ეს ირინე ღამბაშიძის პირად ფბ-ზე დევს!
ამონარიდი პაატა ქურდაძის ანტიდოტიდან
" საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ
საქართველოში კულტურული და საგანმანათლებლო კატასტროფა ბევრად
უფრო საშიშია, ვიდრე კარს მომდგარი მტერი, და თავის რესურსებს
სწორედ კულტურას მოახმარს, საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი
მთავარი რეფორმატორის ადგილს დაიკავებს.რადგან კულტურა არის
კონტექსტი, რომლის გარეშე დემოკრატია არ შენდება, დემოკრატია
კი საბაზისო სისტემაა, რომლის გარეშე ვერ განვითარდება ვერც ერთი
ზემოთ ჩამოთვლილი დარგი. ამიტომ მათ განვითარებაზე ფულის ფლანგვა
მის წყალში გადაყრას ნიშნავს.
კულტურა სხვა არაფერია, თუ არა პიროვნული ღირსება,რომელიც
ადამიანს პირუტყვისგან განასხვავებს. დემოკრატია არის პიროვნული
ღირსება აყვანილი ეროვნულ, შემდეგ კი სახელმწიფოებრივ ხარისხში.
მოსახლეობის კულტივირებისათვის ხელის შეწყობა პირველ
რიგში სახელმწიფოს ეგზისტენციალური მნიშვნელობის მოვალეობაა.
მას სხვა გზა უბრალოდ არ გააჩნია. ქართულ სახელმწიფოს ეს არც
წარსულში ესმოდა და არც დღეს ესმის: კულტურისა და ძეგლთა დაცვის
ყველაზე ღარიბი სამინისტრო სხვა სამინისტროების ჩამონათვალში
ზუსტად იგივე პოზიციაზე იმყოფება, როგორზეც კულტურის ახალი ამბები
საღამოს ტელე-საინფორმაციო ჟურნალებში: ამინდის პროგნოზის წინ და
კრიმინალური ქრონიკის შემდეგ.
ძეგლთა დაცვა და კულტურა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფო
სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. ისტორიული ძეგლები "ჭამენ"
ცოცხალ კულტურას. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოცხალი კულტურა, თუმცა, ამ
უკანასკნელის გარეშე ძველი კულტურა არავის სჭირდება და "ძეგლთა
დაცვის" აზრი მხოლოდ მათ მიერ უკულტურობისგან ჩვენს დაცვაში
შეიძლება გამოიხატოს!
მიმაგრებული სურათი