ვლადიმერ გუცაევი: ქართულ ფეხბურთში მუშაობა არ მინდა
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...a-ar-minda.htmlქართულ ფეხბურთში მუშაობის სურვილი არ მაქვსო... ნაწყენი ხართ?
- ნაწყენი მხოლოდ მე კი არა, ყველა ის ადამიანია, ვინც ქართულ ფეხბურთში ტრადიცია შექმნა, ვისაც მართლა რაღაც გაუკეთებია ფეხბურთისთვის. ვინც ასეთი იყო, ყველა დაჩაგრეს, ყველა უკანა პლანზეა. ალბათ, შურთ და ის ვერ მოინელეს, ვეტერანები ხალხს დღემდე რომ უყვარს და ამიტომ არ გვიშვებენ ახლოს არც ფედერაციაში, არც კლუბებში. უნდათ, მხოლოდ "მათნაირი ტიპები" იყვნენ გარშემო. არიან კიდეც და ამიტომაც არის ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში...
- მეორე პლანზე ვართო... პირველ პლანზე ვინ არის დღეს ქართულ ფეხბურთში?
- ვისაც არც ფეხბურთი უთამაშია და არც არაფერი გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, არ იცის მოგებისა და წაგების ფასი... პრეზიდენტი ხარ, მწვრთნელი თუ ფუნქციონერი, თუ თავად არ გამოგიცდია, რა გემო აქვს გამარჯვებას და მარცხს, სხვა როგორ უნდა გაზარდო? იმიტომ ვართ ასეთ დღეში და ასეც გაგრძელდება, სანამ ქართული ფეხბურთი მსგავსი ფილოსოფიით იცხოვრებს...
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით - სადაც მივედი, ყველგან დამბლოკესო... რას გულისხმობდით?
- მინდოდა, ჩემი გამოცდილება ქართული ფეხბურთისთვის გამომეყენებინა, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას სამჯერ გამწიეს გვერდით... მხოლოდ ჩემს თავზე არ ვამბობ - ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი თაობის მოთამაშეთაგან, ყველას ასევე მოექცეოდნენ, რადგან ფეხბურთის სათავეში ავტორიტეტული ხალხი არ სჭირდებათ.
არადა, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს გადახედეთ - საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ყველგან ვეტერანი ფეხბურთელები მუშაობენ, ჩვენთან კი... განაწყენებულის პოზიციიდან კი არ ვლაპარაკობ, ფაქტს ვადასტურებ. ვინ ხარ და რა გაგიკეთებია ფეხბურთისთვის - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს...
- მაგრამ ხელისუფლება ხომ შეიცვალა! ქართულ ფეხბურთში მუშაობის სურვილი აღარ გაქვთ, თუ ახლაც "გვერდით გაგწევენ"?
- ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ ხალხის ფსიქოლოგიის შეცვლას დიდი დრო სჭირდება...
ჯერჯერობით შეცვლილს ბევრს ვერაფერს ვხედავ და... თუ საფეხბურთო სამყარო "დაიწმინდა", შესაძლოა, ვიფიქრო კიდეც, მაგრამ უკაცრავად და, თუ ასეთი "ბარდაკი" გაგრძელდა, აქ მუშაობა ნამდვილად არ დამაინტერესებს...
- ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ კანონიერად არის არჩეული - არჩევნების დროს კონკურენტი არც ბლატერს და პლატინის ჰყოლიათ - გადადგნენ და მეც გადავდგებიო...
- მთელ საქართველოს თუ დაბლოკავ და მხოლოდ ერთს აუნთებ მწვანე შუქს, ნებისმიერი გახდება პრეზიდენტი. ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები საჭირო არ არის. ასე ლაპარაკი უფრო ამცრობს ადამიანს, ამიტომაც სჯობს, გაჩუმდეს.
- ფაქტია, რომ სფფ-ის ამჟამინდელი თავკაცი არსად წასვლას არ აპირებს: ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ, 2015 წლის არჩევნებში კი მონაწილეობას აღარ მივიღებო...
- იმიტომ, რომ იცის, აღარავინ აირჩევს... როგორც უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო ორჯერ "არჩეული", ასევეა ბატონი ზვიადიც, თორემ იურიდიულად ვერც მოედავები... ახალი არჩევნებიც მოვა და ვნახავთ - დარწმუნებული ვარ, იმავე გზით წავლენ და ისევ თავიანთ პროტეჟეს მოიყვანენ...
რამდენი წელია, სფფ არსებობს? რამდენი პრეზიდენტი გამოიცვალა და როგორ იყვნენ არჩეულნი, ყველამ ვიცით...