anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#57709223 · 29 Mar 2021, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნანა ზარდიაშვილი 04/03/2013 20:19 ისინი, ვისთვისაც ჟამი ჯერაც არ მომწიფებულა ბუნებრივია, სულ განვლილ 9 წელიწადზე ვფიქრობ. გულწრფელად მჯერა, რომ “ადგილობრივი წარმოების” 37-ში ვიცხოვრეთ, სულ არ მიმაჩნია ასეთი შეფასება გადაჭარბებად. წარმოიდგინეთ, made in Georgia ნაცებს იმდენი ძალაუფლება რომ ჰქონოდათ, როგორიც ჰქონდა ჰიტლერს, ან სტალინს, ან პოლ-პოტს.საბედნიეროდ, სხვა ისტორიული კონტექსტი იყო, რამდენადმე უნდა დაყოლოდნენ დროის მოთხოვნას, თუნდაც ფორმალურად უნდა გაეთვალისწინებინათ ე.წ. ცივილიზებული სამყაროს (aka დასავლეთის) მოთხოვნები - ცოტა თავისუფალი პრესა, ცოტა უფლებადაცვითი ორგანიზაციები, დემოკრატიული რიტორიკის აუცილებლობა. და მიუხედავად ამ შემაკავებელი ფაქტორებისა: 1) საქართველოში გვყავდა ყველაზე დიდი საპატიმრო პოპულაცია ევროპაში, რუსეთს გავუსწარით; 2) ყველაზე მაღალი სიკვდილობა ციხეებში, მთელ მსოფლიოს გავუსწარით; 3) გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ მხოლოდ შემთხვევათა 0.1 პროცენტში თავზარდამცემი სტატისტიკაა, სრულიად ამაზრზენი და ამის განმეორება არასდროს მომბეზრდება. მაგრამ როგორ ჩნდებიან ტირანები? და როგორ შედის მასთან თანხმობაში ხალხი? ცხადია, რომ ასეთი თანხმობის გარეშე, ხელისუფლება, ძალიან მოძალადე და ძალიან ძლევამოსილიც კი, დიდხანს ვერ გაძლებს. მახვილით შეიძლება ბევრს მიაღწიო, მაგრამ მასზე დიდი ხნით ვერ ჩამოჯდები - მართალი იყო ტალეირანი, უკანალი გეტკინება. მესმის, რომ ჩემი ეს “რეფლექსია”მიამიტურია და ტირანიებსა და სასტიკ რეჟიმებზე უკვე ბევრი დაიწერა. მაგრამ მე საკუთარი, უშუალო გამოცდილების გადახარშვა მინდა, მინდა კი არა, აუცილებლად მჭირდება. ისიც ხომ იცით, როგორ ხდება, როდესაც რაღაცაზე დაჟინებით ფიქრობ, ყველაფერი, რაც გზად შემოგხვდება, ყველა წიგნი, ყველა ფილმი, ყველა შეხვედრა, ამ კონტექსტში ვარდება, თითქოს, ყველგან პოულობ პასუხებს. “ჰარი პოტერს” რომ ვკითხულობდი, ვოლდემორტში და მისი დესითერებში ნაცმოს აქტივისტებს ვხედავდი, ვცნობდი. როდესაც სცენაზე საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავ სულ ახლახანს ჩემი საყვარელი უმბერტო ეკოს ესეები გადავიკითხე და, რა თქმა უნდა, ისევ ქართულ კონტექსტს დავუკავშირე. ეკოს კარდინალ მარტინისთან მიმოწერა ჰქონდა. კარდინალი ეკითხებოდა, რა საფუძველი აქვს არამორწმუნე ადამიანს ზნეობრიობისთვის, რა უბიძგებს ათეისტს მორალური ნაბიჯისაკენ? ეკო პასუხობს: “ზოგიერთი ეთიკური პრობლემა ჩემთვის უფრო ცხადი გახდა, როდესაც სემანტიკის ზოგიერთი პრობლემა გავიაზრე... არსებობს კი “სემანტიკური უნივერსალიები”, ანუ ისეთი ელემენტარული ცნებები, რომლებიც საერთოა ადამიანის მოდგმისთვის და უკლებლივ ყველა ენაში აისახება.” “... რა თქმა უნდა არსებობს... და ყველა ასეთი ცნება სივრცეში ჩვენი სხეულის მდგომარეობას ეხება... ჩვენ ვიტანჯებით, როდესაც გვაბამენ, იზოლაციაში ყოფნას გვაიძულებენ, გვცემენ, გვჭრიან, გვკლავენ, გვაწამებენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად...” ”ეს სემანტიკა იძლევა ზნეობის საბაბს; ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ სხვა, მეორე არსების სხეულებრივ უფლებებს... ეთიკური მიდგომა ჩნდება მაშინ, როდესაც სცენაზე გამოდის სხვა.” ”მაშ რატომ არსებობს (ან არსებობდნენ) კულტურები, სადაც ნებადართულია მასობრივი მკვლელობები, კანიბალიზმი, სხვა ადამიანის სხეულის დამცირება. მიზეზი მარტივია - ამ კულტურებში უკიდურესად არის დავიწროებული სხვა ადამიანის აღქმა, სხვა მხოლოდ ტომის (ეთნოსის) ფარგლებში არსებობს, “ბარბაროსები” ადამიანურ არსებებად არ განიხილებიან.” სტოპ, ვიფიქრე, მე ამ ფრაგმენტს ასე წავიკითხავდი: ”ადამიანთა ამ ტიპის ცნობიერებაში უკიდურესად არის დავიწროებული სხვა ადამიანის აღქმა, სხვა მხოლოდ პარტიის, გუნდის, ვიწრო წრის ფარგლებში არსებობს” , ხოლო ამ ფარგლებს მიღმა რჩებიან ბარბაროსები ანუ არაადმიანები. სახელდების შავი მაგია მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგია გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ანუ რაღაც პერიოდის განმავლობაში ნორვეგია მესამე რაიხის შემადგენლობაში შედიოდა, შესაბამისად მის ტერიტორიაზეც მდებარეობდა საკონცენტრაციო ბანაკები და ცხადია, ამ ბანაკებში პატიმრების სიკვდილობა ძალიან მაღალი იყო. თუმცა ზოგიერთი ტუსაღი სიკვდილს მაინც გადაურჩა. ცნობილი ნორვეგიელი კრიმინოლოგი, მწერალი და უფლებადამცველი ნილს კრისტი იმით დაინტერესდა, თუ როგორ, რატომ გადარჩნენ ეს ადამიანები, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის კანონზომიერება, რომლის წყალობითაც მათი გადარჩენა მოხერხდა. კრისტიმ მიაგნო ასეთ ტუსაღებს და აღმოჩნდა, რომ მათი გადარჩენა სულაც არ იყო შემთხვევითი ამბავი, კანონზომიერება არსებობდა და თან ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ნიშნეული. აი ფრაგმენტი კრისტის ერთ-ერთი ლექციიდან: ”იმ (ბანაკში) გერმანელი მცველების გარდა, ნორვეგიელებიც მუშაობდნენ. ტუსაღები იუგოსლაველები, სერბი პარტიზანები იყვნენ. თითქმის ყველა მათგანი დაიღუპა, მაგრამ ერთს, გადარჩენილს პირადად ველაპარაკე. თურმე როდესაც ნორვეგიაში მოხვდა, გერმანულ-ნორვეგიული ლექსიკონი ჩაუვარდა ხელში და ამ ლექსიკონით ღამ-ღამობით ნორვეგიულს სწავლობდა. ტუსაღები მძიმე სამუშაოზე ჰყავდათ დაკავებული, გზას აშენებდნენ. ერთხელაც სამუშაოზე ყოფნისას, როდესაც მარცხნივ და მარჯვნივ ნორვეგიელი მცველები ედგნენ, ვიღაცამ წინიდან ერთ-ერთ მათგანს გადმოსძახა: ”ასანთი არა გაქვს?”. მცველმა უპასუხა: ”არა, არა მაქვს!” და აი ჩემმა კაცმა, იუგოსლავმა ნორვეგიულად წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა: ”მე მაქვს ასანთი”.კი მაგრამ ასეთი რა მოხდა? ის მასის სტატუსიდან გამოვიდა, ბრბოს გამოეყო, მან გადალახა მდგომარეობა , როდესაც ბინძურ ბალკანელ ცხოველად მიიჩნევდნენ, აყროლებულ, საძაგელ ცხოველად. მასში ადამიანი დაინახეს.” მცველმა კი სახელდების შავი მაგია გადალახა და აღმოაჩინა, რომ იუგოსლავიც მასავით ადამიანია. თუ ავტორირატი მმართველი ხარ, ან შავ-ბნელი ტირანი - გამოიგონე მტერი და რაც მთავარია, დაარქვი მას სახელი: ებრაელი, ტროცკისტი, ტერორისტი, რუსეთის აგენტი, მსოფლიო ბურჟუაზიის აგენტი, ნიგერი და მორჩა, ყველა, ვისაც ამ სახელს დაარქმევ, ადამიანთა დიდი მასისთვის არაადამიანი ხდება, ის პარაზიტია, ვირთხაა, ხორცმეტია და ამიტომ, რაღა თქმა უნდა, სიკვდილის ღირსია. ხომ არავის არ გვაწვალებს სინდისი, როდესაც ტარაკანს გავჭყლეტთ? ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გახსოვთ, სიდნეი ლუმეტის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი ”12 განრისხებული მამაკაცი?”. 12-მა ამერიკელმა მსაჯულმა ახალგაზრდა კაცს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ეს ბიჭი, ეჭვმიტანილი, ღარიბია, ჯურღმულებში გაზრდილი, მამის მკვლელობა ბრალდება - პარაზიტია, მოკლედ, ხორცმეტი, რუსეთის აგენტთან გათანაბრებული პირი. 12 მსაჯულიდან რეალურად მხოლოდ 2-3-ია ისეთი, ვისაც ჯალათის თვისებები აქვს, ვინც თვითონ შეიძლება გამხდარიყო მკვლელი, რადგან მკვლელი და ჯალათი არსებითად ერთი და იგივე პერსონაჟია. დანარჩენები სახელდების შავი მაგიის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან - ავტორიტეტული ინსტიტუტი, პროკურატურა ბიჭს დამნაშავედ მიიჩნევს, ე.ი. დამნაშავეა. სწორედ აი ასეთი უმრავლესობა შეადგენს საზოგადოების ძირითად ნაწილს. ისინი სულაც არ არიან ცუდები, ან განსაკუთრებულად ბოროტები, მაგრამ თამაშის წესებს მათ ავტორიტეტები უდგენენ, სისტემები, ინსტიტუტები და ისინიც, როგორც კანონმორჩილ ადამიანს შეეფერება, ამ წესებს წყნარად და უპროტესტოდ მისდევენ. სისტემის მიერ დადგენლი წესების გადასინჯვა, ეჭვქვეშ დაყენება უკვე ბუნტია, ბუნტს და სიკეთეს კი გამბედაობა სჭირდება და იგი ყველას არა აქვს. ვერც და არც უნდა მოვთხოვოთ. ამიტომ არის მოძალადე სისტემა ყველაზე საშინელი რამ - ის ადამიანების დიდ მასას რყვნის, თავისი დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. არადა, მთელი ცხოვრება შეიძლება ისე გაევლოთ, ჭიანჭველასთვის არ დაედგათ ფეხი. ბოროტება ასეთ სისტემებში ლეგიტიმაციას იძენს, ხოლო ლეგიტიმურთან დაპირისპირება მანამდე, სანამ ის ადამიანების ძალიან დიდ მასას არ გარიყავს, არ შეუქმნის არსებობისთვის გაუსაძლის პირობებს, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი. მაგრამ ამ 12 მსაჯულში არის ერთი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ვითარებას და ბიჭს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ის ეჭვმიტანილში თავის თანასწორს, ადამიანს ხედავს, მას სახელდების შავი მაგიის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს, არ ეთანხმება თამაშის მანკიერ წესებს და სიკეთის გამბედობით არის დაცული, რადგან მისთვის ჟამი მომწიფდა. შეხედეთ რა სარკისებური სიმეტრიაა - იქ 12-ში ერთი იყო იუდა, აქ - 12-ში ერთია იესო. ისინი, ვისთვისაც ჟამი არასდროს მომწიფდება გვახსოვს, ალბათ, კითხვა, რომელითაც უმბერტო ეკო საკუთარ თავს და ჩვენ მოგვმართავს, ზევით უკვე დავწერე: ”მაშ რატომ არსებობს (ან არსებობდნენ) კულტურები, სადაც ნებადართულია მასობრივი მკვლელობები, კანიბალიზმი, სხვა ადამიანის სხეულის დამცირება. მიზეზი მარტივია - ამ კულტურებში უკიდურესად არის დავიწროებული სხვა ადამიანის აღქმა, სხვა მხოლოდ ტომის (ეთნოსის) ფარგლებში არსებობს, “ბარბაროსები” ადამიანურ არსებებად არ განიხილებიან.” რადგან, “სხვა ადამიანის როლის აღიარება, მათი იმ მოთხოვნათა პატივისცემის აუცილებლობა, რომელთაც ჩვენს შემთხვევაში სავალდებულოდ მივიჩნევთ, ათასწლიანი განვითარების შედეგია. სიყვარულის ქრისტიანული მცნებაც ორჭოფულად იქნა დეკლარირებული და მხოლოდ მაშინ აღიარეს, როდესაც ჟამი მომწიფდა". ესაა - ჟამი მომწიფდა. დრო მოვიდა. დრო დადგა და გამოჩნდა ის, ვინც საკუთარი მაგალითით აგვიხსნა - თუ რაიმე მსხვერპლს მოითხოვს, რაიმე, იდეა, კონცეფცია, ღმერთები, ადამიანები - შენ თვითონ უნდა ახვიდე ჯვარზე. სხვას, მეორეს მსხვერპლად მაშინ სწირავენ, როდესაც ჟამი უმწიფარია. სხვა ადამიანის მიტანა მსხვერპლად გასაოცარი შეზღუდულობის, გამაოგნებელად ვიწრო თვალსაწიერის, ნამდვილი ველურობის უტყუარი ნიშანია. ცივილიზებული ადამიანი, თუ მსხვერპლი გახდა საჭირო, თავად ეწირება, ველური კი მსხვერპლად ყოველთვის სხვას, მეორეს სწირავს. ათეისტებს ან აგნოსტიკოსებს მყისიერი მიუღებლობა, რომ გაუჩნდეთ, ზემოთ ნათქვამს, ცოტა სხვანაირად ვიტყვი - ჟამი მომწიფდა და ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვდა, ზნეობა უნივერსალური კატეგორია გახდა და სიტყვამ “ჩვენიანი” მთელი კაცობრიობა მოიცვა. ამიტომ, როდესაც ვინმე წარმოსთქვამს შემდეგს - “გირგვლიანი და რობაქიძე ის მსხვერპლია, რომელიც ჩვენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის უნდა გაგვეღო”, ან "ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა", ან "ჯერ სახელმწიფო, მერე დემოკრატია", იცოდეთ, საქმე ველურთან გაქვთ, მეტსაც ვიტყვი, საქმე გაქვთ ადამიანთან, რომელმაც უარყო კაცობრიობის მიერ განვლილი ურთულესი გზა და გაველურდა, არადა გაველურებული ადამიანი ბევრად უფრო საძაგელი და მავნე მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ ველური. დეგენერირება ყოველთვის ამაზრზენი დასანახია. და აი, დროდადრო ჩნდება გაველურებულ ადამიანთა კასტა, რომელნიც სწორედ იმიტომ, რომ ღრმად არაცივილიზებულნი, ღრმად უკულტურონი არიან, ისევ ავიწროვებენ თვალსწიერს. ამ შავბნელი კასტის წარმომადგენლები პირველყოფილი ველურივით იჯერებენ, რომ მხოლოდ თვითონ არიან ადამიანები, იმის უფლება აქვთ, სხვების ბედისწერა განსაზღვრონ და სისხლიანი მსხვერპლშეწირვის მახინჯი ტრადიცია დააბრუნონ. მათ შეიძლება იეშმაკონ, წაიკითხონ ბევრი წიგნი, თავი ჭკვიანებად მოგვაჩევენონ, პროგრესისა და განვითარების ტერმინებში გველაპარაკონ, მაგრამ არასდროს, არასდროს არ უნდა ვირწმუნოთ მათი სიტყვები, უნდა შევხედოთ და გავიფიქროთ - აი ძალაუფლება ისევ ველურმა ჩაიგდო ხელში, უმწიფარმა არსებამ, რომლისთვისაც ჟამი ჯერ არ მომწიფებულა.
|