ჯირყვნა!
2013 წლის 4 ოქტომბერი, 12:35-ზე
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, „მოჯირყვნაი“, ამჯერად ჟურნალისტებისაი და თან საკვირველი, ათიოდე წუთის დასრულებულია - პირველი „ჯირყვნა“, სხვაგვარად - „ტისკვა“ და ლიტერატურული ქართულით - გაცამტვერება, რამდენიმე დღით ადრე იყო - იმჯერზე, პრემიერმა ექსპერტებს „ასწავლა“ ჭკუა!
ამ ორ შეხვედრას ერთი საერთო რეჟისორი ჰყავდა... რეჟისორს ვამბობ, თუმცა, უფრო შესატყვი, შეიძლება დირექტორი, მასწავლებელი, ან, სულაც კლასის დამრიგებელია... ყველაზე არამისასალმებელი კი ისაა, რომ, საზოგადოებაში არსებული განწყობების ინდიკატორ-წარმომჩენ სოციალურ ქსელ facebook-ზე, პრემიერის სტილისა თუ მმართველობის ფორმის კრიტიკოსთა გარდა, მრავლად იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალიანაც იწონებდნენ ივანიშვილის ამ ქმედებას - „ჰკა ექსპერტებს-ო“ დაწერა ერთმა და მეორემ კი სამიოდე დღეში გაიმეორა - „აბა, ახლა მიდი, ჰკა ჟურნალისტებს-ო“...
მაგრამ ამჯერად მათთვის და მათზე სწორედაც რომ არ ვწერ - რთულია „ძირითად დინებაში“ მოქცეულთა მოქცევა. ამავე დროს, რასაკვირველია, ერთგვარად გასაგებიცაა ჟურნალისტ-ექსპერტებზე შემომწყრალთა განწყობაც - გულრწფელად ვთქვათ, ქართული მედია და ქართველი ექსპერტები ხშირად მართლაც იმსახურებენ კრიტიკას, კრიტიკას და არაფერს კრიტიკის გარდა!..
მაგრამ ახლა, პრემიერისგან ჯირყვნის ნახვის შემდეგ, უნდა ვთქვათ - ჟურნალისტ-ექსპერტთა განქიქება სხვა დროს და სხვაგან სასაუბროა - ასეა - კვალიფიკაციაზე პროფესიულ წრეებში მსჯელობენ და „ჩამჭრელები“ აუცილებლად ხელმძღვანელობენ არა პრეს-სამსახურის თანამშრომელთა მიერ მომზადებული ამონარიდებით თუ ნაკვესებით, არამედ კვალიფიციური და არა მომხრე კვლევითი ცენტრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევებით... ამდენად, ასე ჰარალედ საუბარი: „ეს ჟურნალისტები და ეს ექსპერტები“ მეტს და უარესს „იმსახურებენ“ ორღობისაა - პრემიერს, როგორც მოქალაქეს, ცხადია, აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ, ჯერ ერთი, მისი წყრომა კვლევას უნდა ეფუძნებოდეს და მეორეც - კვლევა რომც იყოს, თმენის ვალდებულება გაცილებით ღირებულია ვიდრე ეს ყბადაღებული მისეული გულ-ახდილობა.
სხვაგვარად და უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, პრემიერს ვინმე ვაზირმა უნდა უთხრას, რომ რუსთაველს აქვს დაწერილი ერთი პოემა, სახელწოდებით: „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც არის სიტყვები: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ და, არც თუ იშვიათად, უპრიანია, რომ ამ აფორიზმის დასაწყისით კი არ იხელმძღვანელოს „გულახდილმა მასწავლებელმა“, მეორეც დაიზუთხოს... როგორც ჩვენ... ბავშვობაში!
... თუმცა, რადგან არ გვაქვს რწმენა ან იმედი, რომ ვინმე ერთი ვაზირი გამოჩნდება და პრემიერს ასწავლის თავს: „დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი“, სჯობს, სხვა ხერხს მივმართოთ და ვიკითხოთ - ვინ უწუნებს ექსპერტებს და ჟურნალისტებს კვალიფიკაციას?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რუსთაველის პოემის დაზეპირებაზე იოლია - პრემიერი! ახლა ვიკითხოთ, რა კაცია ეს პრემიერი? რუსთაველთან მწყრალად რომაა, გასაკვირი როდია (აბა, ჩვენი მმართველებიდან ვინ იცოდა რუსთაველის პოემა კარგად, გარდა პირველისა) - პრემიერი ის კაცია, რომელიც „კომბლებსა თლის და ჭერში აწყობს“, თუმცა ამ წყობა-წყობაში არც ყოველდღიურობა ავიწყდება და ყურადღებით ადევნებს თვალს ქართულ პერიოდიკას, კარგად იცნობს ქართველ ჟურნალისტებს და ზოგიერთ მათგანი ხანდახან შემოექება კიდეც - „მოღალატე ქმრების“ თაობაზედ ჯერ კიდევ იანვრის თვეში დასმული კითხვისას მისი რეაქცია ამის თვალსაჩინოებაა, ხოლო მანამდე, ერთი საშინელი ქართულ გაზეთის საუკეთესოდ და პრესის ლიდერად მოხსენიება, კიდევ ერთი დასტური, რა მოსწონს და რა აღაფრთოვანებს ქვეყნის „პირველ პირს“.
სწორედ ამიტომ ვწერ პრემიერზე და მხოლოდ პრემიერზე! სწორედ ამიტომ არ ვამბობ არაფერს ჟურნალისტებზე და ექსპერტებზე - ისინი, თითოეული მათგანი, მხოლოდ ქების ღირსნი არიან იმის გამო, რომ თავდასხმას როგორღაც გაუმკლავდნენ; შეტევა როგორღაც „მოიგერიეს“.
... ხოლო გარდა ურთიერთობის შერჩეული ფორმისა, საოცარი იყო ორივე შეხვედრის შინაარსიც, საიდანაც, პირადად მე დედააზრი, აზრი ვერ გამოვიტანე, ხოლო რაც გავიგე, აი, ესაა:
„მე აისბერგებს ვებრძვი დილიდან, მას შემდეგ, რაც იოგას ვარჯიშებს ვასრულებ და იოგას მასწავლებელს ელჩ ნორლანდ ვთავაზობ, რომელიც ამბობს, რომ ამას მოქრთამვის სუნი სდის და მერეღა ვრწუნდები, რომ აშშ-ში არ უნდა წავსულიყავი, რადგან, ბოკერიას ამბები დამხვდებოდა, ხოლო ბოკერია ის პირია, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილს, რომელიც ეჯიბრება აღმაშენებელს, რომელიც იყო 10 (!!!) საუკუნის წინ და მე ეს ვ(ს)თქვი იმიტომ, რომ აქვ(ს)თ და საერთოდაც, არაჩვეულებრივი კანდიდატია მარგველაშვილი, რომელიც დვანში არ იყო, ხოლო დვანში ვინც იყო, არ იყო, მაგრამ იყო და თუ არ იყო, მე რატომ უნდა წავიდე, რადგან მძინავს, და იოგას ვარჯიშებს ვერ გავაცდენ და ბევრი საქმე მაქვს, და ჩვენი მიზანია და ევროპა გავაოცოთ დემოკრატიით, როდესაც მე ჩავერევი და დიახაც ჩავერევი მთავრობის საქმიანობაში, რომ მერე თქვენ ჭკუა არ მასწავლოთ, დამელოდეთ, დამელოდეთ!!! და მე ვარ საზოგადოების წევრი, რომელსაც აქვსთ საზოგადოების აღზრდის სურვილი, რა დამიშავებია და საერთოდაც ხმა, ხმა გახმა....“ (ციტატის დასასრული).
და ბოლოს - ჩემმა მეგობარმა, რომელიც სტომატოლოგია, იმავე სოციალური ქსელის სტატუსი დააწია ამ live-ში მიმდინარე ჯირყვნაობის საოცარ პროცესს - სტომატოლოგებს როდის გვხვდება ბატონი პრემიერი მწვავე პერიოდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე სასაუბროდ?... კი მივწერე, ცოტაც დაითმინეთ-მეთქი, მაგრამ, მეც გამიჩნდა განცდა, რომ ასე მწკრივში ჩაეწყობიან კონკრეტული სფეროების წარმომადგენლები - ჯერ მემანქანეებს შეხვდება, მერე ტაქსის მძღოლებს, პატრულის თანამშრომლებს, ქართულის მასწავლებლებს... მერე გეოგრაფიის მასწავლებლებს, მერე ისტორიის მასწავლებლებს... ცხადია, გადავა ექიმებზეც და სტომატოლოგებსაც მოუწევთ რიგი, როცა იქნება!.. თან, როგორც ვიცი, მისი „საოცარი სასახლის“ არქიტექტორ ტაკამაცუსაც „შეერკინა“ წიაღსვლებში - „HI-TECH”-ში...
ახლა კი მეტყვით - „ნუ აღადავდი, ერთი, შენი ჭირიმე-ო“, და, რასაკვირველია, პრემიერის შესაძლებლობებიც კი შეზღუდულია და, მართლა არ დაწვრილმანდება ასე სფერო-სფერო, მაგრამ, ეს განცდა კი გამოჩნდა - საზოგადოებაში გადანაცვლებულ „მასწავლებელს“, ჩანს, აქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ჩირადაც არ ვღირვართ მის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად, რომ მან და მხოლოდ მან დაიდო წილი „ჭირის მოცილებაში“ და, ახლა, აბა, როგორ ვკადნიერდებით და ვბედავთ მის ან მის მიერ ხელდასმულთა კრიტიკას.
ჰოდა...
წიგნის - „მე, საზოგადო მოღვაწე“ - პროლოგის წერა ივანიშვილმა უკვე დაიწყო, თუმცა, შეიძლება ვერ დაამთავროს - პირდაპირ ეთერებში შემოთავაზებული ეს ტრაგი-კომედია, მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ მისი მკითხველი და მომწონებელი უხვად იქნება - მჯერა-თქო, როგორ ვთქვა, ვისურვებდი-თქო, ეს როგორ დავაყოლო, მაგრამ, ჩემი „ქართული ოცნება“ იქნებოდა, გავაპროპროტესტოთ სკოლის დირექტორთან ამგვარი მასწავლებელ-დამრიგებელის ჩვენ კლასში შემოსვლა და ვთქვათ - „ჩვენში დარჩეს და, გაცილებით უკეთეს დამრიგებელს ადრეც ხომ ვიმსახურებდით და ახლაც ვიმსახურებთ...“
სტოპ! ვიდრე შეესეოდეთ
ოცნების ამომრჩეველია
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare