„მარნეული აგრო“ ხორბლის რეკორდული მოსავლის აღებას გეგმავს
2013-07-09 14:27:41
„მარნეული აგროში“ მარცვლეული კულტურების აღების სეზონი დაიწყო. კომპანია წელს ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდება. 120 ჰექტარი მინდვრიდან „მარნეული აგრო“ 450 ტონა ხორბლის მიღებას გეგმავს. მოსავლის აღების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 7,5 ტონა შეადგინა, როცა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2,5 ტონას ვერ აღწევს და საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება.
„მარნეული აგროს“ დირექტორის გიორგი დალაქიშვილის განცხადებით,
სწორად შერჩეულმა ხორბლის ჯიშებმა, დაბალნსირებულმა გამოკვების სისტემამ, დროულად ჩატარებულმა რწყვებმა და მიზანმიმართულმა აგროტექნიკურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო.
„მარნეული აგრო“ აღებული ხორბლის მოსავლის დიდ ნაწილს ჰოლდინგში შემავალი „თელეთის ფერმაში“ საქონლის გამოსაკვებად იყენებს, ხოლო დანარჩენს რეალიზაციაში გაუშვებს. მალე დაიწყება სხვა მარცვლეული კულტურის აღება, კერძოდ, კომპანიაში სიმინდის დიდ მოსავალს ელიან.
„მარნეული აგრო“ მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია ფლობს მიწის საკუთრებასა და ჩითილების წარმოების სასათბურე მეურნეობას გარდაბანსა და მარნეულში. „მარნეული აგრო“ მოჰყავს ბოსტნეული და ჰოლდინგში შემავალ „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ნედლეულით ამარაგებს.
http://www.commersant.ge/?page=news&id=1757რუსი ტუროპერატორები საქართველოში ბიზნეს–ტურების მოწყობას გეგმავენ
2013-07-10 15:39:51
საქართველო ბიზნეს–ტურიზმში პოპულარულ ტრენდულ მიმართულებად ყალიბდება და მსოფლიო კორპორატიულ ასპარეზზე დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსული კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომლებიც საქართველოში საინფორმაციო ტურში იღებენ მონაწილეობას.
კომპანია GTM (Georgian tourism marketing)–ის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 7–11 ივლისს საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი საინფორმაციო ტური მიმდინარეობს.
მანამდე, ივნისში ოცი რუსული ტუროპერატორისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ამჯერად კი საქართველოში ის რუსული კომპანიები და ტუროპერატორები მოიწვიეს, რომლებიც კორპორატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
“მეგაპოლის ტურსის“ საქმიანი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკატერინა ნიკიტინას განცხადებით, საქართველო რუსული ბიზნეს–აუდიტორიისთვის ახალი მიმართულებაა.
„იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღიარებულია საქმიანი მოგზაურობებისთვის მსოფლიო ასპარეზზე, საქართველო ახალი ბიზნეს–ტრენდია. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი ის დახურული იყო რუსული ბიზნესისთვის. კორპორაციული ბიზნესი ძალიან პროგრესული და საინტერესო მიმართულებაა. ამ სფეროში მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან მართლაც ძალიან მაღალი სერვისი და მომსახურების ძალიან მაღალი კლასი უნდა აჩვენო,“ – განაცხადა ნიკიტინამ.
მისი შეფასებით, საქართველო პასუხობს ყველა იმ მაღალ მოთხოვნას, რომელიც რუსეთში მოქმედებს გასვლითი კორპორატიული ღონისძიებების მომსახურებისას.
„სასტუმროებმა, რომლებიც თბილისში ვნახეთ, სასიამოვნოდ გაგვაოცა. სტანდარტი სრულად აკმაყოფილებს 5–ვარსკვლავიანი კატეგორიის სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე სასიამოვნოდ გაგვაოცა კონფერენც–შესაძლებლობებმა... ყველას სურს რაღაც ახალი შთაბეჭდილების მიღება, მაგრამ უკვე ყველა ყველგან იყო, საქართველო კი, არის ქვეყანა, სადაც „არავინ არ ყოფილა“. იმედი მაქვს, რომ ეს მიმართულება დამკვეთების მხრიდან დიდ მოთხოვნას გამოიწვევს. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რათა საინტერესო იყოთ მსოფლიო კორპორატიულ არენაზე,“ – განაცხადა ეკატერინა ნიკიტინამ.
გამოცემა „ბიზნეს–თრეველის“ ჟურნალისტის მიხაილ შუგაევის განცხადებით, საქართველო რუსულ ბაზარზე კონკურენციაში არ უნდა შევიდეს ისეთ ტურისტულ „მონსტრებთან,“ როგორებიცაა ეგვიპტე, თურქეთი და ა.შ., არამედ საკუთარი თავის რეკლამირება მოახდინოს და სხვა მხარეები იპოვოს, რომელიც რუსული ბაზრისთვის იქნება საინტერესო.
მისი თქმით, სარეკლამო–მარკეტინგული კამპანიის განხორციელებისას საქართველომ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. პირველი: რუსულ ბაზარს, ევროპული და სხვა უცხოური ბაზრებისგან განსხვავებით, აქვს დიდი უპირატესობა, რადგან იქ კარგად ახსოვთ ქართული ფილმები, სტუმართმოყვარეობა, ამიტომ ტურისტების გარკვეული კატეგორია საქართველოში ნოსტალგიური გრძნობით ჩავა.
მეორე სექტორია ახალგაზრდა ტურისტები, რომლებსაც სმენიათ საქართველოს შესახებ, მაგრამ არასდროს არ ყოფილან იქ.
„აქ უდიდესი შესაძლებლობებია ახალგაზრდული, ექსტრემალური, სამთო–სათხილამურო ტურიზმისთვის, ასევე აქტიური პროგრამებია მთების მდინარეებზე,“ – განაცხადა შუგაევმა.
მისი თქმით, მესამე მიმართულება საქმიანი ტურიზმია, და ამ სფეროში რეკლამა კორპორატიული კლიენტებისკენ უნდა იყოს მიმართული.
პრეს–კონფერენციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი შესაძლოა სწორი საინფორმაციო პოლიტიკისა და სატრანსპორტო ტარიფების შემცირების შედეგად გაძლიერდეს. მათი აზრით, მოსკოვი–თბილისის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ბილეთების ფასები კი შემცირდეს.
შეგახსენებთ: ახალი ხელისუფლება ტურიზმის მიმართულებაში ერთ–ერთ მთავარ მიზნობრივ ბაზრად სწორედ რუსეთს ასახელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში რუსეთიდან 500 000–ზე მეტი ტურისტი შემოვიდა, წელს კი, 1 იანვრიდან 5 მაისამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 77 პროცენტით.
http://www.commersant.ge/?page=news&id=1794