"ნეტა მეც გავყიდულიყავი და ამეღო ის ფული. არ შემიძლია ღალატი და მაგიტომაც ვერ გავაკეთე, მაგრამ ახლა ვნანობ, ნეტა დავთანხმებოდი ყველაფერზე. ახლა აღარც "ქართულ ოცნებას" ვაინტერესებთ და აღარც არავის. თურმე, თავი არავის გამო არ უნდა გაწირო. ნეტა მართლა ამეღო ის ფულიც და ყველაფერი. იქნებ მართლა პოლიტიკური ამბავია და ეს არ დაგვმართნოდა," - ამბობს ერთი წლის წინ გურჯაანის სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი.
- ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა რამდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებას ეჭვი თქვენზე აქვს...
დალი მექერიშვილი:
- ასე თუ წავიდა გამოძიება და ხელი რომელიმე ჩვენგანს დაგვადეს, ალბათ, ვიღაცამ ძალიან დიდი ფული დახარჯა... როცა იქნება, სიმართლე თავს არ დამალავს. ღმერთის იმედი მაინც მაქვს. გამოაშკარავდება სიმართლე.
არ მინდა, რომ ეს საქმე ასე ჩაიფარცხოს. უნდა გამოიძიონ. ჯერ იმიტომ, რომ ბავშვი მოსპეს, დედას კალთიდან გამოაცალეს ფაქტობრივად. მერე იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაში ამხელა ჩირქი მომეცხო - ხან კახპად გამომაჭენეს, ხან ქურდად, ხან ვითომ მილიონები ავიღე. მილიონი 2 თეთრი ხომ არ არის, რომ დაიმალოს?! ჩემი ცხოვრება ისევ ისე მიდის, თუ უარესად არა.
- ოთხი თვის წინ სიცრუის დეტექტორზე შეგამოწმეს. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
- მომხდარიდან 3-4 თვის შემდეგ გავიგე, რომ რაღაც ასეთი არსებობდა და მოვითხოვე, რომ მოეტანათ და მეც შევემოწმებინე და ყველა, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ. ვუთხარი, პირველი მე წამოვალ და შემამოწმეთ, მე დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი. წავედი და დავჯექი, დასამალი მართლა არაფერი არ მქონია და მაგაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
- როგორც ვიცით, თქვენს სიძეს მომხდარიდან მალევე ფული შესთავაზეს...
- თვითონ არაფერი უთხოვია, ბავშვი მოგვიკლეს და ფულის ჯავრი გვქონდა?! განცხადება დაგვაწერინეს, რომ ვითომ გაჭირვებულები იყვნენ და ბავშვის დაკრძალვისთვის გვჭირდებოდა... გაჭირვებულები კი მართლა ვართ, მაგრამ მათხოვრები ნამდვილად არ ვყოფილვართ, რომ მაგათთვის ფული გვეთხოვა.
ყველაფერი ასე იყო - გურჯაანის მაშინდელმა გამგებლის მოაგილემ გოგა პეტრუზაშვლმა კაცი გამოუგზავნა გიორგი ღვინიაშვილის სახელით და ფული გადასცა - 3 000 ლარი. თან ჩემს სიძეს უთხრეს - ეს იმ ადამიანმა გამოგიგზავნა, ვინც მკვლელი გგონიათო, მაგრამ მკვლელი არ არისო. ღვინიაშვილი კიდევ იძახის, მე არაფერი არ მიმიცია, რაიონის გამგეობა დაეხმარაო, მაგრამ რა ვიცი, მანამდე ვინმე გაჭირვებული გამგებელთან ათ ლარზე რომ მისულიყო, არაფრით არ ეხმარებოდა, ვითომ ბიუჯეტში ფული არ ჰქონდათ და უცებ გააჩინეს 3 000 ლარი.
- პეტრუზაშვილი გურჯაანის გამგებელი მოადგილე იყო, მაგრამ თქვენი სიძე ხომ დედოფლისწყაროდან არის?
- მეც ეგ მაინტერესებს, ფული გურჯაანის გამგეობამ რატომ გაიღო?! თუ დახმარება იყო, დედოფლისწყაროს რაიონი უნდა დახმარებოდა, ხო?!
- თავდაპირველად თქვენი ოჯახის ადვოკატი ადგილობრვი იურისტი, ლოლა ტუსაშვილი იყო. რატომ აიცილეთ?
- მკვლელობიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ზღულაძის (ეკატერინე ზღულაძე - ყოფილი შს მინისტრი) ხალხი იყო ჩამოსული.
დასაკითხად ყველა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს, ცალ-ცალკე გვკითხავდნენ. თათიას დაკითხვის დროს, ლოლა ტუსაშვილი გაიყვანეს ოთახიდან, თავი დაანებებინეს. რა ვიცი, ლოლა როგორც ამბობს, საქმე მქონდა და გავედიო. მერე თბილისელი ადვოკატები ჩამოვიდნენ და მათ დაწერეს განცხადება ლოლას აცილებაზე.
- რა მოხდა იმ დროს, როცა ტუსაშვილი ოთახიდან გავიდა? როგორც ჩანს, სერიოზული მიზეზი იყო...
- ლოლა როგორც კი წავიდა, თათიას დაუწყეს ჩიჩინი, რომ ჩემზე რაღაცეები უნდა ეთქვა - ვითომ მე ვიყავი დამნაშავე და მე მოვკალი ბარბარე. ასე თქვიო, ეუბნებოდნენ. ზღულაძის ხალხი თათიას ეუბნებოდა, თქვი, რომ დალის ეს ყველაფერი მოუყევიო, თორემ ციხეში ჩავსვამთო. თათიას უთქვამს, ასე არ ყოფილა და როგორ ვთქვაო... როგორ არ ყოფილა, აბა შენი ქმარიც ამას ამბობს და მამაშენიცო და დალიმაც თქვა, რომ თათიამ ყველაფერი მომიყვა და შენ რატომ უარყოფო. ჩვენც რომ დაგვკითხეს, ანალოგიურად გვეუბნებოდნენ.
ჩვენი დაკითხვის პარალელურად, ზღულაძის ხალხიდან 2-3 კაცი გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსის, გოჩა სიბაშვილის მეთაურობით ჩვენს სახლში წამოსულან. დაკეტილი კარი გაუხსნიათ და მარანში შესულან. ჩემმა ქმარმა შეუსწრო შემთხვევით და უკითხავს, რისთვის შემოხვედით, თუ შემოსვლა გინდოდათ, წეღან აქ ვიყავით და მაშინ რატომ არ შემოხვედითო?! ქვევრის ყელი უნდა გაგვეზომაო, უთხრეს. საზომიც არ ჰქონდათ წამოღებული, ჩემს ქმარს ეუბნებოდნენ, "შლანგი" მოგვეცი, რომ გავზომოთ ქვევრის ყელიო...
თუ მართლა მაგიტომ მოვიდნენ, წამოეღოთ საზომი, მაგრამ ქვევრის ყელის გასაზომად კი არა, კვალის წასაშლელად იყვნენ მოსულები...
- გამოძიებამ მომხდარიდან რამდენიმე თვეში ქვევრში ჩანთა იპოვა... მანამდე არ იყო დათვალიერებული აღნიშნული ადგილი?
- არავითარი დათვალიერება არ ყოფილა. 3-4 თვის შემდეგ დედაჩემმა დაურეკა გამოძიებლებს, როდის უნდა ჩამოხვიდეთ, რომ ქვევრიდან ეს წყალი ამოვღვაროთო. ის თვეები არც გავკარებივართ ქვევრს, ველოდებოდით, თვითონ გამომძიებლები როდის ამოღვრიდნენ. მერე როგორც იქნა, მოვიდნენ და ამოღვარეს და ფსკერში ცარიელი ჩანთა და ქვა იპოვეს.
- მომხდარის ღამითვე უკვე გაჩნდა საზოგადოებაში ეჭვები სავარაუდო მკვლელის ვინაობის შესახებ... თუმცა, არათუ დამნაშავეა დაკავებული, საქმეც არაა გახსნილი. თქვენ თუ გაქვთ ვინმეზე ეჭვი ან, როგორ ფიქრობთ, რატომ გაჭიანურდა გამოძიება?
- ველოდით, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა, მაგრამ ფაქტია, ერთი წელი გავიდა და ვერ იძიებენ. არ ვიცი, იმ ადამიანს ასეთი დიდი გავლენა აქვს და ვინმე მფარველობს თუ მართლა, როგორც გამომძიებლები გვეუბნებიან, კვალია წაშლილი... არანაირი ანაბეჭდი, არც მოწმე, არც ხელჩასაჭიდიაო.
ასე ხელს ვერავის ვერ დაადებ, ძალიან ძნელია. თვითონ გამოძიებამ დაადგინოს მკვლელი.
- თქვენ ამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ...
- მათ მხარეს უნდა გადავსულიყავი, "ქართული ოცნებისთვის" არ უნდა მემუშავა და ჩემი მომხრეები მათთან უნდა გადამეყვანა.
- ასეთი შემოთავაზებები მხოლოდ თქვენთან ჰქონდათ თუ "ოცნების" სხვა კოორდინატორებთანაც?
- ძალიან ბევრი გაიყიდა, რა. მე ეს არ შემეძლო. ნეტა მეც გავყიდულიყავი და ამეღო ის ფული. არ შემიძლია ღალატი და მაგიტომაც ვერ გავაკეთე, მაგრამ ახლა ვნანობ, ნეტა დავთანხმებოდი ყველაფერზე. ახლა აღარც "ქართულ ოცნებას" ვაინტერესებთ და აღარც არავის. ნეტა, მართლა ამეღო ის ფულიც და ყველაფერი. იქნებ მართლა პოლიტიკური ამბავია და ეს არ დაგვმართნოდა, არ ვიცი.
- სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შემთხვევა რელიგიურ რიტუალს ჰგავდა...
- რა სისულელეა, რა რელიგიური რიტუალი. ტყუილებია რა. ვითომ იმასაც ამბობდნენ, დედამ მოკლაო. დედას როგორ შეუძლია ასეთი რამ?! თათია 80 წლის მოხუცს უვლიდა, პამპერსებს უცვლიდა და ამაში დღეში 80 თეთრს, ხან ლარს და 2 ლარს აძლევდნენ, რომ ბარბარესთვის მაწონი ეყიდა... ასე წვალობდა ჩემი და. ასეთი დედა შვილს გაწირავდა?! ვიღაც თუ ძალიან შურიანი არაა და მწარე "ნაციონალი", ჩემს დაზე ცუდს არაფერს არ იტყვის.
http://www.kvirispalitra.ge/justice/18916-...eqskluzivi.htmlსაცოდავები 

 ჯერ ბალღი მოუკლეს, ახლა კიდევ ასეთ ბინძურ ჭორებს უვრცელებენ, "ნაციონალები" ცალკე და "ოცნება" ცალკე. 
უპატრონო, ღატაკი ოჯახია და ინტელექტითაც არ გამოირჩევიან. რა უნდა მაგათთვის ჭორების გავრცელებას. თავის გამართლება და ბრძოლაც არ შეუძლიათ წესიერად.
წაქცეულზე წიხლის მიყოლის მოყვარული, ბოროტი ხალხი კიდევ მე შენ გითხრა, არ დაიჯერებენ ამ ჭორებს თუ რა.
ეჰ! საწყალი ბაია. :|