ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა
15:46 24.10.2013ქობულეთის შემოვლითი გზა ცენტრალური ავტომაგისტრალის აჭარის შემოვლითი გზის ნაწილს წარმოადგენს. მისი სიგრძე 12 კილომეტრზე მეტია. პროექტის საერთო ღირებულება 115 მილიონ 500 ათასი ლარია. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, 13 წყალგამტარი მილი მოეწყო, 14 სახიდე გადასასვლელი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი აშენდა; სადრენაჟე სისტემები მოეწყო. მთლიანობაში, ყველა ამ სამუშაოს შესასრულებლად 1000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახალი მენეჯმენტის მიერ აღნიშნული პროექტის გადმობარების შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული არაერთი ხარვეზის აღმოფხვრა მოუწია. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენდა გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტები. სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პრობლემის მოგვარება მოხერხდა და სახელმწიფო გასცემს კომპენსაციას იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელსაც გზის მშენებლობის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დათმობა მოუწია.
აღნიშნული გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისათვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისათვის. ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნით განიტვირთება დაბა ქობულეთის საავტომობილო გზა, რაც ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა პირობებს გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, ასევე, სატრანზიტო მიმოსვლა გაიოლდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი 5 მილიონზე მეტმა ფიზიკურმა პირმა, სატვირთო და მსუბუქმა მანქანამ, მოტოციკლმა და ავტობუსმა გადაკვეთა.
ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჩინეთის ელჩი, თურქეთის ვიცე-კონსული, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
გარდა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისა, 2013 წელს აქტიურად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობის პროცესიც მიმდინარეობს.
• მუშაობა ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტზე მიმდინარეობს, რომელიც 19-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. აღნიშნული მონაკვეთის დასრულება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთის მშენებლობით აჭარის შემოვლითი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება.
• ზესტაფონი-სამტრედიის 58 კმ-იანი მონაკვეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა 2014-2015 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. აქედან, წელს ქუთაისის შემოვლითი 17,3 კმ-იანი ახალი მიმართულების გზისა და ნაწილობრივ, ქუთაისი-სამტრედიის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. სამუშაოები ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15,1 კმ-იან მონაკვეთზე დაიწყო.
• რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე 2013-2014 წლებში ეტაპობრივად გადაერთვება. წელს ამ გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
• აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი სამშენებლო მონაკვეთის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
• წლის ბოლომდე სამტრედია-ლანჩხუთის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სატენდერო პროცედურები დასრულდება.
• ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სწრაფ ტემპებში გაგრძელება მომდევნო წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
ბოდიში
This post has been edited by 7-november on 25 Oct 2013, 22:20