საქართველოში ასურელების სოფელს სეტყვისგან მათი წმინდანი იცავს
მე–6 საუკუნის 40–იან წლებში, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დღეები ედგა, ქართლში 13 ასურელი მამა ჩამობრძანდა. მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბება და განვითარება.
მე–18–19 საუკუნეებში, როცა მუსლიმანური ქვეყნებიდან ასურელების დევნა დაიწყო, ამ ერის შვილებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარეს თავი, მათ შორის იყო საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის 5 ათასამდე ასურელი ცხოვრობს.
შიდა ქართლში, კასპის რაიონში, არის სოფელი ძველი ქანდა, რომელიც მთლიანად ასურელებითაა დასახლებული. იქ, ერთ პატარა საყდარში, იმ ენაზე ისმის წირვა–ლოცვის ხმა, რომელზეც თავად ქრისტე საუბრობდა – არამეულზე. მოძღვარიც, მამა სერაფიმე, ასურელი ჰყავთ. მსოფლიოში მეორე ასეთი მონასტერი მხოლოდ თურქეთშია, სადაც წირვა–ლოცვა არამეულ ენაზე ტარდება.
მამა სერაფიმე ერისკაცობაში გიო ბიტბუნოვი გახლდათ და სპორტს აქტიურად მისდევდა. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია ტაიკვანდოში. სპორტის ოსტატი და შავი ქამრის მფლობელია, აგრეთვე – პირველი და მეორე დანის მფლობელი კარატეში. ცხოვრების გზაზე ბევრ ხიფათს გადაურჩა და როცა ქრისტე ჭეშმარიტად ირწმუნა, ბერად აღიკვეცა. ახლა 34 წლის არის.
– მამა სერაფიმე, საქართველოში ასურელების ისტორია როგორია?
– ქანდაში 90% ასურელები ცხოვრობენ. 2–3 საუკუნის წინ, მათ წინააღმდეგ დაწყებული გენოციდის დროს ჩამოვიდნენ საქართველოში. ირანში, ერაყში, თურქეთში მათ ქრისტიანობის გამო გაუსწორდნენ. ბევრი გამოიქცა. ზოგი რუსეთში, კრასნოდარის მხარეს დასახლდა, ზოგი – სომხეთში, ზოგი – საქართველოში და ა.შ. ქანდაში მიწა მუხრან ბატონისგან იყიდეს. ძველ ქანდაში დაახლოებით 400 ასურელი ოჯახი ცხოვრობს. ეს პატარა ასურეთია. მე წარმოშობით მთიული ასურელი ვარ, ესენი კი ბარის ასურელები, ურმიელები არიან. მათი დიალექტი არის ასურელების სწორი, კულტურული ენა. ასურულ ენას რამდენიმე დიალექტი აქვს, ისე როგორც ქართულს – მეგრული, სვანური. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ჰქონდა იდეა, რომ საქართველოში ასურელებს ღმერთი თავის ენაზე ედიდებინათ. ეს დიდი წყალობაა და მადლობელნი ვართ, რომ ასე მოხდა.
– არამეული ენა, რომელზეც ღვთისმსახურებას ატარებთ ასურელები, ქრისტეს ენად ითვლება. საკუთარი ქვეყანა აღარ გაქვთ, მაგრამ უძველესი ენა შემოინახეთ. რა ცნობები გაქვთ შემონახული ამ ენის შესახებ?
– როცა ჩვენ ვამბობთ ქრისტეს ენას, ვგულისხობთ არამეულს. არამეულ ენაზე დაიწერა პირველი სახარება. ღმერთმა იმიტომ მოგვიყვანა დღემდე, რომ თვით უფალი ქრისტე საუბრობდა ამ ენაზე. უამრავი ერი დაიკარგა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–6 საუკუნეში ასურეთი აღარ არსებობდა. რამდენი ათასი წელი გავიდა და ისევ ვარსებობთ.
ასურელები ემოციურები და ამბიციურები ვართ. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ პირველი ქრისტიანები ვართ. ავგაროზ მეფე, მეფე ედესისა, რომელმაც მხატვარი გაუგზავნა ქრისტეს მისი სახის შესაქმნელად, ასურელი იყო. წერილი, რომელიც ანანიამ ქრისტეს გადასცა, არამეულზე იყო დაწერილი. ქრისტემ სახეზე მიიდო ტილო, სადაც მისი სახე გადავიდა. ამის შემდეგ ასურელებში ხატების განსაკუთრებული თაყვანისცემა დაიწყო. მაშინ მეფე ავგაროზმა თქვა, ამ ქალაქში შემომსვლელმა თუ გამსვლელმა თაყვანი სცეს ამ ხატსო. პირველად სწორედ ასურელებმა ცნეს ქრისტე ღმერთად. ასე რომ, ჩვენ ვართ პირველი ქრისტიანები დედამიწაზე.
თურქეთში ახლახან იპოვეს მე–5–6 საუკუნეებში დაწერილი სახარება, სადაც ასურელების დროშაა გამოსახული და არამეულზეა ნაწერი. ეს ზუსტად ის დროშაა, რასაც დღესაც ატარებენ ასურელები.
– საქართველოში სხვა ადგილებშიც ცხოვრობენ ასურელები. როგორია თქვენი ტრადიციები?
– კახეთში სოფელიც არის – ასურეთი, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ასურელია. თბილისშიც ბევრნი არიან, ქუთაისში, გარდაბანში, მაგრამ კომპაქტურად მხოლოდ – ქანდაში. გვაქვს ჩვენი დღესასწაულები. წმინდა გიორგის დღესასწაულს, ქართველების მსგავსად, იმავე დღეებში აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენ გვყავს მარზაი. მარზაი 309 წელს დაიბადა. მთელი ცხოვრება იესო ქრისტეს მიუძღვნა და 122 წელი იცოცხლა. ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ. ანტიოქიის საპატრიარქოც იხსენიებს ამ წმინდანს. საქართველოში არ იციან მის შესახებ.
მარზაი ჩვენი ერის მფარველია. სეტყვისგან იცავს ასურელებს. მაშინ, როცა მთელ ქართლში სეტყვაა, ქანდაში არასოდეს მოდის. არადა ქანდიდან 10 მეტრში შეიძლება საშინელი სეტყვა იყოს. ქანდელებს სეტყვა ფაქტობრივად არ ახსოვთ. 200 წელზე მეტია იქ ასურელები ცხოვრობენ და არასოდეს დაუსეტყვავს მათი ვაზი.
შობის დღესასწაულზე ჰარისას ვაკეთებთ. ეს არის ხორბალში მოხარშული ქათამი. ქათამს ჩავდებთ ხორბალში, რომელიც მთელი ღამე იხარშება. იქამდე ვხარშავთ, სანამ ხორცი მთლიანად არ ჩაიშლება და ძვლები არ დაცალკევდება.
– როგორი გვარები აქვთ ასურელებს?
– რუსიფიკაციის შემდეგ გვარები გადაკეთდა, მაგრამ ძირი დაუტოვეს. მაგალითად, ჩემი გვარია ბითხარიბი, მაგრამ ბიტბუნოვად გადაკეთებული. ადრე უფრო რუსულად ვსაუბრობდით. ახლა ქართული თითქმის ყველა ასურელმა იცის. ქანდაში აბსოლუტურად ყველა შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას და მშობლიურ არამეულსაც.
– ასურელები ქართველზე ან სხვა ეროვნებაზე ქორწინდებიან?
– რა თქმა უნდა! მთავარია, მართლმადიდებელი იყოს.
– საქართველოში თავს როგორ გრძნობენ ასურელები?
– არაერთხელ გვიგრძვნია დისკრიმინაცია ქართველებისგან, მაგრამ ქრისტე ჯვარზე აცვეს და ამბობდა, ღმერთო, შეუნდე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიანო. მე პირადადაც მიგრძვნია დისკრიმინაცია და შეურაცხყოფილიც დავრჩენილვარ. ხშირად აისორებს გვეძახიან. არადა ჩვენ დიდი ისტორიის მქონე, ბიბლიური ერი ვართ და უფლებაც გვაქვს, ამბიციურები ვიყოთ. ებრაელებს მისცეს მიწა. ღმერთმა რომ დაუშვას და ასურელებს ჩვენი მიწა მოგვცენ, ფეხშიშველი მივალ იქამდე. ისეთი მიწაც რომ იყოს, სადაც ბალახიც კი არ იზრდება, ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ქვიდან სახლს გამოვიყვანთ და უდაბნოში წყალს მოვიპოვებთ. გვაქვს თავმდაბლობა და მოთმინება, რომ ეს შევძლოთ. ასურელები მუშა, მშრომელი ხალხია. ათასობით წლის განმავლობაში გამოვიმუშავეთ, რომ ცოცხლები უნდა დავრჩეთ. დიდი გენოციდი განვიცადეთ. მიწა რომ არ გვაქვს, ესეც ღმერთმა დაუშვა. ყველა ასურელი ლოცულობს, რომ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს მიეცეთ საშუალება, თავი მშობლიურ მიწაზე იგრძნონ. იქ, სადაც ასურეთი არსებობდა, ახლა ნახევარი ირანია, ნახევარი თურქეთი და ნახევარი – ერაყი. დამასკო ასურელების იყო, ანტიოქიაც. მსოფლიოში ყველგან არიან ასურელები, ალბათ რამდენიმე მილიონი. საქართველოში სულ 3 000–მდე ვიქნებით.
– ამბობთ, დისკრიმინაცია გამოვცადეთ საქართველოშიო, მაგრამ ტაძარში თქვენს მშობლიურ ენაზე ლოცულობთ ჩვენი პატრიარქის მონდომებით. ამას ბევრ ქვეყანაში არ დაუშვებდნენ.
– რა თქმა უნდა! ვინ დაიჯერებდა, რომ 5 წლის წინ ასურელებს ჩვენს ენაზე წირვა–ლოცვის ჩატარების კურთხევას მოგვცემდნენ?! მე უკრაინაში აღვიკვეცე ბერად. 2008 წელს საქართველოში დავბრუნდი და პატრიარქთან წარმადგინეს. რომ გაიგო, ასურელი ვიყავი, მითხრა, იქნებ თქვენი ერისთვის მშობლიურ ენაზე აღავლინოთ წირვა–ლოცვაო.
ბერი ვარ და მღვდლობაზე არ ვფიქრობდი. მინდოდა, სადღაც ტყეში მეცხოვრა. 2010 წელს ხელი დამასხეს დიაკვნად და მერე მღვდლად მაკურთხეს. სანამ პატრიარქს შევხვდებოდი, სულ არ მაინტერესებდა ასირიული წერა–კითხვა. სკოლა არ გვაქვს, არც საგანი ისწავლება და ჩვენს მშობლიურ ენაზე წერა–კითხვის შესწავლა მხოლოდ ოჯახსა და ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული. პატრიარქმა მთხოვა, დამწერლობა მესწავლა. მას უნდოდა, სამების ქვედა ტაძარში გვეწირა თვეში ერთხელ. მერე ძალიან დააინტერესა ქანდამ. მან წარმადგინა ასურელებთან. დალოცა ყველა და უთხრა, რომ მათ ჰყავდათ სასულიერო პირი და ეს მე ვიყავი. როცა ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშენებთ 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარს, სადაც არამეულად უნდა ჩავატაროთ წირვა–ლოცვა, ავსტრალიიდან დამიკავშირდნენ ასურელები და გარკვეული თანხა გამოგვიგზავნეს.
– ქანდაში პატარა საყდრის გვერდით დიდიც შენდება. ვინ აშენებს ამ ეკლესიებს?
– ერთმა ქანდელმა კაცმა, გოდერძი ჰქვია, ნახა სიზმარი, რომ ამ ადგილას ტაძარი უნდა მდგარიყო და მშენებლობა დაიწყო. მორწმუნე და მშრომელი ადამიანი გახლავთ. ეს ტაძარი ნელ–ნელა ააშენა. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი, ამირანი, რომელიც ქვით კარგად აშენებდა და მას ააშენებინა. მე რომ მივედი, გავაცოცხლეთ იქაურობა – მოვხატეთ, კანკელი გავაკეთეთ. ამ ტაძარს სასწაულმოქმედს ვეძახი. თქვენი აზრით, რამდენი ადამიანი დაეტევა?
– ალბათ 10–15 ადამიანი თუ დაეტევა.
– 75 დავტეულვართ სტიქაროსნებთან ერთად. ახალი ტაძარი ბევრად დიდი იქნება. ქანდა ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც არც ერთმა მიიღო კათოლიკობა. ჩვენ საქართველოს პატრიარქს ვემორჩილებით.
– ჩვენმა პატრიარქმა იცის ქრისტეს ენა?
– რა თქმა უნდა, იცის, საქართველოში ყველაზე უკეთ ეს ენა მან იცის. უფალი და ჩვენი პატრიარქი ერთ ენაზე საუბრობენ. სულიერ კავშირს ვამბობ, თორემ არამეული, რა თქმა უნდა, არ იცის. როცა ამ ენაზე ლაპარაკობ, თითქოს 2 ათასი წლის წინ არსებობ და საუბრობ იმ დროში. ეს საოცარი შეგრძნებაა.
– თქვენ როგორ და რატომ გადაწყვიტეთ, სასულიერო პირი გამხდარიყავით?
– ღმერთი ყველას თავისებურად ეძახის. მე ვფიქრობდი, რომ დიდი სპორტსმენი უნდა გავმხდარიყავი. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ვვარჯიშობდი, მაგრამ ღმერთს ჩემ მიმართ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ღვთის არსებობა ადრე ზღაპრად მიმაჩნდა. ისეთივე მეგონა, როგორიც ბერძნული მითოლოგიაა. როცა მივხვდი, რომ ღმერთი მართლა არსებობდა, ბერად წავედი. მანამდე სულ საავადმყოფოში ვხვდებოდი. ხან მანქანა დამეჯახა, ხან სამი სართულის სიმაღლის ავტოფარეხიდან გადმოვვარდი, ხან პერიჰიდროლი დავლიე, ხან ბეტონის ასარევ მანქანაში ჩავვარდი...
– პერიჰიდროლი თავის მოკვლის მიზნით დალიეთ?
– არა, შემთხვევით, გადავკარი და ძლივს გადავრჩი. მთელი ყელი დამეწვა. ბეტონის ასარევ მანქანაში კი მკლავი მთლიანად მომძვრა. ექსპერიმენტული ოპერაცია გამიკეთეს და მიმამაგრეს. ხუთი ოპერაცია მხოლოდ მარცხენა ხელზე მაქვს გაკეთებული, ორი – მარჯვენაზე, სამი – ფეხზე. ავტოფარეხიდან რომ გადმოვვარდი, თავით დავეცი. ძლივს გადავრჩი.
როცა ღმერთი ამდენჯერ გიხსნის სიკვდილისგან, შენი სიცოცხლე უკვე უფალს ეკუთვნის. ნევროზი მქონდა, მაგრამ აგრესიული – არა, უფრო მელანქოლიური ხასიათის. ჩემმა მეგობრებმა, რევაზ ჯიქიამ და მიხეილ ოჩიგავამ, მითხრეს, წამოგვყევი ეკლესიაშიო. არ ვაწყენინე და გავყევი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ერთხელაც გავიღვიძე და რომ გავიგე, რომელი საათი იყო, გადავირიე, დამაგვიანდა ეკლესიაში–მეთქი. მივხვდი, რომ ჩემი ფეხით მივედი. მანამდე მეგობრებს მივყავდი. ნევროზმა ერთ თვეში გამიარა. მერე მონასტრებში სიარული დავიწყე. ბეთანიაში მამა იაკობმა და მამა ეგნატემ შემაყვარეს ლოცვა და მონასტრული ცხოვრება.
ბერად კიევში, წმინდა სამების მონასტერში აღვიკვეცე. კიევში სამსახურის გამო წავედი. მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვედი ტაიკვანდოში და უხეში ბრძოლის გამო ერთი წლით დისკვალიფიკაცია მომცეს. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და ამიერკავკასიის ორგზის ჩემპიონი ვიყავი. დისკვალიფიკაცია რომ მომცეს, გადავწყვიტე, სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. კიევში სკოლა გავხსენი, ტაიკვანდოს ვასწავლიდი. სპორტის ოსტატი იქ გავხდი.
– ამ ყველაფერს დამტვრეული მკლავებით მიაღწიეთ?
– დიახ. მირონის ხე მომიტანეს, რომელიც ქართლში არ ხარობს. გადმოტანის დროს დაიმტვრა. წითელი ნაჭრით დავაბი, ქანდის საყდართან დავრგე და ყოველდღე ვრწყავდი, ღმერთს ვევედრებოდი, გადარჩეს–მეთქი. ერთ დილას რომ გამოვედი, საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ამიტომაც ეძახიან მირონის ხეს – საოცარ სურნელს აფრქვევს მისი ყვავილები. ყველა მეუბნებოდა, არ არსებობს, ვერ იხარებსო. მე კი დამტვრეული ხე ვახარე. ნაჭერიც მოვხსენი და შეხორცებულია. მეც ასე, ერთი წელი ჯერ ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, მერე კიდევ ერთი წელი – ინვალიდის ეტლს. შემდეგ ყავარჯნებზე გადავედი. როცა ისინიც გადავაგდე, ნელ–ნელა სირბილი დავიწყე და საქართველოში სპრინტერობაში პირველი ადგილი ავიღე.
უკრაინაში მონასტერში დავდიოდი. იქ, წმინდა სამების იონას მონასტერში იყო წმინდა გიორგის ხატი ქართველის მიერ ქართულ კანონიკაში შესრულებული. ყველა ქართველი იქ იყრიდა თავს. ჯერ სტიქაროსანი გავხდი. მერე ისე შევეჩვიე იქაურობას, ვიცოდი, ვერ გავძლებდი ამ გზის გარეშე. ეს ერთადერთი სწორი გზაა.
სიმღერებს ვწერდი და ვმღეროდი. ფილარმონიაში, კულტურის სახლის სცენებზე, გრიბოედოვის თეატრში გამოვდიოდი. ქართულად და რუსულად ვმღეროდი. ახლა ამ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, მრცხვენია. ახლა გალობას ვწერ.
http://sana.ge/address/news/cat/5/id/22960...%83%95%E1%83%A1 This post has been edited by lex7 on 11 Jun 2013, 22:02