კოლუმბიელი
ქართველი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 154047
რეგისტრ.: 15-September 12
|
#38890633 · 28 Nov 2013, 16:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
datu
ოთხმოციანი წლების დასაწყისში სვანეთი შეძრა ექომ - სკალდეს ფასდაუდებელი ხატები მოიპარესო. მერე ეს ხმა მთელ საქართველოს მისწვდა და სამართალდამცველების პროფესიონალური ღირსების საქმედ იქცა ამ უნიკალური სიძველეების მონახვა. მართალია, მილიციის აქტიურობის შემდეგ ქურდი იძულებული გახდა, ხატები დაებრუნებინა, რის შესახებაც "კვირის პალიტრა" წერდა გასული წლის #48-ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით - "როგორ დაბრუნდა სკალდეს ხატები", მაგრამ მანამდე არაერთგზის გამიცრუვდა იმედი გამოძიებაში დაშვებული შეცდომების გამო.
ვფიქრობ, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მკითხველისათვის უინტერესო არ უნდა იყოს, რა პირობებში ხდებოდა დასახულ მიზანთან მიახლოება.
ლენტეხის რაიონის მილიციის უფროსად 1985 წლის ზაფხულში დამნიშნეს. ხატების საქმე ამ დროისათვის გახსნილი იყო, ქურდები დაკავებული და გასამართლებული. თუმცა უმთავრესის, თვითონ ხატებისათვის ვერ მიეკვლია ძიებას, მაგრამ რაკი საქმე დახურული იყო, არც ამას ითხოვდა ვინმე. იმის მიუხედავად, რომ პირადად მე აღნიშნულთან დაკავშირებით არც იურიდიულად და არც მორალურად პასუხს ვერავინ მომთხოვდა, ეს გარემოება გამოძიების ისეთ ხარვეზად ჩავთვალე, რომ საქმის შესწავლა დავიწყე. - როგორ? ქურდები დააკავეთ, ქურდობის აღიარება მიიღეთ. გაასამართლეთ, მიუსაჯეთ და ნივთების კვალს ვერ მიაკვლიეთ. ასე არ ხდება-მეთქი და გამოძიება განვაახლეთ. ამ საქმესთან დაკავშირებით გასამართლებულ ოთხ ახალგაზრდას შორის სამი საჩხერელი იყო. იმედი მქონდა, ჩემი საჩხერული წარმომავლობა დამეხმარებოდა მათთან ურთიერთობაში და ხატების ადგილსამყოფელს გამიმხელდნენ. საკმაო დრო იყო გასული. გასამართლებულთაგან ერთს უკვე მოეხადა სასჯელი, სამი მათგანი კი ისევ ავჭალის კოლონიაში დამიხვდა. პირველივე გასაუბრებაზე შევატყვე, რომ მათთვის მილიციის უფროსი ვიყავი, რომელსაც მათი წარმოდგენით მხოლოდ დედის გინება და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება შეუძლია. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ შემომთავაზეს: თუ ლენტეხში გადაგვიყვან, ყველაფერს გულახდილად გეტყვითო. იმედმოცემულმა იმით, რომ ბოლოს და ბოლოს, ხატების ასავალ-დასავალს მივაკვლევდი, რესპუბლიკის პროკურატურას მივაკითხე. ნებართვა და დადგენილება მჭირდებოდა კოლონიიდან პატიმრის მილიციის განყოფილებაში ეტაპირების შესახებ, რაც იმ დროს თითქმის მიუღწეველი რამ იყო, მაგრამ თვით პროკურატურაშიც იმდენად დიდი იყო ინტერესი ამ განძთან დაკავშირებით, რომ შედარებით იოლად მივაღწიე პატიმრების რაიონში გადაყვანას. იქ, მილიციაში, მათ ყველა იცნობდა, რადგან სულ რაღაც ორი, ორ-ნახევარი წლის წინ მიდიოდა გამოძიება და ეს ხალხიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. სასჯელმისჯილები დანაპირების შესრულებას აჭიანურებდნენ. ვიფიქრე, ალბათ აქაური თანამშრომლებისა ერიდებათ, თავის დროზე რომ დამალეს ხატების ადგილსამყოფელი და ახლა, ასე უცებ რომ გამიმხილონ, მათი აზრით, ცუდკაცობაში ჩაეთვლებათ-მეთქი და რამდენიმე დღე ვაცალე. თუმცა მაინც ვატყობდი, რაღაც ისე ვერ იყო. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გამიმხილეს: ხატები ვინმე მაზიაშვილს (გვარი შეცვლილია) გადავეცით, რომელსაც თითქოს უნდა გაეყიდა ისინი, მაგრამ მეტი არაფერი ვიცით, - იმ დროისთვის უკვე დაგვაპატიმრეს და იმ კაცთან კავშირი შეწყდაო. მაზიაშვილს ავჭალის კოლონიაში მივაკვლიე. ჯერ კი იტკიცა, რა სისულელეაო, მაგრამ მერე დაფიქრდა, არ ღირს ამის გამო კიდევ ერთ ცეცხლში გამოვლაო და ხელი ბათუმისაკენ გაიშვირა, - მახინჯაურის ავტოგასამართ სადგურზე დურსუნა ქავჟარაძეს ჩავუდე ავტომანქანაში არსენა ჩხიაძესთან მისატანადო. არსენა ჩხაიძე "რამკიანი" ქურდი გახლდათ და წლების მანძილზე პირველი ნომერი ავტორიტეტი იყო აჭარასა და გურიაში, ვიდრე ესე მდინარაძემ არ დაიკავა მისი ადგილი, თუმცა მცირე ხნით, რადგან ესეს დაღუპვის შემდეგ არსენამ კვლავ აღიდგინა დაკარგული ავტორიტეტი.
შეხვედრა საგიჟეთში
დურსუნა მეორე დღესვე დავაკავეთ. არსენა იმ დღეს ბათუმში არ აღმოჩნდა, მაგრამ როგორც კი დურსუნას დაკავება შეიტყო, პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს მიაშურა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ჩემი ძველი მეგობარი აბელ მამარდაშვილი მხრებს იჩეჩს და გულახდილად მეუბნება - რა გიყო, ვაჟა, არც მე მინდა დავიჯერო, რომ გიჟია, მაგრამ ისე ოსტატურად თამაშობს ამ როლს, რომ სხვა გზა არა მაქვს - მოსკოვში, სერბსკის სახელობის ინსტიტუტს უნდა მივმართო საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.
- პირადად მინდა შევხვდე, რა თქმა უნდა, თუ ნებას მომცემ... - ვთხოვე აბელს.
- კი ბატონო, მაგრამ ფრთხილად იყავი. ხომ იცი, ვისთან გაქვს საქმე?! - მითხრა აბელმა და სანიტარს დაუძახა.
ოთახის სიღრმეში, გისოსებიანი ფანჯრის ახლოს, არსენა იჯდა. ზორბას, მხრებგანიერსა და ქორისთვალებას თითქმის გადაბმული წარბები კიდევ უფრო მრისხანე იერს აძლევდა. მარტო არ იყო. აქეთ-იქით, საწოლებზე, რამდენიმე წარმოსადეგი ახალგაზრდა ჩამომჯდარიყო, - ეჭვი არ იყო, "იმ" სამყაროს წარმომადგენლები. ჩემი შესვლისთანავე საუბარი შეწყვიტეს და ჩემკენ შემობრუნდნენ.
- არსენ, მე და შენ ხატებთან დაკავშირებით უნდა ვილაპარაკოთ. აი, აქვე, შენს მეგობრებთან ერთად. კაცურ სიტყვას გაძლევ, თუ იმ ხატებს მომაძებნინებ, პირადად დავდგები შენს თავდებად ნებისმიერ ინსტანციაში და ეჭვიც არ მეპარება, დამთანხმდებიან. თუნდაც იმიტომ, რომ ეგ ხატები ამად ღირს.
არსენამ ცოტა ხანს მიყურა, მერე ზამბარასავით მოსწყდა ადგილიდან და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. არც გავნძრეულვარ. ჩანაფიქრს წამსვე მივუხვდი და როცა ნახა, რომ ვერ "ამიყვანა", უეცრად განზე გაუხვია. მშვიდად გავუმეორე კითხვა:
- რა ვქნათ, არსენ? ცოდოა მაგ ხატების ფულზე გაყიდვა. ქართველებს არ გვეკადრება, ხომ იცი? - ამასობაში არსენა ჩემ გვერდით სკამზე ჩამოჯდა. ისეთი მრისხანე თვალებით მიყურებდა, ერთი წამით ვირწმუნე, ეს მართლა გიჟია-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით.Y მიუხედავად იმისა, რომ თუ არ მეშლება, მოგვიანებით სერბსკის ინსტიტუტმაც დაადასტურა, არსენა ნამდვილად გიჟიაო, ასე არასოდეს მიფიქრია. ასეთი აზრი მისი შეურაცხყოფა იქნებოდა, რადგან არსენა თავისი წარსულის მიუხედავად, ჭკვიანი კაცი იყო. ყოველ შემთხვევაში, "იმ" სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული.
- რა ხატები, რომელი ხატები. მე არანაირი ხატები არ ვიცი? სადაც გინდა, იქ ეძებე ეგ შენი ხატები, მე შემეშვი... - გამოსცრა და თავისიანებს გახედა.
- კი ბატონო, მე შეგეშვებოდი, მაგრამ ეს საქმე არ გვეშვება. მე და შენ უნდა გავცეთ ამ კითხვას პასუხი, დღეს თუ არა ხვალ... - და იმაში დარწმუნებულმა, რომ არსენა გიჟის თამაშს არ მოიშლიდა, პალატა დავტოვე იმ იმედით, დურსუნას დავაცდენინებ-მეთქი რამეს, მაგრამ დურსუნამაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - წარმოდგენა არა მაქვს რას ითხოვთ ჩემგან. არც ხატი მოუცია ვინმეს და არც არსენასთან მიმიტანია რამეო, - თავს იკლავდა. არადა, მაზიაშვილმა მეორე შეხვედრისასაც დაადასტურა, ხატები დურსუნას ჩავაბარეო. ძიება ჩიხში მოექცა და ვხედავ, ჩემმა ხელქვეითებმა თანაგრძნობით დამიწყეს ყურება - ასე იოლი რომ ყოფილიყო, ხატებს ჩვენც მივაგნებდითო, - იკითხებოდა მათ თვალებში.
ამბავი ხატების "ქურდობისა"
ისევ საჩხერელებს მივუბრუნდი. ჩვენს საუბარს იმ საქმის გამომძიებელი ზურა ბენდელიანიც დავასწარი. ვინ იცის, მერამდენედ ვისმენდი ამ ისტორიას. ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც ახალი მეპოვა მასში, მაგრამ ამაოდ. ახლაც ამ იმედით თავიდან ბოლომდე მივყევით ყველა წვრილმანს. სვანური წარმოშობის აბაშელმა ონიანმა სამი საჩხერელი მიიპატიჟა ბებია-ბაბუასთან ლენტეხის მიმდებარე ლასკადურას ხეობაში. ბიჭებმა ორი დღე იქეიფეს და შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, როცა ერთ-ერთს აზრად მოუვიდა ხეობის წვერზე მდებარე სკალდეს ეკლესიიდან საქვეყნოდ ცნობილი ხატების გატაცება. ასეც მოიქცნენ. ერთ ღამეს, როცა მასპინძლებს ეძინათ, ქურდულად შეუყვნენ მთის ბილიკებს და ხატები მოიპარეს. გამთენიისას კი ისევ ლენტეხში, ხიდქვეშ დამალეს ნაქურდალი და მოგვიანებით გადაიტანეს აბაშაში, სადაც ვინმე მაზიაშვილს გადასცეს გასაღების მიზნით, მაგრამ...
- კი მაგრამ, თქვენ ერთ-ერთი დაკითხვის დროს თქვით, რომ ხატები საჩხერეში, სოფელ ჯრიაში, თქვენს სახლებში ჩაიტანეთ და იქ გადამალეთ, შემდეგ კი თითქოს გადაადნეთ და ისე გაყიდეთ. ბოლოს და ბოლოს, როდის ამბობთ სიმართლეს. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ თუ აქ გადმოგიყვანდით, ყველაფერს გულახდილად მეტყოდით, - ცოტა ავუწიე ხმას. დარცხვენილმა ბიჭებმა ჯერ მე შემომხედეს, შემდეგ გამომძიებელს და ერთ-ერთმა მათგანმა ძლივს ამოილუღლუღა:
- ჩვენგან ხატებს ითხოვდნენ და საიდან მოგვეტანა, იძულებული ვიყავით, გვეცრუა, რომ დრო გაგვეყვანა, - იმავე წამს მეორემ ისე შეხედა, რომ ბიჭი დადუმდა. ეს არ გამომპარვია, - გცემდნენ? - ვეკითხები ორივეს.
- არა, არ გვცემდნენ, - მპასუხობს მეორე. პირველი კი გამომძიებლისკენ აპარებს მზერას. არადა, მართლაც პატიოსანი ბიჭია ზურაბი - ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა ადამიანის ცემისა.
- ასე იყო, აკაკიევიჩ, გაგვაწამეს, მარტო საჩხერეში კი არა, სად არ გვატარეს, - ხან აქ დავმალეთ ხატები, ხან იქო. მერე თავიანთ სახლებში წაგვიყვანეს და სანახევროდ რომ გადაგვათხრევინეს ეზოები, გვითხრეს, არა, მიწაში კი არ დაგვიფლავს, გადავადნეთო და დიდი ძებნის შემდეგ ჭურჭელიც გვაჩვენეს, რომელშიც, ხატები გადაადნეს. ხომ იცი, საქმეს აქვს დართული, - საუბარში ჩაერია გამომძიებელი.
დრო გადიოდა, ნერვები თანდათან იძაბებოდა და არა მარტო ჩვენი, მთელი რაიონი ელოდა შედეგს. ყველას უხაროდა, რომ ხატების ძებნა განახლდა და აგერ, არაფერი გამოგვდის.
იმ დილით, რაიკომის პირველმა მდივანმა ალეკო ტოტოჩავამ ისიც მითხრა, - ფრთხილად იყავი, მგონი რამდენიმე კაცი მილიციაზე თავდასხმას და დურსუნას გატაცებას აპირებს. თუ ეს მოახერხეს, იცოდე, უეჭველად მოკლავენო. მერე სხვებმაც რომ იგივე გამიმეორეს, საბოლოოდ დავრწმუნდი: ან სასწრაფოდ უნდა გამეხსნა ეს აბურდული კვანძი, ანდა დურსუნა ხვალვე უნდა მომეშორებინა აქაურობისთვის. თუმცა... პირველად დავიჭირე თავი იმაში, რომ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრი გამიჩნდა, - არადა, ეს ხატები ერის საკუთრებაა და მის გადასარჩენად ეს იდეაც მისაღებია, შევუძახე თავს და სასწრაფოდ შევკრიბე რამდენიმე სანდო თანამშრომელი.
წმინდა გიორგის სახელით!
იმავე ღამეს, მილიციის სამორიგეოს "თავს დაესხა" რამდენიმე შეიარაღებული კაცი და დურსუნა გაიტაცეს. მიმიხვდით, ალბათ - ეს ნასესხები იდეა გახლდათ, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო ამ მეთოდს გაემართლებინა. ბუნებრივია, ასეთი რამ აკრძალული იყო და ამისთვის მაშინ მკაცრადაც დამსჯიდნენ, მაგრამ ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, თუნდაც ხანდაზმულობის იმედით ვბედავ ვაღიარო და მოვინანიო დანაშაული, რომელიც ერისა და ქვეყნის სიყვარულმა ჩამადენინა.
"მომხდურებმა" შესანიშნავად გაითამაშეს წინასწარ დადგმული სცენა. გადაცმულმა თანამშრომლებმა რიცხობრივი უპირატესობით "დაჯაბნეს" ღამის მორიგეები - სათითაოდ დაბორკეს ისინი, პატიმარი საკნიდან გამოიყვანეს და ჯერ მანქანით, შემდეგ კი ფეხით შეუყენეს მთის ბილიკს. ალიონს ცოტა აკლდა, ამნაირ გზებზე ხეტიალს მიუჩვეველი დურსუნა სკალდეს ეკლესიის წინ რომ დააჩოქეს და სვანურად დაუწყეს განაჩენის კითხვა. თავს ვერ დავდებ, გამართული იყო-მეთქი განაჩენის სტილი და წყობა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?! ჩემი არ იყოს, დურსუნას ერთი სიტყვა სვანური არ ესმოდა. თუმცა უამისოდაც იქმნებოდა საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაცია იმისა, რომ ცოცხალი კაცი უნდა შეეწირათ სალოცავისთვის. ერთადერთი, რაც ამ მონოლოგიდან გაიგო დურსუნამ, ის იყო, რომ ხშირად ახსენებდნენ სიტყვას ჯგრაგ, - რაც სვანურად წმინდა გიორგის ნიშნავს. ეს წინა დღეს ჩემგან შეიტყო, როცა ვუთხარი, ადგილობრივი მოსახლეობა შენს გატაცებას და წმინდა გიორგის სახელით სალოცავზე შეწირვას აპირებს-მეთქი. ასე რომ, დურსუნა უსიტყვოდაც ყველაფერს ხვდებოდა, გარდა მთავარისა. დარწმუნებული ვარ, არ იცოდა, რომ ეს სპექტაკლი იყო. თუმცა რომელიღაც "მსხვერპლშემწირველმა" მაინც შეცვალა სცენარი, როცა ნახა "შესაწირავი" დანაშაულის მონანიებას არ ჩქარობდა და მხოლოდ იმას გაიძახოდა, ამ საქმისა არაფერი ვიციო. ორი კაცი დაიხმარა და რამდენიმე წუთში ორმეტრიანი ორმო ამოთხარა, მერე დურსუნა შიგ გადაუძახა და ზემოდან მიწის მიყრას შეუდგნენ. იშვიათად მეგულება ამქვეყნად ვინმე, ასეთ გამოცდას რომ გაუძლოს. ვიდრე პირი არ დაეხშო, სვანების მოთხოვნაზე - ქელაქარ (თქვი), დურსუნა იმავეს გაიძახოდა - არ ვიცი ამ ამბისა არაფერი და რა უნდა გითხრათო. რა უნდა ექნათ, სასწრაფოდ ამოთხარეს მიწიდან და მადლობა ღმერთს, ცოცხალი ჩამოიყვანეს ლენტეხში. როცა ეს ამბავი მიამბეს, ჩემს მოადგილეს ბულათ ქურასბედიანს გადავხედე და ყველას გასაგონად განვაცხადე, - მაზიაშვილმა ტყუილად დაადო ხელი დურსუნა ქავჟარაძეს და არსენა ჩხაიძეს, მათზე ვიღაც შურს იძიებს და ტყუილად შემოგვიგდეს. ახლა თვითონ მაზიაშვილია საინტერესო, ეს კაცი ბოლომდე უნდა გავიცნოთ-მეთქი.
თუმცა მეორე დღეს გამოირკვა, რომ არც მაზიაშვილი იყო გარეული ამ საქმეში.
აღსარება
ამჯერად, საჩხერელებთან მარტო ვარჩიე საუბარი. რაღაც ზედმეტად დარცხვენილები ჩანდნენ. დურსუნას ამბავიც იცოდნენ და როცა ამჯერადაც ვუსაყვედურე, თქვენ სიტყვა მომეცით, რომ ყველაფერს მეტყოდით-მეთქი, ერთმა მათგანმა, მგონი გვარად მაკასარაშვილმა გაბედა და დაიწყო.
- ყველაზე მეტად ამის თქმის მეშინოდა, უფროსო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გამო დურსუნას გადახდა, სხვა გზა არა გვაქვს, სიმართლე უნდა გითხრათ. მერე კი თქვენი ნებაა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
- კი მაგრამ, რად უნდოდა ამას ორი კვირით გაწელვა, იმ დღესვე გეთქვათ, როგორც შეთანხმებული ვიყავით, - ვუსაყვედურე ორივეს და სასიამოვნო ინფორმაციის მოლოდინში სავარძელში მოვკალათდი.
- დურსუნა არაფერ შუაშია, უფროსო, - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა მაკასარაშვილმა.
- ეგ მეც კარგად ვიცი, მაგრამ შენ საიმისოდ რა საბუთი გაქვს, მაზიაშვილი რომაა შუაში.
- არც მაზიაშვილია დამნაშავე.
- ერიჰაა! ესე იგი, ხატები ისევ თქვენთან ინახება? - ვკითხე, თუმცა ასე სულაც არ ვფიქრობდი.
- არა, არც ხატები გვაქვს და ჩვენც არაფერ შუაში ვართ. ტყუილად აგვკიდეს ეს დანაშაული, - მეუბნება და თან ცრემლებს ვერ იკავებს. და თუმცა ეს დიალოგი იმ შენობაში ხდება, სადაც გულჩვილობა წესით Yსიბრიყვეს უნდა ნიშნავდეს, ამწუთას მართლა მეცოდებიან ეს ბიჭები.
- ბევრი არ უცემიათ, ან კი ცემა რაღაში გვჭირდებოდა. აქ მოყვანიდან მესამე დღესვე ჯერ ტანზე დაგვესივნენ ტილები, შემდეგ თავში და როცა წარბებშიც ჩასახლდნენ, იქით ვიხვეწებოდით, ოღონდ ეს ტილები მოგვაშორეთ და რაც გინდათ, იმას ვიტყვით-თქო.
ამათაც საკნებიდან გაგვიყვანეს. წინ მეგზურები გაგვიძღოლეს და სკალდეს სალოცავზე აგვიყვანეს. თან გზადაგზა ოქმებს ადგენდნენ, - თითქოს ეს ბილიკები ჩვენ თვითონ ვიცოდით და ხატებთანაც ღამის სიბნელეში ავაღწიეთ. მეორედაც გაგვატარეს იგივე გზა, თანაც ორჯერ დღისით, მაგრამ აქვე რომ დამკლათ, ნამდვილად ვერ გავაგნებ სალოცავამდე. რაკი ქურდობაზე ყაბულს ვიყავით, თვითონაც დაიჯერეს, რომ მართლა ჩვენ გვქონდა ხატები და დააბრუნეთო - გვაძალებდნენ. ჩვენც, რაც ენაზე მოგვადგებოდა, იმას ვროშავდით. ბოლოს კოლონიაში მოვილაპარაკეთ, თუ კიდევ ვინმე დაგვიწყებს ხატებზე საუბარს, იმ გათახსირებულ კაცს, მაზიაშვილს დავაბრალოთ. ამით ორ საქმეს გავაკეთებთ, - ჩვენ თავს დაგვანებებენ, მაზიაშვილს კი, რომელმაც თავის დროზე ერთ საქმეში გადაგვაგდო, სამაგიეროს გადავუხდით-თქო. მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მან ისევ სხვაზე შეიწმინდა ხელი და მზად ვართ, ამისათვის პასუხი ვაგოთ, ოღონდ დღეიდან ხატებზე ნუღარაფერს გვკითხავთ... - მითხრა მაკასარაშვილმა და ცრემლები ახლა უკვე ღვარად წასკდა თვალებიდან.
პ.ს. ერთი სიტყვით, ბიჭებმა შეასრულეს დანაპირები, სიმართლეს ლენტეხში გეტყვითო. ასეთი იყო სიმართლე. სწორედ ეს იყო საჭირო იმისათვის, რომ ძიებას ამ მცდარი გზიდან გადაეხვია და ხატები დაგვებრუნებინა, რაც მოვახერხეთ კიდეც. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, ამის შესახებ "კვირის პალიტრაში" უკვე ვწერდით რამდენიმე თვის წინ.[B][/B]
This post has been edited by კოლუმბიელი on 28 Nov 2013, 16:35
|