შევეცდები რამდენიმე კონკრეტული მაგალითით ავხსნა რა ქმნის არასტაბილურობის განცდას. ეს არ იქნება ამომწურავი ჩამონათვალი; ამას რამდენიმე კვირის მუშაობა დასჭირდებოდა; მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ პრობლემის არსის ილუსტრირებას შესაძლებელს გახდის.
ა) ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო შარშანდელ საშემოდგომო სესიაზე, იყო საგადასახადო კოდექსიდან იმ ჩანაწერების ამოღება, რომლებიც 2013 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე გადასახადის (საშემოსავლო, დივიდენდი, როიალტი) შემცირებას გულისხმობდა. უმრავლესობის მიერ მოყვანილი არგუმენტი ლეგიტიმური იყო - ეს გამოიწვევდა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ასეა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გადასახადების შემცირება, ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი, იქნებოდა ძლიერი გზავნილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ ჩანაწერის კოდექსიდან ამოღებით კი ჩვენ, ქვეყანამ, გავაგზავნეთ სრულიად საპირისპირო გზავნილები - 1. საქართველოში ეკონომიკური/საგადასახადო გარემო შეიძლება შეიცვალოს ყოველ პოლიტიკურ ცვლილებასთან ერთად; 2. ინვესტორები, რომელთაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს ბიზნესი საქართველოში და ელოდნენ გადასახადების შემცირებას, სახელმწიფომ უბრალოდ მოატყუა; 3. ნებისმიერი ახალი, პოტენციური ინვესტორი შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში, რადგან სახელმწიფო არ იკლავს თავს გაცემული დაპირებების შესრულებით.
ბ) რამდენიმე თვე გაგრძელდა დისკუსია ახალ შრომის კანონმდებლობაზე. დისკუსიას წინ უსწრებდა უაპელაციო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს ,,მონური შრომის კოდექსი", ,,ლეგალიზებული მონობა" და სხვა. მთელი ეს შრომის კანონმდებლობის ,,დახვეწის" პროცესი ისე შეიფუთა, თითქოს ახალი კოდექსის მიღება მოქალაქეებს დაასაქმებდა, რაც შესაძლოა ძალიან მომგებიანი იყო პოლიტიკური დივიდენდების მიღების კუთხით, მაგრამ დამღუპველი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთი ტიპის პოპულიზმში თქვენ პირადად იყავით ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ შრომის კოდექსის არც წინა და არც ახალი ვერსია წაკითხული არ გაქვთ (არა იმიტომ რომ კითხვა არ გიყვართ, უბრალოდ ძალიან მეეჭვება ამის დრო გქონდეთ). თქვენ აჰყევით რამდენიმე ევროპელის დაჟინებულ რჩევას, რომ შრომის კანონმდებლობა გაგეხადათ უფრო ,,ევროპული" და დაგავიწყდათ რომ ბრიუსელი მოსკოვი არ არის. ევროპისკენ იმისთვის არ მივივართ, რომ ბრიუსელისგან ისევე მივიღოთ მითითებები, როგორც ადრე კრემლიდან ვიღებდით. განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, მათ შორის შრომის ბაზარზეც. რა მივიღეთ შედეგად? 1. სრული დაბნეულობა ბიზნეს სექტორში რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა ვერ გაიგეს რამდენად უძვირდებოდათ მათ მუშახელი; 2. პროცესის დასრულების შემდეგ, გართულებული სამსახურში აყვანისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები ანუ გაზრდილი ხარჯები ბიზნესისთვის. თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ასეთი გარემო უფრო მიმზიდველი იქნებოდა თუ პირიქით? თქვენ, ან რომელიმე თქვენი მთავრობის წევრს, გულწრფელად გჯერათ რომ ახალი შრომის კოდექსის პირობებში დაქირავებული შრომით დაკავებული ადამიანების მდგომარობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა?
გ) თვეებია გრძელდება დისკუსია აზარტული თამაშების აკრძალვის თაობაზე. პარლამენტში შესაბამისი ინიციატივაც არის შემოსული. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ უმრავლესობისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. აზარტული თამაშების აკრძალვა ნიშნავს 1. ათეულობით ათასი არსებული სამუშაო ადგილის დაკარგვას; 2. ათეულობით, თუ არა ასეულობით, მილიონი ინვესტიციის შეჩერებას, რაც შეიძლება გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა; 3. საბიუჯეტო შემოსავლების კლებას, რაც კიდევ უფრო მეტად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ სოციალური ხასიათის დაპირებების შესრულებას, რომლებიც თქვენ უხვად გაეცით წინასაარჩევნოდ. თუ ზრდასრული მოქალაქეები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების, ნებაყოფლობით კავდებიან აზარტული თამაშებით და მზად არიან ასეთი ტიპის გართობაში დახარჯონ საკუთარი ფული, რატომ ჰგონიათ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რომ მათ აქვთ უფლება მოქალაქეებს ასეთი ქმედება აუკრძალონ? ასეთი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი დისკუსიის შედეგი - დაბნეული არსებული თუ პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც დღესაც არ იციან ღირს თუ არა არსებული ბიზნესის გაფართოება, დაწყებული პროექტის დასრულებაში ფულის ჩადება ან ახალი პროექტის დაწყება.
დ) პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე. ამ აკრძალვას ექნება ძალიან კონკეტული შედეგები: 1. ქვეყანაში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, შესაბამისად შემცირდება სამუშაო ადგილები, შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები; 2. უხოელები, რომლებიც უკვე ფლობენ მიწას საქართველოში, იქნებიან მუდმივი შიშის ქვეშ, რომ მათ საკუთრების უფლებასაც შეიძლება შეექმნას საფრთხე; შესაბამისად, არ იფიქრებენ ახალ ინვესტიციებზე, განვითარებაზე და ა.შ.; შედეგად - კვლავ ნაკლები ინვესტიციები, ნაკლები სამუშაო ადგილები, ნაკლები საბიუჯეტო შემოსავლები; 3. ეს არის გზავნილი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ გადაუხვია თავისუფალი ეკონომიკის გზიდან და მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტ აკრძალვებსა და რეგულაციებს - შესაბამისად, ერიდეთ კაპიტალის საქართველოში დაბანდებას!
ე) იმის გამო, რომ საბიუჯეტო შემოსავლებში შეგექმნათ პრობლემა, გადაწყვიტეთ შემოსავლების მობილიზების ახალი წყაროები მოგეძიათ. ეს გასაგებია. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა და თქვენი მთავრობა არ არის პირველი მთავრობა, რომელიც აღმოჩენილა მსგავსი გამოწვევის წინაშე. სწორი გამოსავალი იქნებოდა გადასახადების დაწევის და ბიუჯეტის შემცირების გზით წასვლა, მაგრამ თქვენ მრავალნაცადი და, ჩემი აზრით, გაუმართლებელი გზა აირჩიეთ - გადაწყვიტეთ აწიოთ აქციზის გადასახადი თამბაქოს და ალკოჰოლიან ნაწარმზე. რამდენიც არ უნდა ისაუბროთ იმის თაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით თქვენ ებრძვით მაღალ არტერიულ წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, კერძო სექტორმა მიიღო კონკრეტული გზავნილი - სახელმწიფოს უჭირს საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და, შესაბამისად, მომავალში უნდა ველოდოთ საგადასახადო გარემოს მხრივ კიდევ უფრო უარეს ნაბიჯებს. იგივე შეიძლება ითქვას მინერალურ წყლებზე მოსაკრებლის გასამმაგებაზე. თქვენ, როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, არ გაგიჭირდებათ იმის განჭვრეტა თუ რა ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს ბიზნესი ასეთი გზავნილის შემდეგ.
ვ) პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებას მომავალი წლის 1 თებერვლამდე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხეშად ჩაერევა კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაში. შედეგი: 1. მოკლევადიან პერსპექტივაში - ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული ზარალი; 2. საშუალოვადიან პერსპექტივაში - კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩენილი ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით, რადგან ფინანსური ინსტიტუტები მიღებული ზარალის ანაზრაურებას პირველ რიგში სწორედ მათგან შეეცდებიან; 3. გრძელვადიან პერსპექტივაში - ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან პირველ რიგში და ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ეკონომიკური მოთამაშის მხრიდან ზოგადად, დაკარგული ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც საბოლოო ჯამში კვლავ გამოიხატება ნაკლებ ინვესტიციებში, ნაკლებ სამუშაო ადგილებში, ნაკლებ საბიუჯეტო შემოსავლებში. ის, რომ თქვენ ღიად დაუპირისპირდით ამ ინიციატივას, მას შემდეგ რაც ის ორი მოსმენით გავიდა პარლამენტში, ვითარებას არ ცვლის უკეთესობისკენ. ოპოზიციაში ყოფნასა და ხელისუფლებაში ყოფნას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის განცხადებებსა და ინიციატივებზე ეკონომიკა ნაკლებად ან საერთოდ არ რეაგირებს, ხოლო ხელისუფლების თუნდაც ერთი წარმომადგენლის განცხადებას/ინიციატივას მყისიერი ზიანის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით ისეთი მგრძნობიარე ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.
ზ) არ ვიცი რამდენად ადევნებთ თვალყურს საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ერთ-ერთი საგულისხმო, თუ არა საგანგაშო, ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა ახალი პარლამენტის მუშაობაში, არის მიდრეკილება ახალი სახელმწიფო ბიუროკრატიის შექმნისკენ. მაგალითად, იქმნება სადაზღვევო კომპანიებზე ზედამხედველობის ცალკე სააგენტო (ადრე ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჰქონდა), იქმნება ფასიან ქაღალდებზე ზედამხედველობის ცალკე სამსახური (ეს ფუნქციაც ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოერთვას), იქმნება სახელმწიფო დაზღვევის სპეციალური ფონდი, სადაც უნდა აკუმულირდეს აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის 1/3, რაც დაახლოებით 600 მილიონი ლარია (საინტერესოა რითი დაფინანსდება ის საბიუჯეტო მუხლები, რომლებზეც ახლა იხარჯება ეს 600 მილიონი?) და სხვა. ეს არის ასევე ერთმნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესისთვის, რომ სახელმწიფო მიდის ზედმეტი ბიუროკრატიის შექმნისა და ზედმეტი ვალდებულებების აღების გზით, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე მოთხოვნას და შესაბამისად გადასახადების პოტენციურ ზრდას. შედეგი: 1. ქვეყნის შემცირებული კონკურენტუნარიანობა; 2. გაუარსებული საინვესტიციო გარემო; 3. ნაკლები ახალი კაპიტალი, ნაკლები სამუშაო ადგილები და ა.შ.
თ) როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებით, პირადად თქვენ ან თქვენი მთავრობის მინისტრები, მიუხედავად იმისა ხვდებით სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს თუ პოტენციურ ინვესტორებს, და საუბრობთ იმის თაობაზე თითქოს საქართველოს მოწინავე პოზიციები სხვადასხვა რეიტინგებში, გასულ წლებში იყო ფასადური, ამით თქვენ ზიანს აყენებთ საქართველოს ეკონომიკას. მესმის, რომ თქვენ არ ხართ გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ ამ კავშირის დანახვა არ უნდა იყოს რთული თუნდაც ახალბედასთვის. ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ, ნებისმიერმა ბიზნესმენმა შეიძლება იფიქროს მხოლოდ ორი რამ: 1. თუ ეს განცხადება ტყუილია, მაშინ დღევანდელ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის რას ნიშნავს ეს რეიტინგები და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება სარისკოა; 2. თუ ეს განცხადება სიმართლეა, მაშინ საქართვლოში არ ყოფილა მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, როგორც ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა რეიტინგები აჩვენებდნენ და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება როგორც მინიმუმ მანამდე არის სარისკო, სანამ ახალი ხელისუფლება ვითარებას არ გამოასწორებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ფულის ჩადება არ ღირს!
ი) ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა ქსენოფობიურმა განწყობებმა. ეს გარდა იმისა რომ თავისთავად წარმოადგენს პრობლემას, სხვა ყველაფერთან ერთად, აისახება ინვესტორებთან დამოკიდებულებაზეც. ადამიანებს, რომლებმაც დახარჯეს საკუთარი ფული რათა შეეძინათ მიწა, დაეხნათ, დაეთესათ, დაერგოთ და ა.შ. უაპელაციოდ უნადგურებენ ნათესებსა და ნარგავებს, აყენებენ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. და ამის გამო არავინ ისჯება. თქვენს მიერ ქებული და ,,პრინციპულად" გამოცხადებული გაზეთი კი პრაქტიკულად ნომერს არ აგებს, რომ ქსენოფობიური განწყობები არ გააღვივოს ჩინელი, ინდოელი, ირანელი თუ სხვა ქვეყნის პოტენციური თუ არსებული ინვესტორის მიმართ. ცოტა ხნის წინ კი საქართველომ ცალმხრივად გააუქმა უვიზო მიმოსვლა ირანისთვის, რითიც პრაქტიკულად უარი თქვა როგორც ირანულ ინვესტიციებზე, ისე ამ ქვეყნიდან ტურიზმით შემოსავალზე. ეს ასევე არის მკვეთრი გზავნილი გარე სამყაროსადმი, რომ ერიდონ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას, რადგან 1. ისინი აქ არ უყვართ; 2. მათ აქ შეიძლება პრობლემები შეექმნათ. ვერავინ დავალდებულებს ,,ასავალ-დასავალის" ჟურნალისტებს გახდნენ უფრო ტოლერანტულები ან გაერკვნენ ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კონკრეტული ადამიანების საკუთრების უფლების შელახვას, სახელმწიფო არ უნდა დგებოდეს სირაქლემას პოზაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
კ) მნიშვნელოვანი პრობლემაა არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების (ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას) დევნითა და შერჩევითი სამართლით. თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ამ ფაქტის პერმანენტული უარყოფის რეჟიმში იმყოფებით უკვე თვეებია, მაგრამ აქვს თუ არა ადგილი შერჩევით სამართალს პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, ამის შესამოწმებლად ძალიან მარტივი ტესტი არსებობს - ყველა დეპუტატი, რომელმაც დატოვა უმცირესობის რომელიმე ფრაქცია და გადავიდა უმრავლესობის ერთ-ერთ ფრაქციაში ან შექმნა ახალი ფრაქცია, ,,აღმოჩნდა" უკიდურესად წესიერი და უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანი. ხოლო უმცირესობის ფრაქციებში დარჩენილი დეპუტატების უმეტესობის წინააღმდეგ, ან მათი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების წინააღმდეგ სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურებში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ანალოგიური ვითარებაა პრაქტიკულად ყველა ადგილობრივ საკებულოში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ სურათის შედეგია და არა გიორგი კანდელაკის დამსახურება ის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, ისევე როგორც პრესაში, პერმანენტულად ისმის საქართველოს კრიტიკა. ეს კი პირდაპირ აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდის უმთავრესი წინაპირობაა.
ლ) ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც მეტ-ნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც გაკისრებთ პასუხისმგებლობას უამრავ მტკივნეულ და რთულ საკითხზე, ისევე როგორც ვალდებულება რეგულარული ურთიერთობა გქონდეთ მედიის წარმომადგენლებთან, არც თუ ისე სახარბიელო პოზიციაა ადამიანისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვა ტიპი გარემოში გაატარა. მიუხედავად ამისა, თქვენი მუდმივი განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პერმანენტური გაუგებრობის მდგომარეობაში ამყოფებს ბიზნეს სექტორს და უბიძგებს მას არ გააკეთოს გრძელვადიანი გათვლები და შესაბამისად გრძელვადიანი ინვესტიციები. ალბათ დამეთანხმებით, ამის გაცნობიერებას არ სჭირდება ხანგძლივი ანალიზი.
ასეთი ტიპის პრობლემების ჩამოთვლა უსასრულოდ არა, მაგრამ ქართული ანბანის ამოწურვამდე ნამდვილად შემიძლია. თუმცა, ვფიქრობ სურათი ისედაც ნათელია.
http://www.tabula.ge/ge/story/73407-ghia-t...premierministrsგაიგებს ვითომ ბიძინა რამეს?
არამგონია
Shurige