თუ მოკვლა იყო - ადრე უნდა მოეკლათ, პროჭანტურისტების 2 სექტემბრის პროვოკაციამდე.
94-ში მისი მკვლელობა ქვეყნისთვის უკვე ზარალი იყო.
ისე აუხდა ჭანტურიას გამსახურდიას სიტყვები.
ქაშუათთეან მდგომს რომ მიმართა მთავრობსი სასახლის წინ ტრიბუნიდან:
მე რას მიშვებიან და შენ ხომ მანდვე დაგმარხავენო.
http://experti.ge/chanturia.htmგია ჭანტურიას გახსენება
1994 წლის 3 დეკემბერს, ე.წ. „მხედრიონის“ და ყოფილი ე.წ. „გვარდიის“ ნაერთმა ბანდამ, უშიშროების მინისტრის იმდროინდელი მოადგილის, თემურ ხაჩიშვილის უშუალო ორგანიზებით, ავტომანქანაში ჩაცხრილა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, გია ჭანტურია. სრულიად შემთხვევით გადარჩა მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი.
ირინამ მომდევნო წლებში პარტიის თავმჯდომარეობა მოინდომა, რიგით წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერაც მოიპოვა (როგორც მიშამ, ამას წინათ, თავის პარტიაში), მაგრამ მის თავმჯდომარეობას „ედპ“-ს ელიტა არ დაეთანხმა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (იმდროისათვის ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური პარტია საქართველოში), ფაქტიურად გაიხლიჩა ორად, შემდეგ სულაც დაიშალა..... მოგვიანებით კი საერთოდ გაქრა აქტუალური და სერიოზული პოლიტიკიდან.
მაშასადამე, 3 დეკემბრის მკვლელობით არა მხოლოდ გია ჭანტურია გაანადგურეს, არამედ მისი პარტიაც. მკვლელთა მოტივი დღემდე ბურუსითაა მოცული. სულაც არ არის გამორიცხული, მოტივი პოლიტიკური ყოფილიყო - გარეშე ან შიდა ძალთა შეკვეთით. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რაიმე პირადი, ანგარებითი, ფინანსური თუ სხვა ინტერესთა კონფლიქტი თუ „გარჩევა“ გამხდარიყო მიზეზი.
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ საკითხისთვის, რასაც განვიხილავთ. ასევე სრულებით უსაგნოა (ძალზე ხშირი) მსჯელობა იმაზე, „როგორი ადამიანი“ იყო გია ჭანტურია, რამდენად ზნეობრივი იყო.....მაგალითად „თითი რომ მიუტანა შუბლთან ზურაბ ჭავჭავაძეს“.....ან 1991 წლის შემოდგომიდან რამდენად ზნეობრივად მოიქცა, როცა მხარი დაუჭირა იმავე ბანდებს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაში......ზოგადად, ისტორიული ფიგურის შეფასება „ზნეობრივი კრიტერიუმებით“ - ისტორიასთან და პოლიტიკასთან მიმართებაში იგივეა, მათემატიკოსი ან ფიზიკოსი შეაფასო ამ მეცნიერებებთან მიმართებაში მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლიტიკოსი და ისტორიული ფიგურა „დანატოვარით“ ფასდება. მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, „განუხორციელებელი პროექტითაც“ კი. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისტორიული ფიგურის მასშტაბს არა მხოლოდ ისტორიული რეალობა განსაზღვრავს, არამედ ამ რეალობის მისეული „ალტერნატივაც“.
სწორედ ამ მხრივაა საინტერესო გია ჭანტურია და მისი „პროექტი“, რომელიც მან ქვეყანას 1989 წლის ბოლოს შესთავაზა.
ოღონდ, სანამ ამ პროექტზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას (ძალიან დიდი თემაა, ზოგადად) ისიც უნდა ითქვას, რომ გია ჭანტურიას, როგორც ისტორიული ფიგურის მასშტაბს მეორე გარემოებაც ადასტურებს. კერძოდ, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: 1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია რომ არ მომკვდარიყო, საქართველოს უახლეს ისტორიას სხვა „ტრენდი“ ექნებოდა. ეროვნულ დემოკრატიული პარტია იქცეოდა „შევარდნაძის სახელისუფლებო პარტიის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად, ხოლო მოგვიანებით, ასე 2000-2001 წლისთვის უეჭველად შეასრულებდა იმავე როლს, რაც მიშა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულეს: გია ჭანტურია მიხეილ სააკაშვილის ფენომენის წარმოშობას არ დაუშვებდა. ოღონდ არა ძალადობით, არამედ სისტემური მიზეზით: იმის წყალობით, რომ ჭანტურიას ჰქონდა რესურსი, იგივე „ნიშა“ თავად დაეკავებინა, რაც 2002 წლიდან მიშამ დაიპყრო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ვიმეორებ, ესეც კი არაა ყველაზე მთავარი ამ უდავოდ არაორდინალური პოლიტიკოსის უსამართლოდ მივიწყებული ისტორიული ღვაწლის და მისი მასშტაბის შეფასებისას. მთავარი მაინც ის „პროექტია“, რომელიც გია ჭანტურიამ სწორედ 1989 წლის მიწურულს შეიმუშავა და გულისხმობდა, კატეგორიულ უარს ხელისუფლებაში მოსვლაზე!
გია ჭანტურიას სლოგანი იყო: „დამოუკიდებელი საქართველოს შინდისფერი დროშა ავაფრიალოთ ყველგან, სახელმწიფო დაწესებულებების გარდა!“.
სწორედ ამ კონცეპტუალურ საფუძველზე მოხდა სამკვდრო-სასიცოცხლო განხეთქილება გია ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას შორის.
მათ ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ 1990 წლის გაზაფხულამდე (1989 წლის 23 ნოემბრის ინციდენტის გამოკლებით, როცა გიამ ცხინვალზე „ლაშქრობას“ გონივრულად მხარი არ დაუჭირა), როდესაც ზვიადმა ეროვნული კონგრესიდან გასვლა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. გაი ჭანტურია კი აფრთხილებდა: „ნუ ავიღებთ პასუხისმგებლობას სხვის ჩადებულ ნაღმებზე!“.
დრომ დაამტკიცა, რომ გია ჭანტურია აბსოლუტურად მართალი იყო, როცა ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებს შორსმჭვრეტელურად აფრთხილებდა: „იმპერია იშლება, იმპერიაში ამ დროს გარდაუვალი ქაოსი ისადგურებს; სისხლიანი კონფლიქტები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ სრულიად გარდაუვალია, როგორც გარდაუვალი აღმოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტი; თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამით ვიკისრებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არ არის; ეროვნულ მოძრაობას დაბრალდება სხვისი ჩადებული ნაღმების აფეთქება; ამიტომ, ნუ მოვალთ (ჯერ) ხელისუფლებაში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას; თუნდაც დარჩნენ ხელისუფლებაში „გადემოკრატებული კომუნისტები“, მოაწერონ ხელი ნებისმიერ ფარატინა ქაღალდს - იმავე „ნოვო ოგორიოვოს სამოკავშირეო ხელშეკრულებას“, მაგრამ მათ აგონ პასუხი გარდაუვალ კონფლიქტებზე, რის თავიდან აცილებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ, როგორც აზერბაიჯანმა ვერ შეძლო „ყარაბაღი“ აეცილებინა თავიდან მიუხედავად სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერისა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„მოდელირებულად“ (თავისთავად სალანძღავი სიტყვა როდია - „გააჩნია“) თუ ვეცდებით საკითხის არსობრივ გახსნას: დავუშვათ, 1990 წლის მარტში ჩატარებულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები „კომუნისტური წესით“, ან 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად შექმნილიყო ჭკუისკოლოფი „ელიტური ინტელიგენციისა“ და „გადემოკრატებული კომუნისტების“ კოალიციური ალიანსი: „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი მაინც გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას საქართველოსგან, ანუ ისარგებლებდნენ „მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების“ პოლიტიკით, რასაც იმ დროს უკვე მოსკოვი ღიად ატარებდა.
შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული გახდებოდა რეაგირება მოეხდინა, თუმცა შედეგი შესაძლოა მაინც უფრო „რბილი“ ყოფილიყო ქვეყნისთვის.
რაც მთავარია, ყოველივე არ დაბრალდებოდა „ეროვნული მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, რომელსაც ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას „ავტონომიებში“ - თბილისის სამოქალაქო ომი მოჰყოლოდა, რაკი სამოქალაქო ომის პროვოკატორმა ყოფილმა „პარტნომენკლატურამ“, ინტელექტუალურად უბადრუკმა „ელიტურმა ინტელიგენციამ“ და ყოფილმა „იატაკქვეშა-ცეხავიკ ოლიგარქატმა“ სწორედ იმით ისარგებლეს, რომ მოსახლეობაც და ელიტებიც უკმაყოფილონი იყვნენ მარაზმატული, ფსიქოლოგიურად მომქანცველი სისხლისღვრით ცხინვალში; მასა კი საშინლად გაღიზიანდა სოციალური პრობლემების გამო და ამაზეც პასუხისმგებლობა (მაგალითად ანაბრების დაკარგვაზე) ცნობიერად თუ ქვეცნობიერად „ეროვნულ ხელისუფლებას“ დააკისრეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გია ჭანტურია, ჯერ კიდევ 1989 წლის შემოდგომიდან, სვამდა სრულიად მარტივ კითხვას: სოციალური ვითარების კატასტროფული გაუარესება, დღევანდელ ვითარებაში, ისევე გარდაუვალია, როგორც ეთნოკონფლიქტები. მერედა, ჩვენ, საბჭოთა დისიდენტებმა, რატომ უნდა ვაგოთ პასუხი იმ მარაზმზე, რაც კომუნისტებმა შექმნეს ეკონომიკაში 70 წლის მანძილზე? ვისი ბრალია ანაბრების დაკარგვა და სიღატაკე? ანტიკომუნისტი და ეროვნული დისიდენტების?!
არადა, რეალურად ასე გამოვიდა - სსრკ „შემნახველ ბანკში“ შეტანილი ანაბრების დაკარგვით გაავებულმა მოსახლეობამ („ანაბრების დაკარგვის“ პროცესი 1991 წლის აპრილიდანვე დაიწყო) მოქმედ ხელისუფლებას დააკისრა, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა; ანუ, ძალაუნებურად მთელი დარტყმა მიიღეს არა კომუნისტებმა, ვისმა მრავალწლიანმა პოლიტიკამაც განაპირობა ეს კოლაფსი ეკონომიკაში, არამედ 8 თვის წინ მოსულმა „ეროვნულმა ხელისუფლებამ“
ასეთია ბრბოს ფსიქოლოგია და გია ჭანტურია მას შესანიშნავად იცნობდა! ამიტომაც აფრთხილებდა, ისევ და ისევ კოლეგებს: ნუ მოვალთ ხელისუფლებაში (ჯერ) და ნუ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას სხვის ჩადებულ ნაღმებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება იმ თეზისს (ზოგჯერ ისმის) რომ ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობა დაუყოვნებლივ არ გამოუცხადებია, რომ 1991 წლის აპრილამდე ცდილობდა რაიმე კომპრომისის მიგნებას მოსკოვთან, რათა „რესპუბლიკათა გათანაბრების“, ოსური და აფხაზური სეპარატიზმის შეკავებისთვის მიეღწია, და რომ „გარდამავალი პერიოდიც“ კი გამოაცხადა, მოსკოვშიც დადიოდა, ელცინს ყაზბეგში შეხვდა, ცხინვალში რუსის გენერალი გააგზავნა......დიახ, ეს ყოველივე ასეა, მაგრამ რეალური შედეგი, საბოლოოდ, აღმოჩნდა ნული! იმიტომ, რომ თუკი ასეთი პოლიტიკა აუცილებელი და გონივრული იყო, მოსკოვი ნამდვილად არ (ვერ) აღიქვამდა პარტნიორად იმ პოლიტიკოსს, ვისაც თვლიდა (სამართლიანად თუ უსამართლოდ, არა აქვს მნიშვნელობა) ერთ-ერთ ავტორად სლოგანისა „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“. ხოლო თუ „კომპრომისულობა“, „ევოლუციურობა“, „თანდათანობითობა“, „დიპლომატიურობა“, „დიალოგი“ აუცილებელი იყო, ზვიად გამსახურდია რომ ამას ვერასგზით მოახერხებდა, ასე ძნელი მისახვედრი უნდა ყოფილიყო?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამდენად, მთავარ თეზისში, რომ „ეროვნული მოძრაობა“ არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და /ანუ არ უნდა ეკისრა პასუხისმგებლობა იმ ეთნიკურ თუ სოციალურ ნაღმთა აფეთქებაზე, რაც „ეროვნულ მოძრაობას“ არ ჩაუდია საქართველოში, გია ჭანტურია ისტორიულად აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი, ხოლო ზვიად გამსახურდია, სამწუხაროდ, ისტორიულად შეცდა, როცა შექმნა მრგვალი მაგიდა, მოვიდა ხელისუფლებაში და მას დაეკისრა პასუხისმგებლობა სხვის მიერ ჩადებულ ნაღმთა გარდაუვალ აფეთქებაზე.
თავიც დაიღუპა და ქვეყანაც საზარელ სამოქალაქო ომში გადაიჩეხა, რაკი „ყოფილებმა“ ოსტატურად ისარგებლეს ამ შეცდომით, ყველაფერი „დამოუკიდებლობის იდეას“ ანუ„ „ეროვნულ მოძრაობას“ დააბრალეს და კანონიერად არჩეული ხელისუფლება, ძველ ელიტათა რესურსებით დაამხეს.
ბოლოს და ბოლოს, თუ „ეროვნული მოძრაობა“ არ მოვიდოდა ხელისუფლებაში, დარჩებოდა ისევ „გადემოკრატიულებულ კომუნისტთა რეჟიმი“, მოსკოვში მაინც მოხდებოდა „აგვისტოს პუტჩი“ (ან რაიმე მსგავსი), ეს რეჟიმი შარშანდელი თოვლივით გაქრებოდა, ხოლო ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია ერთად მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რაც ძალიან ძლიერი „ტანდემი“ იქნებოდა აფხაზეთის გარდაუვალი ომის წინ.
გია ჭანტურიას იდეა, მისი „პროექტი“ ხელისუფლებაში მოსვლის უარყოფისა, დღევანდელი გადასახედიდან იყო აბსოლუტურად სწორი, ისტორიულად გამართლებული, შორსმჭვრეტელი და წინდახედული, რაც ჩვენს ქვეყანას ბევრ (არა ყველა) უბედურებას ააცილებდა თავიდან. მათ შორის, რაც მთავარია, ყველაზე უარესს - ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს!
ძალაუფლების ინსტინქტი - დავაჯილდოვოთ, ვინც საჭიროა...
ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარი «ქაოტურობის» შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ისევე როგორც ბუნებაში, მიკროსამყაროს დონეზე, - ამ ქაოსშიც შეიმჩნევა გარკვეული სწრაფვა წესრიგისა და სისტემატიზაციისაკენ.
ჩვენში დღეს არსებული პოლიტიკური ქაოსი «იმ დიდი აფეთქების» ბუნებრივი შედეგია, რომელიც 3 დეკემბერს მოხდა. გიორგი ჭანტურიას მკვლელობა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა გახდა არა მხოლოდ ამ დანაშაულის საზარელი არსის გამო, არამედ იმ შედეგების გათვალისწინებითაც, რომელიც მან გამოიწვია.
გიორგი ჭანტურიას მკვლელობამ ერთბაშად დაამსხვრია პოლიტიკური ურთიერთქმედების ის ურთულესი სისტემა, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებში (ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო სტრუქტურას) იქსოვებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ სისტემას ქმნიდა არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური და მისი «გუნდი» - მის შექმნაში მონაწილეობდნენ შევარდნაძის მოწინააღმდეგეებიც. ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო პოლიტიკურ ძალას მასში საკუთარი ფუნქცია ჰქონდა - თვით რადიკალური ძალაც კი (ქუჩის ოპოზიციას არ ვგულისხმობ - იგი ამ სისტემის მიღმა არსებობს), საბოლოო ჯამში, ობიექტურად მუშაობდა «სტატუს-ქვოს» შენარჩუნებაზე, რადგან იმ ხილულ თუ ფარულ «ანტიპოდს» აწონასწორებდა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისადმი მეტისმეტი ერთგულებისა და მეტისმეტი თავდაჯარებულობის გამო, ამ წონასწორობის დარღვევისაკენ მიისწრაფოდა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურს, მისთვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობა არა მხოლოდ ჰიპოთეტური თუ რეალური პოლიტიკური განზრახვების ჩაშლას მოასწავებდა, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო იმ ძალთა ბალანსზე, რომელსაც ესოდენი რუდუნებითა და მოთმინებით თავად ქმნიდა პერიოდის განმავლობაში.
ყურადღებით დავაკვირდეთ უკანასკნელ მოვლენებს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ყველა პროცესის ეპიცენტრია: სულ რამოდენიმე თვის წინ, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე, იგორ გიორგაძე პარლამენტში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მის გამოსვლებს საპარლამენტო ოპოზიცია (თვით ირაკლი წერეთელიც კი) აშკარა მოწონებით თუ არა, კეთილგანწყობით ხვდებოდა. გავიხსენოთ თუნდაც ის სხდომა, რომელიც პარლამენტის დაქვემდებარებაში შემავალ სახელისუფლო სტრუქტურათა (პროკურატურა, კონტროლის პალატა, უშიშროების სამსახური) ხელმძღვანელებთან შეხვედრას მიეძღვნა.
დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, - საპარლამენტო ოპოზიცია გააფთრებით ესხმის თავს უშიშროების სამსახურს და მის თავმჯდომარეს. ეს უკანასკნელი კი მიმართავს აპრობირებულ კონტრზომას - «ერთ-ერთი დეპუტატი მონაწილეობდა საქართველოდან სამასი ტონა ბამბის გატანაში»; «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას «მხედრიონის» ოცდაოთხი ავტომატი მართებს» და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ფაქტის გახმაურება პოლიტიკური მიზნით ჯერ კიდევ არ ნიშნავს თვით ფაქტის არარსებობას. ანუ, თუ გიორგაძე «სამასი ტონა ბამბის» ფაქტს იყენებს გარკვეული მიზნით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, თითქოს რომელიღაც გაიძვერა დეპუტატს ბამბა მართლაც არ გაუტანია - ამ შემთხვევაში მხილების მოტივაცია თვით ფაქტს როდი აყენებს ეჭვქვეშ.
ეს თავისთავად ძალზე საინტერესო თემაა, მაგრამ ამაზე მსჯელობა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. მთავარი ამჟამად ისაა, რომ სამი დეკემბრის მოვლენამ, ერთი მხრივ, საბოლოოდ გაწყვიტა კონსტრუქციული ურთიერთობა პარლამენტსა და მის ქვემდებარე ორგანოს შორის, ხოლო მეორე მხრივ - ააგორა «მხილებათა» ახალი ტალღა, რომელიც, «ჯაჭვური რეაქციის» პრინციპით, უეჭველად გამოიწვევს საპასუხო მხილებებს სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერთა წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ მოჰყვება «უმრავლესობის» კრიზისის გამძლავრება და მერკანტილური მოსაზრებით წარმოებული პოლიტიკური სპეკულაციების გაფართოება ფორმალურად ანტაგონისტურ ძალებს შორის.
ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არასდროს კარგავს ძალაუფლების ინსტინქტსა და მდგომარეობის თითქმის ინტუიციური აღქმის უნარს, იძულებულია გადადგას ნაბიჯი დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის და იგორ გიორგაძეს (რომლის მიმართ არც თუ სიმპათიითაა განწყობილი) მიანიჭოს გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
არადა, შევარდნაძეს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა - ამ ნაბიჯს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საშინელ შეურაცხყოფად აღიქვამდა და საბოლოოდ დაუპირისპირდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელსა და მის გუნდს.
განსაკუთრებული ყურადღება მივაპყროთ ამ ბოლო მომენტს. იგი ძალზე სიმპტომურია - შევარდნაძეს (ვიმეორებ) არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ გია ჭანტურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგაძისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ნიშნავდა ედპ-სთან საბოლოო და თვისობრივ დაპირისპირებას. მაგრამ მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და ლოგიკური შედეგიც მიიღო: ფრაქცია «ეროვნულ-დემოკრატმა», სამშაბათს, საპარლამენტო სხდომაზე უპრეცედენტო დემარში მოაწყო - დემონსტრაციულად დატოვა სხდომათა დარბაზი და ეს გააკეთა იმგვარი ფორმით, რომ წარსული «სტატუს-ქვოს» აღდგენა პოლიტიკური რენომესა და ავტორიტეტის (ანუ «სახის») დაუკარგავად უკვე შეუძლებელი გახდა.
თუმცა, ნუ დავივიწყებთ (ისევე, როგორც ამას არ ივიწყებს სახელმწიფოს მეთაური): საავადმყოფოში მყოფ ირინა სარიშვილს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ამ თვისობრივ გამიჯვნაში. მას თავისი სიტყვა (მრავალი თვალსაზრისით უკვე გადამწყვეტი) ჯერ არ უთქვამს.
მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა აგრეთვე «მხედრიონის» ლიდერსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ თუ ჯაბა იოსელიანის ბოლოდროინდელ გამოსვლებს ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ «ანტიკომუნისტური» და «ანტისოციალისტური» თემის ერთგვარ გაძლიერებას. ქართული პოლიტოკრატიის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე (ამ შემთხვევაში ეს არ ეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას), იგი მხოლოდ მანამ უპირისპირდება ჯაბა იოსელიანს, სანამ «მაშველთა კორპუსი» ხელისუფლების ერთ-ერთი დასაყრდენია. როგორც კი ჯაბა იოსელიანი აღიდგენს «ოპოზიციონერის» იმიჯს - იგი უმალვე იქცევა ისევ დღევანდელი ოპოზიციის გმირად.
არც ეს ავიწყდება შევარდნაძეს.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიმპტომი: ის ხალხი, ვინც შევარდნაძისაგან «მაშველთა კორპუსისა» და მისი ლიდერის წინააღმდეგ სანქციათა განხორციელებას მოითხოვს, ერთი შეხედვით ცოტა უცნაურად ირჯება - გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, მათვე შეემუშავებინათ შესაბამისი დადგენილების პროექტი («მაშველთა კორპუსის გაუქმების შესახებ») და გამოეტანათ იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. რატომ მოითხოვენ ესოდენი დაჟინებით, რომ ამგვარი ბრძანებულება მაინც და მაინც შევარდნაძემ გამოსცეს? პასუხი ისევე ნათელია, როგორც ის, რომ შევარდნაძეს ეყოფა ჭკუა, არ გაებას ამ საკმაოდ მარტივ მახეში.
გიორგი ჭანტურიას იდუმალებით მოცული მკვლელობის გასახსნელად აუცილებელია აგრეთვე ყურადღება მიექცეს იმ ბოლოდროინდელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ერთგვარი დაახლოება სამ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას შორის: «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», «მოქალაქეთა კავშირი» და «ტრადიციონალისტები».
მართალია ისინი დღენიადაგ აცხადებენ, რომ რაიმე ალიანსზე «ლაპარაკი ზედმეტია» - მაგრამ აშკარა ხდება: «პოლიტიკური კლუბის» ინიციატივით გამართულ შეკრებებს პრაქტიკული (არა მხოლოდ თეორიული) მნიშვნელობაც ჰქონდა. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვარ: სამი დეკემბრის სისხლიანი აქცია მიზნად ისახავდა ამ მძლავრი პოლიტიკური დაჯგუფების შიგნით გარკვეული პროცესების პროვოცირებას, მათ გააქტიურებას ან არსებული ვექტორის შეცვლას.
სახელისუფლებო სისტემა დიდხანს ვერ აიტანს ამორფულობასა და ქაოსს. ეს ქაოსი პოლიტიკური წონასწორობის მყისიერი დარღვევის დროებითი შედეგია. ანუ შედეგია იმისა, რომ სხვადასხვა ძალთა ურთიერთქმედებით წარმოშობილ კონსტრუქციას საფუძველი გამოეცალა. მაგრამ უახლოეს მომავალში კონსტრუქცია აღდგება. ოღონდ სხვა ფორმით. ამ ახალ კონსტრუქციაში, ახალ სისტემაში, თავის ადგილს მოიპოვებს «დიდი აფეთქების» ავტორიც.
«7 დღე», 24 დეკემბერი, 1994 წელი.