იადონი, იგივე ბულბული...
ვისთვის და რატომ გალობს ასე საოცრად და რა ამღერებს თვალდახუჭულს თავდავიწყებისას?
მესიზმრა:
ქუდმოხდილი დიდი პოეტი.
საოცარ და ჯერ არსმენილ სტრიქონებს ამბობდა ქუჩაში.
ზეციდან მადლიერება გროშებივით უხვად სცვიოდა მის ქუდში.
უმრავლესი გამვლელნი ქუჩისა კი --- არ იმჩნევდნენ მის არსებობას, ან ზანტად იქექებოდნენ ჯიბეებში სამოწყალოდ და ამ დროს ქუდი ქრებოდა მათთვის სახილველად...
დაბნეული მცირედნი ყოვნდებოდნენ მხოლოდღა და ვერ გაეგოთ, თუ რა უნდა ექმნათ ამ სასწაულის მხილველებს.
უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა სათითაოდ თურმე მე ვიყავი... --- სხვადასხვა დროიდან ანაკრები მთლიანობა.
გული დამწყდა ჩემი მარტოსულობის ხილვით და პირველ არშემბრალეშიც საკუთარი თავი ვიცანი.
ციდანაც შეწყდა გროშების ცვენა, რომელსაც მადლიერი გული ბაგის გავლით ამოსთქვამდა ზენა უწყებასავით.
ბევრი ვეცადე, გამეხსენებინა ნათქვამი სტრიქონები და სულ ამაოდ...
სეზამ გაიღე!
არა.
რატომ არა?
გასაღები ხელშივე გიჭირავს და თავად გახსენი შიგნიდან!
აკაკუნებენ...
ვინაა?
შენ ვარ!
როგორ თუ მე?
მე ხომ შიგნით ვარ ჩარაზული!
ამიტომაც გიკაკუნებ ობოლად შთენილი და შთენილო.
როდის გავიყავით?
როდესაც ჩვენივე მსგავსნი შურის გამო შევიძულეთ.
იადონს არავინ შეუძულებია და უშურველად-უანგაროდ გალობს... და არც ქუდი გაუშლია სამოწყალოს ხარკივით ასაკრეფად.
კეთილშობილი ჩიტი!
და რატომ ჰყავს მტრები?
თავადაც არ იცის.
მხოლოდ მისმა შემქმნელმა უწყის.
პოეტიც გალობს?
ჩიტია?
არა.
აბა?
მამხილებელი სინდისიერი ნიჭია გახსენებისათვის, რომ მარტო არა ხარ ამ სამყაროს ავ-კარგის სახილველად.
იცის იადონმა, რომ თვალდახუჭულად მოგალობეს მტერი იოლად მიეპარება შესასანსლად და მაინც ხუჭავს თვალებს გალობისას ---სხვაგვარად არ ძალუძს თავდავიწყება, როდესაც უგალობს ყოვლის შემომქმედს სიკეთისას.
ვარდით მიიტყუებენ და ეკლებს ჩაუსაფრებენ მცველებად.
გალია.
სხეულია გალია?
კი.
გაფრინდები ერთხელაც ამ გალიიდან.
მერე?
რას გადაიტან იქით ---ესაა მთავარი და რას დატოვებ აქ, იქაც რომ გამოგადგება?
გალობას?
ჰო... და მისი სახელის მონატრებას.
და რა მოგენატრება ყველაზე მეტად?
უკვე გენატრებათ....
ეგ... როგორღა?
აქ არ გიყვართ და იქ შეიყვარებთ?
აქ გაქვთ დრო ამისათვის და მერე აღარაა დრო!
რა არის სიყვარული?
ისაა --- ვისაც და რასაც საკუთარ თავზე წინ აყენებ ყოველგვარი ეჭვის და ყოყმანის გარეშე!
მაშასადამე რა არს არსი ადამიანისა?
გიყვარდეს და უყვარდე! --- მან ხომ დაბადებამდე შეგიყვარა...
გარნა უსიყვარულოდ და სიძვით იშვით?
დედას მოკითხეთ ჯერა...
მამას?
მამა ჩიტივითაა... თვალდახუჭული გალობს ბულბულივით.
იადონი ბულბულია?
ჰოც და არაც!
რა კავშირშია ეს ყველაფერი ადამიანთან?
ნებისმიერი სხვა არსება შეიძლება ასევე დაუკავშირო ადამიანს?
კი.
და რატომაა ასე?
ამიტომ:
ადამიანის გარდა არცერთს არ უნდა დაემსგავსო!
სიზმრის კვლავ მოფრენის შემთხვევაში --- გავაგრძელებ.
This post has been edited by triumpi on 23 Oct 2013, 20:49
მიმაგრებული სურათი