ქურდული სამყარო ციხეში და ნანა კაკაბაძე რუსთაველზე ახალი საპროტესტო მუხტის აგორებას გეგმავენ. მოთხოვნაც საერთოა და პროტესტის ფორმაც – აღდგეს სამართლიანობა (თუმცა არ კონკრეტდება, რომელი სამართლიანობა უნდა აღსდგეს – შევარდნაძის, კიტოვანის თუ საბჭოთა) და გაუქმდეს "ქურდული სამყაროს" წევრობის შესახებ კანონი. 60-მდე პატიმარმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში შიმშილობა უკვე გამოაცხადა.
მათი თავდაპირველი მოთხოვნა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას უკავშირდებოდა, რომლის გადავადების შესახებ ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანმა განაცხადა. თუმცა მალე პირამოკერილმა პატიმრებმა რეალური მოთხოვნა გაახმოვანეს და ხელისუფლებას ულტიმატუმიც წაუყენეს – გაუქმდეს კანონი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ან კანონიერი ქურდობისთვის პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მოთხოვნებს მალე, უფრო სწორად კი 15 დეკემბერს, რუსთაველიდან შეუერთდება ცნობილი "ენჯეოშნიკი" ნანა კაკაბაძეც, რომელმაც ხალხმრავალი აქცია უკვე დააანონსა. როგორც ჩანს, კაკაბაძე ციხეებიდან ამნისტიით განთავისუფლებულთა რაოდენობით მაინც უკმაყოფილოა და განთავისუფლებების ახალი ტალღისთვის იბრძვის. ამჯერად, მის ინტერესთა ჯგუფს "კანონიერი ქურდები" წარმოადგენდნენ, თუმცა ეს თემა ქალბატონი ნანასთვის უინტერესო არც აქამდე იყო. "არ შეიძლება, ადამიანები საკუთარი შეხედულების გამო დაისაჯონ", – ასეთია კაკაბაძის მოსაზრება ქურდული სამყაროს შესახებ. კრიმინალური "ავტორიტეტების" ჩაგვრაზე მანამდეც არაერთხელ დადარდიანებულა, რის გამოც მას სოციალურ ქსელში ხუმრობით ნანა "ტბილისკიც" კი უწოდეს. მაგალითად, როდესაც თბილისის აეროპორტმა "დედ ჰასანის" ცხედარი არ მიიღო, კაკაბაძე იყო პირველი, ვინც უკმაყოფილება არ დამალა.
"კანონმდებლობა პირის ჩამოსვენებას არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, ვინც არ უნდა იყოს ის. ოჯახს არ მისცე უფლება, თავისი მიცვალებული დაკრძალოს იქ, სადაც სურს, ესაა არაადამიანური მოპყრობა".
გავრცელებული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" ცხედარს საქართველოში 30-მდე "კანონიერი ქურდი" მოჰყვებოდა.
"თუ ის ადამიანები დანაშაულს ჩაიდენენ, მაშინ უნდა იყვნენ დასჯილნი. შეიძლება რაღაც დროს ვინმე დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ, თუ ამ ეტაპისთვის არაფერს აშავებს, მისი დასჯა დაუშვებელია. ადამიანი უნდა დაიჭირო კონკრეტულ დანაშაულსა და ფაქტზე და არა იმის გამო, რას წარმოადგენდა ოდესმე", – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
როგორც უკვე გითხარით, ამ საქმეში კაკაბაძეს მოკავშირეები ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჰყავს. მინისტრმა სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომ 60-მდე პატიმარმა მართლაც გამოაცხადა შიმშილობის აქცია სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით, თუმცა სუბარის თქმით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება და "ქურდები იქნებიან იქ, სადაც მათი ადგილია".
"პრაიმტაიმმა" იმ რამდენიმე პატიმრის შესახებ მოიძია ინფორმაცია, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა სასჯელს საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის იხდის:
1. აკრიმ გასანოვი – სასჯელს იხდის სად-ის #15 დაწესებულებაში. 2010 წელს სოდ-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (10 კგ-მდე) ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე დააკავა.
2. გიორგი მურღულია – სასჯელს იხდის #6 დაწესებულებაში. 2002 წელს განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2002 წლის 20 აგვისტოს მურღულიამ, თანამზრახველთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა მოქალაქე გეჯაძე და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
3. ლაშა გეთიაშვილი – სხვების მსგავსად, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ის 2005 წელს ისანი-სამგორის პოლიციამ დააკავა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" აღმოუჩინეს. გეთიაშვილს, ასევე ბრალად ედება „აკმ“-ისა და აკს“-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ავტომობილის გატაცება. მის სახელს უკავშირდება "თბილფოსტამტის" საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებაც, რა დროსაც გახსნა ცეცხლი და გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი.
4. არჩილ ფაჩულია – სასჯელს იხდის #6 დაწესებულებაში. 2007 წელს ხარაგაულში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფაჩულიამ შელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ლურსმანაშვილი მოკლა.
5. იოსებ მენაფირე – #6 დაწესებულებაში 13-წლიან სასჯელს იხდის ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით. ასევე, ერთ-ერთი თავდასხმის დროს მძიმედ დაჭრა მოქალაქე ნოზაძე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ამჟამად ითხოვს „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონის გაუქმებას.
6. დავით ორჟონია – #6 დაწესებულებიდან ასევე ითხოვს 223-ე მუხლის გაუქმებას. სასჯელს იხდის თანამზრახველებთან ერთად ლომბარდის დაყაჩაღებისთვის.
7. რაშად კასუმოვი – #15 დაწესებულებაში სასჯელს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-გასაღებისთვის იხდის.
8. პაატა საცერაძე – #6 დაწესებულებაში 21-წლიან პატიმრობას იხდის. მისი მოთხოვნაც "ქურდული სამყაროს" წევრობის შესახებ კანონის გაუქმებაა. საცერაძე 2010 წელს განზრახ მკვლელობისთვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.
ესაა არასრული სია იმ პატიმრებისა, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. მათ გარედან სოლიდარობას ნანა კაკაბაძე ოფიციალურად 15 დეკემბრიდან გამოუცხადებს, როდესაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მხარდამჭერებს ქუჩაში გამოიყვანს. რა ინტერესი აქვს კაკაბაძეს, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ამბობენ, მას ქურდული სამყარო სოლიდარობისთვის უკმაყოფილოს არ დატოვებს. პრინციპში, საწუწუნო არც აქამდე უნდა ჰქონდეს რაიმე, ყოველ შემთხვევაში გასულ კვირას პრესაში გამოქვეყნებული მისი ქონებრივი ნუსხა, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებდათ: 1. ბინა თბილისში. ჭავჭავაძის გამზირი, #37, 205 კვ.მ. ტერასა – 34 კვ.მ. ავტოსადგომი – 18 კვ.მ. 2. ნაკვეთი მუხიანში – 600 კვ.მ. 3. ბინა თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. #3, 79 კვ.მ. მანსარდა – 88 კვ.მ. 4. ბინა თბილისში, თემქა, მე-4 მ/რ, კორპუსი #9. 5. ბინა თბილისში, აგლაძის ქ. #37. 6. ბინა ბათუმში, გორგასლის ქ. #159. 56 კვ.მ. ამ თემაზე ნანა კაკაბაძეს კომენტარი "ალიამ" სთხოვა. ნანამ თქვა, რომ ეს ყველაფერი მისი მემკვიდრეობაა.
მე ჭავჭავაძეზე დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემი სახლია. რა ვქნათ? თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩემი ქმრის სახლია, როცა გავეყარე, მემკვიდრეობით დარჩა ჩემს შვილს. თემქაზე არ ვიცი, ჩემი მული ხომ არ იშენებდა? აგლაძის ქუჩაზე ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლია. ბათუმშიც მაქვს სახლი, გაუთხოვარი მული მყავდა და ჩემს შვილს უყიდა 1-ოთახიანი ბინა. მუხიანშიც მაქვს ბაბუაჩემის ნაკვეთი.
– შემდეგი.
- კაი, ახლა აღარ მინდა, მომბეზრდა და მართლა ყველაფრის ხალისს ვკარგავ. ადამიანს ენთუზიაზმი რაღაცაზე ხომ გაქვს, არა? გაკარგვინებენ ყველაფერს! რა ხდება, ხომ შეიძლება, გამაგებინო? მე ქორწინების უფლება არ მქონდა?
ქორწინების უფლებაც აქვს კაკაბაძეს და ტირილისაც. როცა მის ქონებასა და ფულებზე საუბრობენ, ყოველთვის ახსოვთ კაკაბაძის ტირილი პარლამენტში. ეს მაინც სულ სხვა სანახაობა იყო. როგორ ტიროდა უფლებადამცველად წოდებული კაკაბაძე
"კანონიერი ქურდების" გამო – ამნისტიის გარეშე არ დარჩნენო.
ასე რომ, ნანა კაკაბაძის ციხესთან და "კანონიერ ქურდებთან" განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. ის არ მალავს, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორია 15-ში დაგეგმილი აქციისა. ერთ-ერთ ღია განცხადებაში თქვა, რომ ციხეებიდან იმ პატიმრების სიებს ელოდებიან, ვინც შიმშილობას იწყებს.
ციხეში მომხდარ ბუნტსა თუ აქციების უკან რომ სწორედ ნანა კაკაბაძე დგას, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომელიც "პრაიმტაიმმა" ადრე უკვე დაბეჭდა.
მაშინ "პრაიმტაიმი" წერდა:
"პრაიმტაიმს" ხელში ჩაუვარდა ჩანაწერი, რომელიც ბუნტის დროს ქალთა კოლონიასთანაა ჩაწერილი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის („ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“) თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ტელეფონით ესაუბრება ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნტის მოთავე უნდა ყოფილიყო. ჩანაწერში მხოლოდ კაკაბაძის ხმა ისმის, რადგან ის მის შორიახლოს მდგომმა პიროვნებამ, სრულიად შემთხვევით, დიქტოფონით ჩაიწერა. ჩანაწერში გარკვევით ისმის კაკაბაძის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მიდით, კარებს მოაწექით, აბრახუნეთ. მე გარეთ გავწვები და არავის შემოვუშვებ.
ნანა კაკაბაძემ მაშინ, ჩვენთან საუბარში, ქალთა ბუნტის დროს პატიმრებთან სატელეფონო საუბრები დაადასტურა, წაქეზების ფაქტი კი უარყო. ამ თემაზე "პრაიმტაიმმა" მაშინ ნანა კაკაბაძესთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა:
-არის მოსაზრება, რომ ამ ბუნტს გარედან ვიღაც მართავდა. გაიჟღერა რამდენიმე გვარმაც, მათ შორის თქვენი გვარიც ფიგურირებს.
- რა სისულელეა. მსგავსი არაფერი ყოფილა.
- საუბარია იმაზე, რომ პატიმრებს მითითებებს აძლევდით – მოაწექით, გამოანგრიეთ და ასე შემდეგ. ასე არ ყოფილა?
- რა სისულელეა. მსგავსი არაფერი ყოფილა. რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა ამას პატიმრებს? პირიქით, პატიმრებისგან შევიტყვეთ, რომ ადმინისტრაციამ კარები გაგვიღო და ღია დაგვიტოვაო, რომ იქიდან გამოქცევის მცდელობა ყოფილიყო. მათ არც კი უცდიათ, რომ კარი გამოენგრიათ.
-ბუნტის დროს ციხესთან მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ყური მოჰკრა თქვენს სატელეფონო საუბარს და დიქტოფონზე ჩაიწერა. საუბარია იმაზე, როგორ მოუწოდებდით პატიმრებს კარის გამონგრევისკენ.
- ასეთი ჩანაწერი რომ არსებობდეს, დარწმუნებული იყავით, რომ აქამდე გამოაქვეყნებდნენ. რეალურად არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. უნდათ, რომ რაღაც შექმნან. იქ ვინც იყო, თავში ასეთი სისულელე არავის მოსვლია, გამომდინარე პატიმრების უსაფრთხოებიდან.
უცნობია, ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო თუ არა. საერთოდ, ნანა კაკაბაძესა და "კანონიერ ქურდებთან" მისი ურთიერთობის თემაზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე მედიაში საუბრობენ ხოლმე.
ერეკლე სტურუა გაზეთი "პრაიმტაიმი"
ყოველივე ამის შემდეგ! რა ეუროპა? რის ეუროპა? რა იაპონია?სადაც ვართ! მაგრათ ვიქნებით კიდევ ამ ჭაობში მრავალი ათეული და ასეული წელი! სანამ ნანა კაკაბაძისნაირები გვეყოლებიან! და სადაც ქურდების სათარეშო იქნება ეს ქვეყანა! 1000
This post has been edited by Good Man on 9 Dec 2013, 16:18