ეს ძაან იციან ხოლმე
აბლოთიას ჰქონდა კაგი სტატია
მითები ეკონომიკის წინააღმდეგ
ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია – მითები ეკონომიკის წინააღმდეგ
ამ დღეებში საქართველო ისევ აღმოჩნდა უკვე ტრადიციული, შეიძლება ითქვას, მრავალსაუკუნოვანი არჩევანის წინაშე - ან სადღეგრძელოები, მითები და ლეგენდები - ან ეკონომიკური განვითარება. საქმე ეხება ხუდონ ჰესის მშენებლობას.
ამ ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო სსრკ-ს ბოლო წლებში და ძალიან ცუდად დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღზევებას. ეს რომ მომხდარიყო სადმე ესტონეთში, მთელი ქვეყანა გაჩუმდებოდა ამასთან დაკავშირებით იმ იმედით რომ „ააშენონ რამდენსაც მოასწრებენ“.
თუმცა, მოგეხსენებათ, როდესაც ესტონელები ხეებზე დაძვრებოდნენ, ჩვენ ბიბლიას ვთარგმნიდით, მათი ჭკუის სასწავლებელი რა გვჭირს?
შედეგად, ქართველმა ხალხმა დახარჯა უდიდესი ენერგია იმისთვის, რომ რამენაირად ჩაეშალა ეს მუქთა პროექტი. საბაბი ბევრი მოიძებნა - პირველ რიგში - 5 სოფლის დატბორვა. თუმცა იმდროინდელი ლიდერები მიხვდნენ, რომ 5 სოფელი - არ ჟღერს, და ჩაირთო ეროვნულ-პატრიოტული ლირიკა - „იქ ქართული ჩიტი დაფრინავს და ქართულ წყალს სვამს“.
ბოლოს და ბოლოს პროექტის რეალიზაცია შეწყდა, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა მოიცვა მრავალწლიანმა უმწვავესმა ენერგოკრიზისმა, ჩიტებმა გააგრძელეს ფრენა, და როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა - პოლიტიკანები, ყბედები და ეკოლოგები მალევე გაიქცნენ სახლებში, ისინი კი - დარჩნენ - სად უნდა წასულიყვნენ?
და აი, ისტორია მეორდება. მეოცნებეები, რომლებიც ჯიუტად გაიძახდნენ „მსხვილი ენერგეტიკა არ გვჭირდებაო“, ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ - გვჭირდება.
და ია, დადგა ჭეშმარიტების ჟამი - ჩვენი ხელისუფლება, შესაძლებელია ემსხვერპლოს საკუთარ იდეოლოგიას, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველაფერს შევუთანხმდებით საზოგადოებას“.
მშვენიერი ლოზუნგია, რა თქმა უნდა, მაგრამ...
საზოგადოება გვყავს ცოტა არ იყოს სპეციფიური - რაც მეტს ეკითხებით აზრს - მით ნაკლებიო შანსი გაქვთ რამე გააკეთოთ.
ჯერ დიდხანს და მომაბეზრებლად იწუწუნებენ საშინელ 9 წელზე, მერე ილაპარაკებენ წინაპრების ძვლებზე, ეკლესიებზე, იმაზე, რომ „ პროექტი უნდა განხორციელდეს ისე რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს“ ( როგორ?).
მერე საიდანღაც გამოჩნდებიან სხვადასხვა შეფერილობის ეკოლოგები, რომლებიც ააწრიალებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იყვირებენ, რომ თურმე საქართველო ამ 5 სოფელზე დგას, რომ ჰესის მშენებლობაზე ვიღაც უჯიშო ინდუსები გამდიდრდებიან, და საერთოდ, რაში გვჭირდება მსხვილი ენერგეტიკა?
ამათ გადამკიდე ადგილობრივებიც გაჯიუტდებიან და დადებენ ფიცს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას. ხაიშში მცხოვრები სვანები პათოსური ხალხია - უყვართ ხმამაღალი და გულის ამაჩუყებელი დადგმები. არაა სამარისი უბრალოდ თქვან „ არ გვინდა“ - აუცილებლად უნდა მოიძებნოს რაღაც წმინდა ქვა, რომელზეც მერე დაიდება ფიცი.... ჰოლივუდი შვებულებაშია....
ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ დღეს, 25 წლის შემდეგ, გვესმის ზუსტად იგივე არგუმენტები რაც სსრკს ბოლო წლებში - ტრადიციები, ეკლესიები, რომელთა დატბორვა არ შეიძლება არაფრით, „ჩვენ აქ ვცხოვრობდით 200 წელი“, სასაფლაოები და ასე შემდეგ...
გასაგებია, რომ ეს სერიოზული არგუმენტებია - 200 წელიც და სასაფლაოც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ასეთი რამ ყველგან ხდება მსოფლიოში. ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს არჩევნის გაკეთება - ჩვენთან ხომ სადაც კი ქვას ისვრი - ყველგან არ ეკლესიაა, ან სასაფლაო.
დამოუკიდებლობის 25 წლიან ისტორიას უნდა ესწავლებინა ჩვენთვის - ყველაფერს აქვს თავისი ფასი - ინდუსრტიალიზაცია, ეკონომიკური ზრდა, დასაქმება - ეს ყველაფერი არ მოდის ისე, უბრალოდ, ყოველთვის რაღაცაზე გვიწევს უარის თქმა.
საქართველოსთვის მსხვილი ჰესები იგივეა რაც გერმანიისთვის - მერსედესი და ბმვ. ჩვენ არ გვყავს ისეთი ინჟინრები როგორც გერმანელებს, სამაგიეროდ გვაქვს უამრავი მდინარე, რომლებსაც შეუძლია იაფი და სუფთა ენერგიის გამომუშავება.
ეს - ტრანზიტსა და ტურიზმთან ერთად - არის ქვეყნის ეკონომიკის მომავალი. ყოველ შემთხვევაში არავინ არ ააშენებს საქართველოში Apple–ის ქარხანას - ამისთვის არსებობს ჩინეთი, ინდონეზია, ტაილანდი, ინდოეთი ბოლოს და ბოლოს...
ქვეყანაში არის მსხვილი ჰესების მშენებლობის კიდევ ძალიან ბევრი პროექტი - ლაპარაკია საბოლოო ჯამში ასობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალზე...
მაგრამ ამავე დროს ყველგან არის ინტრიგანი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც გუშინდელი მითები და ზღაპრები საკუთარი შვილების მომავალს ურჩევნია...
ეს დაავადება ეხება არა მარტო ენერგეტიკას არამედ ბერვ სხვა დარგსაც - მაგალითად, სახელმწიფო 2013 წელს დახარჯავს მევენახეების სუბსიდირებაზე 25 მლნ. ლარს - ანუ, რუსული ბაზრის გახსნის მიუხედავად, დარგი მაინც არის წამგებიანი. მაგრამ ჭარბი ვენახი ისევ იკრიფება მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართველი ხალხი ათასწლეულები ეთაყვანება ვაზს“, და „ღვინი ქრისტეს სისხლია“...
საქართველომ ფაქტიურად უარი თქვა მსხვილ ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობაში მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაც ადგილობრივებს არ მოსწონდათ უცხოელი ინვესტორები „მამა-პაპურ მიწაზე“ - იმ მიწაზე, რომელიც სხვათა შორის ახლაც დაუმუშავებელია, და არც ჩანს, რომ ვინმე რამეს აპირებდეს.
ჩვენი საზოგადოება კვლავ განიცდის რაციონალური აზროვნების მწვავე დეფიციტს - შედეგებიც გვაქვს შესაბამისი.
ამ კონტექსტში ხუდონჰესის ისტორია სამაგალითოა - თუ სახელმწიფო უარს იტყვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაზე გაჯიუტებული ადგილობრივებს და უსაქმური ეკოლოგების გამო - ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი სამომავლოდ.
ასეთ შემთხვევაში იცით რას ვიზამდი, რომ ვიყო ივანიშვილის ადგილას? ვეტყოდი ქართველ ხალხს - კი ბატონო. როგორც გნებავთ, ეს თქვენი არჩევანია, ოღონდ მერე არ იწუწუნოთ და არ თქვათ რომ არავის გაუფრთხილებიხართ...თენგიზ აბლოთია
Independence is happiness. Susan B. Anthony