ამაზეა?
http://politico.ge/index.php/news/view/1433მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამართულ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრას - წინ დიდი მოლოდინი უსწრებდა, უკან კი მორიგი გულაცრუება მოიყოლა.
სააკაშვილმა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ პირველმა მოიცალა ჟურნელისტებისთვის, დიპლომატიური ეტიკეტის გათვალისწინებით ისაუბრა შეხვედრის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. მან შეხვედრას “საინტერესო” უწოდა და მიუხედავად ორი ლიდერის ხედვებში არსებული “ფუნდამენტური განსხვავებებისა”, განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებელია ქვეყნისა და ხალხის ინტერესების უკეთ დასაცავად.
სააკაშვილი შეხვედრით კმაყოფილი ჩანდა, მას არც პიკანტურ დეტალებზე უსაუბრია, არც პირად შთაბეჭდილებებსა თუ რეაქციებზე. პრეზიდენტმა ის საკითხები ჩამოაყალიბა, რაც პრემიერს დაუყენა. გაირკვა, რომ ასეთი საკითხი სულ სამია:
პირველი: - შეწყდეს დამოუკიდებელი მედიის ხელში ჩაგდების მცდელობები.
მეორე: - შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა.
მესამე: - შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე მასობრივი დაჭერები და დაკითხვები.
თუ სააკაშვილის გამოსვლა, ასე თუ ისე შეიცავდა ოპტიმისტურ ნოტებს, ივანიშვილის ირონიულმა და დამცინავმა ტონმა, რომელიც სააკაშვილის მიმართ ხშირად შეურაცხმყოფელშიც გადადიოდა, ყველა დაარწმუნა, რომ “კოჰაბიტაცია” ისევ ჩაიფუშა.
ივანიშვილმა შეხვედრას “შეხვედრა შეხვედრისთვის” უწოდა და განაცხადა, რომ “ვერ გაიგო” რა უნდოდა სააკაშვილს. მისი უმრავლესობის წევრებმა კი კრიტიკის ცეცხლი გახსნეს პრეზიდენტის მისამართით და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ისეთ კაცად გამოაცხადეს, ვისთანაც მოლაპარაკებას უბრალოდ აზრი არა აქვს.
თუმცა ამ ისტორიაში გასაოცარი არაფერია. საზოგადოება არც ივანიშვილის აგრესიულ ტონს უცხოობს უკვე და არც ნაციონალებსა და მეოცნებეებს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებას.
მაგრამ სიურპრიზები შეხვედრიდან მეორე დღეს დაიწყო. ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში, საზოგადოებამ სრულიად ახალი ივანიშვილი იხილა – უჩვეულოდ რბილი და უჩვეულოდ კონსტრუქციული.
ვახო სანაიასთან საუბარში, ხისტი პოზიციებით ცნობილი პრემიერ მინისტრი, მისთვის არადამახასიათებლად დიპლომატიური იყო. პირველად მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მან აღიარა, რომ სააკაშვილის დროს თურმე გარკვეული წინსვლა მართლაც ჰქონია ქვეყანას, რისი დაუნახავობაც არ იქნება სწორი. ნაცვლად მისი ტრადიციული რიტორიკისა “ხალხის რისხვასთან” დაკავშირებით, ივანიშვილმა თითი დაუქნია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების სრულ განადგურებას მოითხოვს და მკაცრად მოუწოდა მათ გამოიჩინონ მოთმინება და თავიანთი გადამეტებული რადიკალიზმით არ შელახონ საქართველოს რეპუტაცია ევროპისა და ამერიკის თვალში. ივანიშვილმა ახალი პოლიტკური პარადიგმაც შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მესამე კი არ უნდა “გავაგდოთ, არამედ უნდა გავუშვათ”.
მაგრამ ყველაზე საყურადღებო მისი ის განცხადება იყო, სადაც მან ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ანუ იმ თემაზე ისაუბრა, რაც სააკაშვილმა შეხვედრის დროს სამიდან ერთ-ერთ მოთხოვნად დაუყენა:
“მაღალჩინოსნები ვისაც აქვთ კანონის წინაშე ჩადენილი დანაშაული რაღათქმაუნდა უნდა დაისაჯონ... მაგრამ ეს არ უნდა იყოს მასიური, ეს არ უნდა გადაიზარდოს მასიურ დევნაში და ეს პროცესები არ უნდა იყოს უსასრულო” – განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის პოზიცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვახო სანაიამ სწრაფი კითხვა შეაგება: “არის მასობრივი დევნის ნიშნები?” – ივანიშვილმა უპასუხა: “რათქმაუნდა ასე ჩანს”. პრემიერის პოზიცია იმდენად დაემთხვა უეცრად სააკაშვილისას, რომ ჟურნალისტის მორიგი შეკითხვა ასე ჟღერდა: “ამას სააკაშვილიც ამბობს, რომ ქვედა და დაბალ რგოლებში არის დაკავებების მაღალი რაოდენობა” – “რათქმაუნდა” მიუგო ივანიშვილმა – “ანუ ეთანხმებით ამაში სააკაშვილს?” – “რათქმაუნდა” ისევ ენერგიულად გაიმეორა “ქართული ოცნების” ლიდერმა.
არადა შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე სააკაშვილის მიერ წაყენებულ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით – პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე ირონიულად განაცხადა, რომ მან ვერც კი გაიგო რას ითხოვდა სააკაშვილი.
სანაიასთვის მიცემული ინტერვიუ საინტერესო, მაგრამ მაინც იზოლირებულ სიურპრიზად დარჩებოდა პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, რომ არა ის რაც ივანიშვილმა უკვე შეხვედრიდან მესამე დღეს გააკეთა.
როგორც გახსოვთ სააკაშვილის პირველი პრეტენზია, რომელიც მან შეხვედრისას მთავრობის მეთაურს წაუყენა - სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის კამპანიის შეჩერაბა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო.
ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა საკუთარი სტატუსისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სვლა გააკეთა და სასამართლო ხელისუფლების პირველ პირს თავად ეახლა აუდიენციაზე უზენაეს სასამართლოში.
ივანიშვილისთვის უფრო ნაკლებ დამახასიათებელი კი ის განცხადებები იყო, რაც მან კოტე კუბლაშვილთან ერთსაათიანი შეხვედრის მერე გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
“სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი, როგორც ახალი ისე ძველი გუნდისაგან... არ არსებობს ჩემი მხრიდან ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა, რომ სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. არავითარ იმპიჩმენტზე საუბარი არ გვქონია, ძალიან კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია და მისი წარსული და მე ვთვლი, ორმ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ღირსეულად მიიყვანოს ბოლომდე მისი თავმჯდომარეობის ვადა”. (ცნობისათვის - კოტე კუბლაშვილს ვადა 2015 წელს უმთავრდება)
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ეს განცხადება იმ მომენტს ემთხვევა, როდესაც პროკურატურაში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მესამე ხელისუფლების წინააღმდეგ; ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც ფოთის საქალაქო მოსამართლეს უკვე მეორედ იბარებენ დაკითხვაზე მის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე; მაშინ, როდესაც “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თითქმის ყოველ დღე საუბრობენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე და მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “კუბლაშვილის სასამართლოს” ანტი-ხალხურობაზე საუბრობს სისტემატიურად.
ერთი შეხედვით “ოცნების” უკვე “დამტკიცებული” ნარატივი ივანიშვილმა ერთი ხელის მოსმით შეცვალა. სხვათაშორის იგივე გააკეთა რამოდენიმე სხვა საკითხზეც – მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების ირიბობაზე – რაზეც სავარაუდოდ მომავალში საუბრები აღარ იქნება. თუმცა ამაზე აღარ ვჩერდებით რადგან ეს არ წარმოადგენდა პრეზიდენტთან შეხვედრის იმ პუნქტს, რომელიც სააკაშვილმა დააყენა როგორც თანამშრომლობის ფორმატისთვის საჭირო აუცილებლობა.
მოკლედ როგორც ახლა ვხედავთ “შეხვედრა შეხვედრისთვის” არც ისე “შეხვედრა შეხვედრისთვის” ყოფილა როგორც თავიდან გვეგონა. ფაქტია, რომ გაანალიზების მოყვარულმა პრემიერმა, მოახერხა და რაღაც ისეთი გაანალიზა რამაც გადააწყვეტინა სრულიად ახალი პოლიტიკური დისკურსი შემოეტანა მის მმართველობაში.
ფაქტია, რომ მან პირველად დატუქსა საკუთარი მომხრეები იმისათვის, რომ ეს უკანასკნელნი ზედმეტად ითხოვენ ნაცინალების სისხლს. ფაქტია, რომ მან პირველად აღიარა, რომ ის რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ოპოზიციის “მასობრივი დევნის” და ისიც “დაუსრულებელ” სახეს იღებს. ფაქტია, რომ მან, საკუთარი უმრავლესობის მიერ თემიდას “დასაუფლებლად” გამოცხადებული ლაშქრობა ერთპიროვნულად უკან გაიხმო.
რა მოხდა? რა “გააანალიზა” მან ასეთი იმ შეხვედრის შემდეგ რამაც ასეთი შემობრუნება განაპირობა?
პოლიტიკოს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს, მაგრამ გთავაზობთ ყველაზე მაღალი ხარისხის პოლიტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილ სავარაუდო მიზეზებს:
მიზეზი პირველი: – ივანიშვილი მიხვდა, რომ ეგრეთწოდებული “სამართლიანობის აღდგენა”, რომელიც რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების კოდური სახელია, ისეთივე აუხდენელი ოცნებაა, როგორც ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების განახევრება. მიხვდა, რომ ამ მიმართულებით მის მომხრეთა დიდ ნაწილში არსებული უშველებელი მოლოდინი უმჯობესია ცოტათი დააცხროს თორემ, ეს მოლოდინი შესაძლოა მას შეუბრუნდეს უკან. რატომ გახდა “სამართლიანობის აღდგენა” აუხდენელი ოცნება? – ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: - ფაქტია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ ამაზე მუშაობს, ჯერ ვერცერთი რეალური საქმე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ დაიდო. ფაქტია, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ყველა სხვა ძალაუფლება-დაკარგული მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, არ გატყდა, არ დაშინდა და რელიგიური სექტასავით – რაც უფრო ავიწროვებ მით უფრო რეზისტანტული ხდება. ფაქტია, რომ ვერც მასობრივი დაკითხვები და ვერც ლიდერების დაჭერის მუქარა ვერ დებს სასურველ შედეგს – რაც “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა იქნებოდა – პირიქით, ეს მას აძლიერებს, აკონსოლიდირებს, და ახალ ენერგიას უჩენს მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის. ასევე ფაქტია, რომ მასობრივი დევნის “დაუსრულებელი პროცესი” (როგორც თავად ივანიშვილმა უწოდა) შეუძლებელია საზოგადოების ნორმალურ ნაწილს სიამოვნებდეს და სავარაუდოდ პრემიერი ამასაც ხვდება. კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ ეს პროცესი სულ უფრო და უფრო აზარალებს ივანიშვილის საერთაშორისო პოზიციებს რაც მას ნამდვილად არ უნდა.
ივანიშვილი, რომელმაც დიდი ძალისხმევა დაუთმო იმას, რომ ხალხის სოციალური მოლოდინი “სამართლიანობის აღდგენის” მოლოდინად ექცია, აცნობიერებს, რომ ერთი მონსტრის ნაცვლად შეიძლება მეორე მონსტრი მიიღოს, რომელიც იგივე საფრხეებს შეიცავს მისი ხელისუფლებისთვის.
მიზეზი მეორე – ივანიშვილი ასევე მიხვდა, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ არჩეული დისკურსი სრულიად უპერსპექტივო და ჩიხურია მისი ხელისუფლებისთვის. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იმ საერთაშორისო ყურადღების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მიმართ ახლა არსებობს, საზოგადოებაში არსებული პოლიტიზაციის ხარისხის გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მედია სივრცე ხელისუფლების სრულ კონტროლს არ ექვემდებარება, ივანიშვილი მიხვდა, რომ სასამართლოს უხეში მეთოდებით დამორჩილება და მისი თავისუფლების შეზღუდვა უბრალოდ უპერსპექტივოა და არა მარტო შიდა პოლიტიკური, არამედ საგარეო პოლიტიკური კოლაფსის მუქარას შეიცავს “ოცნებისათვის”.
მიზეზი მესამე – საერთაშორისო ზეწოლა – ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მათ შორის იმ რიტორიკას, რომ საქართველოში სამაგალითო დემოკრატია შენდება, მაგრამ დასავლეთში ყველას “ნაციონალური მოძრაობა” ატყუებს და შეცდომაშია ყველა შეყვანილი. როგორც ჩანს ივანიშვილი გრძნობს, რომ ეს ქაღალდის თვითმფრინავი დიდხანს ვერ იფრენს. გრძნობს, რომ ამერიკელები და განსაკუთრებით ევროპელები დღითიდღე უფრო და უფრო მეტად კრავენ კოპებს საქართველოსთან მიმართებაში. ივანიშვილი კი არის რუსი ოლიგარქი, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ პირისპირ რუსეთთან დარჩენა ისეთივე საშიშია მისთვის, როგორც ეს იყო სააკაშვილისთვის. ამიტომ ის ხვდება, რომ დასავლეთისგან ზურგის შექცევა არ უნდა დაუშვას, ოპოზიციის და სასამართლო ხელისუფლების განადგურების მცდელობა კი ამის უტყუარი რეცეპტი იქნება.
მიზეზი მეოთხე – ეს ბოლო მიზეზია – ივანიშვილმა ბოლო შეხვედრაზე სხვა სააკაშვილი იხილა – კულუარული ხმები იუწყებიან, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სადაც სააკაშვილი კორექტული თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა, ივანიშვილი კი საკმაოდ არაკორექტულად უტევდა, ამჯერად სააკაშვილი იყო მასირებულ შეტევაზე. ამბობენ, რომ სააკაშვილი იმ ტონით ესაუბრა ოლიგარქ პრემიერ მინისტრს, როგორითაც საუბარს მას მრავალი წელია ვეღარავინ უბედავს.
ეს მათ შეხვედრის შემდეგაც ეტყობოდათ: სააკაშვილი მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე მწყობრად და ენერგიულად საუბრობდა, ივანიშვილი უფრო დაბნეული და გაბრაზებული ჩანდა და ყვებოდა იმას თუ რა მოთხოვნები დაულაგა სააკაშვილმა... სააკაშვილი თავის განცხადებებში დიდსულოვანი და კორექტული იყო, ივანიშვილი კი ცინიკური და აგრესიული... შეხვედრის შემდგომ განცხადებებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ინიციატივა სააკაშვილის ხელში იყო, ივანიშვილი კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ძირითადად “ვერ გაიგო” რა უნდოდა სააკაშვილს და “ჩემი შენ გითხარი” უთხრა.
თავისთავად ფრაზა “ჩემი შენ გითხარი”-ც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ხომ ერთგვარი თავდაცვითი პოზიციაა მაშინ, როდესაც ოპონენტი იმ არგუმენტებს იყენებს შენს წინააღმდეგ, რომელიც მანმადე გეგონა, რომ შენ გქონდა არსენალში.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აშკარას ხდის, რომ სააკაშვილმა თავისი ნამდვილი, ალფა მამრის, სახე აჩვენა ივანიშვილს: – შეხვერდა მეთერთმეტე, საპრეზიდენტო სართულზე შედგა, სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი პირველ სართულზე, ანუ შეხვედრის სართულიდან 10 სართულის მოშორებით გააკეთა, ივანიშვილმა კი მეთორმეტეზე, ანუ შეხვედრის სართულიან მხოლო ერთი სართულის მოშორებით. მიუხედავად ამისა ჟურნალისტებთან პირველი სააკაშვილი გავიდა და მან ზუსტად იცოდა თუ რა განცხადება უნდა გაეკეთებინა. ივანიშვილს კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის მოსაფიქრებლად თუ რა ეთქვა საზოგადოებსთვის.
მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე სააკაშვილი უფრო შემტევი იყო არაფერს არ ნიშნავს. ივანიშვილს საკმაოდ დრამატული ცხოვრება აქვს გამოვლილი საიმისოდ, რომ უბრალოდ აგრესიული თანამოსაუბრე პოზიციებს აკარგვინებდეს.
მთავარი რამაც იქონია გავლენა, როგორც ჩანს არის ის, რომ ივანიშვილმა სააკაშვილში ახალი ენერგია დაინახა, ახალი თავდაჯერებულობა. სააკაშვილი არ გავდა ხელისუფლება დაკარგულ წარმავალ ლიდერს, საკაშვილი გავდა ძლიერი ოპოზიციის ლიდერს, როლმელიც ძალებს იკრებს მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის. როგორც ჩანს სააკაშვილის განწყობაში ივანიშვილმა ის სწრაფი ტემპით ცვალებადი საზოგადოებრივი განწყობაც წაიკითხა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად იძენს “ქართული ოცნების” მიმართ გულაცრუების ნიშნებს.
ასე, რომ სახეზეა რაღაც ახალი პოლიტიკური რეალობის ნიშნები, რეალობისა სადაც აღარ არის ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლამობს მეორეს განადგურებას. სახეზეა რეალობა რომელიც უფრო მეტად ემსგავსება ევროპულ დემოკრატიას, რომელსაც უფრო მეტად შეეფერება არა ყბადაღებული და გაუგებარი სიტყვა “კოჰაბიტაცია” არამედ სიტყვა “ცივილურობა”.
სწორედ ამ ცივილურობის გამოვლინება იყო ის რეაქციაც რაც პრემიერ მინისტრის კომპრომისულ ჟესტებს იმავე საღამოს მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან:
“დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება... ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ დღეს... ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება მხოლოდ სიტყვებად და პრემიერისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოყვება... პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს”