dongabo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4308
წევრი No.: 218386
რეგისტრ.: 10-May 16
|
#50015747 · 25 Feb 2017, 22:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს წერილი წავიკითხე და ავტორივით გამაოგნა. სასწაული რაღაც არის... " ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ხირჩლა ჭინჭარაული, დაახლოებით ორმოცი წლისა. ჩემმა მასპინძელმა ბალახის თიბვა მიატოვა და წინ გამიძღვა. ავიარეთ ფერდობი, ავედით ერთ მოშიშვლებულ მთაზე და გამოჩნდა ფუნის უზარმაზარი გროვა, ხოლო იმ გროვას რომ შემოვუარეთ, დავინახე მიწური სახლი, რომლის წინაც, მოტიტვლებულ ეზოში, 5 თუ 6 ბავშვი თამაშობდა. ჩემს დანახვაზე დაფრთხნენ და გაიქცნენ.
შევედით მიწურში, სადაც დაგვხვდა მასპინძლის ცოლი – ნაადრევად დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ, საკმაოდ ლამაზი ქალი. დიასახლისმა დაგვსხა ტახტზე, წინ დაგვიდგა პატარა ტაბლა და შეუდგა ვახშმის სამზადისს.
მე ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს: გაშავებულ პატარა ბუხარს, მის თავზე შემოგდებულ, გამურულ ფანდურს, წყლის რამდენიმე თუნგს და ხის დერგებს, სადაც ჩემი მასპინძლები ყველსა და ერბოს ინახავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დამავიწყა ერთმა საკვირველმა თექამ, რომელიც მოპირდაპირე კედელზე იყო გაკრული.
ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი დამახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები. ცნობილია, რომ გეომეტრიული ანუ ხაზოვანი პერსპექტივა იტალიურმა რენესანსმა აღმოაჩინა და აქედან მოყოლებული ევროპულ მხატვრობაში სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია სწორედ ამ ხაზოვანი პერსპექტივით მიიღწევა. მაგრამ ხევსურულ მიწურში ნანახმა თექამ მე დამარწმუნა, რომ სიცრცის გადმოცემა ხაზების სისტემის გარეშე, მარტო ფერების საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი.
ეს იყო ფანტასტიური აღმოჩენა!
მე ამ აღმოჩენამ იმდენად შემძრა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. გონს რომ მოვეგე, უკვე ფეხზე ვიდექი და ჩემი გაოცებული მასპინძლების თვალწინ იმ საოცარ თექას ხელით ვსინჯავდი.
ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევარს – არც ფერით, არც კომპოზიციით და არც, მით უმეტეს, სიუჟეტით, მაგრამ მასში მე ვგრძნობდი საქართველოს მიწა-წყალს, ჰაერსა და მის გამაოგნებელ კოლორიტს.
უნდა გითხრა, რომ ჩვენი წარსული ხელოვნების ფორმები ჯერ კიდევ შეუსწავლელია: ვერსად ნახავ დამაჯერებელ აზრს მათი ესთეტიური ღირებულების შესახებ. ჩვენში ყოველნაირ სიძველეს ერთნაირი მნიშვნელობას აძლევენ და ხელოვნების ფორმის დაფასება მარტო იმით ისაზღვრება, რომ ის ძველია.
ეს ფარდაგიც ძველი იყო, მაგრამ მთელი ჩემი პარიზში ყოფნის დროს ასეთი ახალი და ორიგინალური არაფერი მენახა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, ეს თექა ლუვრის საუკეთესო დარბაზში უნდა გამოეფინათ, რათა მისი ხილვით დატკბობის საშუალება მილიონობით ადამიანს მისცემოდა.
ამ ფიქრიდან მასპინძლის ხმამ გამომიყვანა, რომელიც სუფრასთან მეპატიჟებოდა. ტახტზე ჩამოვჯექი თუ არა, ხირჩლამ ჟიპიტაურით სავსე პატარა ყანწი მომაწოდა და მე, როგორც აქ არის მიღებული, დავლოცე მისი ჯალაბი და საქონელი, შემდეგ ფრთხილად შევაპარე, რომ თექა ძალიან მომეწონა და რასაც დამიფასებდა, უყოყმანოდ გადავუხდიდი.
მან თავი გააქნის და მთხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ გვესაუბრა.
დავლიეთ კიდევ რამდენიმე ყანწი და ამასობაში დაღამდა კიდეც. არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ კედელში ჩატანებული ჭრაქის მოლიცლიცე შუქისა – ხელოვნების იმ ნაწარმოებმა სულ სხვა, იდუმალი ფერი მიიღო და ჩემს თვალწინ სრულიად ახალი ღირსებებით წარმოსდგა.
ქალმა ბავშვები დააწვინა და მალე ჩვენც დასაძინებლად მოვეწყვეთ, მაგრამ თითქმის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმ თექაზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე აქედან წასვლა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ეს შედევრი ხელში ჩამეგდო, რისთვისაც, მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ მარჯვე და ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე.
მეორე დილით რომ ავდექით, დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა. ჩვენც დავსხედით და დავიწყეთ იმ საზიზღარი ჟიპიტაურის სმა. სამ-სამი ყანწი რომ დავლიეთ, მე ისევ თექაზე ჩამოვადგე ლაპარაკი. მასპინძელმა მითხრა, რომ ის მისი ბებიის დედის, ვინმე გულქან არაბულის ნახელავი იყო.
ჩემის მხრივ მე ვუამბე საკუთარი თავგადასავალი. ვუთხარი, რომ მხატვარი ვიყავი და ამ საქმეს საფრანგეთში ცხრა წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად გაუგებარ თემაზე: პარიზის ხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე, იქ არსებულ ორ უმთავრეს დაჯგუფებაზე, რომელთაგან ერთი განაგრძობს კუბიზმის მონაპოვართა გაღრმავებას, მის ორგანიზაციას, სინთეზს, ახალი პირობების მიხედვით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას (პიკასოდან დაწყებული ანდერე ლოტამდე), ხოლო მეორე ჯგუფი ან სარგებლობს უკვე მოცემული მხატვრული ფორმულებით (Andre Derain, Risling Favori, Suzane Valadon, Marie Laurensin, Frie, Waroquier) ან ფიქრობს ბუნების უშუალო გადმოცემაზე (Dunoger de Segonsas, Gromaire, Van Dongen, Vlamich, Grosz). ამასთან, არ დავუმალე, რომ ეს თექა ძირეულად განსხვავდება ამ ორივე ჯგუფის მიერ შემუშავებული კანცეფციისაგან და წარმოადგენს სრულიად ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მიმდინარეობას, რომელმაც, შესაძლებელია, რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს თანამედროვე ევროპის მხატვრულ რეალობაში. დასკვნის სახით კი ვუთხარი, რომ ჩვენი ვალია, ეს ნამუშევარი უსათუოდ გავაცნოთ ევროპელ მხატვრებს, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება – ჯერ ერთი. რომ ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას, არამედ, თვალნათლივ დაინახავენ მხატვრობის განვითარების პერსპექტივებს და მეორეც, ჩვენი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და სამააყო იქნება ის, რომ ამ პერსპექტივას გენიალური ქართველი შემოქმედი, ანუ მისი დიდი ბებია დაუდებს სათავეს.
ჩემი საწყალი მასპინძელი მთელი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვეჭვობ, ჩემი ამ გრძელი ტრიადიდან ნიშანდობლივ რაიმე გაეგოს, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, თექა უნდა მომყიდო-მეთქი.
არაო, – მიპასუხა, – გუშინაც ხო გითხარი, რო ვერ გავყიდიო.
მაშინ, მაჩუქე-მეთქი!
ეს მზაკვრული ხერხი წინასწარ მოვიფიქრე და ჩემი გეგმის კულმინაციად დავსახე, რადგან ვიცოდი, რომ მთიელი კაცი სტუმარს ასეთ თხოვნაზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. მართლაც, ჩემს სიტყვებზე ძალიან მოიწყინა, სახე ხელისგულებში ჩამალა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ეგრე. მე ვხვდებოდი, რომ მის არსებაში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ვერც თექას ელეოდა და არც სტუმრის წყენინება უნდოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, მაგრამ ოღონდაც ის აუძლეველი სურვილი ამესრულებინა და იმ წუთში ყველაფრისათვის მზად ვიყავი.
ბოლოს, როდის, როდის თავი აიღო და შემომხედა. შევცბი: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მერე არაყი დაისხა, დალია და დახლოებით ასეთი რამ მითხრა: “მე ადრე დავვობლდი. ექვსი წლისას დედა მომიკვდა, რვისას – მამა. ბებია მზრდიდა, მაგრამ, თორმეტისა რო შევსრულდი, ისიც მომიკვდა. დავრჩი მარტო. საქონელს ვუვლიდი, თივას ვამზადებდი, ტყიდან შეშას ვეზიდებოდი. აქ მკაცრი ზამთარი იცის – თოვლი, ყინვა, ზვავები.
კარგად რომ მოვიზარდე, ეს ჩემსავით ობოლი, ბოგანო ქალი შევირთე და ოჯახი კომლად ვაქციე. ექვსი ბალღი გვეყოლა, სულ ერთმანეთის მომდევნოები. მამლის ყივილზე ვდგები, ვწვალობ, ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჯალაბი როგორმე გამოვკვებო, მაგრამ მაინც მშივრები და შიშველ-ტიტვლები ვყრივართ. ზოგჯერ ისე შემჯავრდება ყველაფერი, რო თავის მოკვლა მინდება. მოვალ დაღლილ-დაქანცული და ტახტზე მივეგდები – არ ვიცი, თოფი დავიცე თუ ხანჯალზე დავეგო, მაგრამ ამ თექას რო შევხედავ, გულში ნათელი მიდგება, ყველაფერი მავიწყდება, ისევ კაცი მგონია ჩემი თავი, – ერთხანს იყუჩა, მერე ყანწი ისევ შეივსო და თქვა: – ეხლა, როგორც შენ იტყვი, თუ ეგრე გულით გინდა, ადექი, ჩამოხსენი და წაიღე”.
მე ვეღარაფერი ვაწამე. ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე ავდექი, გადავეხვიე, ორთავ მხარზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წამოვედი.
ახლა მაღაროსკარის ფოსტაში ვზივარ და ამ წერილს გწერ. სრულიად არ ვნანობ, რომ ის თექა არ წამოვიღე. ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის.
მარად შენი მოყვარული ძმა
დავით კაკაბაძე.
4 აგვისტო, 1928 წელი.
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=9d8SzG4FPyM
|