ნინო მიქიაშვილი: 2014 წლის 6 ივლისს საყდრისში ერთი დღით იყვნენ ჩამოსულები ზვიად გამსახურდიასდროინდელი უზენაესი საბჭოს წევრები და ეროვნული მოძღაობის ვეტერანები: ციალა შანავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი და ვახო ბახტაძე. ეს ვიდეოკადრები საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიახლოებისას გადავიღე
გუშინ, 15 ივლისს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის სახელით შევიდა მიმართვა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, სადაც მოვითხოვთ საყდრისისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენას. ამ მიმართვას დავამატეთ პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი მოთხოვნაც.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს!
ბატონებო, უკვე დიდი ხანია საზოგადოება ითხოვს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 5400 წლის მაღაროს საკითხის კანონის შესაბამისად გადაწყვეტას.
მოგახსენებთ, რომ პრობლემა წამოიჭრა 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრის გ. ოდიშარიას #03/108 ბრძანებისა და საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2013 წლის 10 ივლისის #563 ბრძანების გამოცემის შემდეგ, რის თანახმად უძველეს მაღაროს მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი.
2013 წლის 5 ივლისის საქართველოს კულტურის მინისტრის #01/108 ბრძანება 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა მიჩნეული.
ასევე მოგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს რამოდენიმე პროცესი, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამუშაოების ლიცენზიის მქონე კომპანია RMJ Gold-ის უამრავ დარღვევევას ასახავს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც აქვს ამ კომპანიასთან სერიოზული პრეტენზიები გარემოს დაბინძურების მძიმე შემთხვევების გამო, რაც არაერთი დაჯარიმების საფუძველი გახდა, ამ სამინისტროს სახელით პროკურატურაში 2 თვის წინ გადაგზავნილია ამ პრობლემებთან დაკავშირებული საქმე.
საზოგადოებამ მრავალგზის გამოთქვა აღშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგმართათ თხოვნით, რათა მაღაროსთვის დაებრუნებინათ კუთვნილი სტატუსი და გაგრძელებულიყო მისი კვლევა, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა პირველად ამა წლის 20 მარტს მიმართა პარლამენტს (117 ხელმოწერით), შემდგომ კი 14 აპრილს, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე გაკეთდა განცხადება (150 ხელმოწერა), ხოლო 20 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მივმართეთ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით - აღუდგეს საყდრისის მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი.
საქართველოში შეგროვდა 2000-ზე მეტი ხელმოწერა, საბერძნეთში 1600-ზე მეტი, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სხვა ქვეყნებშიც, საერთაშორისო პეტიციების საიტზე www. avaaz.org დაფიქსირებულია 3000-მდე ხელმოწერა, ასევე ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება როგორც უცხოელების, ისე საქართველოს მოქალაქეების ვიდეო-მიმართვები ამავე მოთხოვნით.
არანაკლები სიმწვავით დგას ამ რეგიონის ეკოლოგიური, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები, ხოლო დაბინძურებული მდინარეების (კაზრეთულა, მაშავერა) სარწყავად გამოყენება იწვევს საქართველოს მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებას, რადგანაც ეს რეგიონი ამარაგებს თითქმის მთელს საქართველოს ხილ-ბოსტნეულით.
პოლიტიკური პარტიებიც, როგორც საზოგადოების ნაწილი, აქტიურად განიხილავენ ამ პრობლემას და მას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევენ. ამიტომ, ბატონებო, გიგზავნით მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს 12 პარტია, და ითხოვს:
1. აღუდგეს უძრავი ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს;
2. გაგრძელდეს ამ მაღაროს არქეოლოგიური კვლევა;
3. სამთავრობო დონეზე იქნას შესწავლილი ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები;
4. სათანადო ყურადღება მიექცეს ამ რაიონში მაცხოვრებელ და დასაქმებულ პირთა შრომისა და ჯანმრთელობის უფლებებს.
სამწუხაროდ, მიუხედავად ამდენი მიმართვისა და თხოვნისა პრობლემა არ გადაწყვეტილა. გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება საზოგადოებისთვის ამ მეტისმეტად მგრძნობიარე საკითხისადმი, რათა ჯეროვნად იქნას იგი შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ უფრო ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დანართი 1. საქართველოში მოღვაწე პარტიების მიმართვა მთავრობისადმი - 1 ფურცელი.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე სოხაძე, ტელ.: 599904210, მცხ. თბილისი, მეჯვრისხევის ქ. #5.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის კომიტეტის სახელით
ა. მიქაუტაძე, ე. სოხაძე, დ. ეფრემიძე, ბ. ბოგველი, გ. კიკნაძე, თ. აბუთიძე, თ. შანავა
11. 07. 2014 წ.
ასევე მიმართვასთან ერთად ჩვენ იგივე პირებს და ამასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრს გავუგზავნეთ შემდეგი მოთხოვნა.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს!
საქართველოს პარლამენტის თავჯმდომარეს დავით უსუფაშვილს!
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს!
ბატონებო! ჩვენ, ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ადამიანები, კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დღეს მოქმედი ეკოლოგიური, კლიმატური თუ ტექნოგენური ფაქტორების უარყოფით ზეგავლენას. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ წიაღისეულის მომპოვებელ საწარმოებში მომუშავე და მათთან ახლოს მხცოვრები ადამიანები, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საწარმოს მიერ გამომუშავებული დამაბინძურებელი ფაქტორების უშუალო ზემოქმედებითაა განპირობებული, რაც დადასტურებულია მრავალი სამედიცინო, თუ ეკოლოგიური კვლევის შედეგად.
(ბოლნისის რაიონში ჩატარებული კვლევების სტატისტიკის სამედიცინო ცენტრის მონაცემები; 2000 წ.; დ.წერეთელი, ქ.ნაკაიძე 1999-2000 წლებში ბოლნისის რაიონის სოფლებში ჩატარებული სამედიცინო კვლევები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2003 წლის ანგარიში; გ, მელიქაძე, "საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი და სივრცულ-დროითი მოდელირება ეკოლოგიური და სეისმური პრობლემის გადაწყვეტის მიზნით", დისერტაცია, 2006 წ.; გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის 2014 წლის ანგარიში; არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს სამედიცინო ელემენტოლოგთა კავშირის მიერ 2014 წლის ივლისის თვეში ჩატარებული ზოგადი კვლევა და სხვა).
კვლევების შედეგად შემუშავდა მრავალი მიმართვა ხელისუფლების მისამართით, სხვადასხვა ტექნიკური, თუ სამედიცინო ღონისძიებების ჩატარების მოთხოვნით, რასაც სახელმწიფოს ინსტიტუტების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
დღესაც ამ საწარმოებში არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული შრომითი, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის მექანიზმების მუშაობა, რაც თანამედროვე სამყაროსთვის შეუფერებელად გვეჩვენება. რეალურად არ არის დაცული დასაქმებულთა უსაფრთხოების და შრომის პირობები, ბინძურდება გარემო, საფრთხე ექმნება საწარმოებთან ახლომდებარე დასახლებებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საფრთხეს უქმნიან საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებს, მათ შორის თბილისს.
შემაშფოთებელია ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ონკოდაავადების 7000 ახალ შემთხვევას აფიქსირებს.
ასეთი ვითარება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, სახელმწიფო კი ვალდებულია განახორციელოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, რომელთა შორის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და შრომითი უფლებები უმნიშვნელოვანესია.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული უფლება-მოსილება და დაიწყოთ პოტენციურად სახიფათო ინდუსტრიული ზონების სიღრმისეული შესწავლის პროცესი, შეიმუშაოთ ამ დარგის განვითარების ადეკვატური სტრატეგია, რომელიც განაპირობებს იქ მომუშავე და ახლოს მაცხოვრებელი ადამიანების ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის უფლებების სათანადო განხორციელებას, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად დაისახოს და სწრაფად განხორციელდეს სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდება სადღეისოდ აღიარებული საერთაშორისო შრომითი და ჯანდაცვითი ნორმების, უფლებებისა და თავისუფლებების მოასხლეობისთვის ამუშავების კუთხით, ხოლო ასეთი საწარმოები ადამიანების უმნიშვნელოვანესი უფლებების შეზღუდვის საშიშ მაგალითებად აღარ მოგვევლინება.
ჩვენ კი ვეცდებით პროფესიული შესაძლებლობების შესაბამისად წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამ უდიდესი პრობლემის გადასაჭრელად.
მარტინ დ.აბელოფის სახ. კიბოს კვლევის ცენტრის სამედიცინო დირექტორი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ა. თავართქილაძე
თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს ექსპერტი; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების
ევროპის ბიუროს მთავარი საბჭოს წევრი ს. კობახიძე
ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, ბავშვთა
ნევროლოგი, ასოცირებული პროფესორი ი. ნატროშვილი
ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
ტრავმატოლოგ-ორთოპედი,მედიცინის დოქტორი ლ. ჭანტურია
ექიმი-თერაპევტი, მედიცინის დოქტორი გ. ქაჯაია
აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის
რითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კ. ეცადაშვილი
აკ. ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის ცენტრის მენეჯერი,
ექიმი გ. ჯავახიძე
ექიმი- სტომატოლოგი ნ. მოროზი
ექიმი- სტომატოლოგი ნ. კაჭკაჭიშვილი
ქირურგი-სტომატოლოგი გ. ცინცაძე
ექიმი-პედიატრი მ. გოგიშვილი
ექიმი-თერაპევტი, მედიცინის დოქტორი ე.სოხაძე
ექიმი-რადიოლოგი თ.ჩახუნაშვილი
ექიმი-ფსიქოთერაპევტი ნ. მჭედლიშვილი
ექიმი-ეპიდემიოლოგი თ. გაბრიჭიძე
ექიმი-სტომატოლოგი ა. მიქაუტაძე
ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი,
ფსიქოთერაპევტი ბ. ბოგველი
ექიმი-სტომატოლოგი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქ. ჯანელიძე
ექიმი- სტომატოლოგი მ. ფრუიძე
ექიმი-სტომატოლოგი ლ. ტოპეშაშვილი
ექიმი-სტომატოლოგი მ. მოლაშვილი
ექიმი-პედიატრი ლ. ბესიაშვილი
ექიმი-სტომატოლოგი მ.ჯავახიშვილი
ექიმი-ჰიგიენისტი ა. ასანიძე
ექიმი-სტომატოლოგი ბ. ნიკოლაიშვილი
ოჯახის ექიმი, საქართველოს საპატრიარქოს
წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
მოწვეული პედაგოგი ლ. გრიგოლია
26 მაისს ხელმოწერებს რომ ვაგროვებდით რუსთაველზე, ერთი ჭაღარა კაცი მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. საყდრისის გარშემო ატეხილ ამბებს ისე უმოქმედია მასზე, რომ ლექსიც დაუწერია. ირაკლი-ილიად გაგვეცნო. მას ამ რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი და ტელეფონით ჩავიწერე ლექსი. აი, ისიც, ვბეჭდავ შემოკლებით , ბოდიში ავტორთან. :
ლოდივით მაწევს ნაღველი გულზე,
ვდარდობ სამშობლოს, გაყიდულს ფულზე,
სიმღერას, ცეკვას სხვისას დაკრულზე
ამერიკულზე, თურქულ-რუსულზე.
ვფიქრობ და ვდარდობ საქართველოზე,
ჩემი სამშობლოს მთაზე, მდელოზე,
ვდარდობ საყდრისის ძველ მაღაროზე,
ღმერთო, მტრებოსგან დაიხსენ დროზე!
ვფიქრობ საყდრისის ოქროს გორაზე
და იქ შესეულ მგლების ხროვაზე,
ვფიქრობ ბოლნისზე, ვფიქრობ საყდრისზე,
ჩვენს სიხარბეზე არსაკადრისზე.
გიჟ-ვრაცუებზე თუ ხარბ-ვრაცუებზე
გარეთ მხდალებზე, შინ მამაცებზე,
ვფიქრობ ჩვენს მტრებზე, ჩვენს მეგობრებზე
და ძალზე ჭკვიან ჩენს მეზობლებზე....
.................................
თუ თავს კულტურულ ერებს ვაკუთვნებთ,
არ ვათარეშოთ ჯაშუშ-მსტოვრები,
განძს ნუ ჩავუგდებთ წყეულ მანქურთებს,
თაობებს ზიზღით მოვაგონდებით!
თუ დავდუმდებით, რაც არა მჯერა,
ვაჟკაცი ხარ თუ მანდილოსანი,
იქნება ჩვენი გედის სიმღერა,
გავქრებით ერი კულტუროსანი.
ვხედავ, არ წყდება ესუღმერთობა,
სურთ, მიიყვანონ საქმე ბოლომდი,
რად არ ხმაურობს დღეს სტუდენტობა,
რის მაქნისია ჩვენო ბომონდი?!
მოყვასის გვერდში ვისწავლოთ დგომა,
რომ გაიტანოს სამშობლომ ლელო,
ჯერ არ დამდგარა ჩვენი აღდგომა,
საყდრისი გტკივა შენ, საქართველოვ!
შემოსევია ქართლს "მონღოლები"
ხალხში ეჭვს უკვე აღარ ბადებენ,
დღეს მშველელს უხმობს ოქროს ლოდები,
საყდრისის ქვები კი ღაღადებენ.
ანადგურებენ საყდრისს და ბოლნისს
მგლების ხროვა და ტურა-კატები,
სამშობლოს კლავენ აქ პირველყოვლისს
სულგაყიდული ტექნოკრატები.
..........................................
დამაქცეველო ძეგლის საყდრისის
მე შენ მოგმართავ "მოყვარე მტერო",
ფულის გულისთვის ჩირად არ გიღირს
ხუთიათასი წლის საქართველო.
რასისიხლი გიდგას , მითხარ, მანქურთო,
მტარვალ თემურ-ლენგს რომ ემგვანები,
სამშობლომ უნდა გლანძღოს, გაფურთხოს,
თქვენ ხართ ქართველი თალიბანები!
................................
დღეს ხალხს მოგმართავთ, ვარ პირში მთქმელი,
თბილისელი ხარ თუ ბოლნისელი,
სურთ არსუკიძეს კვლავ მოსჭრან ხელი,
უნდათ კულტურა შემოსრონ ჩვენი.
..............................
საქართველოსთვის თუ ხარ ერთგული,
გიყვარს სამშობლო და თუ ხარ ქველი,
სამშობლოსათვის თუ გიძგერს გული,
გადავარჩინოთ! საყდრისი გველის!
http://reportiori.ge/?menuid=3&id=33100ნინო მიქიაშვილი: ვინც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ცდილობთ - გამხელთ და დაგიპირისპირდებით!
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
14 ივლისი, 2014. 16:00
დღეს, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით დაწყებული კარვების აქციიდან 3 თვე შესრულდა.
საყდრისის მცველებმა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმოამდგენლებმა, პროფესორებმა და პოლიტიკოსებმა, დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
მიმართვა - ჟურნალისტებს, საყდრისის მცველმა და ჟურნალისტმა, ნინო მიქიაშვილმა გააცნო.
„სადავო აღარ არის, რომ საყდრისის ოქროს მაღარო მსოფლიოში უძველესი და უნიკალურია. ის ჩვენი ისტორიისა და კულტურის სიამაყეა. ამავდროულად, საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საყდრისის მცველები საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს სასწრაფოდ აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
საყდრისის განადგურების გეგმის ფორმა შეიცვალა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საყდრისზე ტოტალური გათხრების ჩატარება აქვს განზრახული, რის შემდეგაც საყდრისის შენარჩუნება შეუძლებლად გამოცხადდება და „არემჯი გოლდს" მისი აფეთქების უფლება მიეცემა. სააგენტო ცდილობს ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში ჩაითრიოს შეულახავი რეპუტაციის მქონე მეცნიერები.
ჩვენ, საყდრისის მცველები, მაღაროს არქეოლოგიურ კვლევას მივესალმებით, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ისეთი ტიპის არქეოლოგიურ გათხრებს, რომელმაც მაღაროს შენარჩუნება სათუო შეიძლება გახადოს.
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებული სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ის საერთაშორისო კონვენციები, რომელსაც მიერთებულია საქართველო და რომლის შესრულებასაც გვავალდებულებს ევროკავშირთან ახლახანს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება.
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებული სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტი და არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის (განახლებული ლავალეტას კონვენციის) მეორე, მესამე მუხლები და მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი. ამ კონვენციას ჩვენი სახელმწიფო მიუერთდა 2000 წლის 23 თებერვლის N158 დადგენილებით.
გაფრთხილებთ, ვინც ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ცდილობთ - გამხელთ და კანონით დაშვებული ყველა ფორმით დაგიპირისპირდებით!
აქვე შეგახსენებთ, რომ „არემჯი გოლდმა" მაღაროს ნაწილი ბარბაროსულად დაანგრია. შესაბამის უწყებებში არაერთი საჩივარია შესული, მაგრამ რეაგირება ჯერჯერობით, არც ერთს მათგანს არ მოჰყოლია.
საყდრისში, კარვების აქცია გრძელდება. ასევე გრძელდება საყდრისის დასაცავად დაწყებული სასამართლო დავები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ძეგლს მოეხსნა არქეოლოგიური დაცვის ზონა და რომლითაც გაუუქმდა უძრავი ძეგლის სტატუსი. მეორე პროცესზეც საყდრისის მცველების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და „არემჯი გოლდს" ფართომასშტაბიანი სამუშაოების უფლება აეკრძალა, მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს",- ნათქვამია განცხადებაში.
This post has been edited by basa-ttt on 16 Jul 2014, 21:03
მიმაგრებული სურათი