15 წლის წინ ქსნის მინის ტარის ქარხანაში ვმუშაობდი, რომელიც თურქულმა ინვესტორმა შეისყიდა და იქაური სიტუაციები მახსენდება.
ამხელა პოსტს ვინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც მომინდა დაწერა

მოკლედ, პირველივე დღეს ამიხსნეს, რომ მთავარი ინჟინერი იყო თურქი მუსტაფა, რომელიც იყო უხეში და უზრდელი; რომ წლების მანძილზე კარგ თანამდებობეზე ნამუშევარი ხალხი უსინდისოდ დააქვეითეს და კაპიკებს უხდიდნენ; და რომ ათეულ წლობით ნამუშევარ ძველ თანამშრომლებზე ათჯერ უფრო ძვირად დაიქირავეს ვიღაც ვიგინდარა ახალგაზრდები (მათ შორის მეც), რომლებმაც თურმე კომპიუტერი, ინგლისური და ზოგმა თურქულიც იცოდა (ეს რათქმაუნდა ირონიით იყო ნათქვამი).
მუსტაფასი უნახავად მეშინოდა, + ერთხელ შორიდან მისი ღრიალიც გავიგონე და სულ დავფრთხი.
მე ბუღალტერიაში საბუღალტრო პროგრამის ინსტალაციას და ხელით წარმოებული ბუღალტერიის ავტომატიზაციას ვხელმძღვანელობდი (გარეშე კონსულტანთან ერთად) და მთავარ ინჟინერთან შეხება არ მქონდა, რაც ძალიან მიხაროდა.
ერთხელ ლაბორატორიიდან დამირეკეს, მუსტაფა გეძახისო. გული გამისკდა, რა ჭირი უნდა მეთქი.
ჩავედი და ვნახე, რომ ახალი მანქანა დაუმონტაჟებიათ, რომელსაც მინის ფერი უნდა განესაზღვრა, რომ დასაშვები საზღვრებიდან არ გამოსულიყო.
მანქანით ოპერირება საკმაოდ მარტივი იყო, მინის ნატეხს სპეციალურ ადგილას დადებდი, რამდენიმე ღილაკს დააჭერდი და ცოტა ხნის შემდეგ მზა გრაფიკებს მიიღებდი - ნამდვილად არ ჭირდებოდა პროფესორობა.
მიუხედავად ამისა და იმისა, რომ ინგლისურის თარჯიმანიც ყავდათ მოყვანილი და თურქულისაც (ორივე თურქი), ლაბორატორიაში მომუშავე ხუთ ქიმიკოსს ვერაფერი გააგებინეს და გადასათარგმნად მე დამიძახეს.
ამ დღის მერე ჩემი სამუშაო დილა ლაბორატორიაში იწყებოდა, სადაც ფერის ტესტირება უნდა ჩამეტარებინა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ ავუხსენი, ლაბორატორიის თანამშრომლებს ვერაფრით გავაგებინე უმარტივესი ინსტრუქციები.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ტექნიკოსმა ასე გამოითვალა პროცენტები: მთლიან ვაგონეტში თუ 20% ლეწია და 80% სხვა ნივთიერებები (დამავიწყდა ტექნიკური ტერმინოლოგიით რა ერქვა), ნახევარ ვაგონეტში 40% - 10%-ზე იქნებაო.
"უსინდისო" მუსტაფა კი ამაზე გაბრაზდა.
პროცენტებთან დაკავშირებული მეორე ინციდენტის პირდაპირი მონაწილეც კი ვიყავი. რამდენიმე ინჟინერმა დამიძახა რაღაცაზე დასახმარებლად და კამათში ჩავერთე - 80/20 პროცენტზე შემადგენლობის მიღება უნდოდათ და ამისთვის თვლიდნენ, რომ ნარევისთვის მისივე 20% ლეწი უნდა დაემატებინათ და საჭირო პროპორციებს მიიღებდნენ. მთელი ნახევარი საათი ვუმტკიცებდი, რომ A-ს რომ მის 20% B-ს დაუმატებ, საბოლოო პროპორცია 80/20-ზე კი არა 83.3/16.7-ზე იქნება და მაინც ვერ გავაგებინე.
მერე, კამათი რომ ძალიან გაგვიგრძელდა, მუსტაფას დაუძახეს, რომ იმას მაინც აეხსნა ჩემთვის.
არასდროს დამავიწყდება მუსტაფას სახე, როდესაც თარჯიმანმა შეკითხვა გადაუთარგმნა.
მინიმუმ 15 წუთი ყვიროდა და ღრიალებდა.
კიდევ ერთი მომენტი მახსენდება, როდესაც მუსტაფამ ერთ ინჟინერს თავზე დაახურა ყველაფერი. ზუსტად აღარ მახსოვს დეტალები, მაგრამ ახლად დაინსტალირებულ მანქანის გამოყენებას ცდილობდა და არასწორ შედეგს იძლეოდა და მუსტაფა ათი წუთი ღრიალებდა, არ იცი, კალიბრაცია რომ უნდა გააკეთოო?
მე მუსტაფას ოდნავადაც არ ვამართლებ - ღრიალი და შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია.
გამონაკლისები ყველგან ხდება, მაგრამ განვითარებული ქვეყნების საუკეთესო კომპანიებმა მაქსიმალურად გაარბილეს მენეჯმენტის სტილი და თანამშრომლების სხვადასხვა დონეებში მეგობრული ატმოსფეროს დამკვიდრებას ცდილობენ, რითიც ბევრად უკეთეს წარმატებას აღწევენ, ვიდრე მენეჯმენტის ქედმაღლური დამოკიდებულებით მიაღწევდნენ.
მაგრამ, როდესაც ქარხნის თანამშრომლები მუსტაფას ლანძღვაში იყვნენ, ერთხელაც არ ახსენებდნენ, რომ ამ კაცს გაუნათლებელ და უცოდინარ ინჟინრებთან უწევდა მუშაობა.
პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქართველები აბსოლუტურად უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და შიშეჯამის თურქულ ქარხნებში ნამუშევარი მაღალკვალიფიციური პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანას და ქართველების დაქვეითებას მხოლოდ შოვინიზმი ედო საფუძვლად.
ისე, შეიძლება ამ კლინიკაში სხვანაირი სიტუაცია იყოს და ჩემს 15 წლის წინანდელი გამოცდილებასთან არანაირი პარალელები არსებობდეს, მაგრამ კარგი იქნებოდა მეორე მხარისთვის მოსმენაც.
სახელმწიფო კი, უცხოელ ინვესტორზე გაყიდვისას აუცილებლად უნდა დებდეს მისი მოქალაქეების და თანამშრომლების დაცვის გარკვეულ მექანიზმებს და დარღვევებზე და დანაშაულებზეც აუცილებლად უნდა აგებინოს პასუხი.
ხატების კუთხეს რაც შეეხება კი, არ მომწონს, მაგრამ საქართველოში რომ საავადმყოფოში ხატების კუთხე არ იყოს, უფრო გამიკვირდებოდა.
სადაც ახლა ვმუშაობ - კანადის ერთერთ უდიდეს და საუკეთესო კომპანიაში, ხალხს მაგიდაზე რელიგიური სიმბოლიკის დადების უფლება აქვთ და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია სპეციალური ოთახით სარგებლობის უფლება მოიპოვოს, თუ რელიგიური რიტუალებისთვის ჭირდება. მაგრამ ეს უფრო კომპანიის კეთილი ნება მგონია და არა კანონი.
რა ვიცი აბა, მე მგონი არა აქვს თურქ ინვესტორს იმისი იურიდიული უფლება, რომ ხალხს ჯვრები დაახსნევინოს.
ხატების კუთხის გაუქმების უფლება ალბათ აქვს, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ აქვს და არც იმაში, რომ ასეთ ხისტ დამოკიდებულებას რომელიმე მხარისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.