http://news.ge/ge/news/story/56309-ganadgu...haro-saydrisshiგანადგურდება თუ არა მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო საყდრისში
რამდენიმე წლის წინ ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, საყდრისის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენა გააკეთეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, მათ მსოფლიოში უძველესი ოქროსმომპოვებელი მაღარო იპოვეს. მაღარო ძველი წელთაღრიცხვით IV (მეოთხე) ათასწლეულით არის დათარიღებული და იგი 5400 წლისაა. მაღარო მიწისქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება.
საყდრისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დროის ოქროს მაღარო მეტყველებს იმაზე, რომ მაშინ როდესაც ეგვიპტელები ოქროს მდინარე ნილოსში რეცხვის გზით მოიპოვებდნენ, ბოლნისის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ხალხი, რომელიც ფლობდა მიწის ქვეშ არსებული უხილავი ოქროს ადგილსამყოფელის მიკვლევის და მოპოვების ურთულეს ტექნოლოგიებს. საინტერესოა ის, რომ ეს ხალხი საგრძნობლად უსწრებდა წინ ეგვიპტელებს, რომლებმაც მსგავს ტექნოლოგიას მხოლოდ 1000 წლის შემდეგ მიაგნეს.
არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისევე, როგორც წარმოუდგენელია საქართველოს ისტორია ზეზვასა და მზიას გარეშე, ასევე წარმოუდგენელია ის საყდრისის გარეშე.
2006 წელს საყდრისის აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება განადგურდეს. საქმე ისაა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია კომპანია „ერ-ემ -ჯი“ ჯგუფს აქვს ნაყიდი. კომპანიამ მოპოვებითი სამუშაოების ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც მან შპს „მადნეული“ შეიძინა.
ღამბაშიძე აცხადებს, რომ კობა ნაყოფიას, რომელიც „მადნეულის“ წილს ფლობდა, ეჭვი შეჰქონდა საყდრისის მნიშვნელობაში.
ახლა ტერიტორიას „ერ ემ ჯი გოლდი“ ფლობს, ისინი პარლამენტარ ნაყოფიასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის კომპანიაში წილს აღარ ფლობს, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობაში მათაც ეჭვი ეპარებათ.
როგორც კომპანიის მრჩეველი სოსო ცაბაძე ამბობს, ძეგლის სტატუსის გამო საყდრისის გათხრებიდან 500 მეტრის რადიუსში აკრძალულია სამუშაოები, რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, აქ განხორციელებულმა აფეთქებებმა შეიძლება ასევე დააზიანოს ძეგლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცაბაძე ამბობს, რომ მუშაობა მიმდებარე ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეჩერებულია.
სოსო ცაბაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოპოვებითი სამუშაოები არ ჩატარდება 700-მდე ადამიანი სამუშაოს დაკარგავს, სახელმწიფო კი იმ სარგებელს ვერ მიიღებს, რომელიც წიაღის გადასახადიდან 7-8 წლის განმავლობაში ბიუჯეტში უნდა შესულიყო. ცაბაძის თქმით, საუბარია 110 მილიონ დოლარზე.
„ერ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე სახელმწიფომ ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შედეგად უნდა მიიღოს.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ლიზენცია კომპანია „ერ-ემ-ჯი გოლდს“ 2014 წლამდე აქვს, თუმცა, „წიაღის შესახებ კანონის" მიხედვით, მას არ აქვს უფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კულტურის სამინისტროს თანხმობის გარეშე შეეხოს.
საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღოს. უწყებაში ამ საკითხზე სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელმაც დასკვნა 30 ივნისს უნდა დადოს. თავად კულტურის სამინისტროში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.