პრესამაც მოიცალა.
რა ხდება იაშვილის კლინიკაში? ვინ არის მართალი - ექიმები თურქი ინვესტორის საავადმყოფოში შეშვებას არ აპირებენ...
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-04092013.html"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვითარება ისევ გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკის ყოფილმა მფლობელმა გია ნაცვლიშვილმა ჰოსპიტალების მართვის ჯგუფი "ავანტე", რომლის მფლობელობაში იაშვილის კლინიკაც შედის, თურქულ-გერმანულ კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპზე" გაასხვისა, რის შემდეგაც კლინიკის სამედიცინო პერსონალსა და ახალ მფლობელ თეკინ ატეკს შორის დაპირისპირება დაიწყო. ექიმები ახალ მფლობელს ყველანაირი ეთიკური ნორმის უხეშ დარღვევაში, მათ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. იაშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაცია ამბობენ, რომ ბატონი ატეკი "გაუწონასწორებელი და შეურაცხადი" პიროვნებაა, რომელსაც, მათივე თქმით, ჯანდაცვის სფეროში არაფერი ესაქმება - ბოლო 10 დღის განმავლობაში კლინიკაში ყოველდღე ნასვამი მიდიოდა და ექიმებს სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით იაშვილის კლინიკის ექიმები, თურქი ინვესტორის საავადმყოფოში შეშვებას არ აპირებენ.
"ჰოსპიტალების მართვის ჯგუფ "ავანტეს" სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ატეკის აგრესიული ქმედება სისტემატურ ხასიათს ატარებდა, რამაც სამედიცინო პერსონალის პროტესტი და გაღიზიანება გამოიწვია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ატეკი კლინიკაში აღარ გამოჩენილა, ექიმები იმუქრებიან, რომ ატეკს კლინიკაში არ შეუშვებენ. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, "რეზონანსმა" გუშინ ბატონ ატეკთან დაკავშირება ვერ შეძლო. "ავანტეს" შემადგენლობაში რამდენიმე კლინიკაა: იაშვილის, ციციშვილის ბავშვთა, პედიატრიის, რევმატოლოგიისა და ალერგოლოგიის ცენტრი, სამედიცინო ცენტრი "ახალი სიცოცხლე", სამშობიარო, ასევე ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკა. "ატეკი ყოველ ღამე სხვადასხვა კლინიკებში ექიმებს უვარდებოდა და ეთიკის ყოველგვარი ნორმების დარღვევით ექცეოდა. ყველაზე მეტად ეს იაშვილს შეეხო, რადგან აქ განთავსებულია მისი კაბინეტი, როგორც წესი, შუადღისას მიდიოდა და ღამით, თორმეტი ან პირველი საათისთვის ბრუნდებოდა. შემოვლას სამ საათზე იაშვილიდან იწყებდა და სხვა კლინიკებში შემდეგ გადადიოდა", - უთხრა "რეზონანასს" ჩხაიძემ, რომლის თქმით, არ არის გამორიცხული, სხვა შემთხვებიც იყოს დაფიქსირებული, რაზეც ექიმები არ საუბრობენ" - აღნიშნავს გამოცემა.
მიუხედავად სამედიცინო პერსონალის უმრავლესობის განწყობისა, იაშვილის კლინიკის ახალ მფლობელს მომხრეც ჰყავს, თუმცა ექიმს, რომელსაც "რეზონანსი" ესაუბრა, ვინაობის გამხელა არ სურს. ამას კი იმით ხსნის, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინია. ქალბატონი ვარაუდობს, რომ ტეკინის წინააღმდეგ პროტესტი გარკვეული მიზეზების გამო წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს", - დასძენს გამოცემა.
"თეკინ ატეკის მომხრე კი არ ვარ, უბრალოდ, სიახლეს ველოდები. ველოდები იმ გარდატეხას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო და საშველი არ დაადგა. იცით, რა პირობებში ვმუშაობთ?! თავზე გვენგრევა ყველაფერი და ესენი რის წინააღმდეგ გამოდიან, ვერ ვხვდები. ძლივს გვეშველა და ინვესტორი კლინიკით დაინტერესდა, რომელიც, პირველ რიგში, ახალ დანადგარებს, უკეთეს სამუშაო გარემოსა და არა მათხოვრულ ხელფასს გვპირდება. მაგალითად, თურქზე რომ ლაპარაკობენ, რატომ იმას არ ამბობენ, პაციენტის ახლობლები ყოველდღე რომ გვაგინებენ პალატებში? ეს ვითარება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ახალი მფლობელის წინააღმდეგ ყველაფერი წინასწარ იყო ორგანიზებული. არავინ იცის, კლინიკაში რეალურად როგორი სიტუაციაა და ახლა ვის აწყობს ახალი უფროსი?! რა თქმა უნდა, არავის" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.
"იაშვილის კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გუშინ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კლინიკასა და ჰოლდინგში შემავალ სხვა პედიატრიულ ცენტრებში იძულებითი მმართველი შევა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა რომ ყოფილმა მფლობელმა, გია ნაცვლიშვილმა კლინიკა ჩუმად გაყიდა. თავად ნაცვლიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სერგეენკოს პოზიცია გაუგებრად მიაჩნია - "1987 წლიდან ბიზნესმენი ვარ, საბჭოთა კავშირის დროს რაიკომსაც კი არ მოუთხოვია ჩემთვის მსგავსი რამ. ცოტა არ იყოს და, გაუგებარია მათი მოთხოვნის შინაარსი. ვერ ვხვდები, კერძო საკუთრების გასხვისება რატომ უნდა შეთანხმდეს რომელიმე სამინისტროსთან. ასეთი რამ არც ერთ კანონში არ წერია" - განუცხადა "რეზონანსს" ნაცვლიშვილმა. ცნობისათვის, იაშვილის კლინიკის ყოფილ მფლობელებს გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს პროკურატურა სამედიცინო ცენტრის უკანონოდ შეძენაში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული", - წერს სტატიის ავტორი.
"ყველაფერი ტყუილია, ეს არის შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია, რასაც წამოვეგეთ. საავადმყოფოს ძველ მმართველებს ხელს არ აძლევდათ ამ სფეროში უცხოელი მენეჯმენტის შემოსვლა და სწორედ მათგან არის მართული ეს ყველაფერი. ისინი შეგნებულად აფრთხილებდნენ ხალხს, არ დაგვმორჩილებოდნენ, მოეწყოთ საბოტაჟი, მაქვს ამის ჩანაწერები და დავამტკიცებ, რომ ეს ასეა. თეკინ ატიკი ნასვამი არასოდეს მისულა კლინიკაში", - აცხადებს "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელი ალექსანდრე მილაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თურქმა შეანგრია რეანიმაციის კარი და დაამტვრია ყველაფერი" / "თექინ ატიკმა ერთ- ერთ ექთანს მასთან სექსი შესთავაზა".
"გეტყვით, რასაც მოჰყვა დაპირისპირება: ერთ-ერთი შემოვლისას ატიკმა საავადმყოფოს ფოიეში ნახა გორელი ბიჭუნას შეწუხებული მშობლები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მომსახურებით. მათ უთხრეს თეკინს, ოთხი დღეა კლინიკაში ვართ, ვთხოვთ ექიმს, ბავშვის ტომოგრაფია შეამოწმოს, ის კი უარს ამბობსო. ამაზე შეშფოთდა ბატონი თეკინი და რეანიმაციის ექიმს მიმართა, ენახათ ეს დისკი. ერთმა ექიმმა აგდებულად უპასუხა, კომპიუტერი არ ვიციო, მეორემ უთხრა - თვეებია გაფუჭებულია ეს კომპიუტერიო. ამაზე გაბრაზდა, დროულად რატომ არ აცნობეთ ტექნიკურ პერსონალსო. გარწმუნებთ, რომ ბატონი თექინი არც ნასვამი იყო და არც "დაბოლილი", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე მილაშვილი და შეკითხვას - "ექიმები ამბობენ, რომ მათ თეკინი სექსუალურ კავშირს სთავაზობდა", - პასუხობს:
"ადამიანი, რომელიც 4 წლის მანძილზე მწოლიარე ავადმყოფის მშობლებს 40-ათასიან დავალიანებას პატიობს, მეორეს კი 60-ათასიანს და ორივეს მშობელს საკუთარი ჯიბიდან აძლევს გზის ფულს, ექიმებს გაუპატიურებას დაუპირებდა? რაც შეეხება ხატებს - არაფერი აკრძალულა! ნატალია მუჩაიძესთან ერთად თეკინმა მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ კლინიკაში გაკეთდეს სამლოცველოები ყველა აღმსარებლობის პაციენტებისთვის, რაც სტამბოლის სათავო ოფისის პოლიტიკის ნაწილია".