კვლავ და კვლავ გადასაკითხნი:
ნიკოდემოსი იესოსთან
1. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.
3. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“.
4. ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“
5. მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.
6. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.
7. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი.
8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი“.
9. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“
10. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?
11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას.
12. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13. არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია.
14. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა.
15. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
16. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.
18. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა.
19. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.
20. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები.
21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი“.
ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას
37. ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ“.
39. მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
40. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს - ღმერთი“.
42. უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი.
46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47. ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.
ხალხთა განკითხვაზე
31. „და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.
34. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
35. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“.
37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
38. როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?“
40. მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.
41. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
42. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,
43. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ“.
44. მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“
45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ“.
46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“.
- See more at:
http://www.orthodoxy.ge/tserili/kiknadze/m...h.PRdrHEtn.dpuf