ეგ 90იანებია
80იანებში საბავშვო ბაღი მახსოვს

სუპს რომ გვაჭმევდნენ ძალით
ჟურნალი დილა, პარადები და პირველ კლასში ის კოშმარული სკოლის უნიფორმა
კიდევ კარგი დაინგრა სსრკ
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...16ada20d.28&x=1უახლესი ისტორია
წიგნიდან
იყო და არა იყო რა
ავტორი: დათო ტურაშვილი
საბჭოთა პერიოდის მამებს ერთი უცნაური ხუმრობა ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო საბჭოთა საქართველოში. ახლა შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უფროსები სიამოვნებით წაავლებდნენ ხოლმე პატარებს ყურებში ხელებს, ასწევდნენ მაღლა სიცილით და შვილებს მართლა ძალიან დებილური შეკითხვით მიმართავდნენ:
- გინდა მოსკოვი დაგანახო?
გარდა უცნაურისა, ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ხუმრობაც, მაგრამ მთავარი აქ მაინც არ იყო გაწელილი ყურების ტკივილი, ყველაზე სამწუხარო იყო დაპყრობილი ხალხის ცნობიერება - არასოდეს უთქვამს არცერთ ქართველ საბჭოთა მამას თავისი შვილისთვის, ლონდონს ან პარიზს დაგანახებო, რადგან საბჭოთა ადამიანისათვის სამყარო იწყებოდა მოსკოვით და იქვე მთავრდებოდა. ქართველებისთვისაც მოსკოვი და საბჭოთა იმპერია იყო მთელს დედამიწაზე ერთ-ერთი უძლიერესი, კოსმოსის ამთვისებელი ზესახელმწიფო და ვინც ასე არ ფიქრობდა, ისინი უკვე კარგა ხნის დახვრეტილები იყვნენ, ან ციხეებში ისხდნენ ან სამზარეულოებში და ქართული ჩაის ხვრეპდნენ, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნია წარმოუდგენელი სისწრაფით კრეფდა. იყვნენ მოხალისე სკეპტიკოსებიც, რომლებიც ყოველდღე სვამდნენ ღვინოს პროტესტის ნიშნად (და არა ჩაის) და თბილისის ბირჟებზე იდგნენ მანამ, სანამ მილიცია გამოივლიდა კატეგორიული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ უსაქმურები. 1961 წლის 12 აპრილსაც ვერაზე, პეტრე მელიქიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში, ყოფილი დუქნის („ტანც-გეურქას“) წინ, ამაყად იდგა რამდენიმე ახალგაზრდა მოქალაქე და მილიციელების გამოჩენამდე ცოტა ზედმეტად ხმაურიანად, მაგრამ დარდიმანდულად მუსაიფობდა. თუმცა, სანამ მილიცია მოვიდოდა, მშობლიურ ბირჟას (როგორც ერთგვარ სამსახურს) ტაატით მიუახლოვდა წინაღამენათევი და ნამთვრალევი, იმავე უბნის მკვიდრი რობინზონ ჯამასპიშვილი. სწორედ იმ დილით, როგორც კაცობრიობისათვის ცნობილია (იმავე კაცობრიობის ისტორიაში პირველად), ადამიანმა (კოსმონავტმა იური გაგარინმა), განახორციელა ღია კოსმოსში გაფრენა და ეს ინფორმაცია მიაწოდეს კიდეც ბირჟაზე ახალმოსულ, ნაბახუსევ ქართველ ახალგაზრდას, რომელმაც საპასუხოდ თქვა ისტორიული, დაუვიწყარი ფრაზა:
- მაგასა ჭამს ბიჭო, რობიზონა ჯამასპიშვილი?!.
როგორი დაუჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო რობიზონ ჯამასპიშვილისთვის საბჭოთა კოსმონავტიკის წარმატება, იური გაგარინი მაინც გაფრინდა კოსმოსში, იქიდან მთელს კაცობრიობასა და განსაკუთრებით კი, ანა მანიანის მხურვალედ მიესალმა და დედამიწაზეც მშვიდობიანად დაბრუნდა. მეტიც, საბჭოთა სისტემის უპირატესობის პროპაგანდის მიზნით ბედნიერ იური გაგარინს მთელს დედამიწაზე ბუშტებითა და ყვავილებით დაატარებდნენ და ეს იყო პირველი საბჭოთა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების მოქალაქეებს უღიმოდა, არამედ მთელს დედამიწას. შეიძლება, ამ ღიმილს ემსხვერპლა კიდეც მოგვიანებით, როცა დარდისაგან სმა დაიწყო და სრულიად უკონტროლოც გახდა - შესაბამისად არასასურველიც საბჭოთა ხელისუფლებისათვის და ის გაქრა ცაში, როგორც მილიონობით ადამიანი საბჭოთა მიწაზე.
აღარ იყო იური გაგარინი და, შესაბამისად, აღარ იყო პრობლემაც, რომელსაც იგი საბჭოთა ხელისუფლებას უცხოეთიდან დაბრუნებული უქმნიდა ხოლმე, რადგან ის ყოველთვის გულწრფელად ყვებოდა ყველაფრის შესახებ, რაც დასავლეთში მოსწონდა. განსაკუთრებით გიჟდებოდა ნამდვილ ამერიკულ ჯინსებზე და ოცნებობდა ნამდვილი ჯინსების წარმოებაზე მშობლიურ საბჭოთა კავშირშიც, რომ საბჭოთა მშრომელებსაც ჰქონდათ კარგი ჯინსები და მათაც, ამერიკელი მშრომელებივით, ამაყად ევლოთ საბჭოთა ქალაქების ქუჩებში.
სხვებს თუ ეეჭვებოდათ, გაგარინმა ხომ დანამდვილებით იცოდა, რომ კოსმოსის ათვისებაში საბჭოთა კავშირს, ბადალი არ ჰყავდა მაშინდელ მსოფლიოში და ჯინსების შეკერვას კი რაღა უნდოდა, მაგრამ იური გაგარინმა არ იცოდა, რომ ჯინსების შეკერვას ნემსისა და ძაფის გარდა, კიდევ რაღაც სჭირდებოდა, რაც საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, არ იყო. თუმცა, სურვილი კაპიტალისტური უპირატესობის დამარცხებისა იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა საქართველოში, კერძოდ კი ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში, ჯინსების შეკერვა მაინც დაიწყეს. არჩევანიც არ იყო შემთხვევითი, რადგან სურამში, (იქვე ხაშურთან), ქართველი ებრაელები ნამდვილ ჯინსებს ჰყიდნენ ჩუმად და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ამ ისტორიულ პროგრამას მაშინდელი ცეკას კულუარებში მართლაც საეტაპო სახელი ერქვა: „ჯინსებისა ჯინსებითა დამთრგუნველი!“...
პროგრამა კი მშვენიერი იყო და ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში შეკერილ პირველ ქართულ ჯინსებსაც მშვენიერი სახელი („ბაკურიანი“) ერქვა, მაგრამ, ამ პროგრამის ხარისხიანად განხორციელება მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა (გასაგები მიზეზების გამო), და ის ქართული ჯინსისმაგვარი შარვალიც, მხოლოდ ხაშურიდან ბაკურიანამდე ძლებდა ერთჯერადი მოხმარებისათვის და შეგეძლო ბაკურიანის მისადგომებთან ისე გადაგეგდო, გულიც არ დაგწყვეტოდა. იური გაგარინიც ისე მოკვდა, რომ საბჭოთა ჯინსები მაინც არ ეღირსა და მისი წინასწარმეტყველური ხუმრობაც გამართლდა - საბჭოთა კავშირი სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ კოსმოსის ამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსების შეკერვა, უბრალოდ, ვერ შეძლეს.
თუმცა, ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოში მაინც ეწერა, რომ იური გაგარინმა კოსმოსში გაჭრა ფანჯარა. ის იყო პირველი და ისტორიის სახელმძღვანელოში ასევე ეწერა, რომ პეტრე პირველმაც გაჭრა ფანჯარა, ოღონდ ევროპაში და ჩვენ ზუსტად არც ვიცოდით, რას ნიშნავდა ევროპაში ფანჯრის გაჭრა, მაგრამ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო დაახლოებით იგივე, რასაც გოზალა აკეთებდა ჭავჭავაძის პროსპექტზე.
გოზალა იყო ქურთი ან იეზიდი, ან ორივე ერთად და იჯდა ჭავჭავაძეზე ათასხუთასი ულამაზესი კაბით შემოსილი, როგორც ჭრელი ხიდი თბილისსა და ევროპას (ასევე დანარჩენ კაცობრიობას შორის) და იყო იმავე ასაკის, რასაც ჩვენი ქალაქი ითვლიდა დღიდან დაარსებისა, რადგან დღიდან მისი დაარსებისა, გოზალა თბილისში ცხოვრობდა.
იგი ნათესავებიანად ცხოვრობდა სადღაც ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ხეობაში, სანამ იქ ცათამბჯენებს ააშენებდნენ და მათი სიმღერების ხმა უფრო მაღლაც ადიოდა ხოლმე, როცა ჰქონდათ ქორწილი ან რომელიმე დღესასწაული რომელიმე ღმერთის სადიდებლად. თუმცა, ისინი ძირითადად მზეზე ლოცულობდნენ და მზეს ეთაყვანებოდნენ, რომელიც ჩვენ, მათგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ მივატოვეთ და მხოლოდ ცეცხლის თაყვანისცემა დავიტოვეთ და ისიც მხოლოდ პატარებისათვის. მაშინაც, ბავშვობაშიც, მხოლოდ ბავშვებს ახსოვდათ ზუსტად ის დღე, როცა საქართველოს ყველა სოფელსა და თბილისის ყველა უბანში კოცონს ააგიზგიზებდნენ ხოლმე და იმ კოცონების გარშემო კი ძალიან ბევრი საუკუნის წინანდელ რიტუალს ასრულებდნენ, რომელიც მხოლოდ პატარებს ახსოვდათ გენეტიკური მეხსიერების წყალობით. უფროსებს კი (ჩვენს საბჭოთა მშობლებს), არათუ ჩვენი მაზდეანური და წარმართული წარსული, ქრისტიანული აწმყოც დავიწყებული ჰქონდათ დროებით მაინც და თბილისის ქუჩებსა და ეზოებში დანთებული ცეცხლი, ჯორდანო ბრუნოს შესანდობარი ეგონათ.
თვითონ გოზალა კი ცეცხლთაყვანისმცემელი არ ყოფილა, ის ეთაყვანებოდა მზეს, ისევე, როგორც მისი წინაპრები ოცდაათი საუკუნის წინ და ეფიცხებოდა იმავე მზეს ჭავჭავაძის პროსპექტზე და თბილისის თაკარა მზის ქვეშ გველოდებოდა ჩვენ - ათეისტი მშობლების საბჭოთა ბავშვებს. ჩვენ მონდომებით ვაგროვებდით სახლიდან გამოტანებულ ფულს და ზოგჯერ ვითმენდით და არ ვჭამდით შესვენებებზე გაკვეთილებს შორის, რადგან გაკვეთილების შემდეგ ჩვენ გველოდებოდა გოზალა - ერთადერთი ფანჯარა საქართველოდან ევროპაში, ერთადერთი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოც იმავე პლანეტაზე არსებობდა, სადაც დანარჩენი კაცობრიობა და გოზალა თან ატარებდა იმ დანარჩენი ცივილიზაციის სამ ნიშანს: პედროს, დონალდოს და სუპერბაზუკას...
პედრო ღირდა ორმოცდაათი კაპიკი, დონალდო კი - მანეთი (სუპერბაზუკის ფასი მერყეობდა მომხმარებლის მოთხოვნილების მიხედვით). პედროს ინახავდა მეთორმეტე კაბის შიგნით და სანამ გოზალა გადამალულ ცივილიზაციას ეძებდა, ჩვენ ვკანკალებდით ცივილიზაციასთან კონტაქტის მოლოდინში და როცა გოზალა (როგორც იქნა) გამოიღებდა (მეთორმეტე კაბის ქვემოდან) სანატრელ პედროს, ჩვენ ვღეჭავდით მას როგორც სამოთხის ბაღის აკრძალულ ხილს და მზად ვიყავით სამოთხიდან გამოძევებისთვისაც კი ამ სიამოვნების სანაცვლად, მაგრამ საბჭოთა მილიცია სხვაგვარად ფიქრობდა. მილიცია ებრძოდა ქორვაჭრებსა და გადამყიდველებს (ქორვაჭარი მაშინ (საბჭოთა ეკრანიდან) უფრო შემაძრწუნებლად ჟღერდა ვიდრე ფრინველის გრიპი), მაგრამ ქორვაჭრებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ იმ მილიციელებსაც (ვინც ატენის ქუჩაზე გოზალას დასაპატიმრებლად ჩავიდოდნენ), ისევე აკლდათ პედრო და ჯინსები, როგორც საბჭოთა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს და ამიტომაც, გოზალა ისევ იჯდა ჭავჭავაძეზე ათას ხუთასი ჭრელი, მაგრამ ულამაზესი გაშლილი კაბით.
გოზალა იყო უფრო პუტკუნა, ვიდრე მსუქანი და როცა ჭავჭავაძეზე იჯდა მოვლილი, მაგრამ დაღლილი ფარშევანგივით, შეიძლება, არც იცოდა, რომ ის იყო უძველესი ასირიული ცივილიზაციის ჩამომავალი და არა უბრალოდ აისორი, როგორც მას (და მათ) თბილისში უწოდებდნენ. თბილისში მათი დასახლებები სხვაგანაც იყო, მაგრამ ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირებზე ჩასახლებული გოზალას ნათესაობა მაინც ყველაზე ხმაურიანი იყო, რადგან იქ ბოშებიც ცხოვრობდნენ - ინდოეთიდან ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში ჩარჩენილი ბოშები, რომლებსაც ევროპისკენ აღარ ეჩქარებოდათ. აქ, მდინარე ვერეს ნაპირებზე, ატენის ქუჩის ბოლოში, იყო ყველაფერი, რისთვისაც ბოშები ინდოეთიდან დაიძრნენ და ბოშურ ბედნიერებას კი შეიძლება ყველგან მიაგნოს ბოშამ, სადაც თავისუფლებას ეძებს. მთელს საბჭოთა იმპერიაშიც სწორედ ბოშები იყვნენ ერთადერთი თავისუფალი ხალხი და მხოლოდ ბოშები ცხოვრობდნენ ისე, როგორც მათ სურდათ და მოსწონდათ. მხოლოდ მათთვის არ არსებობდა საზღვარი, რომლითაც საბჭოთა ხალხები დანარჩენი ცივილიზაციისაგან იყვნენ შემოღობილები და არავინ იცოდა, როგორ შლიდნენ და აქრობდნენ საზღვრებს ბოშები იქ, სადაც ამ საზღვრების გადაკვეთა ჩიტებსაც უჭირდათ. ბოშები კი ჩიტებივით თავისუფლები იყვნენ და გარდა იმისა რომ ფრენაც შეეძლოთ, ჩიტებისაგან განსხვავებით პასპორტებიც არ ჰქონდათ. ისიც არავინ იცოდა საიდან ჰქონდათ ბოშებს ყველაფერი, რაც საბჭოთა ბავშვებს აკლდათ და ისიც არავინ იცოდა, საიდან ჰქონდა გოზალას სანატრელი პედრო და დონალდო. თუმცა გოზალა არ იყო ბოშა და ის ძველი შუმერულ-ასურიული ცივილიზაციის მემკვიდრე გახლდათ თბილისში, ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს მიტოვებულ ნაპირებზე.
ატენის ხეობაში პედროს გამო ჩასვლა როგორ დაგვეზარებოდა (თუკი უფროსკლასელები თბილისიდან სურამში დადიოდნენ ჯინსების მოსარგებად), მაგრამ ამის აუცილებლობა, უბრალოდ არ იყო. გოზალა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჯიპა ჰქონდა დამთავრებული და არც იესემი, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებში მაინც მშვენივრად ერკვეოდა (დიპლომების გარეშეც) და ზუსტად იცოდა, რომ ჭავჭავაძის ხალხმრავალ პროსპექტზე, ყველაზე დიდი სკოლის წინ, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჯდომა, ყველაზე მომგებიანი იყო მისი ბიზნესის განვითარებისა და მისი მრავალტანჯული ხალხის კეთილდღეობისათვის.
გოზალა იყო მთავარი ფანჯარა ევროპაში, მაგრამ საქართველოს მაშინ კიდევ რამდენიმე (პატარა) სარკმელიც აკავშირებდა სხვა, დანარჩენ ცივილიზაციებთან და ჯინსებთან ერთად თბილისამდე საღეჭი რეზინებიც აღწევდნენ. საღეჭ რეზინებს საქართველოში მრავალი სახელი ჰქონდათ, გასაგები მიზეზის გამო, და მათ უწოდებდნენ როგორც „ჟუვაჩკებს“, ასევე „ჟივაჩკებს“, „ჟუაჩკებს“ და „ზივაჩკებსაც“ კი. იყვნენ ადამიანები საბჭოთა საქართველოში, რომლებიც საღეჭ რეზინებს კევებს უწოდებდნენ (ალბათ ფიჭვის ხეების გავლენით) და ბოლოს ამ ტერმინმა იმძლავრა კიდეც. საბჭოთა ხელისუფლებაში კი იმძლავრა სურვილმა ადგილობრივი, საბჭოური კევწარმოების შექმნისა დასავლური, მავნე გავლენებისაგან ხალხის დასაცავად და პირველად (1917 წლის გადატრიალების შემდეგ), კრემლმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტბიუროს სპეციალურ სხდომაზე. სხდომა იყო გრძელი და მძიმე, რადგან მომხსენებლები დიდხანს საუბრობდნენ კაპიტალისტების მზაკვრულ და ვერაგულ გეგმებზე საბჭოთა ახალგაზრდობის გარყვნის მიზნით და ბოლოს, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა იკითხა, თუ ვინ გადაარჩენდა საბჭოთა ახალგაზრდების მომავალს, სხდომაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
დუმილი ფრთხილი ჩახველებით დაარღვია საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელმა და მან ფრთხილადვე გამოთქვა ვარაუდი (ამ თვალსაზრისით) მომავალი სომხური მესიანური მისიის შესახებ, თუ სომხები საღეჭი რეზინის წარმოების ნებართვას მიიღებდნენ.
ერევანთან ძალიან ახლოს, ძალიან მოკლე დროში, კევების პირველი საბჭოთა ქარხანა მართლაც გაიხსნა და ამ ქარხანაში დამზადებული საღეჭი რეზინები ძალიან მალე, მთელს საბჭოთა იმპერიაში იყიდებოდა, ისევე, როგორც ყველგან თბილისის მაღაზიებში. ეს მართლაც ძნელად დასაჯერებელი სიახლე იყო საბჭოთა ბავშვებისთვის, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარ არიან ისინი, ვისაც ერევნის ევი არ დაუღეჭავს, რადგან ეს იყო ქვა და არა რეზინა და ქვის დაღეჭვაც თუ შეიძლებოდა, ქართველებმა მართლა არ იცოდნენ.
ქართველებმა (საუკუნეების მანძილზე) იცოდნენ, რომ მათ წინაპრებს შორის იყო ვინმე ნაცარქექია, რომელმაც არაერთხელ ადინა ქვას წვენი. ქართველებმა ასევე იცოდნენ, რომ ქვის გადაყლაპვა შეიძლებოდა, მაგრამ ქვის დაღეჭვაზე, საბჭოთა სომხეთის ექსპერიმენტამდე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ქვის გადაყლაპვა კი, არათუ შესაძლებელი, სასურველიც კი იყო ქართველებისთვის ქალაქში შესვლის წინ. ეს ტრადიციაც იმიტომ გაჩნდა, რომ ქართველები ძირითადად სოფლებში ცხოვრობდნენ და ის რაც ქალაქებში ხდებოდა, იმდენად უჩვეული იყო მათთვის, რომ, ემანდ ქალაქმა არ დაგვცადოსო და პირველშესვლის წინ კენჭებს ყლაპავდნენ. წესი იყო კენჭის გადაყლაპვისა, მაგრამ განსაკუთრებით მონდომებული (ან შეშინებული) ქართველები, ქვებსაც ეტანებოდნენ, (ვაითუ კენჭმა არ იკმაროსო). ილია ჭავჭავაძესაც (პირველად რომ თბილისს მიადგა) კენჭი გადააყლაპეს და თურმე ბევრიც იცინა, მაგრამ ქვის დაღეჭვაც თუ მოუწევდათ მის საყვარელ ქვეყანაში ადამიანებს, დიდი ილიაც კი ვერ წარმოიდგენდა. არადა, სულ რაღაც ერთი საუკუნის შემდეგ, სულ სხვა გზით წასულმა მისმა ხალხმა, ქვათა ღაღადის მოსმენასა და წაკითხვას, ისევ ქვების ღეჭვა ამჯობინა სომხების წყალობით. მართალია უფროსები თავს იკავებდნენ და ერევნის კევწარმოებას არც აღიარებდნენ, მაგრამ ქართველი პიონერები მაშინ ტექნოლოგიურად სრულიად ჩამორჩენილი საბჭოთა სტომატოლოგიის კლიენტები ხდებოდნენ.
პიონერები კი ძალიან ბევრნი იყვნენ და პიონერების ორგანიზაცია თითქმის მაშინვე გაჩნდა, როცა ბოლშევიკებმა შეიარაღებული გადატრიალება მოახდინეს რუსეთში და ძალაუფლებას დაეპატრონნენ. გამოსაგონებელიც ბევრი არაფერი იყო, რადგან ბოისკაუტები უკვე არსებობდნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ კი ინგლისელების გამოცდილებას საბჭოური ატრიბუტიკა და იდეოლოგია დაამატა. განსხვავებაც სწორედ ის იყო, რომ სკაუტი (მაგალითად ინგლისში), შეიძლება სურვილისამებრ გამხდარიყავი, მაგრამ პიონერობა საბჭოთა კავშირში, ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელი იყო და წითელი ყელსაბამითაც აუცილებლად გაგნასკვავდნენ. ამ წითელი ყელსაბამით შეგეძლო თავიც ჩამოგეხრჩო, მაგრამ ბოლშევიკების მზაკვრობაც სწორედ ის იყო, რომ თავის ჩამოხრჩობაზე ფიქრს რომ იწყებდი, პიონერი უკვე აღარ იყავი - კომკავშირული სამკერდე ნიშანი გელოდა. კომკავშირში შესვლა აღარ იყო აუცილებელი (თუმცა იყო მასობრივი), მაგრამ ის უპირატესობა ჰქონდა, რომ წითელი ყელსახვევის ტარებას უკვე აღარ მოითხოვდნენ შენგან და რაც მთავარია, კომკავშირის სამკერდე ნიშანი იყო ძალიან პატარა. მართალია ოფიციალურად, განუყრელად შენთან ერთად უნდა ყოფილიყო კომკავშირის სამკერდე ნიშანიც, მაგრამ სკოლის უნიფორმა ისეთი იყო (საბჭოთა პერიოდში), რომ ყველაფერი სულერთი ხდებოდა შენთვის, მათ შორის კომკავშირიც.
საბჭოთა სკოლის უნიფორმაც ბიჭებისთვის თავიდან იყო ქვის, რომელსაც აბრტყელებდნენ და კერავდნენ შარვლებად და კოსტუმებად, თუმცა ყველანაირი ქვა (ამ მიზნით) ბუნებრივია არ გამოიყენებოდა. რუსები უპირატესობას ანიჭებდნენ რიყის ქვებს, რომლებსაც წყალი ვეღარ წვდებოდა (შესაბამისად იმ ქვებს სტაბილური ფერი ჰქონდათ), მაგრამ კონკრეტულად, რა ფერის იყო საბჭოთა სკოლის უნიფორმა, მაშინაც ძნელი სათქმელი იყო და ახლა მითუმეტეს ძნელია.
ეს იყო კაცობრიობისათვის მანამდე სრულიად უცნობი, ენითაღუწერელი ფერი, რომელსაც არათუ ცისარტყელა, მიწის არცერთი სარტყელიც არ შეიცავდა. თუმცა, ბოლშევიკები გაურკვევლობას ვერ იტანდნენ და მოგვიანებით სკოლის ფორმებიც შეცვალეს და მშობლებმაც ამოისუნთქეს, რადგან სანამ საბჭოთა კავშირში ავტოკალამი (ეგრეთწოდებული პასტა) გაჩნდებოდა, მოწაფეებს სკოლაში ჩანთებზე წამოკონწიალებული სამელნეები დაჰქონდათ. ბუნებრივია, სამელნე მელნით სავსე უნდა ყოფილიყო (შიგ საწერი კალმის ჩასაწობად) და ადვილი წარმოსადგენია, როგორი მელანშიამოტუტყნულები ბრუნდებოდნენ შინ საბჭოთა მოწაფეები. რასაკვირველია, ეს არ იყო გიშრის ტბის მელანი (სხვათა შორის, ბერბერულ ალჟირშია), რომელსაც შოთა რუსთაველი ხმარობდა, მაგრამ (ტვინში თუ არა), ტანსაცმელზე ლურჯ კვალს მაინც ტოვებდა. ჰოდა, რადგანაც მელანი ლურჯი იყო (და საბჭოთა მოწაფეც მაინც ისვრებოდა), საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სკოლის უნიფორმაც, ბარემ ლურჯი ყოფილიყო. იმ ლურჯ სიახლეს მოსკოვის ფორმა ერქვა.
სინამდვილეში ყველა ფორმა (სკოლაც, ჯარიც და ავიაციაც) მხოლოდ მოსკოვის იყო, მაგრამ იმ ლურჯ შარვალსა და პიჯაკს იმიტომ დაერქვა მოსკოვის ფორმა, რომ დასაწყისში ეს სიახლე მხოლოდ მოსკოვში მცხოვრობ მოწაფეებს ეცვათ. იმპერიის დედაქალაქი მოსკოვი იყო, ჩვენ კი მხოლოდ პროვინციული გუბერნია-რესპუბლიკა ვიყავით და საქართველომდე ახალი ფორმების ჩამოღწევას მაინც დრო უნდოდა. თუმცა, მაინც იყვნენ ქართველი მამები (და, ალბათ, ყველაზე მეტნი სხვა რესპუბლიკებთან შედარებით), რომლებსაც გული არ უთმენდათ (ისე უნდოდათ შვილების გახარება) და მოსკოვში მიფრინავდნენ. იქ, მოსკოვში, სადღაც, კრემლთან ახლოს, იყო ორი მაღაზია, ორი ქართული სიხარული, სადაც ქართველი ქალები ფლოსტებითაც კი დატყაპუნებდნენ ხოლმე (თუ იქვე, რომელიმე სასტუმროში ცხოვრობდნენ), მაგრამ მოსკოვის ფორმები, ძირითადად, მაინც ქართველ მამებს ჩამოჰქონდათ. ყიდულობდნენ იმ ორი დიდი მაღაზიიდან ერთ-ერთში, რომელთა სახელებიც ყველა ქართველმა დედამ იცოდა, თუმცა ამ სახელების მნიშვნელობა ისეთივე გაუგებარი და ამოუხსნელი იყო მათთვის, როგორც ფლოსტები და ჩუსტები.
მოსკოვისა და საბჭოთა იმპერიის ორ ყველაზე დიდ მაღაზიაში (სადაც ქართველი ქალების ნახვა შეიძლებოდა ჩუსტებშიც და ფლოსტებშიც), ზოგჯერ უცხოური წარმოების ფეხსაცმელებიც იყიდებოდა. ქართველები, მაშინაც განსაკუთრებით მგრძნობიარენი, ფეხსაცმელების მიმართ იყვნენ და ფეხსაცმელის მიმართ საქართველოში, მაშინაც განსაკუთრებული მოთხოვნილება არსებობდა. ამიტომაც გუმში და ცუმში, ფეხსაცმელების ახალი პარტიის (ეგრეთწოდებული იმპორტულის) გამოჩენის ამბავი, დაუყოვნებლივ აღწევდა მოსკოვიდან ათასზე მეტი კილომეტრით დაშორებულ საბჭოთა საქართველომდე. თბილისში (გასგები მიზეზების გამო) განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდებოდა ცნობები გუმისა და ცუმის განახლების შესახებ და ქართველები ისევ მოსკოვში მიფრინავდნენ. ძირითადად ეს იყო „ცებოს“ (ჩეხური ან სხვა სოციალისტური წარმოების ფეხსაცმელი) და იშვიათად „ტოპმენი“ ან „სალამანდრა“ (კაპწარმოებისა), მაგრამ ფეხშიშველი სიარული ქართველებს იმთავითვე არ უყვარდათ, როგორც (მაგალითად) რიგში დგომა. თუმცა, რიგში დგომა მათ არ უწევდათ, რადგან ისინი რიგსაც ყიდულობდნენ (რიგის ნომერს საბჭოთა მოქალაქეებს, მაღაზიების მისადგომებთან, პირდაპირ ხელებზე აწერდნენ) და ფეხსაცმელშეძენილ ქართველ კაცებს ისღა დარჩენოდათ რომ ადგილობრივი (ან დედაქალაქში დანარჩენი რუსეთიდან ჩამოსული) ქალები მოეტყნათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტიმურ კავშირში შესვლა, ქართველი მამაკაცებისათვის საკმაოდ იოლი იყო, რადგან რუსი ქალებისათვის (უმრავლესობისათვის) მაშინ სექსუალური ალტერნატივა, არ არსებობდა. ასეთი ქალების აღმოჩენა მოსკოვში ან რუსეთის ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ რესტორანში ძალიან ადვილი იყო და რაც მთავარია, ისინი არ იყვნენ პუტანკები კლასიკური ან დღევანდელი გაგებით. ისინი არ ითხოვდნენ ფულს სექსის სანაცვლოდ და ხშირ შემთხვევაში რესტორანში დაპატიჟებითაც კმაყოფილდებოდნენ. იმ კმაყოფილ და ბედნიერ ქალებს (ძირითადად), ჰქონდათ თმის უცნაური, დაკოსილი ვარცხნილობა და გიჟდებოდნენ ცეკვებზე. ხოლო თმის ვარცხნილობის გავლენით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, თბილისის საპარიკმახეროების ვიტრინებზეც კი არსებობდა საკმაოდ სურეალისტური შინარსის განცხადებები: „ვაკეთებთ პოლონურ ქოჩორ ბუჩქს...“
პოლონეთი მაგარი ქვეყანა იყო და რუსებს ყოველთვის ებრძოდა, მაგრამ მაშინაც კი, როცა პოლონელებს ხვრეტდნენ თავისუფლების გამო, პოლონელი ბარიგები საბჭოთა საქართველომდეც კი აღწევდნენ კომერციული მიზნების განსახორციელებლად. მოსკოვის დამოკიდებულებაც პოლონეთის მიმართ იცვლებოდა ხოლმე და თუ ზოგჯერ პოლონეთის საზღვარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, არცთუ იშვიათად გახსნიდნენ ხოლმე და ათასობით საბჭოთა ტურისტს, პოლონეთში უშვებდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველებიც (შეიძლება სხვებზე მეტნიც) და მათ პოლონეთიდან ნამდვილი საღეჭი რეზინები ჩამოჰქონდათ - ისეთები, როგორიც გოზალას ჰქონდა ან ისეთები, თბილისის სახელმწიფო ცირკთან რომ ჰყიდდნენ რომელიღაც მომთაბარე თუ მოხეტიალე ტომის ქალები. ცირკის მისადგომებთან (რომელიც ბოლოს ქართველ პუტანკებს დარჩათ), ჯადოსნური ჟუვაჩკებიც კი იყიდებოდა, მაგრამ თვითონ ცირკში მოხვედრა, ერთობ პრობლემატურიც კი იყო, თუ თბილისში საგასტროლოდ (მაგალითად) იგორ კიო ჩამოდიოდა. რადგან სხვა შოუ და სანახაობა არ არსებობდა, არათუ კიოს ცირკს, ოთარ რატიანის წარმოდგენასაც კი, მთელი თბილისი და საქართველო ესწრებოდა დიდიან-პატარიანად. უფროსებიც ისევე სიამოვნებითა და სიხარულით დადიოდნენ ცირკში, როგორც პატარები და ბავშვებისაგან განსხვავებით, ქართველ მამებს, ცირკისაკენ გული (და თვალები), სხვა მიზეზის გამოც მიუწევდათ. ცირკი იყო ერთადერთი ადგილი მაშინ, სადაც შიშველი ქალების ნახვა შეიძლებოდა, თუმცა აკრობატებს შორის, ასაკოვანი ქალებიც იყვნენ ხოლმე და მალაყების შესრულებისას, მათ გამო, ხალხი ღელავდა კიდეც. ამ აღელვებულ ხალხს კიდევ უფრო ძაბავდა ხოლმე ორკესტრი, რომელიც ცოცხლად ასრულებდა მკაცრად განსაზღვრულ რეპერტუარს, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი მშვიდობიანად სრულდებოდა. ხალხიც იშლებოდა, დედები და ბავშვები სახლში მიდიოდნენ ბუშტებით. მამები კი ყვავილებით ხელში, ცირკის უკანა გამოსასვლელთან ელოდნენ თავგანწირულ აკრობატებს. აკრობატი ქალები (რუსები ან ზოგადად სლავები) სასტუმროში ცხოვრობდნენ საბურთალოზე, სადაც შამპანურით აღინიშნებოდა ხოლმე ყოველი წარმოდგენის წარმატებული დამთავრება...
This post has been edited by nick_el_son on 19 Mar 2016, 22:03