გიორგი ფარესიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს
16:13 13-08-2013
ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საუბარი ნუგზარ ფოფხაძის სახლშია ჩაწერილი. შეხვედრას თავად ნუგზარ ფოფხაძე, გელა ხვედელიძე, გიორგი მამაცაშვილი და ლაშა ამირეჯიბი ესწრებოდნენ.
ფარესიშვილის განცხადებით, ფოფხაძემ, ხვედელიძემ და მამაცაშვილმა ამირეჯიბი დაიბარეს და სხვადასხვა თემებზე ესაუბრეს.
როგორც მან აღნიშნა, აუდიოჩანაწერში გელა ხვედელიძე აანონსებს, რომ მან ამ დღეებში უნდა დაიჭიროს სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები და მიზეზად ვაუჩერების არასწორად დარიგდებას ასახელებს. თუმცა, როგორც ფარესიშვილი ამბობს, ვაუჩერების დარიგება არა სოფლის მეურნეობის, არამედ მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა.
"იმ შეხვედრაზე ჩემზეც იყო საუბარი. გიორგი მამაცაშვილი საუბრობს, რომ მას "ასავალ-დასავალიდან" წამოღებული აქვს კადრები, რომელიც შემოუგდეს "ნაციონალებმა", რათა მამაცაშვილმა შემდეგ მე დამსაჯოს. ნუგზარ ფოფხაძე კი ამბობს, რომ ეს კადრები გიორგის ხელში აქვსო. ნუგზარ ფოფხაძე ამირეჯიბს ეუბნება: "მომისმინე, მე გითხარი, ეს არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მე გითხარი მაშინაც და ახლაც გეუბნები", გულისხმობს ჩემს ინტერვიუს გელა ხვედელიძეზე, გია ხუხაშვილზე, ლაშა ნაცვლიშვილზე", - აღნიშნა გიორგი ფარესიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, ეს აუდიოჩანაწერი მან პროკურატურაში მიიტანა. ფარესიშვილის თქმით, გუშინ პროკურატურამ ის დაზარალებულად სცნო.
როგორც ფარესიშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობისა და მის საქმეზე რეალური დამნაშავეები უნდა იყვნენ გამოვლენილი და დასჯილი.
იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს, ვინ გადასცა მას ეს აუდიოჩანაწერი.
ბრიფინგს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, იგი შეშფოთებულია ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებით და იმით, რომ არც ერთ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ხდება.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-avrcelebs.html
მიმაგრებული სურათი