორგი თავართქილაძემ ჟურნალისტებს მის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმად, გიორგი თავართქილაძემ 2013 წლის 28 თებერვალს, მისი პირველი მოადგილის - დავით ბალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, არჩილ ხაბაძეს მიმართა. განცხადების მიხედვით, თავართქილაძე ითხოვდა, დავით ბალაძეს დაკავებული თანამდებობა 2013 წლის 5 მარტიდან დაეტოვებინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი თავართქილაძის გათავისუფლების შემდეგ მინისტრის მოვალეობას სწორედ დავით ბალაძე ასრულებს.
გიორგი თავართქილაძის დღევანდელ განცხადებას აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. პარმენ ჯალაღონიამ აღნიშნა, რომ გიორგი თავართქილაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ამა წლის 10 თებერვალს დაწერა და აჭარის მთავრობის სამდივნოში პირადად ჩააბარა.
მისივე განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მივლინებაში იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ გიორგი თავართქილაძის განცხადება გადადგომის შესახებ მოგვიანებით დააკმაყოფილა, რის შესახებაც ინფორმაცია არჩილ ხაბაძემ 4 მარტს ყოფილ მინისტრს პირადად მიაწოდა.
როგორც გიორგი თავართქილაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაშია ნათქვამი, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 95-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად გათავისუფლდა.
რაც შეეხება თავათქილაძის მიმრთავას დავით ბალაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, პარმენ ჯალაღონია განმარტავს, რომ დავით ბალაძის გადაყენების საკითხი ვერ განიხილებოდა, რადგან ამ მიმართვის გაკეთების დროს გიორგი თავართქილაძეს განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ უკვე დაწერილი ჰქონდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბოლო ორი დღეა ამტკიცებს, რომ მას არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან 4 მარტს ვერ გადააყენებდა, რადგან 4 მარტის ჩათვლით ის მივლინებაში იმყოფებოდა თბილისში, ხოლო 5 მარტიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შვებულების თხოვნით მიმართა.
აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ გიორგი თავართქილაძის განცხადებას შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძე ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ის უკვე გათავისუფლებულია.