მჭამელთა სია დაიდოს
რა დაჯდა პრეზიდენტის და მაღალჩინოსნების განცხრომა უცხოეთში
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 15:13
რა დაჯდა პრეზიდენტის და მაღალჩინოსნების განცხრომა უცხოეთში114 887 ლარია გახარჯული პრეზიდენტ სააკაშვილის და თბილისის მერის გიგი უგულავას დასვენებისთვის ავსტრიულ გამაჯანსაღებელ ცენტრში; 37 492 ევრო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და გიორგი არველაძის იტალიაში დასვენებისთვის; ამას ემატება შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი ფული და ძვირადღირებული საჩუქრები ქალბატონებისთვის - თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან არის გაწერილი, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტაციას „გრიფი“ მას შემდეგ მოეხსნა, რაც სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არამიზნობრივად მილიონობით ლარი დაიხარჯა.
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა სტუმრებმა - პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა ტაილანდის კურორტ „ფხუკეთში“ დასვენებისთვის ათი ათასობით ლარი დახარჯეს. მათ ორი ღამე გაატარეს სასტუმრო „Amanpuri“-ში. პრეზიდენტისთვის სასტუმროს ხარჯებში 2012 წლის 22-დან 24 მარტამდე გადახდილია 60 542 ლარი. დავით ბაქრაძისთვის სასტუმროს მომსახურება ბიუჯეტს 12 489 ლარი დაუჯდა. ვარშალომიძისა და გლუკსმანის ორდღიანი დასვენება „Amanpuri“-ში კი, ჯამში 11 967 ლარი.
114 887 ლარი დაჯდა 2010 წლის 3–9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის და თბილისის მერის გიგი უგულავას ავსტრიულ გამაჯანსაღებელ ცენტრ „Parkhotel Igls“–ში სტუმრობა. დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილმა და უგულავამ ცენტრის სასტუმროში, 20 ათას ლარზე მეტი დახარჯეს, ტრანსპორტირებაში კი 27 730 ლარი გადაიხადეს. ავსტრიაში ყოფნის დროს მათ „აუდი პანზერის“, „მერსედეს ვიანოს“ და „პორშე კაიენის“ მარკის ავტომობილები იქირავეს.
ბიუჯეტის თანხებით დაისვენა მიხეილ სააკაშვილმა სანატორიუმ „ესპას ანრი შენოში“ 2011 წლის 12-17 თებერვალსაც. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტარი გიორგი ბარამიძე, რომელიც მაშინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე.
დოკუმენტაციის მიხედვით, ჯამში, სააკაშვილის, ბარამიძის და არველაძის „მერანოში“ 5–დღიან ვიზიტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37 492 ევრო დაიხარჯა. მხოლოდ სასტუმროში მხოლოდ ოთახების დაქირავებაზე 12 286 ევრო დაიხარჯა, აქედან, ბიუჯეტს პრეზიდენტისთვის სანატორიუმში ოთახის დაქირავება 4 991 ევრო დაუჯდა, ბარამიძესთვის – 4921 ევრო, ხოლო არველაძესთვის – 2 374 ევრო.
სანატორიუმში ყოფნის დროს პრეზიდენტმა სამედიცინო მომსახურებაში 3000 ევრო გადაიხადა, ბარამიძემ 251 ევრო. დოკუმენტების მიხედვით, პრეზიდენტის ტრანსპორტირება, ჯამში, 18 900 ევრო დაჯდა. მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში თხილამურებზე დასადგომი სპეციალური ფეხსაცმელი 256 ევროდ შეიძინა, სათვალე 45 ევროდ, ველოსიპედში კი 99 ევრო გადაიხადა.
26 793 ლარია დახარჯული 2012 წელს პრეზიდენტის ოჯახის წევრებისთვის ავიაბილეთების შეძენასა და ქართული ჩოხისთვის. მარტში, დეკემბერსა და იანვარში სანდრა რულოვსისთვის ავიაბილეთების შეძენაზე 9 960.4 ლარია დახარჯული. პრეზიდენტის მეუღლე 2012 წელს 20 ივლისიდან - 4 აგვისტომდე აშშ-ში რამდენიმე შტატში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 298.18 აშშ დოლარი სასტუმროს ხარჯებში გადაიხადა. შიდა მგზავრობის, კვების და სხვა ხარჯებმა კი 4 116.56 აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელს, 14 942.7 ლარის ავიაბილეთებია შესყიდული პრეზიდენტის უფროსი შვილის ედუარდ სააკაშვილისთვისაც.
1 190 ლარი დაიხარჯა პრეზიდენტის უმცროსი შვილის ნოკოლოზ სააკაშვილისთვის ჩოხის და მისი აქსესუარების შესაძენად. დოკუმენტების მიხედვით, თანხა მაღაზია „სამოსელი პირველისთვის“ 2012 წლის 12 აპრილს არის გადახდილი. ნიკოლოზ სააკაშვილისთვის ხელნაკეთი სუვენირის თოჯინის დამზადება 700 ლარი დაჯდა.
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტმა შვილების სწავლის ფულიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გადაიხადა. ედუარდ სააკაშვილის სწავლისთვის, ბიუჯეტიდან, 2010-2011 წლებში, 14 000 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხა ს.ს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში“ 2010 წლის 14 სექტემბერს ჩაერიცხა. ნიკოლოზ სააკაშვილის სწავლისთვის ბიუჯეტიდან 5 900 ლარია გადახდილი 2011 წლის 1 ნოემბერს. ის კერძო სკოლაში, ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში სწავლობს.
ბიუჯეტის ფულით მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის წევრების გარდა რამდენიმე ქალბატონიც დაასაჩუქრა. დოკუმენტაციის თანახმად, პრეზიდენტმა მარიამ საჯაიას, რომელიც ახლა საპარლამენტო უმცირესობის წევრია, „გალერეა შარდენში“ შეძენილი 3500 ლარიანი სამაჯური აჩუქა. ძვირადღირებული ტელეფონით „iphone 4“-ით დაასაჩუქრა უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავაც. ტელეფონის ღირებულება 1599 ლარია. 2011 წლის 13 აპრილს პრეზიდენტმა 982 ლარად ღირებული სამკაული - ცეპი და კულონი აჩუქა უკრაინელ მომღერალს ივანა მელაის.
2010 წლის სექტემბერში, 23 575 ლარი დაიხარჯა პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის და მისი თარჯიმნის თურქეთში მივლინებისთვის და ხელფასებში. 18 188 ლარი დაჯდა მზარეულის და მისი თარჯიმნის ბინით უზრუნველყოფა და ხელფასები მხოლოდ ოქტომბერში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით შესაძლოა პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, როგორც წინა, ისე ახლანდელი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ძალიან ბევრი დეპუტატი დანაშაულებრივ კავშირებშია ჩართული.
http://www.ick.ge/articles/14130-i.html