მეცნიერებო, არა გრცხვენიათ, ამას როგორ წერთ პრემიერ-მინისტრს და როგორ ახდენთ ციტირებას ავადმყოფ, თვითმარქვია მეტაფიზიკოს ქ-ნი ნაზი ხანიაშვილის ბოდვების წიგნიდან? ეს არის თქვენგან არამეცნიერული კამათი. ამაზე მეტი მჯელობა თუ არ შეგიძლიათ - წადით სახლებში! მიხედეთ თქვენს გიჟებს! იცოდეთ, ქ-ნი ნაზის ვერ გაურკვევია რეალობა და არარეალობა, იგი არის ერთი სოფლელი კუდიანი. თვითონ მას ჰკითხეთ და უმალ გიპასუხებთ, რომ თავისთავი მიაჩნია შვიდი ათასი წლის წინანდელი შუმერული ღმერთქალ ინანად (!)
http://pirveliradio.ge/?newsid=9103მეცნიერების მიმართვა პრემიერსა და საზოგადოებას
ბოლნისის რაიონში, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებმა და სხვა მეცნიერებმა გააკეთეს. ეგრეთწოდებული "საყდრისი-ყაჩაღიანის" ოქროს მაღაროს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა და შესაბამისად ამ მაღაროდან პრეისტორიულ ხანაში, 5400 წლის უკან ოქროს მოპოვება არ დასტურდება. კომისიის წევრების განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობის ერთ თვიან პერიოდში ვერ გაეცა პასუხი მათ მიერ დასმულ ვერცერთ ლეგიტიმურ კითხვას. ამ თემების გათვალისწინებით, კომისიის წევრებისათვის მიუღებელი და გაუგებარია რატომ შეაქვს ეჭვი არქეოლოგთა ერთ ჯგუფს კომისიის დასკვნის კომპეტენტურობაში, როდესაც საყდრისის ობიექტის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დასაბუთება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ამრიგად მისი უნიკალურ ძეგლად გამოცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. კომისიის წევრები განმარტავენ, რომ საყდრისის ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება მოხდა ფალსიფიკაციის გზით, რადგან ამის არანაირი საკანონმდებლო და სამეცნიერო საფუძველი არ არსებობდა. მათი თქმით ადგილი აქვს მცდელობას, რომ ფაბრიკაციები გასაღდეს, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. რა მიზნითაც გარკვეული ჯგუფების მიერ ხდება საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა და საკითხის პოლიტიზირება, რაც კომისიის წევრბს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
ამ თემაზე ქართველმა მეცნიერებმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნეს, რომელსაც "პირველი რადიო" უცვლელად გთავაზობთ:
საყდრისი ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო - მითი თუ რეალობა?!
ღია წერილი საზოგადოებას
ბოლო ხანებში ხმაურია ატეხილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გამო, რითაც ე.წ. „საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს“ მოეხსნა ძეგლის სტატუსი. სამწუხაროა, რომ პოლემიკაში, რომელიც უმეტესწილად დილეტანტურ ხასიათს ატარებს, ჩაერთნენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ბოხუმის უნივერსიტეტი და ბოხუმის სამთო ინსტიტუტი, რომლებიც პრაქტიკულად მხარს უჭერენ ე.წ. ”ძეგლის” სტატუსის შენარჩუნებას. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ არ ფლობენ საკითხთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას, ეყრდნობიან მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მიწოდებულ ცალმხრივ და ზედაპირულ მასალებს და ამდენად ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან არქეოლოგთა იმ ჯგუფის თანამოაზრენი, რომელიც სათანადო მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, მეცნიერებაში მიუღებელი არაეთიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მინისტრის ზემოხსენებული ბრძანება აბსოლუტურად სწორია და დროული (თუ არა დაგვიანებული), ეფუძნება იმ კომისიის დასკვნას, რომლის წევრებიც ჩვენ ვიყავით და რომლის დასკვნაზეც ჩვენ, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, პასუხს ვაგებთ.
პრობლემა პირველივე უკანონო ქმედებამ და მასზე თვალის დახუჭვამ შექმნა, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით.
როცა საქართველოში მოქმედ უმსხვილესი საბადოს ცენტრალურ ნაწილს ენიჭება ძეგლის სტატუსი, ანუ უწესდება ისეთი შეზღუდვა, რაც იწვევს სამთამადნო საწარმოს ფუნქციონირების შემცირებას ან საერთოდ მის შეჩერებას, ნათელია, რომ ამას მოჰყვება უაღრესად სერიოზული უარყოფითი სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შედეგები, მათ შორის ისიც, რომ შეიძლება ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ დარჩეს. დაგვეთანხმებით, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რისკების დეტალური, სკურპულოზური შეფასების შემდეგ, მხოლოდ გადაუდებელი, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ შეუვალი მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად საჯაროდ, ფართო საზოგადოებრივი განხილვის პირობებში უნდა ხდებოდეს, რადგანაც ასეთ გადაწყვეტილებაზე მრავალი ოჯახის ბედია დამოკიდებული.
სამწუხაროდ, საყდრისის შემთხვევაში ეს ასე არ არის – ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობისა და ამავე კანონმდებლობით დადგენილი განხილვის პროცედურების სრული უგულვებელყოფით განხორციელდა.
კერძოდ, საბადოს ცენტრალურ ნაწილს ძეგლის სტატუსი ისე მიანიჭეს, რომ სამთამადნო საწარმო არც კი იქნა გაფრთხილებული ან საქმის კურსში ჩაყენებული, მეტიც – სტატუსის შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი დისკუსია ან თუნდაც ერთი განხილვა არ გამართულა არსად, მათ შორის თვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც კი! და ვერც გაიმართებოდა, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.
ვერც იქნებოდა ვერანაირი წინაპირობა, რადგან კვლევა, რომელიც კანონის თანახმად 2006 წელს საფუძვლად უნდა დადებოდა ამ ობიექტისათვის ”ძეგლის” სტატუსის მინიჭებას – ბუნებაში არ არსებობს და სტატუსის მინიჭება განხორციელდა არა „პროცედურული დარღვევებით“, როგორც ამის რბილად წარმოჩენა სურთ, არამედ თაღლითური გზით, კერძოდ, ”საყდრისის ოქროს მაღარო” შეაპარეს სულ სხვა ბრძანების დანართს, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში (1978-1989 წ.წ.) არსებულ ძეგლებს, რომლებმაც შემდგომში ეს სტატუსი დაკარგეს, ხელმეორედ მიენიჭათ იგი. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვთქვათ – საქმე გვაქვს შეგნებულ თაღლითობასთან, შეგნებულ გაყალბებასთან, შეგნებულ ფალსიფიკაციასთან.
ფალსიფიკაცია არ იყო უაზრო და უანგარო – მას სრულიად კონკრეტული, მერკანტილური მიზანი ჰქონდა – საზღვარგარეთული, კერძოდ ფოლკსვაგენის ფონდის გრანტის მიღება, რაც (სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ) ამ ჯგუფმა ბრწყინვალედ შეასრულა. სწორედ ამ მიზანს შეეწირა საწარმოსა და მისი 3000 კაციანი შრომითი კოლექტივის მომავალი, შესაბამისად მთლიანად რეგიონისა თუ ქვეყნის ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესები. სამწუხაროდ ამაზე მაშინ არავის ამოუღია ხმა.
ეხლა რაც შეეხება საკუთრივ საკითხის შინაარსს – გვაქვს თუ არა საქმე ნამდვილად პრეისტორიულ ოქროს მაღაროსთან, თუ ესეც გარკვეული, რბილად რომ ვთქვათ, ფანტაზიის ნაყოფი, ან სულაც კვლავ შეგნებული ფალსიფიკაციაა? ამ ეჭვის საფუძველს ”გაძეგლების” პერიპეტიები გვაძლევს. არის თუ არა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი თუნდაც დღეისათვის, 9 წლის შემდეგ? დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ - არა! კომისიის ერთ თვიანი მუშაობის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი საყდრისის მიდამოებში 5000 წლის წინ ოქროს მომპოვებელი მაღაროს არსებობის დამადასტურებელი ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი.
გარდა ამისა, 9 წლის შემდეგაც კი დაუსაბუთებელია და უპასუხოდ არის დარჩენილი თითქმის ყველა პრინციპული საკითხი თუ შეკითხვა, რომელთა გარკვევის გარეშეც რაიმე სახის, მეტ-ნაკლებად მწყობრი მოსაზრების ჩამოყალიბებაც კი შეუძლებელია. კერძოდ:
როგორ ადგენდა პრეისტორიული ადამიანი უხილავი ოქროს არსებობას ამა თუ იმ ქანში? როგორ საზღვრავდა მის შემცველობას? როგორ არჩევდა იმ ქანებს, საიდანაც ოქროს ამოღება მექანიკური გზით იყო შესაძლებელი?
როგორ გაიყვანა სუბვერტიკალური 20-30 მ სიღრმის გვირაბები უფრო მაგარ ქანებში, ვიდრე შრომის იარაღებია?
რატომ მოიპოვებდა ოქროს უმძიმესი ტექნოლოგიით, შახტური მეთოდით და არა გაცილებით ადვილი, გარეცხვის მეთოდით იქვე არსებულ ოქროსშემცველი ქვიშრობიდან?
საერთოდ, როგორ სუნთქავდნენ ადამიანები 20-30 მ სიღრმეზე ყოველგვარი ვენტილაციის გარეშე? როგორ ანთებდნენ და ინახავდნენ კოცონს?
როგორ ხდებოდა განთების უზრუნველყოფა, როდესაც ერთი ჭრაქიც კი არაა ნაპოვნი, ხოლო ჩირაღდანი ადამიანის დახუთვის იგივე შედეგს გამოიწვევდა, რასაც ცეცხლის დანთება
როგორ შეიძლება ემუშავათ ადამიანებს და ეხმარათ ქვის უროები 70-120 სმ სიგანის გვირაბში – პრაქტიკულად ხვრელში! (ასეთ ახსნას გვთავაზობენ : ბავშვთა შრომა გამოიყენებოდაო)
მაშინ, რამდენად შეეძლოთ ბავშვებს ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება? თუ შეეძლოთ, საიდან უნდა ჰქონოდათ მათ ოქროს შემცველი ქანების გამოცნობის ცოდნა? თუ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა აქ ოქროს მოპოვება, სად გაქრა ოქროს კვალი შრომის იარაღებიდან? რატომ არ არის არცერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებული?
სად არის ოქროსმომპოვებელი საქმიანობისთვის აუცილებელი ნარჩენები და ოქროს გამოდნობის შედეგად წარმოქმნილი შლაკები?
რატომ არ არის წარმოდგენილი მთელი 9 წლის მანძილზე მსოფლიოში მიღებული სტანდარტის შესაბამისად ლაბორატორიულად დადასტურებული ოქროს არც ერთი ანალიზი?
რატომ არ იქნა შენახული სინჯების დუბლიკატიები, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული?
თუ მართლაც თერმული დამუშავებით (ცეცხლით) ხდებოდა გვირაბის გაყვანა, სად გაქრა მისი შესაბამისი ნახშირი ან ნაცარი, რომელიც უამრავი რაოდენობით უნდა დაგროვილიყო?
შეეძლო თუ არა პრეისტორიულ ადამიანს ემუშავა იმ ქანებში, სადაც ოქროს შემცველობა დადასტურებულია როგორც 1-1,5 გ/ტ? ხომ წარმოუდგენელია, რომ ვინმემ სცადოს რამდენიმე ტონა გაკაჟებული ქანის მონგრევა და მისი დაფქვა ქვის და ძვლის იარაღებით, დარწმუნებულიც რომ იყოს, რომ იქიდან ერთ გრამ ოქროს მიიღებს? ვინმეს სჯერა ეს?
სად გაქრა არქეოლოგიური შესწავლის ანგარიშებიდან ამ გამონამუშევრებში საწყის ეტაპზე ნაპოვნი რუსუდან დედოფლის დროინდელი მონეტები და საერთოდ რატომ იჩქმალება ეს ფაქტი?
და ბოლოს – რატომ მიენიჭა ძეგლის სტატუსი მაინცდამაინც მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტს, მაშინ როცა მსგავსი არტეფაქტები მრავლად არის იქვე, იგივე ბოლნისის რაიონში?
ცალკე აღნიშვნის ღირსია გაყალბებისა თუ ფაბრიკაციების ის ფაქტები, რომელიც მრავლად არის ”კვლევების” ანგარიშებში. დავიწყოთ იმით, რომ 2005 წლით დათარიღებული ანგარიში არ არსებობს არც მეცნიერებათა აკადემიაში, არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. მიუხედავად ამისა, კომისიას წარედგინა მისი არაოფიციალური ელექტრონული ვერსია (PDF ფაილის სახით), რომელიც 2013 წელს არის შედგენილი(?!). ასევე გასაოცარია, თუ რა გზებით და სასწაულით მოხვდა 2007 წლის ანგარიშში 2008, 2009 და 2010 წლის სამუშაოების შედეგები!! კომენტარი ალბათ ზედმეტია. 2009 წლის ანგარიშში მოყვანილია ციტატა ”აქ ოქროს შემცველობები მეტად შთამბეჭდავი იყო” – თუმცა ეს რეალურად მხოლოდ 0,62 და 0,69 გ/ტონაზე აღმოჩნდა, რაც დღევანდელ პირობებშიც კი დაბალ, თითქმის არარენტაბელურ შემცველობებად ითვლება.
არქეოლოგიური "ფაქტების" ფაბრიკაციისა და მოპვებული არქეოლოგიური მასალის არასწორი ინტერპრეტაციის უამრავი სხვა მაგალითებიც უხვად მოიპოვება. ამის საილუსტრაციოდ იკმარებდა 2007 წელს ბალიჭი ძეძვების ნამოსახლარზე აღმოჩენილი ნამგლის პირსართავების (2007 წლის ანგარიშის გვ.14, სურათი 8) უგულვებელყოფა 2010 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში, რაც ნამოსახლარის ხასიათს ტოტალურად შეცვლიდა.
ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება 2008 წლის (გვ 13,15,16.) და 2009 წლის (გვ.37) ანგარიშებში, აგრეთვე მონოგრაფიაში (გვ. 110), ე.წ. „ქურასთან“ დაკავშირებული ნახაზების ურთიერთ შედარებისას. „ქურის“, ქვით შემოწყობილი რკალი არაერთგვაროვანია, და ის წლების შესაბამისად იცვლება: ხან ფართოდ გახსნილია დასავლეთის მიმართულებით, ხანაც სრულ წრეზე შეკრული, რაც აშკარად ფაბრიკაციის იერს ატარებს.
როგორც ჩანს ავტორებს ვერ გადაუწყვეტიათ, აღნიშნულ „ქურას“ ჩრდ–აღმ.–დან, კვლავ მეორე „ქურა“ მიაბან, თუ „საცეცხლე“ განყოფილება, რომელსაც ორგანულად „ქურას“ ვერანაირად ვერ აბამენ.(დაშორება დაახლ.65–70 სმ–ია). ამ ტიპის დოკუმენტირება და ინტერპრეტაციები ქმნის ეჭვის მყარ საფუძველს
საყდრისში "უძველესი ოქროს მაღაროს" არსებობის იდეის ვტორები პრეისტორიულ ხანაში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით გამოდნობილ და სავარაუდოდ ქვეყნიდან გატანილ ოქროზე აპელირებენ (მონოგრაფია გვ.76). სამწუხაროდ არც ანგარიშებში და არც მონოგრაფიაში, არსად ჩანს ის დასაბუთება, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა კონკრეტულ რაოდენობაზე მსჯელობა. აქ კი კვლავ ვხედავთ უსაფუძვლო რიტორიკას „დიდი რაოდენობით ოქრო“-ზე. ერთადერთი მოხსენება სადაც მოპოვებული და ქვეყნიდან გაზიდული ოქროს მიახლოებითი რაოდენობა ირკვევა, ესაა თ. შტოლნერის მოხსენებაში გამოთქმული იდეა ასეულობით კილოგრამ ოქროზე და აბსურდამდე მისული ინფორმაცია ერთ ტონა მადანში სამასი გრამი ოქროს არსობების შესახებ, რაც 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული პრეზენტაციისას თვითონვე გააბათილა დაზუსტებული ინფორმაციით, რომ სულ 150 კილორამამდე ოქრო მოუპოვებიათ ხანგრძლივი დროის, დაახლებით 500 წლის განმავლობაში. კომენტარი ნამდვილად ზედმეტია.
ყოველივე ამის მიუხედავად, პრინციპით – ”მიზანი ამართლებს საშუალებას” – კვლავ და კვლავ შეუსვენებლად ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე აშკარა ფალსიფიკაციისა თუ ფაბრიკაციების აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გასაღების მიზნით.
თუნდაც ეს რად ღირს: ”ორიოდე წლის წინ ბოლნისში, სოფ. საყდრისის ტერიტორიაზე, 25-30 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ოქროს საბადოს დაახლ. 5000 წლის წინანდელი შახტი, სადაც თურმე ადგილზე ამზადებდნენ ოქროს ნაკეთობებს. ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გამოიკვლია ეს შახტი, აიღო ოქროს სინჯი და შეადარეს ყველა ძველი ცივილიზაციის ოქროს ნაკეთობებს. აღმოჩნდა, რომ ამ შახტაში დამზადებული ოქროს ნაკეთობები მხოლოდ შუმერშია აღმოჩენილი. იგივეს ადასტურებს არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ მახარაძე, ეს ფაქტობრივად ადასტურებს შუმერთა მითში ”ინშერქარი და არათას ბატონი”-ში გადმოცემულ რეალურ ისტორიულ ფაქტებს, რომლის მიხედვითაც ეს ოქროს ნაკეთობები საქართველოს ”წმინდა მიწიდან” შუმერში ქალღმერთ ინანას ბრძანებით ჩაიტანეს, როგორც უდიდესი სიწმინდეები მათი ტაძრებისათვის”
ეს არის ამონარიდი ქ-ნი ნაზი ხანიაშვილის სტატიიდან, რომელიც არა თუ ფართოდ გავრცელდა ელექტრონული თუ ბეჭდვითი მედიით, არამედ გამოიცა კიდეც (ჰოროსკოპ+რევიუ, ივნისი, 2013წ., გამომცემლობა ”გლობალ-პრინტი+”, თბილისი 2013წ.). დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ასეთი კვლევა არასდროს არ ჩატარებულა და ზემოხსენებული მტკნარი სიცრუეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ბ-ნ შტოლნერს, არც ქ-ნ ღამბაშიძეს, არც ბ-ნ მახარაძეს, რომელთაც კარგად მოეხსენებოდათ ამ პუბლიკაციის არსებობის თაობაზე, ეს სიცრუე არ უარყვიათ. პირიქით, თავისი ჩუმი თანხმობით ამ აზრის საზოგადოებაში დანერგვას უწყობენ ხელს!
ამგვარივე მიდგომის ნათელი მაგალითია "უძველესი მაღაროს" იდეის სხვა აქტიურ მხარდამჭერთა პოზიცია. 22 აგვისტოს მოწყობილ ე.წ. "საველე პრეზენტაციისას" ისეთი ცნობილი სამეცნიერო ინსტიტუტის სერიოზულმა ფიგურამ, როგორიც ბატონი დავით სახვაძეა, იქ მყოფ კომპანიის თანამშრომელს პირდაპირ განუცხადა - "ამგვარი მაღარო, რომც არ გვქონოდა, უნდა გამოგვეგონაო". ამაზე კომენტარი ზედმეტია.
რას იზამ – ჯანდაბას იქით გზა ჰქონია რეპუტაციას – მიზანი ხომ ამართლებს საშუალებას! ესეც მეცნიერული კეთილსინდისიერება! მაგრამ აქ ხომ სხვისი რეპუტაციაც ითელება: ”შემთხვევითი არ არის, რომ გერმანელმა არქეოლოგმა სვენტ ჰანსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს საკითხი, როცა აღნიშნა საყდრისის ოქროს მაღაროს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს და მესოპოტამიის კულტურათა შესწავლის საკითხში” – ვკითხულობთ იქვე.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბ-ნი სვენტ ჰანსენს ნამდვილად არ მიუწვდება ხელი ამგვარ გამოცემებზე, მაგრამ მისი კოლეგები კი ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ საკუთარი თუ არა, ბ-ნი ჰანსენის რეპუტაცია მაინც, დარწმუნებულები ვართ აგრეთვე, რომ ბ-ნი ჰანსენი, ბ-ნი შტოლნერისაგან განსხვავებით, არ იზიარებს ზემოხსენებულ ”აღმოჩენას”.
როგორც ჩანს ბ-ნი შტოლნერისა და მისი გუნდისათვის ფალსიფიკაცია და თვალში ნაცრის შეყრა ჩვეული ხელობაა. დიდი ზარ-ზეიმით გამოცემულ მონოგრაფიაში (2010, გვ.96. სურ. 35) ბ-ნი შტოლნერის მიერ ნაჩვენები ფოტოგრაფია – ერთ-ერთი „მაღაროს“ ე.წ. „ოქროს მადნის ძარღვი“ -კიდევ ერთი, ჩვეული ფალსიფიკაციაა, რადგანაც სინამდვილეში სულაც არ არის ”ოქროს ძარღვი”, არამედ რკინა-სპილენძის (!) მეორადი მინერალების შემცველია. ისე ცნობისათვის, ”ოქროს ძარღვი”, როგორც ასეთი, რაც გაუცნობიერებელ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მხოლოდ კინოფილმებში – მაგ. ”მაკენას ოქრო” – და ბ-ნი შტოლნერის ფოტოგრაფიებში შეგვიძლია ვიხილოთ, ისე კი ბუნებაში არ არსებობს – სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს კვარცის ძარღვი, ან სხვა ქანი, რომელიც ამა თუ იმ რაოდენობით შეიცავს ოქროს.
სრულიად ნათელია, რომ ზემოხსენებული მაგალითებს არც ნამდვილ მეცნიერებასთან, არც ნამდვილ პატრიოტიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს – გაყალბების და ფალსიფიკაციების ეს კრებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის – გრანტის კვლავ და კვლავ მიღების და მისი ხარჯვისთვის არის გამიზნული. გასაოცარია, რომ მიუხედავად ამისა, ამ ბლეფის ავტორებს მაინც ჰყავთ თავგამოდებული დამცველები, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ეშელონებში ქ-ნ მარინე მიზანდარის სახით, რომელიც არც მალავს, რომ ამ ჯგუფს ყველა გზით, ყველა მისაღები თუ მიუღებელი ხერხით ლობირებს.
რასაკვირველია, ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს, ყველა მეცნიერს, მათ შორის უცხოელს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სხვაზე არანაკლები კომპეტენცია გაგვაჩნია ჩვენს სფეროში და კარგად ვარჩევთ ნამდვილ მეცნიერს ავანტიურისტისგან, ნამდვილ არგუმენტებს ზერელე და პოპულისტური მსჯელობისგან. რადგანაც ჩვენს ოპონენტებს პირდაპირი პოლემიკა ჩვენთან არ ძალუძთ საკმარისი ფაქტების უქონლობის გამო, ისინი მიმართავენ არამეცნიერულ, არაეთიკურ ხერხს, უფრო სწორად კი ხრიკს: უამრავი მათი მხარდამჭერი წერილი თუ გამოხმაურება მოდის იმ ხალხისგან, პოლიტიკოსებისგან თუ მეცნიერებისგან, ვისაც საერთოდ არა აქვს შეხება ამ საკითხთან, ვინც არ ფლობს სათანადო ცოდნას და ინფორმაციას, ან ვინც ბრმად ენდობა ბ-ნი შტოლნერის ფიგურას. კულისებსა თუ კულუარებში საკუთარი თაღლითობის მეცნიერულ სიმართლედ გასაღება – უღირსი ხერხია, სამწუხაროა, რომ ბ-ნი შტოლნერი ჩვენთან პირისპირ კამათის ნაცვლად ამ უღირს ტრიუკს მიმართავს და, რაც მთავარია, ამას არც მალავს.
მოგმართავთ ყველას, ნუ მიიღებთ გაუცნობიერებლად ბ-ნი შტოლნერის ამ უნიჭო, უღირს სპექტაკლში, ბლეფში მონაწილეობას – ამან შეიძლება მრავალი ადამიანის, მრავალი ათასი ოჯახის ბედი დააზიანოს.
მოგმართავთ ყველას: ჭეშმარიტების დადგენის სურვილი რასაკვირველია მისასალმებელია, მაგრამ ვიდრე თქვენს საზოგადოებრივ აზრს სახალხოდ გამოთქვამდეთ, გთხოვთ კარგად გაერკვეთ პრობლემაში, გაეცნოთ კვლევას, კვლევის შედეგებს, ოპონენტების მოსაზრებებს და მხოლოდ შემდეგ, ისე როგორც ნამდვილ მეცნიერს და უბრალოდ პატიოსან მოქალაქეს შეეფერება, გამოხატოთ თქვენი პოზიცია.
ჩვენ და ჩვენი კოლეგები მოხარული ვიქნებოდით თუ მართლაც დადასტურდება, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში (ეგვიპტელ ფარაონთა აკლდამების მშენებლობამდეც კი) ჩვენი წინაპრები ოქროს უკვე მიწისქვეშა წესით, მაღაროებიდან მოიპოვებდნენ, მაგრამ ამის დამტკიცებას ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტები და რაც მთავარია, ბევრად უფრო კეთილსინდისიერი მიდგომა და არა ავანტიურიზმი სჭირდება.
პატივისცემით,
ა. თვალჭრელიძე - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ო. ქუცნაშვილი - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
დ. ლომიტაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
გ. ყიფიანი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ნ. შეყრილაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
რ. მიხელსონი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი