ეს რეპორტაჟი ჟურნალ "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა წლეულს. უფრო სწორად, პირველი ნაწილი. გაგრძელებებით ქვეყნდება და ჯერ არ დასრულებულა.
მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები
თურქეთელი ქართველები: "ჩვენ ჩვენი გურჯული ენა დევინარჩუნეთ"...
თურქეთში მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების თემას დიდხანს ტაბუ ედო საქართველოში. მით უფრო, საბჭოთა პერიოდში, როცა თურქეთთან საზღვარი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო. 1829 წლიდან მოყოლებული, რუსეთისა და ოსმალეთის "მონდომებით", სამცხე-ჯავახეთსა და აჭარიდან დაიწყო ქართველ მუსლიმთა გადასახლება ოსმალეთში. თურქი ემისრები დაძრწოდნენ სოფელ-სოფელ და აშინებდნენ მუსლიმ ქართველთ, რუსები ოჯახებს აგიწიოკებენ, ცოლ-შვილს შეგიგინებენ, ძალად გაგაქრისტიანებენ, ოსმალეთში კი მხარში დაგიდგებით და საუკეთესო პირობებს შეგიქმნითო. ოსმალებს თავიანთი დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისება სურდათ გამრჯე, მეომარი და ლამაზი ხალხით, ხოლო რუსეთს, რომლისთვისაც საქართველოს სამხრეთი ნაწილი იმპერიის საზღვარი იყო, მიზანმიმართულად ეწადა ქართველთაგან დაცლილ მიწა-წყალზე უპირატესად რუსების ან არაქართველთა (სომხების, ბერძნების) დასახლება.
აჭარიდან მუჰაჯირთა ძირითადი ტალღა 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გაედინა. ქართველ მაჰმადიანთა ოჯახები დედაბუდიანად იყრებოდნენ, ცარიელდებოდა ხვავით სავსე სოფლები, ტოვებდნენ სახლებს, სარჩო-საბადებელს, წინაპართა საფლავებს... მიდიოდნენ, ვისაც რით შეეძლო: ურმებით, ნავებით, მოძველებული გემებით... ყველამ როდი ჩააღწია ახალ სამკვიდროს. პროცესი არ შეწყვეტილა (თუმცა მინელდა კი) XX საუკუნის 20-იან წლებამდე.
ეს მოვლენა ბევრად უფრო მასშტაბური და მძიმე იქნებოდა, რომ არა ქართველ მამულიშვილთა ერთი ნაწილის (ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, გიორგი გურიელი, გიორგი ყაზბეგი) თავდადება, რომელთა ხელშეწყობითაც არათუ შემცირდა საქართველოდან მუსლიმი ქართველების სამკვიდროდან აყრა, არამედ წინა წლებში გადასახლებულთა ერთი ნაწილი ქვეყანას უკან დაუბრუნდა.
მუჰაჯირებად გადაიხვეწნენ არა მხოლოდ აჭარიდან, არამედ რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ შემოერთებული ართვინის ოლქიდან - მურღულისა და ბორჩხა-მარადიდის ხეობებიდან. სამწუხაროდ, ეს ხეობები მალე ისევ თურქეთის მფლობელობაში მოექცა და XVI საუკუნიდან ოსმალების მიერ ქართველთათვის წართმეულ მიწა-წყალს (ისტორიულ ტაო-კლარჯეთს) მიემატა.
ქართველი მუჰაჯირების განსასახლებლად ორი დიდი არეალი გამოიყო მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა) - სამხრეთ შავი ზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის სანაპიროები, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიები.
გადასახლებულნი ისეთ ადგილებში ცდილობდნენ დამკვიდრებას, რომლებიც მათ მშობლიურ სოფლებს ჰგავდნენ მთა-ბარით, ტყეებით, მინდვრებით, ღელე-ნაკადულებით, ფლორითა და ფაუნით... მეტიც, სოფლებს, დასახლებულ პუნქტებს, სახნავ-სათესებს, მდინარეებს ქართულ სახელებს არქმევდნენ. მარმარილოს ზღვის სანაპიროზე საქარიის ვილაიეთში დღეს მთავარ მდინარეს, საქარიაჩაის ადგილობრივი მოსახლეობა ჭოროხს ეძახის. მართალია, თურქეთის მთავრობამ ქართული სახელები გადაარქვა მთავარ დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ მიკროტოპონიმებს ვერაფერი მოუხერხა. დღესაც გაიგონებთ ადგილობრივთაგან: შავღელე, ქვიანღელე, კორდები, წითელმიწა, ცივწყალი, კალოები, ბალიანიყანა, თომასღელე, ღელე-ბოსტანი...
ქართული ხელოვნების სახლები
სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის მიზანი თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის შესწავლაა, სტამბოლის აზიური ნაწილიდან დავიწყეთ. აეროპორტი პირველი თურქი მფრინავი ქალის, საბირჰან გიოგჩელის სახელობისაა. ჩვენი მასპინძელი გიორგი ირემაძეა (შემსედინ იემი), სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელი, მაჭახლისხეობელი ჩვენებური კაცი. მის სოფელს უმშვენიერესი სახელი ირემეთი ჰქვია... ხელოვნების სახლს იბერია მელაშვილი, სახელგანთქმული აჰმედ ოსგან მელაშვილის ვაჟი ხელმძღვანელობს. მკითხველს ალბათ იმის შეხსენება არ დასჭირდება, რომ სწორედ აჰმედ მელაშვილმა გამოაღვიძა თურქეთელ ქართველებში ეროვნული სიამაყე და ქართული სული, აჰმედ მელაშვილს თურქეთელ ილია ჭავჭავაძესაც უწოდებენ და სწორედ დიდ ილიას მსგავსად დაასრულა სიცოცხლე (იმ განსხვავებით, რომ ილია თავისმა თანამემამულეებმა გასწირეს, აჰმედ მელაშვილი კი - თურქმა ნაციონალისტებმა). ხელოვნების სახლში, რომ იტყვიან, ქართული სული ტრიალებს. აქ იკრიბებიან საქართველოთი, საკუთარი ფესვებით, წარმომავლობით, ენით, ანბანით, კულტურით დაინტერესებულნი. აქ მისულები ერთგან თუ ქართული წერა-კითხვის შემსწავლელ სხვადასხვა ასაკის ადამიანს შევხვდით, მეორეგან ქართული სიმღერის გაკვეთილს შევესწარით, მოზრდილ დარბაზში ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მოცეკვავეებსაც შევხვდით... აჰმედ მელაშვილის ანსამბლს, რომელსაც "კავდაღი" ("კავკასიონი") ჰქვია, თბილისშიც იცნობენ. ანსამბლის წევრთა უმეტესობა თურქეთელი ქართველია. ყველა მათგანი მღერის და უკრავს ქართულ ტრადიციულ საკრავებზე (ფანდური, სალამური, ჩონგური, დოლი, გარმონი, ჭიბონი...). განსაკუთრებით პოპულარულია მათი შესრულებით აჭარული "ჯირველო ნანაი და" აჭარულ ცეკვასთან ერთად. ამ კომპლექსური სიმღერა-ცეკვის გარეშე აქაური ლხინი და ქორწილი ხომ წარმოუდგენელია...
სტამბოლში, ამ თითქმის 14-მილიონიან ქალაქში ასეთი რამდენიმე საზოგადოებაა, რომელთაც საკუთარი ხარჯებით აფინანსებენ აქაური გურჯები. ათეულობით ქართული ხელოვნებისა და კულტურის სახლი მოქმედებს საუკუნე-
ნახევრის წინ საქართველოდან გახიზნულ ქართველთა შთამომავლებით განსახლებულ ვილაიეთებსა და ილჩეებში (რაიონებში). ეს ერთგვარი ხიდია თურქეთელ ქართველებსა და საქართველოს შორის. ბევრი ჩვენებური აქ ეცნობა ერთმანეთის შემოქმედებას, ლაპარაკობენ, კითხულობენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ ქართულად. ქსოვენ ქართულ ორნამენტებით, ერთმანეთს უზიარებენ ეროვნული კერძების რეცეპტებს.
ერთი დეტალიც: თუ თურქეთელმა ქართველებმა მშობლიური ენა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, ამას ვერ ვიტყვით წერა-კითხვაზე, ქართულ ანბანზე. ალბათ ამიტომაც ჭარბობს ქართული კულტურისა და ხელოვნების სახლებში მოყავისფრო დაფები კედლებზე, მომცრო, ფლომასტერით საწერი დაფები მაგიდებზე და ამ დაფებზე გულმოდგინედ გამოყვანილი "აი ია" და "საქართველო"...
(შემდეგ ფოსტში დავასრულებ)
სურათზე: ქართული ხელოვების სახლი სტამბოლში.
This post has been edited by Geronti on 7 Nov 2013, 14:48
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)