თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
მიუხედავად საზოგადოების წარმოდგენაში არსებული „მონსტრის" იმიჯისა, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურამ მძიმეწონიანი არგუმენტები და სამხილები ვერ დადო. ესაბამისად, არაა გამორიცხული, ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპატიმრო მალე დატოვოს და ლეგენდები მისი მწამებლობაზე ლეგენდებადვე დარჩეს.
ბაჩო ახალაიას გამართლებას პროგნოზირებს მისი ადვოკატი გიორგი ონიანი.
როგორც მან geotimes.ge- სთან საუბრისას განაცხადა, იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წაყენებული ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე უნდა დატოვოს.
გიორგი ონიანი 7 სპეცრაზმელის წამების საქმეების განხილვის დამთავრების შემდეგ, აქცენტს უკვე 2006 წლის ციხის ბუნტის ეპიზოდის საქმეში არსებულ დარღვევებზე აკეთებს და აცხადებს, რომ ბუნტის ეპიზოდში პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების გარდა არავითარი მტკიცებულება არ აქვს.
გიორგი ონიანი: „ ბუნტის საქმეზე მოწმეებად სასჯელაღსრულების 6 თანამშრომელს ჯერ კიდევ 2007 წელს აქვთ მიცემული ჩვენები, ამ ჩვენების საფუძველზე, ბუნტის ორგანიზებაზე განაჩენი დადგა სამ კანონიერ ქურდზე და სამ კრიმინალურ ავტორიტეტზე. ამის შემდგომ, განაჩენი უზენაესმა სასამართლომაც განიხილა და იქაც იგივე დადასტურდა. შესაბამისად, სასჯელი იმავე პირებს შეეფარდათ სასჯელაღსრულების თანამშრომლების ჩვენებით და კიდევ სხვა მტკიცებულებებით. მაგრამ მაშინაც იმ საქმიდან გამოიყო საქმე, სადაც უნდა განსაზღვრულიყო ბუნტის ჩახშობის პერიოდში ვინმემ ხომ არ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. თუმცა აღნიშნულ საქმეს მხოლოდ 2013 წელს მიეცა მსვლელობა, ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ საქმეზე დაკითხეს თავიდან ეს ადამიანები, სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნები. პირველ ჩვენებაში, ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაადასტურეს იგივე, რაც ნათქვამი ჰქონდათ 2007 წელში, მაგრამ მოგვიანებით , დაახლოებით ერთ კვირაში შეცვალეს. „ არავინ იცის რატომ" და თქვეს, რომ ეს ბუნტი ორგანიზებული იყო არა ქურდული სამყაროს მიერ, არამედ ბაჩო ახალაიას მიერ.
- პროკურატურისგან რას ითხოვთ ამ 6 მოწმესთან დაკავშირებით?
- პროკურატურამ ზეწოლის ნაცვლად გამოიძიოს რატომ შეცვალეს ჩვენებები მოწმეებმა, ცრუ ჩვენება ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია და ეს ადამიანები კი არ უნდა წინაურდებოდნენ. შეცვლილი ჩვენებების გამო უნდა გასამართლდნენ და კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგონ.
-თქვენ ამბობთ, რომ ბუნტის საქმეში მოწმედ გამოყვანილი თანამშრომლები დაწინაურდნენ, კონკრეტულად რომ დავასახელოთ რა თანამდებობებს იკავებენ?
-დიახ, ერთ-ერთი მათგანი მალხაზ სინაურიძე ამ პერიოდში სასჯელაღსრულების 14 დაწესებულების დირექტორად დაინიშნა.
- რაც შეეხება სპეცრაზმელების წამების ეპიზოდს, რომელზეც 7 აგვისტომდე უნდა იქნას განაჩენი გამოტანილი, რა შედეგს ელოდებით?
- სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდები, გაბათილებული არის ბრალდების ყველა მტკიცებულება. იმიტომ რომ, თუკი რომელიმე საქმეზე არსებობდა ერთი მოწმე , რომელიც საუბრობდა დანაშაულის არსებობის შესახებ, იქვე არსებობდა 10 - 15 ადამიანი, რომლებიც უშუალო შემსწრე იყო და აბსოლუტურად უარყოფენ ასეთ დანაშაულს. მოწმის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება, ამ საქმეში არ იყო, აქედან გამომდინარე ერთი მოწმე არის ათი მოწმის წინააღმდეგ, ყოვლად გამორიცხულია იმ ერთს დაეყრდნო და ათი მოწმე უგულებელყო, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. 7 აგვისტო არის ბოლო ვადა, მაგრამ არამგონია მანამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღოს .
- ბატონო გიორგი, რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, თქვენი აზრით ორივე ეპიზოდზე გამართლდება ბაჩო ახალაია?
-ამ ბრალდებებით, რაც დღეს წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას პროკურატურის მხრიდან, ეს ბრალდებები არის უსუსური, რეალობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ბაჩო ახალაიამ მალე უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება.
- რა პერიოდისთვის ელოდებით, თქვენი ვარაუდი როგორია?
- ე.წ. სპეცრაზმელების წამების ეპიზოდს მხოლოდ განაჩენი აკლია, გააჩნია ბუნტის ეპიზოდზე რამდენხანს გაგრძელდება პროცესები. 31-ში არის ძირითადი სხდომა ჩანიშნული და ჩვენ ვეცდებით მოსამართლეს განვუმარტოთ, რომ ახალი გარემოება საერთოდ არ არსებობს, ახალი მოწმეც კი არა არსებობს, არიან ადამიანები, ვინც იმ ხელისუფლების პირობებში იძლეოდნენ ერთ ჩვენებას, ამ ხელისუფლების პირობებში მეორე ჩვენება ზეწოლის შემდეგ შეცვალეს და ასე რამდენჯერაც ხელისუფლება შეიცვლება არ შეიძლება ერთი და იგივე საქმე ორასჯერ განიხილო. აქედან გამომდინარე არავითარი საფუძველი არ არსებობს ბაჩო ახალაია პატიმრობაში დატოვონ.
http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=46608&lang=geo