ჩვენი თანაფორუმელის დაწერილი სტატია

ცოტას აჭარბებს, მაგრამ მაინც საინტერესოა.
”ძირს შავტრაკა კახელები! ძირს აფერისტი მეგრელები!” – ანუ, საქართველოს ისტორიის ”ჩვენებური” გაგება
როდესაც თსუ-ს I კორპუსში, ისტორიკოსების სართულზე ასეთი წარწერები ვნახე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იქ არ მოვხვდი, სადაც მინდოდა.
რა გამოდის? მეგრელები კახელებს შაჰ-აბასის შთამომავალ შავტრაკებს ეძახიან, კახელები – მეგრელებს – აფერისტებს, მთის ხალხი – იმერლებს – მლიქვნელებს, იმერლები – აჭარლებს ჩამოთრეულ-გადათურქებულებს, თბილისელები (ეს ცალკე კასტაა) – ყველას ერთად აღებულს – სოფლელებს და გოიმებს. ამ ერთიანი სეპარატისტულ-კუთხურ-ნაცისტურ მენტალური შიზოფრენიისას კი, ერეგირებულ მდგომარეობაში მყოფ ერის შვილებს (რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან, როდის გაბრწყინდება ივერია თავისით), მთავარი ავიწყდებათ – იგივე შეცდომას უშვებენ, რამაც აქამდე ხელი შეგვიშალა ასე სანატრელ გაბრწყინებაში.
პრობლემა ის კი არაა, რომ ეს შეცდომა ავიწყდებათ, არამედ, არც არასდროს გახსენებიათ. საკუთარი ისტორიის არასწორი გაგება და მისი დატრიალება სხვადასხვა პოზებში, საამაყო ამბების სასარგებლოდ, ჩვენს მთავარ ნაკლად მიმაჩნია.
***
სკოლაში საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე ჯდომისას, რატომღაც სულ მინდოდა, მასწავლებელს უფრო მეტი ელაპარაკა ყორღანაშვილებზე, სეპარატისტ მთავრებზე, კუჭგაუმძღარ თავად-აზნაურობაზე, ერეკლეს შვილებზე, რომლებმაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაისაკუთრეს და ყველა შეცდომაზე, რომლის გაანალიზებაც ასე გვჭირდება უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად. (აბა სხვის შეცდომებზე ჩვენ ვერ ვსწავლობთ და…) ამის ნაცვლად 90 წლის ვენერა მასწ-ი გაუთავებლად გვიყვებოდა, თურმე როგორ მიუძღოდა წმ. გიორგი ქართველთა ლაშქარს (ჟამთააღმწერელს დაუნახავს თავისი თვალით), როგორ კითხულობდა ბრძოლის წინ ფსალმუნებს დავით აღმაშენებელი, როგორი ლამაზი მეფე იყო თამარი, სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დანებდა 100,000 მხდალი ფანატიკოსი მეტეხის ხიდზე მტერს (ეს ბევრს დღესაც კი ეამაყება, თან, პარადოქსია, მაგრამ 9 ძმა ხერხეულიძესთან ერთად) და.ა.შ და.ა.შ. არცერთი სიტყვა იმაზე, რომ სეპარატისტული გამოხტომები, ერთმანეთის მტრობა, გაუმაძღრობა, ფარისევლობა, მხოლოდ საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ფიქრი და ამპარტავნება ქართველებისთვის ისეთივე ახლო და სანუკვარი იყო, როგორც უახლოეს მაგიდაზე შემოდგმული ცხელ-ცხელი ბოზბაში (თუ ჩიხირთმა?)
***
1 საათის წინ დასრულდა პირველ არხზე გადაცემა ქართული ფეხბურთის იმ ერთადერთი(!) გამარჯვების შესახებ, რომლის მერეც სამი ათეული წელი გავიდა. ამ 30 წლის მანძილზე რამდენი გადაცემა გახსოვთ, რომელიც ქართული ფეხბურთის პრობლემატიკასა და შეცდომების ანალიზს მიეძღვნა? ან რამდენი მწვრთნელი, ფეხბურთელი თუ ფედერაციის ხელმძღვანელი გახსოვთ, ვინც შეცდომები აღიარა და მისი გამოსწორების გზებზე იფიქრა? მე – არცერთი. სამაგიეროდ მახსოვს დიუსელდორფში მოპოვებულ გამარჯვებაზე გაკეთებული ათეულობით გადაცემა და გაუთავებელი ტრაბახი იმით, რომ ქართველებმა სულ რაღაც ერთხელ – მოვიგეთ ფეხბურთში.
***
ეხლა მაინც, 2010 წელს, თანამედროვე სამყაროში, მაშინ როცა ნებისმიერი სახის ინფორმაციის და ცოდნის მოპოვებას ერთი Click და რამდენიმე წამი სჭირდება, არ დადგა დრო, რომ რაღაცა ვისწავლოთ, შევცვალოთ, დავივიწყოთ, გავიხსენოთ, ნაგავში გადავაგდოთ, ნაგვიდან ამოვიღოთ, გადავსინჯოთ და გადავწეროთ?
როგორ მინდა ეხლა მე-10 კლასის მოსწავლე ვიყო და ვკითხულობდე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს მაგალითად ასეთი სათაურით: ”საქართველოს ისტორია – ფაქტები და მათი კრიტკული ანალიზი”. ანდაც რა არის ამაში სანატრელი და დაუჯერებელი? ხომ შეიძლება ასეთი საგანი შემოიღონ? თავიდან გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, სხვა თვალით. აი ისე, რომ საკუთარი თავების და საკუთარი ისტორიის არამარტო გვეამაყებოდეს, არამედ, სადაც საჭიროა – შეგვრცხვეს. იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, რომ საქართველო ნათურა არაა, რომელსაც გაურკვეველი ზე-ძალა ”შტეფსელში” შეაერთებს და აანთებს. მივხვდეთ, რომ ”შტეფსელში” შემაერთებლის ფუნქცია ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ. თორე გვეძახონ კახელებს შავტრაკები (არადა, თეთრი ტრაკი მაქვს), ვეძახოთ ერთმანეთს შე ცუდოო, მე უფრო კარგი ვარო. მაგის ძახილით რომ ნათურა ინთებოდეს, ამდენს კი აღარ იწვალებდა ნიკოლა ტესლა
P.S. რა განსხვავებაა ქათამსა და ადამიანს შორის? ქათამი კვერცხს დებს, ადამიანი – ვერა… ააა და კიდევ ერთი – ადამიანს შეუძლია რამის შერცხვეს და გამოასწოროს. ქათამს კი სულ არ ადარდებს, სად გაისვრის თავის სკინტლს. ხოდა, ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენი ასეთი სკინტლი გვაქვს გასროლილი? თანაც ჩვენი სკინტლი ქათმისაზე ბევრად დიდია.
http://solitme.wordpress.com/2010/07/07/%E...83%91%E1%83%98/