ivery
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 159483
რეგისტრ.: 15-January 13
|
#35919238 · 7 Apr 2013, 19:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
*ძალიან საინტერსო ცნობები ინდოეთში ქართველთა შესახებ
XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თემურ-ლენგის შემოსევების დროს ხალხთა დიდ გადაადგილებას უნდა ჰქონოდა ადგილი კავკასიიდან ინდოეთისაკენ. რა თქმა უნდა, ეს გადაადგილებაც არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს. XIV-ე საუკუნეში მაჰმადიანებმა დაიპყრეს ინდოსტანის ცენტრალური ნაწილიც – დეკანი. 1398 წელს დელის სასულთნო შეიერთა თემურ-ლენგმა. სწორედ მან შეიყვანა დატყვევებული, ძალად გამაჰმადიანებული ეროვნული ჯგუფები პენჯაბში. თემურ-ლენგის სიკვდილის შემდეგ ცვალებადი წარმატებით ებრძოდნენ ერთმანეთს ისლამური და ინდუსური სამთავროები. მაჰმადიანები ახალ-ახალ ტერიტორიებს იკავებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ქართული ტალღა ავღანეთ-ინდოეთში გაჩნდა ბელუჯისტან-ავღანეთ-პენჯაბში თემურის მახვილის მეოხებით. განახლებული ქართველობის უმეტესობა შეიწოვა ვრცელმა გზამ, დაილექა უმთავრესად ავღანეთში. მაგრამ ცალკეული ჯგუფები უდავოდ მოხვდნენ ინდის ნაპირზე. შემდეგში ასეთი მოვლენები პერიოდულად მეორდებოდა სხვადასხვა მასშტაბით. შემონახული გვაქვს გვიანდელი წყარო, საიდანაც ჩანს, რომ XV საუკუნის I ნახევარში ქართველი ტყვეების უბედურების ამბავმა ქ. დელიმდე მიაღწია. სხვათა შორის, ქ. დელის XVII ს-ში ეწოდა შაჰ-ჯეხან-აბადი, ე.ი. შაჰ ჯეხანის ქალაქი. შემოკლებით ჯეხან აბადი. ქართველებში ეს სახელი გადმოვიდა, როგორც ჯანდაბა! ქართველებმა ეს მშვენიერი ქალაქი იქ ჩაღწევის სიძნელისა და გზაზე არსებული საშიშროების გამო ჯოჯოხეთს დაუკავშირეს. ამიტომაც ,,ჯანდაბაში მივდივართ'', ან ,,ჯანდაბამდის გზა გქონია'' ყოველთვის ჯოჯოხეთს როდი გულისხმობდა. არაიშვიათად საუბარი ეხება ქ. დელის. განვიხილოთ ერთი ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველები XV საუკუნეში აღწევდნენ ინდოეთამდე. ინდოსტანში ქართველები არ რჩებოდნენ უბრალო მონებად. მოგვიანებით ფრანგი მისიონერი ჟან ბატისტ დე ტავერნიე მიუთითებდა, რომ დიდი მოგოლის იმპერიაში ქართველებს უპირატესობას აძლევდნენ. იგი წერდა: ,,ქართველებს ძალიან უყვართ მოგზაურობა და დიდი სოვდაგრებიც ჰყავთ. ისინი არაჩვეულებრივად მოხერხებულად ისვრიან შვილდ-ისარს. ცნობილნი არიან როგორც საუკეთესო ჯარისკაცები მთელს აზიაში. სპარსეთის შაჰი თავის კავალერიის ნაწილს ჰქმნის მათგან, ნაწილი ჰყავს სასახლესთან, ენდობა რა მათ თავდადებას და ვაჟკაცობას, მამაცობას. ბევრნი არიან დიდი მოგოლის სამსახურშიც'' ჟ. ტავერნიეს ცნობა საშუალებას იძლევა მიახლოებით მაინც გავარკვიოთ ქართველთა ინდოეთში შეღწევის გზები და მათი ბედი. როგორც ჩანს, მათ იგივე როლი დაეკისრათ, რაც თურქეთში – იანიჩარები, არაბულ ქვეყნებში: ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში, ტუნისში – მამლუქი, ირანში – ყორჩი, ყული. მამაკაცები შეჰყავდათ პირად დაცვაში, გვარდიაში, ქალები კი ჰარემებს ამშვენებდნენ. ქართველთა ინდოეთში აქტიურობის შესახებ ყველაზე საინტერესო ცნობები შემოგვინახა ფრანგმა მოგზაურმა ფრანსუა ბერნიემ. ბერნიემ ინდოეთში 12 წელი დაჰყო. აქედან 9 წელი დიდი მოგოლის – აურანგზების (1658-1707 წ.წ.) კარის ექიმია
,...გოლკონდის მეფე გამოვიდა ბაღში, რომ ჩვეულების თანახმად მიეღო იგი შესაფერი პატივით, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, თავის საუბედუროდ, მტრის ხელში. 10-12 ქართველი მონა უკვე აპირებდა მის შეპყრობას, როგორც იყო განსაზღვრული, რომ ერთმა ემირმა, შეშფოთებულმა მისი მდგომარეობით, ვერ მოითმინა და დაიძახა''.
არაფერმა გასჭრა, გოლკონდა დაეცა! მეფე თავისსავე დედაქალაქში დოულეთაბადში დაატყვევეს.
ფრ. ბერნიემ იცის, რომ აღმოსავლეთის მბრძანებელთა ბავშვები იზრდებიან მონებს შორის და ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. ამ ბავშვებს ჰკრებენ ,,რუსეთში, ჩერქეზეთში, სამეგრელოში''.
გოლკონდის აღებისას ახალგაზრდა აურანგზები დაინიშნა დეკანის ვიცე-მეფედ. შესაძლოა, ამიტომაც ჰყავდა მას ქართველი მონა, რომლებიც ამ მხარეში ტრადიციულად ბევრნი იყვნენ.
მის შესახებ ვიგებთ ისევ ფრანსუა ბერნიეს ნაშრომიდან. აი, რას წერს იგი: ,,ინდოსტანის მთელი უზარმაზარი ნახავარკუნძული, თუ გავავლებთ ხაზს კამბეის ყურედან ბენგალიის ყურემდე ქალაქ ჯაგანატას მახლობლად და იქიდან კომორინის კონცხამდე, ზოგიერთი მთიანი ადგილის გამოკლებით, დაახლოებით ორასზე ცოტათი უფრო ნაკლები წლის უკან იმყოფებოდა, ერთი ძალზე ძლიერი ხელმწიფის მფლობელობის ქვეშ. აწინდელ დროში იგი გაყოფილია სხვადასხვა რელიგიის მაღიარებელ რამდენიმე ხელმწიფეს შორის. ასეთი დაყოფის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ რაჯამ ანუ მეფემ რამრასმა, მთელი ნახევარკუნძულის უკანასკნელმა გამაერთიანებელმა მფლობელმა, ძალზე აამაღლა მასთან სამსახურში მყოფი სამი მონა ქართველი, სამივე დანიშნა გუბერნატორებად: – პირველი იმ მიწების უმეტეს ნაწილზე, რომელიც უჭირავს ამჟამად დეკანში დიდ მოგოლს – ბადარის დაულეთაბადიდან, ფარანდიდან და სურატიდან ნარბადარამდე; მეორე – ყველა დანარჩენ მიწებზე, რომლებიც დღეს შედიან ბიჯაპურის სამეფოში და ბოლოს მესამე – ყველა იმ მიწებზე, რომლებიც შედიან გოლკონდის სამეფოში.
ეს სამი მონა გახდნენ ძალზე მდიდრები და ძალზე ძლიერები; მათ მხარს უჭერდა ბევრი მოგოლი, რომლებიც იმყოფებოდნენ რამრასთან სამსახურში, იმიტომ რომ ისინი სამივენი იყვნენ მაჰმადიანები შიიტური სექტის, როგორც სპარსელები. (მათ არ შეეძლოთ მიეღოთ წარმართების სარწმუნოება, იმ შემთხვევაშიც კი თვითონვე რომ მოენდომებინათ, იმიტომ, რომ წარმართებს სწამდათ, რომ მათი რჯული-კანონი ღვთის მიერ მიცემული აქვთ მხოლოდ მათ. ისინი, (სამი ქართველი გუბერნატორი) ბოლოს და ბოლოს აჯანყდნენ საერთო შეთანხმებით, მოკლეს რამრასი და დაბრუნდნენ თავიანთ პროვინციაში, მიიღეს შაჰის ანუ მეფის ტიტული. რამრასის მემკვიდრენი, არ გრძნობდნენ რა თავიანთ თავს საკმარისად ძლიერად მათ წინააღმდეგ, დაკმაყოფილდნენ იმით, რომ გამაგრდნენ ერთ მხარეში, სახელდობრ, იმ ოლქში, რომელსაც უბრალო ხალხი ეძახის კარნატიკს, ხოლო ჩვენს რუკებზე აღნიშნულია, როგორც ბიზნაგერი. აქ ისინი არიან რაჯები დღემდის, ხოლო მთელი დანარჩენი სახელმწიფო დაიშალა მაშინვე ყველა ამ რაჯებს, ნაიკებს და მეფუკებს შორის, რომელთაც ჩვენ ახლაც ვხედავთ. ის სამი ქართველი მონა და მათი შთამომავლები მთელი ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალაუფლებას საკუთარ სამეფოებში იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ მტკიცე მუდმივი კავშირი ერთმანეთს შორის და უჭერდნენ ერთმანეთს მხარს მოგოლთა წინააღმდეგ წარმოებულ დიდ ომებში. მაგრამ, როგორც კი მათ დაიწყეს ზრუნვა თითოეულმა მხოლოდ საკუთარ სამფლობელოზე, ძალზე სწრაფად იგრძნეს ასეთი დაყოფის შედეგები. ისარგებლა რა ამით დიდმა მოგოლმა 35-40 წლის უკან მოასწრო მოკლე დროში დაეკავებინა მთელი ოლქი ნეზამ შაჰის, ანუ მეფე ნეწამისა, პირველი ქართველი მონის მეხუთე თუ მეექვსე შთამომავლისა, ჩაიგდო თვითონაც ტყვედ, ჩაამწყვდია საკუთარსავე დედაქალაქში დაულეთაბადში, სადაც მოკვდა კიდევაც''.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის საცთური დავუშვათ, რომ სამივე შიიტურ სასულთნოს სწორედ ,,ქართული'' წარმოშობის დინასტიები განაგებდნენ. მითუმეტეს, რომ ადილ-შაჰები და ნეზამ-შაჰები მოგვიანებით დიდ ყურადღებას და მეგობრობას იჩენდნენ მამლუქთა სამფლობელოებისადმი. მამლუქებში კი ცნობილია ქართველთა მაღალი ავტორიტეტი. მათ დაქვემდებარებულ ქვეყნებში საგანგებოდ გამოყოფდნენ ყველაფერს ქართულს. შესაძლოა ინდოელი ნეზამ-შაჰების მეგობრობა მამლუქებთან სწორედ ეროვნული კუთვნილების ნიადაგზე იყო წარმოშობილი. მამლუქთა ქართველებისადმი დამოკიდებულების საუკეთესო ილუსტრაციაა XVI საუკუნის დასაწყისში მომხდარი ინციდენტი იერუსალიმის სიწმინდეების გარშემო. მამლუქებმა ერთბაშად შეავიწროვეს კათოლიკეები, დაჩაგრეს მართლმადიდებლებიც, აქცენტი აიღეს მონოფიზიტური ეკლესიის მფარველობაზე, – გადასცეს მათ ყველა ცნობილი ტაძარი. საქმეში ჩაერია ევროპა, საფრანგეთის იმპერატორიც. მაგრამ ამაოდ. მაშინ ქართველებმა (ქართლმა, კახეთმა, იმერეთმა) გაგზავნეს ერთობლივი ელჩობა, რაც წარმატებით დამთავრდა. მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ადრინდელი პრივილეგიები მშვიდობიანად დაუბრუნდათ. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა ქართულ თქმულებას ქ. იერუსალიმის ქართველთა მიერ ბრძოლით აღების შესახებ.
ფრ. ბერნიეს ცნობები მყარი დასკვნის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, ავტორი სანდოა, სადაც კი ხერხდება მისი შემოწმება, თითქმის არასოდეს სცდება, არ ტყუის. ინდოეთში ქართველთა მოღვაწეობა სხვა ფაქტებითაც დასტურდება. ქართული თემა, ქართველი მეომრები, ქართველი ქალები ძალზე პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში... მაჰმადიანებშიც და ინდუსებშიც. ეს თემა შევიდა ფოლკლორში, გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში. სამწუხაროდ ჯერჯერობით შეუსწავლელია ინდოეთის უძველესი წიგნთსაცავების საარქივო მასალა.
დიდი მოგოლის იმპერიის დამაარსებლის – აკბარიდან მოყოლებული, ფადიშაჰები პირველ ცოლად სვამდნენ რაჯპუტანელი მთავრების ასულებს. ამით უზრუნველყოფდნენ ამ მეომარი ხალხის ლოიალობას. აურანგზების პირველი ცოლი იყო ჯოპურის პრინცესა, ანუ ჯოპური. (გვ. 53). ავტორი წერს: ,,ფადიშაჰის მთავარი ცოლი არ ყოფილა ყველაზე სასურველი. საყვარელ ცოლად ითვლებოდა ქრისტიანი ქალი, ისტორიაში ცნობილი უდიპურის სახელით. მას უდიპური ეწოდებოდა არა იმიტომ, რომ რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა უიდიპურთან (იგულისხმება რაჯპუტანული სამთავრო), მისი სამშობლო მდებარეობდა შორეულ დასავლეთ აზიაში – ეს იყო საქართველო, რომელიც ეხლა შედის რუსეთის შემადგენლობაში. ერთმა მონათმოვაჭრემ ჩამოიყვანა იგი ჯერ კიდევ ბავშვი ინდოეთში გასაყიდად. იგი იყიდა აურანგზების უფროსმა ძმამ – დარამ. წლების მომატებასთან ერთად გოგონა გარდაიქმნა მზეთუნახავად. დარა დაატყვევა მისმა სილამაზემ, იგი მზად იყო შეესრულებინა გოგონას ყველა სურვილი''.
უდიპურმა აიძულა შეყვარებული ქმარი დარა გადასულიყო ქრისტიანობაზე. მალე დაუწყო ბრძოლა თრიაქს, – სვამს ღვინოს, რომელიც შეაქვთ პორტუგალიიდან. ამავე დროს საკმაოდ განათლებულია, გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი, ამაყი. უდიპური შესანიშნავად ფლობს ფარსიის ენას, (სასახლის ენას). გასჭრა ჩანჩალ-კუმარის ხერხმა. შეურაცხყოფილმა აურანგზებმა დაიწყეს ომი. რაჯპუტანებმა რაჯა სინგჰის სარდლობით იგი დაამარცხეს. უდიპური დაატყვევეს, – გაგზავნეს ჩანჩალ-კუმართან, რეპნაგარას პრინცესასთან. აქ გატეხეს მისი ამაყი სული. აიძულეს თავი დაემცირებინა, მომსახურებოდა ინდუს ქალიშვილს.
ათასწლოვანმა ძნელბედობამ არაერთი ქართველი ქალი გატეხა. ისტორია აიტანს კიდევ ერთ გვემას, მითუმეტეს, რომანის ფურცლებზე. ავტორმა სცადა უარყოფითი ფერებით დაეხატა უბედური უდიპური, მაგრამ მისმა რომანმა უფრო პოპულარული გახადა იგი. დღესაც ინდოეთში აღფრთოვანებით ლაპარაკობენ ქართველი ქალის ლეგენდარულ სილამაზეზე. ჩასულ ტურისტებს დაწვრილებით უყვებიან დარასა და აურანგზების სიყვარულზე უდიპურისადმი.
ინდოეთში ქართველთა მოღვაწეობის არაერთი ფაქტია ცნობილი. განგებ ავარიდეთ თავი უკვე დამუშავებულ საკითხებს: რაფაელ დანიბეგაშვილის მოგზაურობას: წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილების გადასვენებას ქ. გოაში, არაფერს ვილაპარაკებთ ერეკლე II ინტენსიურ კავშირზე ინდოეთის სომხურ ბურჟუაზიასთან; აქ აღმოცენებულ ქართულ-სომხური დუალისტური სახელმწიფოს შექმნის იდეაზე; უკანასკნელ ბაგრატიონთა ცდებზე, პოლიტიკური კავშირი შეეკრათ ოსტ-ინდოეთის ინგლისურ კომპანიასთან, რიგვედას ცნებების შემოჭრაზე ქართულ სააზროვნო ყოფაში.
ვიმეორებთ, ქართულ-ინდური ურთიერთობა ამოუწურავი თემაა. საკუთარ მკვლევარს ელის ამ უზარმაზარი ქვეყნის წიგნთსაცავები, არქივები, ლიტერატურა, ფოლკლორი; შემოწმებას საჭიროებს ათასგვარი ლეგენდა, გადმოცემა. ერთი სიტყვით, გრანდიოზული პერსპექტივები აქვს მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას. ეს პრობლემა ისევე უშრეტია, როგორც თვით ინდოეთის ათასწლოვანი ისტორია.
This post has been edited by ivery on 7 Apr 2013, 19:52
--------------------
ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ფან კლუბი
ანტიკური სამყაროს ისტორია
|