ლარის კურსის ვარდნის შედეგად პროდუქციის ნაწილი უკვე გაძვირდა
2013-12-05 09:24:07
მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ერთი ტონა რუსული ხორბალი 5-6 დოლარით გაძვირდა, თუმცა არსებული მარაგების გამო ქვეყანაში პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ლარის კურსის ვარდნამ ბაზარზე პროდუქციის ნაწილი უკვე გააძვირა. ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და დღეისთვის დოლართან 1,7050 ნიშნულზე დაფიქსირდა. მეხორბლეთა ასოციაცია ,,კომერსანტთან’’ ადასტურებს, რომ ლარის კურსის ვარდნასთან ერთად ერთი ტონა რუსული ხორბალი 5-6 დოლარით უკვე გაძვირდა.
თუმცა, ქვეყანაში ხორბლის არსებული მარაგების გამო, ამ ეტაპზე პურპროდუქტებზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ლარის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში კი ტომარა ფქვილზე ფასის 2 ლარით მატებას ვარაუდობენ. ამ პირობებშიც, მეხორბლეთა ასოციაცია პურზე ფასის ზრდის საფუძველს ვერ ხედავს.
ლარის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში შაქარზე ფასის ზრდას პროგნოზირებს კომპანია ,,ქართული შაქრის’’ გენერალური დირექტორი.
ლარის ვარდნას შაქრის ფასზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია, თუმცა დევალვაციის შემთხვევაში კომპანიას პროდუქციის გაძვირება მოუწევს. პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც პროდუქციის გაძვირებას ამ ეტაპზე გამორიცხავს. 1 ტონა შაქრის ფასი 1285 ლარს შეადგენს, ხოლო კილოგრამის სარეალიზაციო ფასი 1,29 ლარია.
http://commersant.ge/?page=news&id=4874ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ე.წ. ფსიქოლოგიური, 1.7–იანი ნიშნული გადალახა
2013-12-04 17:00:57
ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ე.წ. ფსიქოლოგიური, 1.7–იანი ნიშნული გადალახა და 1.7050–ით განისაზღვრა.
ბოლო დღეების განმავლობაში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების ტენდენციაზე და მიზეზებზე დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ლარის კურსის რყევაში საპანიკო არაფერია.
„მე შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა იმის მიხედვით, იზრდება თუ არა დოლარზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე იმის გამო, რომ გააქტიურებულია იმპორტი, დოლარზე მოთხოვნა ოდნავ გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის არანაირი ეკონომიკური საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს,“ – აღნიშნა მინისტრმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმითაც, ლარის კურსის ცვალებადობა ნორმალური მოვლენაა.
"ეკონომიკა ადის-ჩამოდის, ზოგადი ტენდენცია შეიძლება იყოს ოდნავ გაუფასურების, მაგრამ კურსი მოძრაობს და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის," – აღნიშნავს ონოფრიშვილი.
შეგახსენებთ: გუშინ commersant.ge–ს სავალუტო ჯიხურებში განუცხადეს, რომ დოლარზე მოთხოვნის ზრდა უკვე შესამჩნევია, თუმცა მომხმარებელთა შორის დაძაბული და მით უფრო პანიკური განწყობები არ იგრძნობა.
This post has been edited by otarik1977 on 5 Dec 2013, 10:51