კომისიამ, რომელიც ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობდა, ის 8 ობიექტი განსაზღვრა, რომლებიც ბუნების ძეგლად გამოცხადდება, როგორც კი პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს. ეს ადგილებია:
სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი (მღვიმეებიც და ჩანჩქერებიც)
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი (ადიგენის რაიონი, აჭარა);
დაშბეშის კანიონის ბუნების ძეგლი (წალკის რაიონი);
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი (თეთრიწყაროს რაიონი);
მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (ტყიბულის რაიონი);
ბოდორნის კლდის სვეტები (დუშეთის რაიონი);
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი (ყაზბეგის რაიონი);
ქეთერისის მინერალური ვოკლუსის ბუნების ძეგლი (თრუსოს ხეობა).
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ჯამში ეს რვა ობიექტი 16 ერთეულს მოიცავს და მას მერე, რაც პარლამენტი წარდგენილ სიას დაამტკიცებს, ის, რაც კობი-გუდაურის გზაზე მდებარე ტრავერტინებს დაემართა, აღარ განმეორდება.
შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე დაახლოებით ერთი თვის წინ გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს მშენებლებმა მძიმე ტექნიკით ერთ-ერთ ღირსშესანიშნავი ადგილი ტრავერტინები დააზიანეს.
ეს სია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საპარლამენტო კომიტეტს დღეს გადაეცა. დამატებით ხუთი ობიექტის ბუნების ძეგლად გამოცხადების საკითხი კი ჯერჯერობით გადაიდო.