
- გუტენ მორგენ. - თქვა გერმანელმა და ზრდილობიანად დაგვიკრა თავი.
- გერმანელი ტყვეა! -თქვა მამიდამ და უნებურად თმები გაისწორა.
- გუტენ მორგენ! -გაიმეორა გერმანელმა და ღიმილით ისევ დაგვიკრა თავი.
- გუტენ მორგენ! -ვუპასუხე და მამიდას შევხედე.
- რა უნდა სოსოია? - მკითხა შემკრთალმა და დაბნეულმა მამიდამ.
- რა ვიცი ჯერ გამარჯობის მეტს არაფერს ამბობს და... რა გინდა, ფრიოცო? - ვკითხე გერმანელს და ხელი გავუქნიე კითხვის ნიშნად.
- ჰიტლერ კაპუტ! -თქვა გერმანელმა, მერე ხელი რევოლვერს მიამგვანა და საფეთქელთან მიიტანა.
- მაგი ვიცით,გაზეთს ვკითხულობთ.შენ რა გინდა,ის გვითხარი.
- ნე ფონიმაიუ! - თქვა გერმანელმა და მხრები აიჩეჩა.
- რა გინდა, ფრიცო? - ვკითხე ახლა რუსულად.
- იოჰან, იხ ბინ იოჰან! - ფრიცი არ ვარ, იოჰანი ვარო, გამაცნო თავი გერმანელმა და მარჯვენა ხელი გულზე დაიტყაპუნა რამდენჯერმე.
- რა უნდა ამ უპატრონოს, მამიდა? - ახლა მე ვკითხე მამიდას.
- რა ვიცი, ბიჭო? - მხრები აიწურა მამიდამ.
- ჰენდე ჰოხ! - ვუთხარი გერმანელს სამხედრო გაკვეთლზეგაზეპირებული ორი სიტყვა. გაკვირვებულმა გერმანელმა ხელები აწია და პირი დააღო.
- ჰიტლერ კაპუტ!
- ჰიტლერ კაპუტ! - სწრაფად დამიდასტურა გერმანელმა,ისე, რომ ხელები არ ჩამოუშვია. არ ვიცოდი, გერმანულად როგორ უნდა მეთქვა, ხელები ჩამოუშვი მეთქი, მივედი და ძალით ჩამოვაშვებინე ხელები გერმანელს.
- რა გინდა, რა? - ვკითხე ახლა რუსულად.
- ხლებ... ხლებ... - თქვა გერმანელმა.
- აა, შავი პური გინდა, თუ თეთრი?
- ნე ფონიმაიუ!
- კარაქით და ყველით გინდა თეთრი პური, თუ ისე მიირთმევ?
- ხლებ, ბუტერ!
- ა, ბუტერბროტი?
- ბუტერბროტ, ბუტერბროტ, -გაუხარდა გერმანელს.
- ხაჭაპურზე როგორ ხარ? - გავუღიმე მე.
- ნემეც პლენ! -თქვა მან და ისევ გამიღმა.
- გაგიჭირდათ, ვირიშვილებო?წადი და ჰიტლერი გაჭმევს, - ვანიშნე პირზე ხელის მიტანით.
- ჰიტლერ კაპუტ! - უიმედოდ თქვა მან.
- ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ, არ გადამრიო! - ვთქვი და სინანულით დავაქნიე თავი.
გერმანელი მიხვდა დამცინისო და ახლა მამიდას მიუბრუნდა.
- ხლებ, ფრაუ, ხლებ... - თქვა გერმანელმა და ტუჩები აუცახცახდა, მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ტყვე არც მე და არც მამიდას აღარ გვიყურებდა, იგი თვალს არ აცილებდა გაწყობილ სუფრაზე ოხშივარავარდნილ ჭადს.
- გაგიჟდა ეს კაცი, სადაა საამისო პური და ჭადი? - ვუთხარი მამიდას. მამიდა გაფითრებული იდგა, ხმას არ იღებდა.
- ხელბმ ფრაუ! - გაიმეორა გერმანელმა, ისე რომ ჭადისთვის თვლი არ მოუცილებია. მამიდა უცებ შეტრიალდა, მაგიდასთან მივიდა, თავისი ჭადი აიღო და გერმანელს გამოუტანა,
- ო, დანკე შონ,ფრაუ, დანკე შონ! - თქვა გემრმანელმა და აკანკალებული ხელით ჭადი ჩამოართვა. მამიდამ ერთხანს უყურ გერმანელს, როგორ ღეჭავდა ცხელ ჭაფს, მერე შევარდა სამზარეულოში, დაავლო ხელი ჩემს ჭადსაც. მეორე ნახევარ ჭადსაც, გამოვიდა, მივარდა გერმანელს და მიაწოდა...
- რას შვები, მამიდა, გაგიჟდი? - ვეცი ხელში მამიდას.
- დამანებე თავი, სოსოია! - მომიცილა მამიდამ და ისევ შებრუნდა სამზარეულოში. გაკვირვებული გერმანელი ხან მე მიყურებდა, ხან მამიდას.
- ა, შენ გერმანელი ჭყინტი ყველი, ა, შენ თვინო, ა, შენ ხვალინდელი ჭადი, აიღე, აიღე, ნუ გეშინია. მართლა გაძლევ... - ატენიდა მამიდა ამ სიწმრით ნაშოვნ იჯრას გერმანელს უცებ სიცილი აუვარდა.
- მამიდა! - შემეშინდა მე.
- სუ სოსოია, მამიდა, სუ წაიღოს, წაიღს, კიდევ რა გინდა? თქვი გერმანელო,? რა გინდა?.. - არ ეშვებოდა მამიდა ტყვეს და სიცილს განაგრძობდა.
- პაპიროს, პაპიროს, - თქვა სახეგაბრჭყინებულმა გერმანელმა.
- მიეცი სოსია, თუთუნი! - მომიბრუნდა მამიდა.
- არ მაქვს!
- კი გაქვს, სოსოია, ვიცი, ჯიბეშ გაქვს და მიეცი.
- არ მაქვს! - გავჯიუტდი.
- მიეცი, მე შენ გეუბნები. - მითხრა მამიდამ, მაერე ჯიბეში ხელი ჩამიყო, ამომიტრიალა და რაც თუთუნი მქონდა გერმანელს გაუწოდა.
- აიღე, აიღე და წადი, აიღე ჰო!..
გერმანელს ორთავე ხელი დაკავებული ჰქონდა. მამიდამ თავისი ხელით ჩაუყარა ჯიბეში ჩემი თუთუნი.
- წადი ახლა, წადი! - გაუცინა მამიდამ და მსიბუქად ჰკრა ხელი მხარში.
- ო, დანკე შონ, ფრაუ, დანკე შონ!
- წადი, წადი! - მამიდა ხმამაღლა იცინოდა.
- გაშტერებული ვუცქერდი ჭკუაზე გადასულ მამიდას.
- ხედავ, სოსოია? - მკითხა მამიდამ.
- დანკე შონ! - თქვა გერმანელმა და უკან-უკან დაიხია კიბოსავით.
- წადი, წადი, არაფრის! - უთხრა მამიდამ, მერე მომიბრუნდა, გულში ჩამიკრა, გულამომჯდარი ტირილი აუვარდა. შეშინებული და განცვიფრებული გერმანელი ჩქარი ნაბიჯით გადავიდა ეზოდან.
- მამიდა, რა გატირებს, მამიდა? - ვკითხე გერმანელზე უფრო შეშინებულმა.
- არაფერია, სოსოია, ნახე, ბიჭო? - მითხრა მამიდამ და გერმანელისკენ გაიხედა. ჩვენ შუა ეზოშ ვიდექით და ვუცქერდით შუკაში მიმავალ დაფეთებულ ტყვეს, რომელიც მალიმალ უკან იხედებოდა. მამიდა იცინოდა, ტიროდა, ისევ იცინოდა, ისევ ტიროდა, ცრემლებისგან მთლად სველი ჰქონდა ღაწვები, მაგრამ ცრემლს არ იმშრალებდა და არც მე მიშვებდა ხელს.
- ნახე, სოსოია? - ამ წუთში ვინემს რომ ენახა მამიდაჩემი, უეჭველად გიჟი ეგონებოდა. მაგრამ მამიდაჩემს სახეზე ამდენი ბედნიერება არასოდეს მინახავს.
ნოდარ დუმბაძე
წიგნიდან "მე ვხედავ მზეს"