ეს ლინკი აქაც იყოს
მნიშვნელოვანი ინფორმაციაა
http://www.ick.ge/articles/15956-i.htmlბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე – შს სამინისტროს ეჭვი დედაზე და დეიდაზე აქვს
ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 15:42
10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა შს მინისტრს და ბავშვის დაღუპვის საქმის გახსნა ძალიან რთულად არის. „მე ვერ გავიმეორებ იმას, რაც მინისტრმა მითხრა, რთულადაა“, - აღნიშნა ივანიშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სიცრუის დეტექტორზე და შემდეგ ფსიქოლოგიური ტესტის შემოწმების შედეგები საქმის გამომძიებლებმა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გააცნეს. ღარიბაშვილმა აღნიშნულის შესახებ პრემიერს მოახსენა და ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, სწორედ ამას უკავშირდება.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა.
არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, საქმე გამოძიებული არ არის.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 10 თვის გოგონა ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით.
2013 წლის 8 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვევრში, რომელშიც ბავშვი დაიხრჩო, სპორტული ჩანთა იპოვეს. ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩანთა მათ არ ეკუთვნით. აღმოჩნდა, რომ გამოძიებას მანამდე ქვევრი (დანაშაულის ადგილი) შემოწმებული არ ჰქონდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საქმეს შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს. საქმესთან დაკავშირებით სხვა კომენტარს შსს–ში არ აკეთებენ.
2013 წლის 9 ივლისს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის დედა, დეიდა, ბებია და ოჯახის კიდევ სამი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. კითხვები ძირითადად ბავშვის გარდაცვალებასთან ოჯახის წევრების შესაძლო კავშირს ეხებოდა.
ბავშვის დედა – მეკითხებოდნენ, შენ მოკალი ბავშვიო?
„დამირეკა გამომძიებელმა გიორგი ქვემოხელიძემ და მითხრა, თბილისში უნდა წამოხვიდეთო. რის თაობაზე მეთქი და მშობლები ხომ არ ყოფილხართ გასაუბრებაზე, უნდათ, რომ დედ-მამას გაგესაუბრონ, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანიაო. წავედით, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მოდულის შენობაში, აგვიყვანეს მეორე სართულზე და გვითხრეს, სიცრუის დეტექტორი გაგიგიათო? კი, გვსმენია მეთქი. ეხლა სპეციალურად ჩიკაგოდენ ჩამოვიტანეთ და ამაზე უნდა დასხდეთ, წინააღმდეგები ხომ არ ხართო? არა მეთქი, ვუთხარით. პირველი მე დამსვეს. ფსიქოლოგიც ესწრებოდა. პირველი კითხვა იყო, შენ მოკალი თუ არა შენი შვილი, მერე პალიკომ (ჩემი მეუღლე) მოკლა თუ არა, დალიმ (ჩემი და) მოკლა თუ არა, ვაჟამ (ჩემი სიძე) მოკლა თუ არა და ასეთი კითხვები იყო. 2 საათი გაგრძელდა დაახლოებით. ფსიქოლოგთან ნახევარი საათი მაინც ვისაუბრეთ. ამის შემდეგ გვითხრეს, ეხლა პატარა საქმე გვაქვსო. წაგვიყვანეს სამინისტროში. პალიკოს უთხრეს, შენ გარეთ დაიცადეო. შემიყვანეს, დავინახე რომ ჩამწერი ჩართეს, ვიდეოთვალიც იდგა, იმიტომ დაგიბარეთ, რომ ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცითო, ბექა აუხსენიო. ასეთ საკითხებზე ბევრი გვიმუშავია, სადაც მომხდარა, რომ დედას შვილი მოუკლავს და ან არ უნდა გაიხსენოს, ან გონება არ აძლევს უფლებას, რომ გაიხსენოსო. ეგ რას ნიშნავს, გინდათ თქვათ, რომ ჩემი შვილი მე მოვკალი მეთქი? რაც სათქმელი მქონდა ყველაფერი ვუთხარი გამო ძიებას მეთქი. ბოლო პასუხი ეგ არის თქვენიო? კი მეთქი. არაფერი საღიარებელი არ მაქვს, შვილი არ მომიკლავს და ჩემი პასუხი სულ ეს იქნება მეთქი“, – ამბობს თათია მექერიშვილი.
მარანში წყალი მხოლოდ იმ ქვევრში იდგა, სადაც ბავშვი ჩააგდეს
დედის გარდა სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი, მამა პალიკო რაფალიანცი, დეიდის ქმარი, მამიდა და ბებია.
„მეც მაგას მეკითხებოდნენ, ბავშვი შენ მოკალი? შენმა დამ იცოდა, ერთად გააკეთეთო, მკვლელობა გინდოდათ თუ მხოლოდ გადამალვა და მერე შემოგაკვდათო?“, – ამბობს დალი მექერიშვილი.
ჩვენ მას ვთხოვეთ, გახსენებინა 2012 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ფაქტი: „კარი მაშინ კლიტით არ იკეტებოდა, აქ ჰქონდა რაღაცა თოკი გამობმული და თოკით იყო გადაკვანძული. თოკით გვქონდა კარები დაკეტილი. მაშინ თათიამ თქვა, რომ გამოვედი, ძაღლები გვყვავდა, პატარები და ეს თოკი გამოვკვანძე, რომ ძაღლი არ შესულიყოო, ანუ მაშინ გარედან თოკით იყო დაკეტილი.
– ბავშვი, რომ დაიკარგა თქვენ როდის გაიგეთ?
– მე ვიყავი მეზობელთან, სადღაც ალბათ 5–10 წუთში, არ ვიცი ზუსტად რა დროს გავიგე, მაგრამ რომ მოვედი ფაქტობრივად აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო.
– ვისთან იყავით?
– მე ვიყავი ქეთინო საგინაშვილთან, ჩემი ქუჩის გადასწვრივ ცხოვრობს.
– ისიც „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო?
– კი , კი. მეორე დღეს საარჩევნო უბაზე უნდა გავსულიყავით და მასთან ვამზადებდით საჭმელებს.
– თქვენ რომ მოხვედით აქ, რა სურათი დაგხვდათ?
– მე ესევე შემოვედი შიგნით, აქ იყო ძალიან ბევრ ი ხალხი. ჩემი და აი აქ დამხვდა თუ ქუჩაში, ზუსტად არ მახსოვს და ტიროდა, დალო ბარბარე მოგვტაცეს, ბარბარე აღარ არისო, გიჟს ჰგავდა რავიცი. ყველა ბარბარეს ეძებდა. დავიწყე მეც მათთან ერთად ძებნა. შიგნით არც შემოვსულვარ, რატომღაც მეგონა, რომ წაყვანილი ჰყავდათ და მორჩა წაიყვანეს. მე შიგნით საერთოდ არც შემოვსულვარ. არ მახსოვს, რომ შიგნით შემოვსულიყავი იმიტომ, რომ არ მეგონა თუ შიგნით იქნებოდა. მაშინვე დავიწყე მექერიშვილი გიორგის ძებნა, რომ გიორგი მომიყვანეთ, გიორგი მომიყვანეთ მეთქი, დავდიოდი აი ესე, გიჟივით და მაგას ვიძახდი. ვნახე კიდევაც, აქვე იყო.
– ვინ არის გიორგი მექერიშვილი?
– მაშინ ვინც რაღაცეები შემომთავაზა რა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო მაშინ.
– რამდენი ხანი გაგრძელდა ბავშვის ძებნა?
– 30 ან 40 წუთი, ძალიან დიდი ხანი არ გაგრძელებულა. დაახლოებით ასე.
– ამ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ და თქვენი და ერთად ეძებდით ბავშვს თუ თუ ცალცალკე? თქვენ ქუჩაში იყავით და იქ აქტიურობდით და დედა აქეთ იყო, თუ როგორ?
– მე ვიყავი ქუჩაში. არ ვიცი, ჟურნალისტები დამდევდნენ, ხან იქით ვიყავი, ხან აქეთ. ანუ მეგონა, რომ ბავშვი სახლში არ იქნებოდა, თავიდანვე გამოვრიცხე ეგ და რატომ არ ვიცი. ნუ სახლში არ ვეძებდი მე ბავშვს. მეგონა რომ წაყვანილი ჰყავდათ, აი ესე დადიოდა ხალხი, იქით ეძებდა, ქუჩაში გავედი, იქაც ვეძებდით. თათია როგორც მახსოვს ქუჩაში იჯდა და თავში ქვებს იყრიდა, ტიროდა, წიოდა, კიოდა და გული მისდიოდა. აწყნარებდა ხალხი. ვიღას ჰქონდა მოძებნის თავი, მერე შემოვიდნენ აქ ეძებდა თვითონ თათიაც, ბავშვები, ხალხი, ყველგან ეძებდნენ რავიცი.
– მარნის კარი იკეტებოდა? ამ კარში რომ შევდივართ, აქვე იდგა საწოლი ხომ?
– აქ როგორც შევდივართ, მარჯვნივ ფანჯარასთან იდგა საწოლი. ბავშვს იქ ეძინა. იმ საწოლის მოპირდაპირედ შევდივართ კიდევ ერთ საძინებელ ოთახში და იმ ოთახს იქით არის მარანი.
– ანუ, ბავშვი უნდა ჩამოსულიყო იმ საწოლიდან, გადასულიყო მეორე ოთახში და იმ ოთახიდან გასულიყო მარანში. ანუ ასეთი მიმართულებით უნდა წასულიყო ხომ, თუ თავისით ჩავარდა ქვევრში, რასაც გამოვრიცხავთ.
– კი, კი.
– რადგან ამას გამოვრიცხავთ, ვინც ბავშვი აიყვანა, მან ჯერ გაიარა ოთახი და მერე შევიდა მარანში.
– კი, სხვანაირად იქ ვერ შევიდოდა.
– შუა ოთახს სხვა გასასვლელი აქვს?
– ფანჯარა აქვს, მაგრამ ის ფანჯარა დედა და მამა რადგან წასულები იყვნენ, გარედან იყო დალურსმნული. შიგნიდან კიდევ ჩაკეტილი იყო. იქიდან ვერც გადავიდოდნენ და ვერც გადმოვიდოდნენ. ეხლა რაც აანგრიეს და დაანგრიეს, მაშინღა გაიღო ეგ ფანჯრები.
– რომელიმე ფანჯარა ან კარი იყო დაზიანებული? თუ ვივარაუდებთ, რომ მკვლელი შევიდა ან ფანჯრიდან ან კარიდან სახლში, შესაძლებელია რომ აქედან არ გამოსულიყო და სადმე სხვა გასასვლელიდან გასულიყო გარეთ? სხვაგან საიდან შეეძლო შესულიყო და აეყვანა ბავშვი?
– ფანჯრიდანაც შეიძლებოდა გადასულიყო და კარიდან. სხვა ვერსაიდან ვერ შევიდოდა.
– ანუ, ორი ვარიანტია ან ფანჯრიდან არ კარიდან.
– კი, იმიტომ, რომ ვერ შევიდოდა, სამზარეულოსთან არის იქიდან ფანჯარა მაგრამ ის ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ადამიანი გაძვრეს.
– დავუშვათ შევიდა ან ერთი ფანჯრიდან ან მეორე კარიდან, საიდან შეიძლებოდა რომ გამოსულიყო? ისევ ამ მიმართულებით უნდა დაეტოვებინა ოთახი?
– სხვა გასასვლელიდან ვერ დატოვებდა,იმიტომ რომ შიგნით ფანჯრები ხედავთ რომ ჩალურსმნული იყო, ან ამ ფანჯრიდან უნდა დაეტოვებინა სახლი, ან წინა კარიდან.
– ძაღლი გყავდათ იმ პერიოდში ეზოში?
– კი ორი პატარა ძაღლი გვყავდა.
– თქვენი დაკვირვებით უცხო ადამიანებს ყეფდნენ ხოლმე?
– საღამოს, მეც რომ შემოვსულვარ ჩემთვისაც დაუყეფავთ. გვიანი რომ ყოფილა და ვერ დავუნახივარ და ვერ მიცნეს, დაუყეფავთ.
– რამდენი ქვევრია მარანში?
– ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ 4? ზუსტად არ ვიცი.
– წყალი რამდენში იდგა?
– წყალი ერთში იდგა იმიტომ, რომ ამოვღვარეთ და ერთში იყო. ამ ამბის მერე გამომძიებლებთან ერთად ამოიღვარა ეს ქვევრი. დაიცალა.
– დანარჩენ ქვევრებში წყალი არ იყო ჩამდგარი?
– იცით როგორ იყო? საიდანაც შემოვარდა წყალი, პირდაპირ იმ ქვევრის პირას არის ის კედელზე გამოთხრილი, კედელსაც ეტყობა შემონგრეულია და პირდაპირ იყო იმაში ჩასული.
– საიდან შემოვარდა მარანში წყალი?
– დიდი წყალდიდობა რომ იყო, მაშინ ქუჩიდან შემოვარდა. სანიაღვრე არხმა წყალი ვერ დაიტია და გადმოვარდა და სახლში შემოვიდა.
– სახლში საიდან შევარდა?
– უკანა კედლიდან შეჟონა. კედელი სულ ჩამოშლილია.
– იმდენი წყალი შევიდა, რომ ქვევრი ნახევრად გაივსო?
– აბა ეხლა ქვევრში წყალს ჩვენ არ ჩავასხავდით. მაქედან ჩავიდა წყალი, სხვანაირად მანდ წყალი არ ჩასულა იმიტომ, რომ თითქმის 2 წელია მანდ არც ყურძენი ჩაუწურიათ და წყალი რისთვის უნდა ყოფილიყო შიგნით?
– თქვენ იცოდით, რომ 4 ქვევრიდან მხოლოდ 1 –ში იდგა წყალი? ან საერთოდ რომ იდგა?
– მე ეგ საერთოდ არ ვიცოდი, რომ დაიძახეს ბავშვი ქვევრში გდიაო, რატომღაც მეგონა რომ ცოცხალი იქნება მეთქი, ქვევრში რას უნდა მოეკლა, რავიცი.
– ვინ დაიძახა, საიდან გაიგეთ რომ ბავშვი ქვევრში ეგდო?
– მე ვიყავი ქუჩაში, გზის მოპირდაპირედ და დაიძახეს ქვევრშია, ქვევრშიაო.
– ვინ დაიძახა? ვინ? ბევრმა ერთდროულად, მხოლოდ ერთი ხმა გაიგეთ თუ?
– თავიდან თქვეს... მე რომ განცხადება გავაკეთე, რომ თუ ბავშვს არ მომიყვანთ ნახევარ საათში რაც შემომთავაზეს ნაციონალებმა ყველაფერს ვიტყვი მეთქი, სადღაც 5–10 წუთში გაისმა ესეთი ხმა, რომ ქვევრში ნახეთ, ქვევრშიო. ხოდა მაგის მერე ამბობენ. მე ეხლა პირადად არ გამიგია ნამდვილად, იმ კაცის ხმა. გზის მეორე მხრიდან ვიღაცამ დაიძახაო, რომ ქვევრში ნახეთო და ყველა ამ დროს შემოსულა შიგნით.
– თქვენ სად იყავით ამ დროს?
– მე ვიყავი ქუჩაში, რომალიღაცა ჟურნალისტს ვაძლევდი ინტერვიუს.
– თქვენი და სად იყო?
– ჩემი და არ ვიცი სად იყო. მემგონი რომ... აი ჩარჩენილი მაქვს გონებაში, რომ აი აქ იყო და მერე მახსოვს რომ ქუჩაში იჯდა თუ ეგდო.
– თქვენმა დამ ნახა ბავშვი ქვევრში პირველად?
– არ ვიცი. ვინ შევიდა პირველად და ვინ ნახა პირველად, ნამდვილად არ ვიცი. არ მახსოვს მე ვინ შევიდა, ეგ რომ გავიგე მე შიგნითაც არ შემოვსულვარ. ბავშვი,რომ პალიკოს გარეთ მოყავდათ და პატრულის მანქანაში ჩასვეს, აი, ეგ დავინახე. პირველი ვინ ნახა, მე არ ვიცი“.
რას ყვება ბავშვის დედა 1 წლის შემდეგ
მომხდარის გახსენება ვთხოვეთ გარდაცვლილი ბავშვის დედას თათია მექერიშვილსაც.
„ბებომ დაგვიძახა, ამოდით, ვივახშმოთო. ვუთხარი, ბარბარეს დავაძინებ და ამოვალთ მეთქი. სანამ ჩემი მეუღლე გამოიცვლიდა, ბავშვის საჭმელი გავამზადე და როგორც მივეცი შეჭამა და დაიძინა. ავედით სავახშმოდ. სახლში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ბებია, პაპა და ჩემი დისშვილი გიგი. კოლაგში ვიყავით სამი თვე მე, მეუღლე და ბავშვი, ჩემი მეუღლე მუშაობდა და ამის გამო წავედით. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. მაღლა რომ ავედით, კარი გამოვკეტე, გარედან რკინის ჩასაკეტით ჩავკეტე. საჭმელად რომ დავსხედით, პაპამ ძაღლების ყეფა გაიგო, დაფნასთან იყეფებოდნენ გაბმულად. რა იყო ძაღლებო, რა მოგივიდათო, პაპაჩემმა გადახედა ფანჯრიდან. საჭმლის ჭამა ახალი დაწყებული გვქონდა და გამოვედი გარეთ, რომ ამ ხმაზე ბარბარეს ტირილი არ დაეწყო, სიცხიანი იყო. რომ გამოვედი ვერანდაზე, ბარბარეს ტირილი მომესმა. ჩავედი, ბოთლში 50 გრამი მაწონი ჰქონდა დარჩენილი, მივეცი ეს მაწონი. ქარი იყო და ვიფიქრე, ფანჯარასაც მივუკეტავ მეთქი, ფანჯრები მივკეტე. ფარდა გამოვაფარე, გარეთ კარებზე ლურჯი „პრეჟი“ ეკიდა და იმით ჩამოვკიდე, რომ ძაღლები რომ აშვებულები იყვნენ, შიგნით არ შესულიყვნენ. ზევით ავედი ისევ. სავარაუდოდ 20 წუთი გავიდა, ჭამა თითქმის დამთავრებული გვქონდა კიდევ ძაღლების ხმა გავიგეთ, გაბმულად იყეფებოდნენ. ავდექი, ძაღლები იყეფებიან, ბავშვმა ხომ არ გაიღვიძა მეთქი. ვერანდიდან არ ჩანდა იმდენად კარები იყო ღია თუ რა. მარტო ჩავედი და პატარა „პლოშადკა“ რომ არის, იქ როგორც ჩავედი დავინახე, რომ კარები იყო გახსნილი, პრეჟი გაწყვეტილი იყო, ფარდა ჩამოწყვეტილი, ერთი ფანჯარაც გახსნილი იყო. ეს რომ დავინახე, შიგნით არ შევსულვარ, ისე დავუძახე პალიკოს, ბავშვი აღარ არის მეთქი, გარედან დავინახე, რომ ლოგინი დაბლა ეგდო, რაც ბავშვს ეფარა, ამოტრიალებული იყო. ადიალა ძირს ეგდო და პროსტინა და ბალიში სულ არეულ-დარეული იყო. რომ დავინახე კარები ღია იყო დავიწყე ყვირილი, პალე მიშველე მეთქი. არ მიფიქრია, რომ ჯერ ბავშვი მენახა, იქნებ დავარდა. რომ ჩამოვარდნილიყო, კარები რა შუაში იყო? კარი რომ დავინახე ღია, დავშინდი, რა უნდა მეფიქრა? ბავშვი სიცხიანი იყო, ბობღვა არ იცოდა რომ გადმოვარდნილიყო. ან რომ გადმოვარდნილიყო, კარებს ხომ ვერ გახსნიდა? რომ დავინახე არ მომეწონა.
– თქვენი და დალი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო საარჩევნო უბანზე, ამბობდა, რომ მის მიმართ მუქარები განხორციელდა და ამის გამო ბავშვების მიმართ მეტ ყურადღებას იჩენდა. ეს თქვენც იცოდით ხომ?
– კი, დიდი ბიჭი მამიდაჩემთან იყო და პატარა კიდევ ბებოს არ შორდებოდა. ჩემთვის პირადად არ უთქვამს ამის შესახებ, მერეღა გავიგე, ამ ინციდენტის შემდეგ. მანამდე გადამალული რომ ჰყავდა, მე მგონი ვიცოდი, რომ ვიღაც ემუქრებოდა.
– მაშინ ბავშვი რატომ დატოვეთ პირველ სართულზე?
– სიცხიანი იყო, ისედაც უხასიათოდ იყო, მაღლა ხმაური იყო, პაპას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული მაღალ ხმაზე, „ქრონიკას“ უყურებდა, არჩევნებთან დაკავშირებით რაღაც გადაცემები იყო. ისედაც არც ჭამას გვაცდიდა ხოლმე, წამალი ჰქონდა დალეული, ანალგინი დავალევინე, რომ თავი სტკიოდა, კბილები ამოსდიოდა, სიცხიანი იყო, რაღა მაგ დროს მოხდებოდა, სხვა დროსაც ხომ დამიტოვებია, მაგრამ არ მომხდარა ასეთი რამე, შიში არ მქონდა. დალუკამ რომ თქვა მემუქრებიანო, ჩემს შვილზე ვერ ვიფიქრებდი.
რომ ჩამოვედი მაღლიდან, დავიწყე ყვირილი, ჩამოდის პალიკო მაშინვე, ბებო და პაპაც მოყვნენ. შევიდა პალიკო, ლოგინი ნახა, ეს რა არისო. როგორც ნახა, დაეშვა ქვემოთ მხარეს, გარეთ ხომ ვერ გაიყვანდნენ, ლამპიონები იყო და დაინახავდნენ. ბოსტნისკენ დაეშვა, ვინმემ იქ ხომ არ დამალაო, დავშინდით ბავშვი რომ არ იყო. მე ისევ იმ ადგილას ვზივარ, ბებო ჩამოდის, მერე ცუდად გახდა იმ ადგილას და პაპა გარბის ქუჩაში, ხალხო, მიშველეთ ბარბარე აღარ არის, მოგვტაცესო. უკვე წავედით იმისკენ, დალუკას რომ დაემუქრნენ, ასრულდა მუქარა. რაღა უნდა მეფიქრა? ამის შემდეგ პირველი ჩვენთან მოდის მექერიშვილი გიორგი. ეს არის ჩვენ ვისაც ეჭვმიტანილებად ვასახელებდით. ვისგანაც გავიგე საუბარი, ამ საღამოს კოლაგში რაც დატრიალდება ტრასის ქვევითა უბანში, ხალხი ფეხზე დადგებაო.
ქუჩიდან დალიც მორბის. გარეთ რომ ყვირილი იყო დალუკას ეგონა... გიგი ხომ ბებიას ჰყავდა და ან გადაირბინა ან რაღაცაო და ქეთინოს უთქვამს, მე გავიხედავო. ქეთინო რომ გამოვიდა... ესე მახსოვს, ჯერ ქეთინო გამოდის და მერე ქეთინომ რომ დაიგვიანა გამოდის დალუკაც, რომ გიგიმ ხომ არ გადმოირბინაო. დალუკას ეგონა გიგიზე, რომ რამე მოუვიდა, ან წაიყვანეს, ან რაღაცა. რა მოხდა, რა მოხდაო, მე ეზოში ვიყავი ჩაკეცილი და ბარბარე აღარა გვყავს მეთქი.
– ბარბარე აღარა გვყავს რას ნიშნავს?
– აღარ არის მეთქი რა, ბარბარე აღარ არის დალო მეთქი, არვიცი მოგვტაცეს თუ რა უყვეს მეთქი. ეს მექერიშვილი ჩვენსკენ გადმოვიდა იერიშზე, ეგაო, „ქართული ოცნების“ დადგმული სპექტაკლიაო, გაათამაშეთო, რა სცენებს დგამთ, ბავშვი როგორც გაგიყვანიათ, ისე მოიყვანეთო.
– მექერიშვილი როგორ შემოვიდა იქ, რა უნდოდა, ხომ არ გეშლებათ? პაპათქვენის ყვირილის შემდეგ პირველი ეზოში გიორგი მექერიშვილი შემოვიდა?
– კი, მეზობლად არ ცხოვრობს, წასული იყო. არვიცი იმდღეს იქ იყო. არვიცი ჩვენს სახლთან რა უნდოდა. მანქანით იყოო, თქვეს. წიოკი რომ ატყდა, მერე გაქრა. პაპაჩემი რომ გარბოდა, ხალხო მიშველეთო, ამ დროს ჩნდება გიორგი. პაპამ დაინახა, სხვამ დაიანახა თუ არა, არ ვიცი. პაპაჩემს რომ შეეჩეხა, რა მოხდა შალიკო ძიაო, ჰკითხა. რა რა მოხდა, ბავშვი აღარ არის, წაიყვანესო - პაპაჩემმა. აქეთ არეკინებდა ვაჟას თავის იმასთან, რომ იქ გაიყვანეს გავაზშიო და რავიცი. ვითომ დალის და ვაჟას ჰყავდათ გაყვანილი გავაზში, ვაჟას ბიძაშვილთან, ხათუნასთან, რომ ბავშვი გადაემალათ და სპექტაკლი დაედგათ.
პოლიციაში ვინ დარეკა არვიცი. რომ მოხდა ეს ამბავი, პოლიციას დავურეკოთო, დავურეკეთ, ნახევარი საათი გავიდა და პოლიცია არ იყო მოსული, ხალხი იძახდა კიდეც, სად არიან აქამდეო. ვინ დარეკა არ ვიცი, მე არ დამირეკავს. ბავშვის ძებნა გაგრძელდა ნახევარი საათი... ერთი საათი. ნახევარი საათი პოლიციამ დაიგვიანა, მანამდე ხალხი გარეთ ეძებდა აჟიოტაჟი იყო.
– როდესაც ბავშვს ეძებდნენ თქვენ რას აკეთებდით?
– ხალხთან ერთად ვიყავი. მეზობლები ქვევით ეძებდნენ, თუ მართლა დაემუქრნენ იქნებ ან თონეში ჩასვეს, ან სადმე მიაბესო. კაცები ქვევით ეძებდნენ, მერე ამბობდნენ, აბა გაჩუმდით, იქნებ იტიროს ბავშვმაო. მთელი კოლაგი ფეხზე იდგა, აბანოშიც ვეძებდით.
– ხშირად ტიროდა ხოლმე, უცხო ადამიანთან ტიროდა?
– მტირალა ბავშვი არ იყო. უცხო ადამიანი თუ აიყვანდა ხელში, არ იტირებდა, ყველასთან მიჩვეული იყო. უკვირდათ კიდეც მეზობლებს, როგორ გვიცინის ყველას. ავად რომ იყო, არც მაშინ არ იტირებდა.
– მარანში შეხვედით? ვინმე შევიდა მარანში?
– არვიცი, არ დავკვირვებივარ. გარეთ ოთახშიც ეძებდნენ, საბნებშიც ვსინჯავდით და ვინმე შევიდა თუ არა არვიცი. მე მარანში აღმოვჩნდი მას შემდეგ, რაც ხმა გავიგე, ბავშვს გარეთ ნუ ეძებთ, ქვევრში ნახეთო. ბიჭის ხმა იყო, დაფნას რომ დგას, იქიდან მომესმა. ვაჟაც იძახდა მერე, ბიჭის ხმა იყო უფროო და ქუჩიდანაც შემოცვივდა ხალხი. ვინ შევიდა მარანში პირველი არვიცი. მე არ შევსულვარ. მე ხალხს შევყევი. მალევე გამიყვანეს გარეთ, პოლიციაც მოვიდა მემგონი მაგ დროს და კვალი არ წაიშალოს, გაიყვანეთ გარეთო. მარნის კარებთან მომიყვანეს, კუკლა არის, ბავშვი არ არის, დაწყნარდითო. რა კუკლა, მამიდაჩემმა დაინახა უკვე და ამოიყვანა ბავშვი.
– დეტექტორზე როცა შეგამოწმეს, რამდენი თვის ორსული იყავით?
– 7 თვის ორსული ვიყავი.
– ახლა რა ასაკის გყავთ ბავშვი?
– 2 თვის არის უკვე.