24 აგვისტოს მუცოს ციხეზე ლიტერატურული საღამო გაიმართება
18:50 21.08.2013
24 აგვისტოს ხევსურეთში, მუცოს ციხეზე, ლიტერატურული საღამო გაიმართება.
ღონისძიება რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის პროექტ "მთების ძახილის" ფარგლებში იმართება, რომელსაც თეატრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
წარმოდგენილი იქნება იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი "მთისა და ზღვის რაინდი", რომელიც გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
თეატრის ხელმძღვანელი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძეა, მუსიკალური პროდიუსერი დალი მერაბიშვილი, ტექნიკური მენეჯერი კი ივანე ჭიპაშვილი. თეატრის რეპერტუარში 45 ლიტერატურული სპექტაკლია.
"24 აგვისტოს, 16:00 საათზე, მუცოს ნახევრადდანგრეული ციხიდან, ლიტერატურულ თეატრს სურს, მთელ საქართველოს შეეხმიანოს ხევსურეთსა და მთელ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, გამორჩეული ქართველი ვაჟკაცის და მწერლის, "უსახელო უფლისციხელის" ავტორის, გურამ რჩეულიშვილის საღამოთი... ერთად წავიდეთ მუცოს ციხეზე, დიდი ქართველების სულებიც მოვიხმოთ და დღევანდელი ცოცხალი ქართველებიც - იქნებ ყველა ერთად შევეხიდოთ ჩვენს წარსულს და უფლის ნებით აღსდგეს მუცოს დიდება, დანგრევას გადავარჩინოთ ეს დიდებული ციხე... იქნებ კვლავაც გამოჩნდნენ სარაჯიშვილები, ნიკოლაძეები, ზუბალაშვილები, ლაღიძეები, ხოშტარიები, ივანიშვილები, დიდებული ქართველები, რომლებიც კვლავაც მიხედავენ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, გადაარჩენენ ჩვენი წარსული ფესვებს.
გურამ რჩეულიშვილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ დიდებული ციხის ქონგურებიდან, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში". იქნებ ამ საოცარი ქართველი ვაჟკაცის მარად მოუსვენარი სული და ძახილი გახდეს ნიშანი მუცოს ციხის აღდგენის დასაწყისისა.. ბუნებრივია, ამ ლიტერატურულ წარმოდგენას, იქ, სპექტაკლის გამართვისთვის მეტად რთულ პირობებში სიმბოლური ხასიათი ექნება, ეს იქნება ჩვენი თეატრის მხარდაჭერა, ხმა და ძახილი მუცოს ციხის აღსადგენად", - აცხადებს ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე.
ლიტერატურულმა თეატრმა პროექტ "მთების ძახილის" ფარგლებში უკვე გამართა საღამოები მთიულეთში - დუშეთსა და ფასანაურში, სვანეთში - მესტიასა და უშგულში, თიანეთში; ხევსურეთის შემდეგ მომდევნო სპექტაკლი თუშეთშია დაგეგმილი.
http://pirweli.com.ge/?menuid=27&id=40094#...0T622c.facebook