მე ბევრჯერ დამიწერია ამ საკითხზე, მაგრამ დავწერ აქ ოდნავ ვრცლად.
მე მიმაჩნია, რომ მეგრული სტატუსით ქართულს არ უნდა გაუთანაბრდეს, ანუ არაა აუცილებელი სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება, არც მეგრულენოვანი სკოლები უნდა არსებობდეს, არც მეგრულენოვანი უნივერსიტეტები, არც წირვა-ლოცვა უნდა აღევლინებოდეს მეგრულად.
ძალიანაც რომ გვინდოდეს მეგრულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება, მეგრულენოვანი სკოლების და უნივერსიტეტების გახსნა, ან საერთაშორისო ენად სურდეს მისი აღიარება მთელ მსოფლიოს, ასე ადვილად ვერ გადაწყდება ეს საკითხი.

ვერ ადგები ერთ დღეს და ვერ მიანიჭებ სახელმწიფო ენის სტატუსს ენას, რომელზეც არ არის განვითარებული ლიტერატურა.
მეგრულად სულ რამდენიმე წიგნია გამოსული. მეგრულ ენაზე დაწერილი უძველესი ტექსტები ორი საუკუნისაც არაა.
ენა რომ დაიხვეწოს იმ დონეზე, რომ სახელმწიფო ენის სტატუსის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, არაა საკმარისი 1,2,5, 10 ან თუნდაც 50 წელიწადი.
მაგალითად, ყირგიზულ ენას ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი ყირგიზეთში, მაგრამ უმაღლესი განათლება არ არის ამ ენაზე, ვერ მიაღწია განვითარების იმ დონემდე, რომ სამეცნიერო ლიტერატურა ითარგმნოს ამ ენაზე იმ დონეზე, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შეიძლებოდეს სწავლება.
ანუ, შეიძლება ვერ მიაღწიოს ზოგიერთმა ენამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე იმ დონეს, რომ ყველა სფეროში მოხერხდეს მისი გამოყენება.
მე მეგრულის შემთხვევაში ვლაპარაკობ შენარჩუნება-განვითარების შესახებ, რისთვისაც ოფიციალური სტატუსის გარდა, უამრავი მეთოდი არსებობს.
ხოდა, შენარჩუნება-განვითარებისთვის გარანტიების შექმნით, მეგრული ქართულს ვერ ჩაანაცვლებს.
საუკუნეებია, რაც ქართული ენა ვითარდება, აქვს მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, ამ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა, ამ ენას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი საუკუნეების განმავლობაში, რაც მთავარია. ქართული მეგრულზე ბევრად წინაა განვითარების მხრივ.
ან როგორ გგონია, რამდენად არის შესაძლებელი, მეგრულმა ნაწარმოებებმა ჩაანაცვლოს ოდესმე სრულად "ვეფხისტყაოსანი", ან "დიდოსტატის მარჯვენა?"
"ვეფხისტყაოსნის" ორი ვერსიაა დაბეჭდილი მეგრულად, მესამეც ნათარგმნია და არაა ჯერ დაბეჭდილი, როგორ გგონიათ, შოთას ორიგინალს ჩაანაცვლებს ოდესმე მეგრული ვერსიები?
რამდენად წარმოგიდგენია, რომ მეგრელმა ახალგაზრდამ გვერდზე გადადოს ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვათა დიდებული ნაწარმოებები და ლაშა გახარიას, ალიო ქობალიას, გიორგი სიჭინავას, გური ოტობაიას ნაწარმოებები იკითხოს მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ნაწარმოებებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ უკანასკნელთ?
კარგი იქნება, ერთი საგანი დაემატოს სკოლებში (და არა ფიზიკა და მათემატიკა ასწავლონ მეგრულად!), გამოიცეს წიგნები, დაეთმოს გარკვეული დრო სატელევიზიო სივრცეში, გამოიცეს ჟურნალ-გაზეთები, გაკეთდეს სხვადასხვა მეგრულენოვანი პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევს ენას და აღარ იქნება სამარცხვინო ახალგაზრდებისთვის ამ ენის სწავლა და ამ ენაზე საუბარი.
ეს უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ ჩვენი კულტურული საგანძურების შენარჩუნება-განვითარების მიზნით, ამ შემთხვევაში არანაირი ბოროტი ზრახვების საფუძველი აღარ ექნებათ იმ ძალებს, ვინც სეპარატიზმის გაღვივებით შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი.
დღეს სახელმწიფო ენის სტატუსიც რომ მოვანიჭოთ მეგრულს, ეს იქნება ფიქცია ალბათ.
ან, მეგრული სკოლების შექმნა რომ მოვინდომოთ, ჰა-ჰა ოთხ კლასს გაწვდეს

აღარაფერს ვამბობ მეგრულენოვან უნივერსიტეტებზე

აფხაზურს აქვს ეს სტატუსი, მაგრამ რეალურად აფხაზური ვერ ქაჩავს იმ დონეზე, რომ ყველა სფეროში იქნას გამოყენებული ეს ენა.
. .